თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა - რა ხდება მისი გახეთქვისას?
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა არის თავის ტვინში ან მის გარშემო არტერიის სუსტი მიდამოს ამობურცულობა. სისხლის ნაკადის მუდმივი წნევა უბიძგებს დასუსტებულ ადგილს გარე მიმართულებით და ქმნის გამობერილობას.
როდესაც სისხლი ამ გამობერილობაში შემოედინება, ანევრიზმა კიდევ უფრო იჭიმება.
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ უმეტესობა წარმოიქმნება მსხვილ არტერიებში თავის ქალას ფუძის გასწვრივ. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმით დაავადებულთა დაახლოებით 10-30%-ს აქვს მრავლობითი ანევრიზმა. ანევრიზმების უმეტესობა მცირეა და არ იწვევს სიმპტომებს.
ანევრიზმამ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, თუ ის აწვება ახლომდებარე ნერვებს ან ტვინის ქსოვილს. თუ ანევრიზმა გაჟონავს ან გასკდება (იხსნება), ის თავის ტვინში სისხლჩაქცევას იწვევს. გამსკდარი ანევრიზმა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რაც უფრო მეტი დრო გადის ანევრიზმის გასკდომიდან, მით მეტად მოსალოდნელია სიკვდილი ან ინვალიდობა.
რა ხდება თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გასკდომისას?
ანევრიზმის გასკდომისას, სისხლი იღვრება (სისხლდენა) მიმდებარე ტვინის ქსოვილში. სისხლი შეიძლება ძლიერად დააწვეს ტვინის ქსოვილს და გამოიწვიოს ტვინის შეშუპება. ჩვეულებრივ, სხვა სიმპტომების გარდა, ეს იწვევს ძლიერ თავის ტკივილს.
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა:
- სუბარაქნოიდული სისხლდენა (SAH): სისხლდენა თავის ტვინსა და თხელ ქსოვილებს შორის, რომელიც ფარავს და იცავს მას (არაქნოიდული გარსი). SAH-ის დაახლოებით 90% გამოწვეულია ანევრიზმების გასკდომით.
- ჰემორაგიული ინსულტი: სისხლდენა თავის ქალასა და ტვინს შორის არსებულ სივრცეში.
ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის მუდმივი დაზიანება ან სხვა გართულებები, როგორიცაა:
- ვაზოსპაზმი: ეს ხდება მაშინ, როდესაც სისხლძარღვები ვიწროვდება ან იკუმშება და ტვინში ნაკლები ჟანგბადი აღწევს.
- ჰიდროცეფალია: ეს ხდება მაშინ, როდესაც ცერებროსპინალური სითხის ან სისხლის დაგროვება თავის ტვინში აძლიერებს მასზე ზეწოლას.
- კრუნჩხვები: კრუნჩხვა არის ტვინში ელექტრული აქტივობის დროებითი, უკონტროლო მატება. მას შეუძლია გააუარესოს ტვინის დაზიანება ანევრიზმის გასკდომის გამო.
- კომა: გონების ხანგრძლივი დაკარგვის მდგომარეობა. შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.
- სიკვდილი: ცერებრული ანევრიზმის გასკდომა შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში იწვევს სიკვდილს.
ვინ არის დაავადებული ცერებრული ანევრიზმებით?
ცერებრული ანევრიზმა შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში. მაგრამ ყველაზე ხშირად ის გვხვდება 30-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანთა შორის. ასევე უფრო ხშირია ქალების შემთხვევაში, ვიდრე მამაკაცების.
სიმპტომები და მიზეზები
თავის ტვინის ანევრიზმის სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, გამსკდარია თუ არა ის.
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გასკდომის სიმპტომები მოიცავს:
- ძლიერ თავის ტკივილს (უეცარი გამოვლინება და ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც „ყველაზე საშინელი თავის ტკივილი ჩემს ცხოვრებაში“).
- გულისრევასა და ღებინებას.
- კისრის კუნთების შებოჭილობას.
- ბუნდოვან ან გაორებულ მხედველობას.
- სინათლის მიმართ მგრძნობელობას (ფოტოფობია).
- კრუნჩხვებს.
- ჩამოშვებულ ქუთუთოსა და გაფართოებულ გუგას.
- ტკივილს თვალის ზემოთ და უკან.
- დაბნეულობას.
- სისუსტეს და/ან დაბუჟებას.
- გონების დაკარგვას.
როდესაც თავის ტვინის სისხლძარღვის ანევრიზმიდან მცირე რაოდენობით სისხლი ჟონავს, მას სასიგნალო სისხლდენა ეწოდება. შეიძლება აღინიშნოს გამაფრთხილებელი თავის ტკივილი (ე.წ. სასიგნალო თავის ტკივილი) დიდ გასკდომამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე.
თავის ტვინის სისხლძარღვების გაუმსკდარი ანევრიზმის სიმპტომები
დაუზიანებელი (ინტაქტური) ტვინის ანევრიზმების უმეტესობა არ იწვევს სიმპტომებს. თუ ის საკმარისად დიდი გაიზრდება, არტერიის გამობურცულობა შეიძლება დააწვეს ახლომდებარე ნერვებს ან ტვინის ქსოვილს, რაც იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
- თავის ტკივილი;
- მხედველობის ცვლილებები;
- გადიდებული (გაფართოებული) გუგა;
- დაბუჟება ან ჩხვლეტა თავში ან სახეში;
- ტკივილი თვალის ზემოთ და უკან;
- კრუნჩხვები.
თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.
რა იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმას?
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა ვითარდება მაშინ, როდესაც არტერიების კედლები თხელდება და სუსტდება. ისინი ჩვეულებრივ ყალიბდებიან არტერიების განშტოების წერტილებში. ხანდახან შეიძლება ანევრიზმა თანდაყოლილი იყოს. ეს ხდება არტერიის კედელში არსებული ანომალიის (თანდაყოლილი დეფექტის) გამო. რამდენიმე სხვა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიის შესუსტებას.
ქვემოთ ჩამოთვლილი მემკვიდრეობითი ფაქტორები გავლენას ახდენს არტერიების ჯანმრთელობაზე და შეიძლება გაზარდოს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის განვითარების რისკი:
- ვასკულური ელერს-დანლოსის სინდრომი;
- თირკმლის აუტოსომური დომინანტური პოლიკისტოზური დაავადება;
- მარფანის სინდრომი;
- ფიბროზო-კუნთოვანი დისპლაზია;
- არტერიოვენური მალფორმაცია;
- პირველი რიგის ნათესავი (ბიოლოგიური და-ძმა ან მშობელი) ანამნეზში თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმით.
შემდეგ პირობებსა და სიტუაციებს შეუძლია დროთა განმავლობაში არტერიის კედლების შესუსტება:
- მოწევა;
- მაღალი წნევა;
- ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კერძოდ, კოკაინის გამოყენება;
- ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება.
რა იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გახეთქვას?
ფაქტორებმა, რომლებიც ხელს უწყობენ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის განვითარებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მისი გახეთქვა და სისხლდენა.
მკვლევარები თვლიან, რომ გახეთქვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაღალი წნევაა. მაღალი არტერიული წნევისას სისხლი უფრო ძლიერად „ეხეთქება“ სისხლძარღვების კედლებს. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ არტერიული წნევა და გამოიწვიოს ტვინის ანევრიზმის გახეთქვა, მოიცავს:
- მუდმივი სტრესი ან სხვა ძლიერი ემოციების უეცარი აფეთქება;
- მძიმე შრომა (დაძაბვა);
- დადასტურებული არტერიული ჰიპერტენზია, რომლის მკურნალობაც არ ხდება ადეკვატურად, მედიკამენტებით.
ანევრიზმის გასკდომის შესაძლებლობა განისაზღვრება მრავალი ფაქტორით, მათ შორის:
- ზომა და ფორმა: პატარა ანევრიზმების გასკდომის შედეგად შეიძლება ნაკლები სისხლდენა განვითარდეს, ვიდრე უფრო დიდი, უსწორმასწორო ფორმის ანევრიზმების გასკდომის შემთხვევაში.
- ზრდა: თუ ანევრიზმა დროთა განმავლობაში იზრდება, მისი გასკდომის ალბათობა დიდია.
- მდებარეობა: ანევრიზმებს უკანა შემაერთებელ არტერიებზე (წყვილი არტერიები თავის ტვინის უკანა მხარეს) და წინა შემაერთებელ არტერიაზე (თავის წინა არტერია) აქვს გასკდომის უფრო დიდი რისკი, ვიდრე ტვინის სხვა ადგილებში განვითარებულ ანევრიზმებს.
- ხანდაზმული ასაკი: 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ანევრიზმის გასკდომის დიდ რისკს ექვემდებარებიან.
თავის ტვინის სისხლძარღვთა მრავლობითი ანევრიზმის ან ანამნეზში ანევრიზმიდან წარსულში განვითარებული სისხლდენის მქონეთ ანევრიზმის გასკდომის დიდი რისკი აქვთ.
დიაგნოსტიკა და კვლევები
ტვინის დაუზიანებელი ანევრიზმის მქონე ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ აქვს ანევრიზმა. ექიმმა შეიძლება აღმოაჩინოს ის ტვინის ვიზუალიზაციის კვლევისას, როგორიცაა MRI ან სხვა სამედიცინო მიზეზის გამო ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირების დროს.
კვლევები მოიცავს:
- კომპიუტერული ტომოგრაფია: ეს ხშირად არის პირველი ვიზუალიზაციის კვლევა, რომლითაც დგინდება, გაიჟონა თუ არა სისხლი ტვინში.
- CT ანგიოგრამა (CTA), რომელიც იძლევა თავის ტვინის არტერიებში სისხლის ნაკადის უფრო დეტალურ სურათებს. CTA-ს შეუძლია აჩვენოს დაუზიანებელი ან გამსკდარი ანევრიზმის ზომა, მდებარეობა და ფორმა.
- MRI (მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება): ქმნის ტვინის არტერიების დეტალურ სურათებს და შეუძლია აჩვენოს ანევრიზმის ზომა, მდებარეობა და ფორმა.
- ცერებრული ანგიოგრაფია: ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ნეიროქირურგი ან ინტერვენციული ნეირორადიოლოგი აყენებს კათეტერს საზარდულის ან მაჯის სისხლძარღვში, რათა გადაიღოს კისრისა და ტვინის არტერიების უფრო ზუსტი სურათები. ამ ვიზუალიზაციის ტესტს შეუძლია გამოავლინოს დახშული არტერიები თავის ტვინში ან კისერში. მას ასევე შეუძლია გამოავლინოს ანევრიზმები არტერიაში. კვლევის ამ მეთოდს იყენებენ ტვინში სისხლდენის მიზეზის და ანევრიზმის ზუსტი ადგილმდებარეობის, ზომისა და ფორმის დასადგენად.
- ცერებროსპინალური სითხის (CSF) ტესტი: ეს ტესტი ზომავს ნივთიერებებს იმ სითხეში, რომელიც გარშემორტყმულია და იცავს თავისა და ზურგის ტვინს (ცერებროსპინალურ სითხეს).
მართვა და მკურნალობა
თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობის მთავარი მიზანია ანევრიზმაში სისხლის ნაკადის შეჩერება ან შემცირება. თავის ტვინის ანევრიზმის დაუზიანებელი ანევრიზმის მკურნალობა, გარემოების გათვალისწინებით.
მიკროსისხლძარღვოვანი კლიპირება
ოპერაციას შეუძლია შეაჩეროს ტვინში სისხლჩაქცევა ან თავიდან აიცილოს სხვა დაუზიანებელი ანევრიზმის გადიდება ან გასკდომა.
ენდოვასკულარული სპირალური ემბოლიზაცია
ამ პროცედურისთვის, ნეიროქირურგს ან ინტერვენციულ ნეირორადიოლოგს შეჰყავს კათეტერი (მოქნილი მილი) სისხლძარღვში, ჩვეულებრივ, საზარდულის ან მაჯის არეში. კათეტერის მეშვეობით ექიმი ათავსებს რბილი მავთულის პატარა ხვეულს ანევრიზმაში.
მას შემდეგ, რაც ექიმი ათავისუფლებს ხვეულს ანევრიზმაში, ის ცვლის სისხლის ნაკადის სქემას, რაც იწვევს სისხლის შედედებას. ეს თრომბი ხელს უშლის ანევრიზმაში სისხლის შესვლას.
ნაკადის გადამისამართების სტენტები ცერებრული ანევრიზმისთვის
ამ პროცედურისთვის, ნეიროქირურგი ან ინტერვენციული ნეირორადიოლოგი აყენებს კათეტერს საზარდულის ან მაჯის სისხლძარღვში და შეჰყავს ტვინში. კათეტერის მეშვეობით ექიმი ათავსებს ბადისებრ მილს სისხლძარღვის იმ ნაწილში, რომელშიც არის ანევრიზმა. ბადეს გადააქვს სისხლის ნაკადი ანევრიზმიდან და არა მასში.
WEB მოწყობილობა ცერებრალური ანევრიზმის სამკურნალოდ
ამ პროცედურისთვის, ნეიროქირურგს ან ინტერვენციულ ნეირორადიოლოგს ტვინში შეჰყავს კათეტერი საზარდულის ან მაჯის სისხლძარღვში. კათეტერის მეშვეობით ანევრიზმაში დებს ლითონის ბადის კუბს ან სფეროს. იგი მუშაობს ხვეულის მსგავსად, რადგან უზრუნველყოფს ანევრიზმის დახშობის ეფექტს, ხელს უშლის მასში მეტი სისხლის შედინებას, ხელს უშლის მის გაფართოებას ან გახეთქვას.
მკურნალობის დამატებითი მეთოდები
- კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები: ამ მედიკამენტებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კრუნჩხვების თავიდან აცილებას, რომლებიც დაკავშირებულია გამსკდარ ანევრიზმასთან.
- კალციუმის არხის ბლოკატორები: ეს პრეპარატები ამცირებს სისხლძარღვების სპაზმის გამო ინსულტის რისკს.
- შუნტი: ეს არის მილი, რომელიც ეხმარება ცერებროსპინალური სითხის (ჩშF) გადინებას ტვინიდან სხეულის სხვა ნაწილში. ეს შეიძლება დაეხმაროს ჰიდროცეფალიის თავიდან აცილებას.
გამსკდარი ანევრიზმის მქონე ადამიანებს ხშირად ესაჭიროებათ ფიზიკური, მეტყველებისა და შრომითი თერაპია, რათა აღიდგინონ ფუნქციონირება და ისწავლონ ფუნქციონირების ახალი გზები.
საჭიროა თუ არა მკურნალობა თავის ტვინის სისხლძარღვთა დაუზიანებელი ანევრიზმის დროს?
დაუზიანებელი ანევრიზმა, რომელიც არ იწვევს სიმპტომებს და არ აღინიშნება სხვა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები, შესაძლებელია, მკურნალობას არ საჭიროებდეს.
ამის ნაცვლად, საჭიროა რეგულარული ვიზუალიზაციის კვლევები დროთა განმავლობაში ნებისმიერი ცვლილების ან ზრდის მონიტორინგისთვის. ასევე საჭიროა მოწევის (თუ ეწევით) შეწყვეტა და წნევის კარგად გაკონტროლება.
თუ სიმპტომები ან ანევრიზმის მახასიათებლები შეიცვლება შემდგომი გამოკვლევის დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ დახმარებას.
თუ გაქვთ სიმპტომები, დადებითი რისკის ფაქტორები და/ან ანევრიზმა დიდია, ექიმი განიხილავს ქირურგიული და/ან ენდოვასკულარული მკურნალობის სარგებელს, რისკებსა და ალტერნატივებს. გადაწყვეტილება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, და არა მხოლოდ:
- ასაკი;
- ზოგადი ჯანმრთელობა და დაავადებები;
- ანევრიზმის მდებარეობა, ზომა და სხვა მახასიათებლები;
- სისხლძარღვთა ანატომია;
- ოჯახის ისტორია;
- გახეთქვის რისკი.
პრევენცია
თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ან შეცვალოთ ტვინის ანევრიზმების გარკვეული რისკ-ფაქტორები, როგორიცაა – ასაკი ან გენეტიკური მდგომარეობა. მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ ტვინის ანევრიზმის განვითარების რისკი:
- შეინარჩუნეთ ნორმალური არტერიული წნევა მედიკამენტებით და/ან ცხოვრების წესის ცვლილებებით.
- არ მოწიოთ.
- არ მიიღოთ ალკოჰოლი და/ან ნარკოტიკული საშუალებები.
პროგნოზი
ცერებრული ანევრიზმის გასკდომის პროგნოზი (პერსპექტივა) დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის:
- ასაკი და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- თუ გაქვთ ნევროლოგიური დაავადებები.
- ანევრიზმის მდებარეობა.
- რამდენად ძლიერი სისხლმდენია ანევრიზმა.
- რამდენად სწრაფად დაიწყეთ მკურნალობა.
- იყო თუ არა ანევრიზმის მკურნალობა წარმატებული.
ადამიანების დაახლოებით 25%, რომლებსაც უსკდებათ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა, იღუპება 24 საათის განმავლობაში. ადამიანების დაახლოებით 50% იღუპება გასკდომიდან სამი თვის განმავლობაში, გართულებების გამო.
გადარჩენილთაგან დაახლოებით 66% განიცდის ტვინის მუდმივ დაზიანებას. ზოგიერთი ადამიანი გამოჯანმრთელდება შესაძლებლობების მცირე შეზღუდვით ან მის გარეშე.
შესაძლებელია თუ არა თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმით დიდხანს ცხოვრება?
ტვინის მცირე, დაუზიანებელი ანევრიზმის მქონე ბევრ ადამიანს არ აღენიშნება სიმპტომები და ეს მათ ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს.
თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ტვინის ანევრიზმის გასკდომისგან ძალიან დიდია.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გამო?
თავის ტვინის სისხლძარღვთა დაუზიანებელი ანევრიზმის შემთხვევაში, რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს ანევრიზმის ზომის მონიტორინგისთვის და აკონტროლოთ ნებისმიერი ხელშემწყობი რისკის ფაქტორი, როგორიცაა, მაგალითად, მაღალი წნევა.
თავი ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში, რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს, რათა თვალყური ადევნოთ შესაძლო გართულებებს და დარწმუნდეთ, რომ არ აღინიშნება სხვა ანევრიზმის განვითარება.