გაზაფხული და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
გაზაფხულზე ზოგიერთს სეირნობის ძალაც კი არ შესწევს, მუხლები ეკეცება და ფეხებს ძლივს მიათრევს, ისეთ სისუსტეს გრძნობს, რომ ლამისაა დაეცეს, სხეულს ძლივს იმორჩილებს და საწოლიდან წამოდგომის სურვილიც კი არ გააჩნია. ფიზიკურ არასიჯანსაღეს, სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ემატება - მოწყენილობა, უგუნებობა, დეპრესია...
რისი ბრალია ყოველივე ეს - ჰიპოვიტამინოზის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისა თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემათა გამწვავების? ეს საგაზაფხულო თაიგული განსაკუთრებით მარტსა და აპრილს ახასიათებს.
ამიტომაც მიეძღვნა ჩვენი ჟურნალის ეს ნომერი დაავადებათა გამწვავების საკითხებს. ჰიპოვიტამინოზისა და ცალკეული სისტემების დაავადებათა გამწვავების შესახებ ინფორმაციას მთავარი თემის სხვა სტატიებიდან ამოიკითხავთ, აქ კი თქვენს ყურადღებას ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე შევაჩერებთ.
ეს სინდრომი, რომელსაც დღეს ცივილიზაციის დაავადებად იხსენიებენ, პირველად ამერიკელმა მკვლევარმა ა. ლოიდმა აღწერა 1984 წელს. შემაშფოთებელია, რომ პრაქტიკულად უცნობი ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ეს დაავადება ყოველწლიურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს და არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ მოზარდებსა და ბავშვებს შორისაც შრომისუნარიანობის დაქვეითების, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევის მთავარ მიზეზად გვევლინება.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 2002 წლის მონაცემებით, მოზარდთა გამოხატული აპათია (ერთგვარი უგრძნობლობა, ემოციების უქონლობა), დეპრესია, ნევრასთენია (ნევროზის ერთ-ერთი ფორმა), მიასთენია (კუნთთა ძლიერი სისუსტე) უმეტესად ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლინებაა. ზოგიერთი მკვლევარი აგრესიის მომატებას და, შესაბამისად, კრიმინოგენული ფონის გამძაფრებასაც "ცივილიზაციის დაავადებას" უკავშირებს.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის 1991 წლის დადგენილებით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის ადამიანის ორგანიზმის სისტემური დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის დომინირებით; რაც შეეხება დაღლილობას - ის დაავადების მრავალფეროვანი სიმპტომოკომპლექსიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული სიმპტომია.
საყურადღებოა, რომ ქრონიკული დაღლილობა, რომელსაც ამ სინდრომის დროს განიცდიან პაციენტები, ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც არ ქრება და დროთა განმავლობაში ადამიანის გონებრივი თუ ფიზიკური შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითების საფუძვლად იქცევა. თავდაპირველად ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უმთავრესად ეკოლოგიურად არასრულყოფილი (დაბინძურებული) რეგიონების პრობლემად მიაჩნდათ, იმ ზონებისა, სადაც რადიაციის დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული და მავნე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხი მაღალია. ჩამოთვლილი ფაქტორები ნეგატიურად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, ასუსტებენ მას (კლინიკურად ეს ეტაპი განისაზღვრება როგორც მომატებული დაღლილობის სინდრომი) და ამით ხელს უწყობენ ლატენტური (ფარული) ვირუსების გააქტიურებას. ვირუსული ინფექციის განვითარება-გაფურჩქვნა კი, თავის მხრივ, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს პათოლოგია ვლინდება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში, ამასთანავე, ქალებში უფრო ხშირად.
რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
დღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პათოგენეზს ძირითადად ინფექციური, იმუნური და ნეიროენდოკრინული თეორიებით ხსნიან. ყველაზე არგუმენტირებულ და მიახლოებულ თეორიად ფსიქონეიროენდოკრინული თეორიაა მიიჩნეული (ეს უკანასკნელი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქციას ეყრდნობა). ცნობილია, რომ ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის, ფსიქოემოციური დატვირთვებისადმი მისი გამძლეობის (რეზისტენტობის), მოქმედ სტრესულ ფაქტორებზე საპასუხო რეაქციებისა და, საზოგადოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნერვული, ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) და იმუნური სისტემების ნორმალურ ფუნქციობას. სწორედ ამ სიტემების დისფუნქცია (ფუნქციათა მწყობრიდან გამოსვლა), არაკოორდინირებული მუშაობა უწყობს ხელს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებასა და პროგრესირებას.
რატომ იჩენს თავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მაინცადამაინც გაზაფხულზე?
იმიტომ, რომ, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, წელიწადის დროებს შორის გაზაფხული ყველაზე მძიმეა ადამიანის ორგანიზმისათვის. ამ პერიოდში პიკს აღწევს ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმი იძულებულია, დღე-ღამის რიტმის ცვლილებას შეეგუოს (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზამთრის "ძილიდან" გამოფხიზლდეს). ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებს ამინდის ხშირი ცვლილება - გაზაფხულზე ხომ ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა დღის განმავლობაშიც კი ძლიერ მერყეობს. გარდა ამისა, ზამთარში გადატანილი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების შემდეგ ორგანიზმი ბოლომდე მომჯობინებას ვერ ასწრებს. ყოველივე ეს კი საოცარ სისუსტესა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს აძლევს დასაბამს.
როგორ უნდა შეხვდეთ გაზაფხულს
იმისათვის, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და სხვა უსიამოვნებები ვერ მოგერიოთ, გაზაფხულს ახალი შემართებითა და ცხოვრების ახლებური წესით უნდა შეხვდეთ:
- მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი;
- დროულად დაწვეთ დასაძინებლად და დილაობით აუცილებლად ივარჯიშოთ. ყოველივე ამას, ისევე როგორც ძილის ხანგრძლივობას, გაზაფხულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;
- დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახოთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის;
- საკვები რაციონი მაქსიმალურად გაამდიდროთ ცილებით (მოხარშული ხორცი, თევზი) და ვიტამინებით (ხილი და ბოსტნეული).