ნევროზისა და დეპრესიის მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევროზისა და დეპრესიის მკურნალობა

ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი, ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მარინე მეტრეველი.

- ქალბატონო მარინე, როგორ უნდა წარიმართოს ნევროზული, სტრესული თუ დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობა?

- ნევროზის მკურნალობა ხორციელდება ინდივიდუალურად, დაავადების მიზეზის შესაბამისად. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რამ განაპირობა დაავადება, რათა ეფექტური მკურნალობა დაინიშნოს. ნევროზს მხოლოდ ექიმმა სპეციალისტმა უნდა უმკურნალოს. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს არა მარტო ფარმაკოლოგიური პრეპარატებით თერაპიას, არამედ ფსიქოთერაპიის კურსსაც, რომლის მიზანიც არის კონფლიქტის მოგვარება ან კონფლიქტური სიტუაციისადმი პაციენტის დამოკიდებულების შეცვლა. როდესაც ნევროზის მიზეზი გადაღლაა, აუცილებელია ნერვული სისტემის ენერგეტიკული უნარის აღდგენა. ამისთვის იყენებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და ცვლითი პროცესების გამაუმჯობესებელ პრეპარატებს, ვიტამინებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება, რაც ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობის აღდგენის საშუალებას გვაძლევს. ზოგჯერ ნევროზის განვითარების საფუძველია იგივე გენები, რომლებიც ენდოგენური დეპრესიის მიზეზად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში ეფექტურია ანტიდეპრესანტების მიღება.

მკურნალობის პირველი შედეგი (მაგალითად, ძილის გაუმჯობესება) მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღესვე ხდება თვალსაჩინო, ხოლო ზოგადი დაძაბულობისა და შფოთვის ნიშნები შემცირებას იწყებს მკურნალობის პირველი კვირის დასასრულს. ანტიდეპრესანტების მიღების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთი თვეა. ამის შემდეგ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში მათი დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.

- როგორ მოქმედებს ფსიქოტროპული მედიკამენტები ორგანიზმზე?

- ფსიქოტროპული მედიკამენტები ზემოქმედებას ახდენს ადამიანის უმაღლეს ქერქულ ფუნქციებზე, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, იწვევს მოდუნებას, სიმშვიდეს. მათი წყალობით ადამიანი მწვავე პრობლემებს ზერელედ ეკიდება, რაც ზოგ შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ ამ პრეპარატების მუდმივი გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს არა მარტო მიჩვევას, არამედ ორგანულ ცვლილებებს ტვინის ქსოვილსა და სხვა ორგანოებში, მერე კი ჯაჭვურ რეაქციათა წყებას პაციენტის მთელ მიკროსამყაროში.

დეპრესიის, ნევროზული მდგომარეობის დროს, როდესაც ნერვულ სისტემაში ორგანული ცვლილებები არ შეინიშნება, ანტიდეპრესანტების მიღება სასურველია, როგორც აღვნიშნე, მცირე ხანს, დიდი-დიდი, ორი-სამი თვის განმავლობაში.

- გამოიყენება თუ არა ნევროზების სამკურნალოდ ტრანკვილიზატორები?

- ზოგ შემთხვევაში ტრანკვილიზატორების მიღება აუცილებელია ძილის მოსაწესრიგებლად და დღის განმავლობაში შფოთვის მოსახსნელად, განსაკუთრებით - მკურნალობის ადრეულ ეტაპზე.

ნევროზების მედიკამენტური თერაპიის დროს შედარებით ეფექტურია ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორები: დიაზეპამი, რელანიუმი, ვალიუმი, ოქსაზეპამი, ფენაზეპამი, სიბაზონი.

ტრანკვილიზატორები მოქმედებს თავის ტვინის განსაზღვრულ ნივთიერებებზე, რომლებიც განაგებენ ნერვულ უჯრედებს შორის აგზნების გადაცემას. მათზე ზემოქმედება ნეირონების დამუხრუჭებას იწვევს. სწორედ ამას უკავშირდება ტრანკვილიზატორების არა მარტო სედაციური (დამამშვიდებელი) და საძილე, არამედ ანტიფობიური (შფოთვის საწინააღმდეგო) და ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) მოქმედებაც.

- გვერდით ეფექტებზე რას გვეტყვით?

- ტრანკვილიზატორების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება, მოხსნის სინდრომი (დაავადების სიმპტომების გაძლიერება ტრანკვილიზატორების მოხსნის შემთხვევაში), იმ ზომამდე გააუარესოს მეხსიერება და დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის უნარი, რომ საწყის დონემდე მათი აღდგენა შეუძლებელიც კი გახდეს.

ცალკეულ შემთხვევებში მოსალოდნელია კანის ქავილი, გულისრევა, ღებინება, პოტენციის დაქვეითება. ზოგიერთ პიროვნებას, ვისთვისაც შთაგონება მნიშვნელოვანია, აღენიშნება ერთგვარი ფსიქოლოგიური ეფექტი: ეშინია, რომ პრეპარატების მიღების შემთხვევითი შეწყვეტაც კი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ასეთი ფსიქოლოგიური ფენომენი არ შეიძლება წამლისმიერ დამოკიდებულებად განვიხილოთ, თუმცაღა სამ-ოთხთვიანი რეგულარული მიღების შემდეგ ტრანკვილიზატორების უმეტესობა ნამდვილ დამოკიდებულებას იწვევს. ხანდაზმულებს ერღვევათ მოძრაობის კოორდინაცია, იშვიათად ეიფორიაც კი უვითარდებათ.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ტრანკვილიზატორები მოქმედებს დაავადების მხოლოდ სიმპტომებზე და არა მიზეზებზე, ამიტომ მათი საშუალებით განკურნება შეუძლებელია.

- აქვს თუ არა ტრანკვილიზატორებს უკუჩვენება?

- ტრანკვილიზატორების მიღების უკუჩვენება გახლავთ ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები, მიასთენია. ასევე, არ შეიძლება მათი დანიშვნა მძღოლებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაოც ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ კოორდინაციას მოითხოვს. ალკოჰოლური სასმელები და ანალგეტიკები ტრანკვილიზატორების მოქმედებას აძლიერებს.

- კიდევ რომელი ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება ნევროზის სამკურნალოდ?

- შორს წასულ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა ჯგუფის ნეიროლეპტიკები მცირე დოზით. ასთენიური გამოვლინებების შემთხვევაში ეფექტურია ტრანკვილიზატორების კომბინაცია ნოოტროპებთან ან ფსიქოსტიმულატორებთან. შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი ნაზად მოქმედი ფსიქოაქტიური პრეპარატებიც, როგორებიც არის ელეუტეროკოკი და ლიმონიკი.

გამოხატული აფექტური (დეპრესიული) მოშლილობისას ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ტრანკვილიზატორებითა და ანტიდეპრესანტებით.

მკურნალობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ნევროზული რეაქციები უმეტესად შექცევადია. თერაპიაში ჩართული უნდა იქნეს ორგანიზმის ზოგადგამაძლიერებელი საშუალებები, კომპლექსური ვიტამინმინერალური პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები, სამკურნალო ვარჯიშები. კარგია კურორტული მკურნალობაც.

ექიმთან დროული ვიზიტი თავიდან აგვაცილებს დაავადების არა მარტო გახანგრძლივებას, არამედ მრავალ კონფლიქტურ სიტუაციასაც, შეგვინარჩუნებს კარგ, მეგობრულ ურთიერთობას ირგვლივ მყოფებთან როგორც სახლის გარეთ, ასევე შინ.

ნევროზის პროფილაქტიკა გულისხმობს მთელ რიგ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ღონისძიებებს, მათ შორის - ნორმალური ოჯახურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი პირობების შექმნას, რაციონალურ პროფესიულ ორიენტაციას, ემოციური გადაძაბვის პრევენციას, პროფესიული მავნე ფაქტორების თავიდან აცილებას და სხვა.


- დეპრესიულ მდგომარეობასა და მის მკურნალობაზეც ვისაუბროთ...

- დეპრესია თავის ტვინის დაავადებაა. თავის ტვინს მოვლა, მავნე ნივთიერებებისგან - სიგარეტისგან, ნარკოტიკებისგან, ასევე უარყოფითი მეტყველებითი, სმენითი და აზროვნებითი ზემოქმედებისგან დაცვა სჭირდება. ყოველივე ეს ტვინის სწორი მუშაობის საწინდარია.

ცხოვრებისეული სირთულეებისგან ტვინის დასაცავად აუცილებელია მცირე განტვირთვა. სასურველია ცოტაოდენი ღვინის მიღებაც - ცნობილია, რომ ღვინო როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონთა წარმოქმნას ასტიმულირებს. ოღონდ უნდა ვერიდოთ დათრობას.

ჩვენს ქცევებს თავის ტვინის შუამდებარე ნაწილი - შუამდებარე ტვინი აკონტროლებს. ლიმბური სისტემა, პაპეცის წრე, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი ჩვენს ძილ-ღვიძილს არეგულირებს, ხოლო საბოლოო ანალიზის ადგილია თავის ტვინის ქერქი, რომელიც, თავის მხრივ, კონტროლს უწევს ზემოთ აღნიშნული სტრუქტურებისა და მთელი ტვინის ასოციაციურ მოქმედებას.

როგორც დიენცეფალური არის, ასევე მთელი ტვინის დაავადება გამოწვეულია ხან ორგანული, ხან ფუნქციური პათოლოგიით.

ფუნქციური მსუბუქი და ადვილად შექცევადი პათოლოგიური მდგომარეობაა, ორგანული კი ტვინის ქსოვილის ხშირად შეუქცევადი ცვლილებებით მიმდინარეობს. თუმცა დაზიანებულ თავის ტვინის ქერქსაც დიდი ადაპტაციური უნარი აქვს - დაზიანებული უბნის ფუნქციას ტვინის სხვა უბნები იღებენ საკუთარ თავზე.

სწორი დიაგნოსტიკისთვის სასურველია პაციენტის გამოკვლევა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული, ელექტროენცოფალოგრაფიული და ბიოქიმიური ჭრილით.

დეპრესიის სამკურნალოდ არსებობს სპეციალური პრეპარატები - ანტიდეპრესანტები (ფევარინი, რექსეტინი, ნევროჰელი, ვაგოსტაბილი და სხვა). შეიძლება, მკურნალობაში ჩაირთოს სისხლძარღვოვანი და ნოოტროპული პრეპარატებიც. მაგრამ ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება, ამიტომ ადამიანი პირველ რიგში თავად უნდა იყოს საკუთარი თავის მკურნალი. მან ყოველდღე უნდა ავარჯიშოს თავის ტვინი, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუძლოს, სწორად იაზროვნოს, სწორად იმოქმედოს.

მინდა გითხრათ, რომ პიროვნება მარტო ამას თავს ვერ გაართმევს, ეკლესიის, ქრისტიანული ცხოვრების წესის გარეშე ეს შეუძლებელია.

უძილობის დროს სასურველია საძილე პრეპარატების მიღება, - კარგი შედეგი აქვს იმოვანს, დონორმილს, მელაქსენს, - მაგრამ უძილობა ასევე შეიძლება დათრგუნულ იქნეს ღამის ლოცვით. დადგენილია, რომ ამ დროს ხდება ჰორმონული ფონის სათანადო რეგულაცია, თავის ტვინში გამოიყოფა ძილის ჰორმონი მელატონინი. ასე რომ, ლოცვის გარეშე ადამიანი არ უნდა იძინებდეს. ათონის მთის ბერების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ლოცვის დროს მათ აქვთ ისეთივე ენცეფალოგრაფიული სურათი, როგორიც საერო პირს ღრმა ძილის დროს.

ადამიანის ქცევა ემორჩილება ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ კანონებს, რადგან ადამიანი ბუნების ნაწილია. ამავე დროს, მხოლოდ მას აქვს მეტყველების, კითხვის, აზროვნების უნარი. სწორი მეტყველება ქმნის სწორ აზროვნებას, რაც საწინდარია ორგანიზმის გამოჯანმრთელებისა. ლოცვის დროს როგორც თავის ტვინში, ისე ყველა ორგანოში მნიშვნელოვანი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ლოცვა და ეკლესიური ცხოვრება მნიშვნელოვანია.

- ნევროზის მკურნალობის ხალხურ საშუალებებზე რას გვეტყვით? ეს კითხვა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მკითხველი ხშირად გვთხოვს რჩევას ამ მდგომარეობის დროს კუნელის, კრაზანასა თუ კატაბალახას ნაყენების გამოყენების თაობაზე.

- კუნელი მსუბუქი, მეტად ეფექტური საშუალებაა გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად. იგი ხსნის არითმიას, დადებით გავლენას ახდენს მიოკარდიუმის მუშაობაზე, ხსნის სპაზმს, უხდება არტერიულ ჰიპერტენზიას, ანგიონევროზს, ტაქიკარდიას. კუნელის ნაყენი აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამსუბუქებს მდგომარეობას მენოპაუზის დროსაც. ხანდაზმულებში კუნელის ნაყენი პრაქტიკულად უებარი საშუალებაა ათეროსკლეროზით განპირობებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. კუნელი ორგანიზმს ძალების აღდგენაშიც ეხმარება. მისი ნაყენი შესანიშნავი რელაქსანტია, ამიტომ თუ ძილი გაქვთ დარღვეული, სვით. განსაკუთრებით ეფექტურია კუნელი კატაბალახასა და კრაზანასთან ერთად. კუნელს უნდა ერიდონ ორსულები და მეძუძური დედები. სიფრთხილე მართებთ მათაც, ვისაც მცენარეებზე ალერგია აქვს.