არის თუ არა აუტიზმი დაავადება და როგორია თანამედროვე ინტერვენციის მეთოდები
- ქალბატონო მზია, რა მდგომარეობაა აუტიზმი?
- აუტიზმი, ანუ ტერმინი „აუტიზმის სპექტრის აშლილობები“, ეწოდება ისეთ მდგომარეობებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია სოციალიზაციისა და სოციალური კომუნიკაციის ცვლილებები, რიგიდულობა და განმეორებადი ქცევა, შეზღუდული ინტერესები, ცვლილებებისადმი რეზისტენტობა.
- რა ნიშნები ახასიათებს აუტიზმს?
- აუტიზმის ამ სპეციფიკური ნიშნების გარდა შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური ნიშნებიც – სამედიცინო, კოგნიტური, სენსორული, ენისა და მეტყველების, ქცევის პრობლემები. ქცევის აშლილობაში იგულისხმება: ძილისა და კვების დარღვევები, თვითდამაზიანებელი ქცევები, აგრესიული რთული ქცევა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები: შფოთვა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.
- რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს აუტიზმის ნიშნები?
- აუტიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კლინიკურად ადრეულ ასაკში ვლინდება (18 თვიდან 3 წლამდე), თუმცა, შესაძლებელია პირველად საბავშვო ბაღში მიყვანისას ან სკოლაში შესვლის პერიოდში მიიქციოს ყურადღება. კლინიკური სურათიც საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია აუტიზმის სიმძიმეზე, თანმხლებ დარღვევებსა და კოგნიტურ უნარებზე, ასევე ასაკზე, გარემოს ცვლილებებზე, დროული და სწორი მიმართულების ინტერვენციაზე. ამ ფაქტორთა ცვლილება ცვლის აუტიზმის კლინიკურ გამოვლინებას.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებს შორის აუტიზმის პროვოცირება?
- აუტიზმი – თავის ტვინის ანომალური ფუნქციონირების შედეგია, რისი მიზეზიც, უმეტეს შემთხვევაში, უცნობია. არ არსებობს მხოლოდ ერთი ეტიოლოგიური ფაქტორი. ამიტომ განიხილება როგორც მულტიფაქტორული. თუმცა, დღეს უკვე შეგვიძლია მისი ფორმები რისკ-ფაქტორების მიხედვით განვასხვაოთ:
1) პირველადი, იდიოპათიური აუტიზმი;
2) მეორეული აუტიზმი, რომელიც თან ახლავს სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობას, განვითარების პრობლემებს. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ტერმინს ,,აუტისტური სინდრომი“, რაც არ არის იგივე ,,აუტისტური სპექტრის აშლილობა“.
აუტიზმის შემთხვევათა 90% – პირველადია და მხოლოდ 10%-ია – მეორეული.
რისკ-ფაქტორების მიხედვით შემდეგ ჯგუფებად იყოფა:
1) გენეტიკური ფაქტორები;
2) გარემო ფაქტორები;
3) ფსიქოლოგიური ფაქტორები;
4) ნევროლოგიური ფაქტორები;
5) ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა: მეტაბოლური დარღვევები, სხვადასხვა ინფექცია (წითურა, ტოქსოპლაზმოზი), ცერებრული სკლეროზი, რეტის სინდრომი, მყიფე X ქრომოსომის სინდრომი, ნეიროფიბრომატოზი, კუნთოვანი დისტროფია, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, ინფანტილური სპაზმები, ინტელექტუალური დარღვევები. ბოლო პერიოდში ბევრი იწერება მიკრობიოტას გავლენაზე როგორც ერთ-ერთ რისკ-ფაქტორზეც.
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ დროულად ამოვიცნოთ ბავშვის აუტიზმი?
- აუტიზმის ერთეული ნიშნები შესაძლოა 9 თვის ასაკშიც გამოვლინდეს, თუმცა, ძირითადად, 16-30 თვის ასაკში ხდება ამ ნიშნების სკრინინგული ინსტრუმენტით (M-ჩHAთ-ღ) გამოვლენა. ამ ასაკში ფსიქომოტორული ან ქცევასთან დაკავშირებული უმნიშვნელო ჩივილიც კი ყოველთვის საყურადღებოა. მშობლებმა თუ შენიშნეს ეს ეგრეთ წოდებული გამაფრთხილებელი ნიშნები, აუცილებლად უნდა მიმართონ პედიატრს ან ოჯახის ექიმს, რომელიც სპეციალისტთან მიავლენს მათ. ასეთი ნიშნებია:
- 6 თვის ასაკში – სოციალური საპასუხო ღიმილის არარსებობა, თვალის კონტაქტის, დაინტერესებული მზერის ნაკლებობა/არარსებობა.
- 9 თვის ასაკში – ღიმილით, მიმიკით ან ბგერით ურთიერთობის ნაკლებობა/არარსებობა.
- 12 თვის ასაკში – ტიტინის ნაკლებობა/არარსებობა, თითით მინიშნების, ხელში აყვანის მოთხოვნისას ხელების გაშლა, დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა, სახელზე რეაგირების უქონლობა ან იშვიათად რეაგირება.
- 16 თვის ასაკში – ერთეული სიტყვების არარსებობა.
- 24 თვის ასაკში – ორსიტყვიანი მარტივი ფრაზების არარსებობა, უკვე არსებული სამეტყველო და სოციალური უნარების დაკარგვა. თვალის კონტაქტის არიდება, მარტო ყოფნის მოთხოვნა, სხვისი ემოციების ამოცნობის პრობლემა, ენისა და მეტყველების შეფერხება, ექოლალია, გარემოს ცვლილებების აუტანლობა, შეზღუდული ინტერესები და განმეორებითი ქცევები. განსხვავებული, უცნაური და ძლიერი რეაქციები ხმაზე, სუნზე, გემოზე, სინათლეზე, ქსოვილზე, ფერზე.
- როგორი ქცევები აქვთ ბავშვებს აუტიზმის შემთხვევაში?
- ყურადღებას იპყრობს ბავშვის თამაშის უნარი. თამაში უნდა იყოს ფუნქციური და იმიტაციურ-წარმოსახვითი. შესაძლებელია მოტორული პრობლემებიც, მათ შორის, მოუქნელობა, კოორდინაციის მოშლა, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცალ-ცალკე ყველა ეს ნიშანი ყოველთვის არ მიუთითებს აუტიზმზე.
- როგორ ხდება დაიგნოსტიკა?
- გამოკვლევები და ანალიზები, რომლებიც შეიძლება ადასტურებდნენ ან უარყოფდნენ აუტიზმს, ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ დიაგნოზის დასმა ხანგრძლივი პროცესია და ეფუძნება შემდეგ ეტაპებს:
1) ინტერვიუს მშობლებთან;
2) დაკვირვებას სხვადასხვა გარემოში;
3) ფორმალური შეფასების ინსტრუმენტების – ტესტების (ჩAღშ, M-ჩHAთ, ADOშ 2, ADIღ და სხვა) შედეგებს. თითოეული ინსტრუმენტი სანდოა დიაგნოზის გამოსარიცხად, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად არასაკმარისია მულტიდისციპლინური მიდგომისა და კლინიკური ანალიზის გარეშე. ხოლო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა გვეხმარება თანმხლები დარღვევებისა და გართულებების გამოვლენაში.
- როგორია პროგნოზი?
- აუტიზმის მიმდინარეობის პროგნოზი დამოკიდებულია გამოვლინებების სიმძიმეზე, დროულ დიაგნოსტიკასა და სწორ კორექციულ მუშაობაზე, რის ფონზეც შესაძლებელია, ყველა რესურსი მიმართული იყოს საზოგადოებაში მისი მაქსიმალური ადაპტაციისაკენ. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, შემდგომში კი იპოვონ შესაბამისი სამსახური.
- რა სიახლეებია აუტიზმის მკურნალობაში?
- თანამედროვე ინტერვენციის მეთოდები მოიცავს:
- ქცევის გამოყენებით ანალიზს;
- ოკუპაციურ და სენსორულ თერაპიას;
- ქცევისა და თამაშის თერაპიას;
- არტ თერაპიას;
- ფიზიკურ თერაპიას;
- მეტყველების თერაპიასა და როგორც დამატებას
- ბიოსამედიცინო მკურნალობის მეთოდიკას.
რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება ინტერვენცია, მით მეტი შანსია ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად, რის შედეგადაც ბავშვი არამარტო უკეთ აითვისებს უნარ-ჩვევებს და სოციალიზდება, არამედ შემცირდება თანმხლები გართულებები, მაგალითად – პრობლემური ქცევა.
აუტიზმი არ არის დაავადება, შესაბამისად, არც განკურნებაა შესაძლებლი, მაგრამ კორექციული მეთოდებით, რომლებსაც შეცდომით მოიხსენიებენ ტერმინით ,,მკურნალობა“, შესაძლებელია საგრძნობლად გაუმჯობესდეს მისი მიმდინარეობა.
დიაგნოზი ,,აუტიზმი“ – არც განაჩენია და არც ,,იარლიყი“ – ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ადამიანს სჭირდება დახმარება, თავისი პოტენციალის რეალიზება, ცხოვრებასა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობა.