თუ წამოდგომისას თვალთ გიბნელდებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ წამოდგომისას თვალთ გიბნელდებათ

ეს მდგომარეობა შეიძლება ხანმოკლე და უვნებელი იყოს, მაგრამ ზოგჯერ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს. რატომ ხდება ეს, როდის უნდა შეშფოთდეს ადამიანი და რა უნდა გააკეთოს, თუ ადგომისას თვალებში უბნელდება?

რა ემართება ორგანიზმს მკვეთრად ადგომისას?

როდესაც ადამიანი წევს ან ზის, სისხლი შედარებით თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულში. მაგრამ როგორც კი დგება, გრავიტაციის მოქმედებით სისხლის მნიშვნელოვანი მოცულობა ქვევით – ფეხებსა და მუცლის ღრუს ორგანოებში გადადის. ამის კომპენსაციისა და ტვინისკენ სისხლის ნაკადის შესანარჩუნებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემა დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას:

  • გული იწყებს უფრო სწრაფად შეკუმშვა-მუშ­აობას, რათა სისხლი უფრო სწრაფად გადატუმბოს;
  • სისხლძარღვები ვიწროვდება, განსაკუთრებით სხეულის ქვედა ნაწილში, რათა სისხლი „ზევით გადაიქაჩოს“.
  • ტვინის მარეგულირებელი ცენტრები, განსაკუთრებით მოგრძო ტვინი და ტვინის ღერო, ააქტიურებენ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას: სიმპათიკური ნაწილი ზრდის სის­ხლძარღვთა ტონუსს, ხოლო პარასიმპათ­იკური ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში, ანელებს პულსს.

ამ კარგად კოორდინირებულ სისტემას ბარორეფლექსური მექანიზმი ეწოდება. თუ ის ნორმალურად ფუნქციობს, ადამიანი დისკომფორტის გარეშე დგება. თუმცა, თუ რაიმე მიზეზით კომპენსაცია შეფერხებულია ან ირღვევა, თავის ტვინის სისხლძარღვებში წნევა დროებით ეცემა და ვითარდება ტვინის ჰიპოპერფუზია (არასაკმარისი სისხლმომარაგება). სწორედ ეს იწვევს მხედველობის დაბინდვას, თავბრუსხვევასა და სისუსტეს.

რას ნიშნავს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია?

ორთოსტატიკურ, იგივე პოსტურალურ ჰიპოტენზიას, ექიმები უწოდებენ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას არტერიული წნევა ეცემა. ამერიკის გულის ასოციაციის კრიტერიუმებისა და სხვა საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, დიაგნოზი ისმება, თუ ადგომიდან 3 წუთის განმავლობაში:

  • სისტოლური (ზედა) წნევა ეცემა ≥20 მმ. ვწყ. სვ.-ით;
  • ან დიასტოლური (ქვედა) წნევა ≥10 მმ. ვწყ. სვ.-ით.

სიმპტომები შეიძლება ყოველთვის არ გამოვლინდეს – ზოგიერთ ადამიანთან არტერიული წნევა ეცემა, მაგრამ ორგანიზმი იმდენად ეფექტურად აკომპენსირებს მდგომარეობას, რომ ადამიანი ვერაფერს გრძნობს. სხვებისთვის კი მცირედი კლებაც (წნევის უმნიშვნელოდ ვარდნაც) კი იწვევს აშკარა სიმპტომებს.

რატომ ვითარდება ორთოსტატიკური ჰიპოტენზია?

მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან დაწყებული სერიოზული დაავადებებით დამთავრებული. განვიხილოთ ძირითადი კატეგორიები:

1. ფიზიოლოგიური მიზეზები

ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის ყველაზე გავრცელებული და, როგორც წესი, დროებითი ფიზიოლოგიური მიზეზებია:

  • გაუწყლოება ცხელ ამინდში, დიარეის, ღებინების ან ჭარბი ოფლიანობის დროს. სითხის ნაკლებობისას, მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება, რაც გულს ურთულებს არტერიული წნევის შენარჩუნებას;
  • შიმშილი – სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს და თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას;
  • ხანგრძლივი წოლა ან ჯდომა, მაგალითად, ძილის ან ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ;
  • გადახურება – ცხელ აბაზანაში, საუნაში ან მზეზე სისხლძარღვები ფართოვდება და მკვეთრი ადგომისას ორგანიზმი ვერ ახერხებს კომპენსაციას;
  • ორსულობა – მეორე და მესამე ტრიმესტრში საშვილოსნო აწვება მსხვილ სისხლძარღვებს, ხოლო ჰორმონული ცვლილებები ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს.

ასეთი ეპიზოდები, როგორც წესი, ხანმოკლეა, ადვილად კუპირდება და, როგორც წესი, არ საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო ჩარევას.

2. მედიკამენტების მიღება

გარკვეულმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

ასეთი მედიკამენტებია:

  • მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (შარდმდენები, ალფა-ბლოკატორები და ნიტრატები);
  • ანტიდეპრესანტები, განსაკუთრებით ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
  • პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები;
  • სპაზმოლიზური და სედატიური საშუალებები.

თუ სიმპტომები ახალი მედიკამენტის მიღების დაწყების შემდეგ გამოვლინდა, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ცალკე ყურადღებას იმსახურებს ალკოჰოლი, რადგან მას აქვს გამოხატული ვაზოდილატაციური (სისხლძარღვთა გამაფართოებელი) ეფექტი, ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს და შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას ან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) პირობებში.

3. ნერვული სისტემის პათოლოგიები

ზოგჯერ მხედველობის დაბინდვის მიზეზი წამოდგომისას არის ნერვული სისტემის იმ ნაწილის გაუმართაობა, რომელიც აკონტროლებს გულს, სისხლძარღვებს, სუნთქვას და სხვა ფუნქციებს ჩვენი შეგნებული მონაწილეობის გარეშე.

ზოგიერთ ადამიანთან, განსაკუთრებით მოზარდებთან, ახალგაზრდა ქალებთან ან მათთან, ვინც ბოლო დროს განიცადა სტრესი ან მიდრეკილია შფოთვისკენ, ნერვული სისტემა ძალიან მკვეთრად რეაგირებს სხეულის პოზიციის ცვლილებებზე – სისხლძარღვები ვერ ასწრებენ სწორად რეაგირებას და წნევა მყისიერად ეცემა. სხვა შემთხვევებში, ჰიპოტენზია მხოლოდ სიმპტომი კი არ არის, არამედ სისტემური დაავადების ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა ტონუსის მარეგულირებელი ნერვების დაზიანებასთან: პარკინსონის დაავადება, მულტისისტემური (მრავლობითი) ატროფია, დიაბეტური ნეიროპათია, ამილოიდოზი, გაფანტული სკლეროზი და სხვა.

4. გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული დარღვევები

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს შინაგანი ორგანოების დისფუნქციასთან. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება:

  • ბრადიკარდია – იშვიათი შეკუმშვების გამო, გული ვერ ასწრებს წნევის ვარდნის კომპენსირებას;
  • გულის უკმარისობა – როდესაც მიოკარდიუმის მტუმბავი ფუნქცია დაქვეთებულია;
  • ადისონის დაავადება – თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი არღვევს სისხლის მოცულობისა და სისხლძარღვთა ტონუსის რეგულირებას;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება: ჰიპოთირეოზის დროს ნელდება მეტაბოლიზმი, რაც იწვევს სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის დაქვეთებას.

ყველა ამ შემთხვევაში, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია დამოუკიდებელი პრობლემა კი არ არის, არამედ ძირითადი დაავადების ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც საჭიროებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

5. ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები

კვლევის თანახმად, 65 წელს გადაცილებული ადამიანების 10-30%-ს პერიოდული ორთოსტატიკური ჰიპოტენზია აღენიშნება. 80 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ამ მაჩვენებელმა შეიძლება 50%-ს მიაღწიოს. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ ასაკთან ერთად კომპენსაცია ირღვევა: სისხლძარღვთა ელასტიკურობა ქვეითდება და ბარორეცეპტორების რეაქცია ნელდება.

გარდა ამისა, ხანდაზმულ ადამიანებს თითქმის ყოველთვის აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ან ნერვული სისტემის დაავადებები, რამაც შეიძლება თავად იმოქმედოს არტერიული წნევის რეგულირებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ხანდაზმული ადამიანი იღებს რამდენიმე მედიკამენტს ერთდროულად (ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც პოლიპრაგმაზია), ზოგიერთი ამ მედიკამენტიდან კი ხშირად ამწვავებს ან პროვოცირებს ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას. ყოველივე ეს ერთად ხანდაზმულებს განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის თავბრუსხვევის, გონების დაკარგვისა და დაცემის მიმართ პოზის მკვეთრი შეცვლისას.

რითია საშიში ორთოსტატიკური ჰიპოტენზია?

ხანმოკლე გონების დაკარგვა, რომელიც იშვიათია და სწრაფად გადის, თავისთავად საშიში არ არის. თუმცა, განმეორებითმა ეპიზოდებმა შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და დაცემა, რაც ზრდის დაზიანების (ტრავმის) რისკს. ხანდაზმულ ასაკში, გონების დაკარგვის ერთმა შეტევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ან ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანება, რაც ხშირად დამოუკიდებლობის ხანგრძლივად დაკარგვის საფუძველი ხდება.

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, როგორც პრობლემა მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს – ადამიანები შფოთვას განიცდიან ყოველი ადგომისას, თავს არიდებენ სახლიდან გასვლას და უარს ამბობენ ჩვეულ აქტივობებზე.

ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ ქრონიკული ორთოსტატიკური ჰიპოტენზია დაკავშირებულია დემენციისა და იშემიური ინსულტის გაზრდილ რისკთან.