როგორ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მეხსიერება ბავშვებსა და ზრდასრულებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მეხსიერება - ნევროლოგი ია რუხაძე გვირჩევს

თანამედროვე ცხოვრება დიდ ზეწოლას ახდენს ტვინის მუშაობაზე. გადაჭარბებული სტრესი, უძილობა, არაჯანსაღი კვება, დაბინძურებული გარემო და ტექნოლოგიების მუდმივი გამოყენება სულ უფრო ხშირად იწვევს მეხსიერების პრობლემებს — დროებით დავიწყებას, კონცენტრაციის დაქვეითებას და ინფორმაციის დამუშავების სირთულეებს. როგორ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მეხსიერება ბავშვებსა და ზრდასრულებში, როგორ მოქმედებს მათზე ღამისთევა, კომპიუტერული თამაშები, მოსაწევი და გარემოს დაბინძურება, და რა პრაქტიკული ნაბიჯები დაგვეხმარება ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში — ამ საკითხებზე გვესაუბრება კაკვასიის მედიცინის ცენტრის ნევროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ია რუხაძე.

- დღეს ბევრი უჩივის, რომ მარტივ ინფორმაციას თუ მოვლენას ვერ იხსენებს, ან ხშირად ავიწყდება დეტალები. რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა სინამდვილეში?

- დიახ, ეს პრობლემა თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ გავრცელებულია. სამწუხაროდ, მეხსიერების დაქვეითება აღარ არის მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა — დღეს ის ხშირად ახალგაზრდებს და ბავშვებსაც კი აწუხებთ.

- მეხსიერების პრობლემები ასე ახალგაზრდა ასაკში რატომ ჩნდება?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, სტრესი, უძილობა, არაჯანსაღი კვება და განსაკუთრებით დაბინძურებული ჰაერი, მძიმე მეტალებით ან ტოქსინებით დაბინძურებული საკვები, ხმაური — ეს გარემო ფაქტორები ამცირებენ ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, იწვევენ ნეირონულ სტრესს და აქვეითებენ კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას.

- ნეირონულ სტრესი ახსენეთ. რას ნიშნავს ეს?

- ნეირონული სტრესი ნიშნავს ტვინის უჯრედების გადაღლას, გადაძაბვას, რის შედეგადაც იზრდება მათი დაზიანების რისკი. ეს მდგომარეობა ჩნდება მაშინ, როცა ნერვული სისტემა მუდმივად გადატვირთულია — რაც აფერხებს ინფორმაციის დამუშავებას, მეხსიერებაში შენახვას და იწვევს კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

- მეხსიერების დაქვეითება ყოველთვის დაავადებაზე მიუთითებს?

- ყოველთვის არა. ხშირად მეხსიერების დაქვეითება დროებითია. გამოწვეულია გადაღლილობით ან სტრესით. ასეთ დროს ტვინი ვერ აღიქვამს ახალ ინფორმაციას, მაგრამ როგორც კი ადამიანი დაისვენებს და აღიდგენს ძალებს, მეხსიერებაც უმჯობესდება. სერიოზული პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც დავიწყება უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება — მაგალითად, ადამიანს სისტემატურად უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, სიტყვების შერჩევა ან სივრცეში ორიენტაცია, რაც შესამჩნევია გარშემომყოფთათვისაც. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.

მძიმე მეტალები და მეხსიერება

- მეხსიერების დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია დაასახელეთ. რომელ მეტალებს გულისხმობთ და როგორ ხვდებიან ისინი ორგანიზმში?

- ყველაზე ტოქსიკური მძიმე მეტალებია: ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი. ისინი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაბინძურებული ჰაერიდან, წყალიდან, ზღვის პროდუქტებიდან, გარკვეული საკვებიდან, უხარისხო ან შეღებილი სათამაშოებიდან და ძველი საღებავებით დაფარული ნივთებიდან. ეს მეტალები ნელ-ნელა გროვდება ქსოვილებში, აზიანებს ნერვულ უჯრედებს, არღვევს ტვინის ფუნქციებს, ამცირებს კონცენტრაციის უნარს და იწვევს მეხსიერების დაქვეითებას. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ბავშვები და ხანდაზმულები. ბავშვებში ეს იმით არის განპირობებული, რომ ტვინი და ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ხოლო დაცვის ორგანოები — ღვიძლი და თირკმლები — ბოლომდე განვითარებული არ არის. ხანდაზმულებში კი დეტოქსიკაციის ბუნებრივი უნარი სუსტდება, ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ორგანიზმი ტოქსინებს უფრო ნელა გამოდევნის.

- როგორ გავარკვიოთ, შეიცავენ თუ არა პროდუქტები ან სათამაშოები მძიმე მეტალებს?

- პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ეტიკეტსა და მწარმოებელს. სანდო კომპანიები ყოველთვის მიუთითებენ, რომ პროდუქტი ან სათამაშო დამზადებულია არატოქსიკური მასალისგან, რომელიც არ შეიცავს მძიმე მეტალებს და აქვს შესაბამისი სერტიფიკატები ან ხარისხის ნიშანი (CE, ISO, EN71 და სხვა). საკვების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • მწარმოებელი ქვეყანა — უპირატესობა მიენიჭოს ცნობილ, სერტიფიცირებულ მწარმოებლებს;
  • შენახვის პირობები — დარწმუნდით, რომ პროდუქტი შენახული იყო უსაფრთხო პირობებში, შესაბამისი ტემპერატურითა და სიმშრალით;
  • ეტიკეტების სანდოობა — პროდუქტს უნდა ჰქონდეს ხარისხის ნიშანი და არ შეიცავდეს მძიმე მეტალებს ან მავნე დანამატებს;
  • სუნი და შეფერილობა — ზედმეტად მკვეთრი ან არაბუნებრივი ფერები, ძლიერი სუნი - ხშირად მიუთითებს მავნე ქიმიურ ნივთიერებებზე.

მოკლედ, რაც უფრო სანდოა პროდუქტის მწარმოებელი და ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია, მით უფრო ნაკლებია მძიმე მეტალების შემცველობის რისკი.

- შესაძლებელია თუ არა მძიმე მეტალებით გამოწვეული მესიერების პრობლემის უკუგანვითარება?

- პრობლემის უკუგანვითარება ხშირად შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ დროულად გამოვავლენთ მიზეზს და მივიღებთ საჭირო ზომებს. მნიშვნელოვანია:

მოერიდოთ მძიმე მეტალების დამატებით წყაროებს — მაგალითად, დაბინძურებულ ჰაერს, დაბინძურებულ წყალს, უხარისხო ან შეღებილ სათამაშოებს და დაბინძურებულ ზღვის პროდუქტებს.

იკვებეთ ჯანსაღად და ეცადეთ ტვინის სტიმულირებას — საჭიროა კითხვა, ახალი უნარების შესწავლა, გონებრივი ვარჯიში და სრულფასოვანი კვება. ტვინი საკმაოდ მოქნილი ორგანოა. სწორი ზომების მიღება ხელს უწყობს ნეირონული ფუნქციების ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ვიტამინები და მინერალები მეხსიერებისთვის

- რომელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ახდენს გავლენას მეხსიერებაზე?

- მეხსიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რამდენიმე საკვები ნივთიერების ნაკლებობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • B12 ვიტამინი — მისი დეფიციტი აფერხებს ნერვული უჯრედების მუშაობას, იწვევს დაბნეულობას, ყურადღების დაქვეითებას და დაღლილობას.
  • ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) — აუცილებელია ნეირონული ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დეფიციტი გავლენას ახდენს მოკლევადიან მეხსიერებაზე.
  • D ვიტამინი — მისი ნაკლებობა დაკავშირებულია ნეირონების მუშაობის პრობლემებთან და შესაძლოა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას იწვევდეს.
  • ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები — არ არის ვიტამინი, მაგრამ აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისთვის; მათი დეფიციტი კოგნიტური უნარების დაქვეითებას იწვევს.
  • მინერალები: თუთია, მაგნიუმი, ფოსფორი — ხელს უწყობენ ნეირონული სიგნალების გადაცემას და მეხსიერების შენარჩუნებას. მოკლედ, სრულფასოვანი, მრავალფეროვანი კვება, რომელიც შეიცავს ცილებს, ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს, არის მეხსიერებისა და კონცენტრაციის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი.

ჯანსაღი კვება მეხსიერებისთვის

- როგორ ვიკვებოთ დიდებმაც და პატარებმაც? რომელი პროდუქტებია განსაკუთრებით სასარგებლო მეხსიერებისთვის?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მეხსიერების, კონცენტრაციისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, მრავალფეროვანი კვება. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პროდუქტებს:

  • ზღვის პროდუქტები (თევზი, სარდინები) — მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც აუცილებელია ნეირონების ეფექტური ფუნქციონირებისთვის;
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, ყაბაყი — შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რკინას და ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს ტვინის სისხლის მიმოქცევას;
  • მცენარეული და ნატურალური ცხიმები (მზესუმზირის თესლი, ნიგოზი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი) — იცავს ნეირონულ მემბრანებს და აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს;
  • ნუტრიენტებით მდიდარი ხილი (მარწყვი, ჟოლო, ფორთოხალი, ანანასი) — შეიცავს ნუტრიენტებს, განსაკუთრებით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავენ ტვინის უჯრედებს სტრესისა და თავისუფალი რადიკალებისგან.
  • კვერცხი, ლობიო, ოხრახუში — მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ცილებით და ვიტამინ B12-ით, რაც აუცილებელია ნეირონული ფუნქციისთვის;
  • ნატურალური რძის პროდუქტები — კალციუმი და ვიტამინი D, რომლებიც აუმჯობესებს ნერვულ სიგნალებს.

კვების ზოგადი პრინციპები:

  • საკვები უნდა იყოს ძირითადად სახლში დამზადებული, ქიმიურად მინიმალურად დამუშავებული;
  • პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და სეზონური;
  • ყოველდღიური ზომიერი მოხმარება უზრუნველყოფს ტვინის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ერთი სიტყვით, ჯანმრთელი კვება საუკეთესო სტიმულია მეხსიერების, კონცენტრაციისა და ტვინის აქტივობისთვის.

ხმაური და მეხსიერება

- ხმაურიც დაასახელეთ მეხსიერების დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად. როგორ მოქმედებს ხმაური ტვინის მუშაობაზე?

- დიახ, ხმაური ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრეს-ფაქტორია ტვინისთვის. ხანგრძლივი და ძლიერი ხმაური — იქნება ეს ქუჩის მოძრაობის ხმები, მშენებლობის ხმა, ხმამაღალი მუსიკა კლუბებში ან ყურსასმენებით მოსმენა — ტვინს მუდმივ დაძაბულ მდგომარეობაში აყენებს. საზიანოა, როცა ადამიანი ყოველდღიურად საათობით უსმენს ხმამაღალ მუსიკას, განსაკუთრებით ყურსასმენებით, რადგან ხმა პირდაპირ ხვდება შიგნითა ყურში და აძლიერებს ნერვულ დაძაბულობას. მაღალი დეციბელებითა და ძლიერი ბასებით გამორჩეული მუსიკა (მაგალითად, ელექტრონული, როკი ან ჰიპ-ჰოპი ზედმეტად ხმამაღალი) დროთა განმავლობაში იწვევს სმენის დაქვეითებას, კონცენტრაციის პრობლემებსა და მეხსიერების დაძაბვას. ბავშვებსა და მოზარდებში ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია, რადგან მათი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ხანგრძლივი ხმაური ან ყოველდღიური ხმამაღალი მუსიკის მოსმენა იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, გაღიზიანებას, უძილობას და საბოლოოდ — მეხსიერების დაქვეითებასაც.

კომპიუტერული თამაშები და მეხსიერება

- ბავშვები და ახალგაზრდები ხშირად დიდ დროს უთმობენ კომპიუტერულ თამაშებს. როგორ მოქმედებს ეს მეხსიერებაზე?

- ზომიერი თამაში ზოგჯერ სასარგებლოც არის — ზოგიერთი თამაში (და არა ყველა) ავითარებს რეაქციას, ვიზუალურ მეხსიერებას და გონებრივ ფოკუსს (კონცენტრაციას). თუმცა, როდესაც თამაშის დრო გადამეტებულია, ვითარდება ტვინის გადაღლა, უძილობა, კონცენტრაციის დაქვეითება და ემოციური გადაძაბვა, რაც მეხსიერებაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ბევრ ბავშვსა და მოზარდს ახასიათებს, რომ თამაშზე ფიქრობენ მაშინაც, როცა აღარ თამაშობენ — ტვინი ვერ გადადის დასვენებისა და სხვა ამოცანების რეჟიმზე. შედეგად ქვეითდება ყურადღება, კონცენტრაცია და მეხსიერება. ამიტომ სწორი ბალანსი — გარე აქტივობები, ფიზიკური მოძრაობა და სუფთა ჰაერი — საუკეთესო დაცვის საშუალებაა.

ღამისთევისა და მოსაწევების გავლენა მეხსიერებაზე

- ბოლო წლებში განსაკუთრებით ახალგაზრდებში გახშირდა ღამისთევა, სხვადასხვა ტიპის მოსაწევები და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება. როგორ აისახება ეს ტვინის მუშაობასა და მეხსიერებაზე?

- ღამისთევა და ძილის უკმარისობა ტვინის ერთ-ერთი მთავარი მტერია. ძილი აუცილებელია ინფორმაციის დამახსოვრებისა და სისტემატიზაციისთვის — სწორედ ძილის დროს ინახება დღეში მიღებული ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში. როდესაც ადამიანი ხშირად ათენებს ან სძინავს ძალიან ცოტა, ტვინი ვერ ასწრებს აღდგენას, ნერვული უჯრედები გადაღლას განიცდიან და ჩნდება ყურადღების დარღვევა, დავიწყება, ფოკუსის დაკარგვა და ზოგადი გონებრივი გამოფიტვა. ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის ყველაზე მძაფრად მეხსიერებას აზიანებს მარიხუანა. ის არღვევს მოკლევადიან მეხსიერებას, ამცირებს კონცენტრაციას და აფერხებს ტვინის იმ უბნების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელია სწავლისა და ინფორმაციის დამუშავებაზე. მისი ხანგრძლივი მოხმარება განსაკუთრებით საზიანოა მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ პერიოდში ტვინი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამიტომ მარიხუანაზე და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე აუცილებლად უარი უნდა ითქვას. რაც შეეხება ნიკოტინსა და ელექტრონულ სიგარეტებს, მათ შესაძლოა დროებით შექმნან ყურადღების მომატების ილუზია, მაგრამ სინამდვილეში იწვევენ ტვინის სისხლძარღვების შევიწროებას, ჟანგბადით მომარაგების შემცირებას და ნერვული უჯრედების გადაღლას. შედეგად, ნელ-ნელა ქვეითდება მეხსიერება და ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი. სხვა ნარკოტიკები — მაგალითად, კოკაინი, ამფეტამინები, ოპიოიდები — კიდევ უფრო მძიმედ მოქმედებენ ტვინზე. ისინი არღვევენ ნეირონულ ბალანსს, აქვეითებენ ტვინის მეტაბოლიზმს და იწვევენ ნერვული კავშირების დეგენერაციას. ხშირი გამოყენებისას ეს ცვლილებები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. ტვინი, საბედნიეროდ, გარკვეულწილად თვითაღდგენადია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი დროულად წყვეტს მავნე ჩვევებს, შეუდგება ჯანსაღ ძილის რეჟიმს, მოძრაობს და იკვებება სწორად. თუმცა რაც უფრო ადრე იწყება ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება და რაც უფრო ხანგრძლივია მათი ზემოქმედება, მით უფრო რთულია და ზოგჯერ შეუძლებელი ნეირონული ქსელების სრულფასოვანი აღდგენა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ტვინის ჯანმრთელობისთვის მთავარი დაცვის გზა მარტივია — სრულფასოვანი ძილი, სუფთა ჰაერი, ნიკოტინისა და ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერებისგან განთავისუფლებაა.

ფარისებრი ჯირკვალი და მეხსიერება

- რამდენად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვალი ტვინის მუშაობისთვის?

- ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლიზმში, ენერგიის დონესა და ნერვულ სისტემაზე, რაც პირდაპირ აისახება მეხსიერებასა და კონცენტრირების უნარზე. ჰორმონების დისბალანსმა — როგორც მატებამ, ისე კლებამ — შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ყურადღების დაქვეითება, გარკვეული ინფორმაციის დროებითი დავიწყება და მეხსიერების სხვა პრობლემები. თუ ბავშვს ან ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება დაღლილობა, გონებრივი მუშაობის შენელება ან კონცენტრაციის პრობლემები, მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად. დროული მკურნალობა და ჰორმონების რეგულირება მეხსიერებას მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

ანემია და მეხსიერება

- რა გავლენას ახდებს ანემია მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარზე?

- ანემია, განსაკუთრებით რკინის ნაკლებობით გამოწვეული, იწვევს ტვინში ჟანგბადის დეფიციტს, რაც პირდაპირ მოქმედებს გონებრივ მუშაობაზე, კონცენტრაციასა და მოკლევადიან მეხსიერებაზე. ბავშვებში ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს სწავლის სირთულეები და ყურადღების პრობლემები, ხოლო მოზრდილებში — დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება და ენერგიის ნაკლებობა. თუ შეინიშნება მსგავსი სიმპტომები, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შემოწმება სისხლის ანალიზით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის ან დანამატების მიღება. მკურნალობის შედეგად მეხსიერება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პირღია ძილის გავლენა მეხსიერებაზე

- როგორ მოქმედებს პირღია ძილი ან ადენოიდები ტვინის მუშაობაზე?

- პირღია ძილი და ადენოიდები ხშირად იწვევს ჰიპოქსიას, ანუ ტვინში ჟანგბადის არასაკმარის მომარაგებას. ბავშვებში ეს მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს კონცენტრაციის უნარზე, იწვეცს ყურადღების დეფიციტს და მოკლევადიან მეხსიერებას. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვი ღამით ხშირად იღვიძებს, რაც ართულებს ტვინის დასვენებასა და ინფორმაციის დამუშავებას. თუ მშობელი შეამჩნევს ჩვეულებრივზე ხმაურიან ძილს ან ხშირ პირღია სუნთქვას, მნიშვნელოვანია პედიატრის ან ოტო-ლარინგოლოგის კონსულტაცია, რათა დროულად დაიგეგმოს მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული ჰიპოქსიის გრძელვადიანი გავლენა მეხსიერებაზე.

ზოგადი რჩევები

- რა რეკომენდაციები არსებობს მეხსიერების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის?

- მეხსიერების შენარჩუნება შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით. ძირითადი რეკომენდაციებია: 1. სრულფასოვანი ძილი — 7–8 საათი ძილია საჭირო ღამე ტვინის „წმენდის“ პროცესისთვის. 2. ჯანსაღი კვება —მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვების რაციონი. 3. ფიზიკური აქტივობა —უცილებელიაყ ოველდღიური მოძრაობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. 4. გონებრივი ვარჯიში — ეფექტურია კითხვა, პაზლები, ახალი უნარების სწავლა, შემოქმედებითი აქტივობები. 5. ეკოლოგიური სისუფთავე — საჭირია მწვანე სივრცეებში სეირნობა, ხმაურის შემცირება, ბუნებასთან კონტაქტი. 6. სოციალური ურთიერთობები —მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ემოციური კავშირები. მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული პათოლოგიის შემთხვევაში.

პრეპარატების უსაფრთხოება

- ხშირად ადამიანები ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებენ პრეპარატებს მეხსიერების გასაძლიერებლად. ეს უსაფრთხოა?

- ეს არ არის რეკომენდირებული. პრეპარატების ექიმის რჩევის გარეშე მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები — გულისრევა, ძილის დარღვევა, სისხლის წნევის ცვლილება ან გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. მეხსიერების გაუმჯობესება უფრო ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესით: სწორი ძილით, კვებით, ფიზიკური და გონებრივი აქტივობით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობით.

მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

- მიუხედავად ასაკისა, შესაძლებელია მეხსიერების გაუმჯობესება?

- დიახ. ტვინი ძალიან მოქნილი ორგანოა - შეუძლია მუდმივად სწავლა და ახალი ნეირონული კავშირების შექმნა. ასაკი არ წარმოადგენს დაბრკოლებას, თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება - აქვს სტიმული, საკმარისი ძილი, სწორი კვება და ჯანმრთელი გარემო. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობები არ ვრცელდება ორგანულ ნეირონულ დაზიანებებზე, როგორიცაა დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება. ამ შემთხვევაში მეხსიერების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მკურნალობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის გათვალისწინებით შესაძლებელია დროებით შევინარჩუნოთ ზოგადი ფუნქციები და შევუმსუბუქოთ სიმპტომები. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური კვლევები, და არსებობს იმედი, რომ მომავალში ახალი მეთოდები დაეხმარება დაავადებების უკეთ მართვას

- რას ურჩევდით მათ, ვინც გრძნობს, რომ მეხსიერება ხშირად ღალატობს?

- პირველ რიგში, არ უნდა შევშინდეთ. ხშირად ეს სიგნალია, რომ ორგანიზმს სჭირდება დასვენება, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ჩვევები. დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით: მეტი ძილი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სოციალური ურთიერთობები და გონებრივი სტიმულაცია. ტვინი მუდმივად მზად არის სწავლისა და აღდგენისათვის. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.

სპეციალურად საიტისთვის