შეხება და მასთან დაკავშირებული დარღვევები

სიმყარეზე, ფორმაზე, ზომასა თუ ტემპერატურაზე. ეს ყველაფერი იმ რეცეპტორების - მგრძნობიარე ნერვული წარმონაქმნების - წყალობით ხდება, რომლებიც ჩვენს კანშია "ჩამონტაჟებული". რას წარმოადგენს შეხებითი მგრძნობელობა და როდის ირღვევა ის? ამ საკითხებზე სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, ნევროპათოლოგ ნელი ხერხეულიძეს მივმართეთ.
- ქალბატონო ნელი, რას ვიგებთ შეხებით?
- შეხება საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ჩვენ გარშემო არსებული საგნების ფორმა, ზომა, ზედაპირის თავისებურება, კონსისტენცია, ტემპერატურა, სიმშრალე და სინოტივე, სივრცეში მდებარეობა და გადაადგილება. ეს ყველაფერი კანში, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (კუნთები, მყესები, სახსრები და სხვა), ლორწოვან გარსებში (ტუჩები, ენა და სხვა) არსებული რეცეპტორების საშუალებით ხდება. ეს რეცეპტორები სამი ტიპისაა. თითოეულ ტიპს განსაზღვრული სახის შეგრძნება შეესატყვისება: მექანორეცეპტორები შეხებას, ზეწოლას აღიქვამენ, თერმორეცეპტორები - სითბოსა და სიცივეს, ტკივილის რეცეპტორები - ტკივილს. შეხების დროს რეცეპტორები ღიზიანდება, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემა მათგან მიღებულ ინფორმაციას, რეცეპტორის ტიპის შესაბამისად, სათანადო შეგრძნებად გარდაქმნის.
- რა არის ტაქტილური მგრძნობელობა?
- ტაქტილური მგრძნობელობა შეგრძნებაა, რომელიც კანის ზედაპირზე მექანორეცეპტორების სტიმულირებისას ვითარდება. ტაქტილური მგრძნობელობა შეხებითი მგრძნობელობის სახესხვაობაა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კანის გარეგან შრეში განლაგებულია მერკელისა და მეისნერის სხეულები. სწორედ ისინი და მათთან ერთად - სხვა თავისუფალი ნერვული დაბოლოებები, აგრეთვე თმის ფოლიკულების ნერვული წნულები აღიქვამენ შეხებას. "შეგვეხო", "მოგვარტყა", "მოგვეფერა" ტაქტილური გაღზიანების ფორმებია. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ერთი რამ საერთო აქვთ: ნებისმიერ შემთხვევაში ხდება კანის დეფორმაცია, რომელიც ორი ფაზისგან შედგება - აქტიური, დინამიკური ფაზისგან, რომელიც ვითარდება მოძრაობისას (მაგალითად, მაშინ, როდესაც ხელისგულს ხორკლიან ზედაპირზე გადავუსვამთ) და პასიური, სტატიკური ფაზისგან (როდესაც უბრალოდ ვდებთ ხელისგულს ამ ზედაპირზე). შესაბამისად, განასხვავებენ ორი სახის რეცეპტორებს: ფაზურს, რომლებიც აღიგზნება მხოლოდ დინამიკური გაღიზიანების დროს, და სტატიკურს, თუმცა ეს უკანასკნელნი აღიგზნებიან როგორც სტატიკური, ასევე დინამიკური გაღიზიანების დროსაც. როგორც კი მტევნის ზურგზე არსებული თმა თუნდაც 5 გრადუსით გადაიხრება, თმის ფოლიკულის რეცეპტორში წარმოიშობა ნერვული იმპულსი და მაშინვე ვიგებთ, რომ ვიღაცა შეგვეხო.
შეხების რეცეპტორების რიტმული გაღიზიანება ვიბრაციის შეგრძნებას იწვევს. ეს საგნის რხევის მთელი სხეულით შეგრძნებაა. საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითი გამოდგება: თუ აჟღერებულ სიმს თითს დავაჭერთ, მის რხევას შევიგრძნობთ. ფაზური რეცეპტორები უფრო სწრაფი და მგრძნობიარეა, ვიდრე სტატიკური. მათ უფრო მოკლე ლატენტური პერიოდი აქვთ (ასე ვუწოდებთ დროს გაღიზიანებიდან იმპულსების გამოვლენამდე).
ფაზური რეცეპტორები უფრო მალე ადაპტირდება, ვიდრე სტატიკური. ისინი გამღიზიანებელს წამზე ნაკლებ ხანში ეჩვევიან, სტატიკურ რეცეპტორებს კი ამისთვის რამდენიმე წამი, ზოგჯერ წუთიც სჭირდებათ. სწორედ ტაქტილური რეცეპტორების ადაპტაციის წყალობით ვეღარ ვგრძნობთ, რომ ქუდი გვახურავს, სათვალე ან მაჯის საათი გვიკეთია.
ფაზური და სტატიკური რეცეპტორები იზოლირებულად არ მუშაობენ - ისინი ველებად ერთიანდებიან. ველის ცენტრში მოთავსებულია ლიდერი-რეცეპტორი, რომელიც სხვებზე სწრაფად აღიგზნება. რაც უფრო მეტად არის დაშორებული ცენტრიდან რეცეპტორი, მით უფრო ნაკლებია მისი მგრძნობელობა.
შეხების შეგრძნება გადაეცემა თავის ტვინის ქერქის იმ ნაწილს, რომელიც კანის ანალიზატორის ქერქულ დაბოლოებას წარმოადგენს. ტვინის ქერქის ის ნაწილი, სადაც აღწევს ტაქტილური ინფორმაცია, სხვა - მხედველობის, კუნთოვანი მგრძნობელობის - ცენტრებთან ურთიერთქმედებს. ეს ურთიერთკავშირი საშუალებას გვაძლევს, განვასხვაოთ საგნების ზომა, სივრცეში მათი მდებარეობა.
რეცეპტორები სხეულზე არათანაბრად არის განლაგებული: ზოგან უფრო მეტია, ზოგან - ნაკლები. განსაკუთრებით მდიდარია ამ მხრივ თითის ბალიშები, ენის წვერი, ტუჩები, ცხვირის წვერი, ხელისგულები, სასქესო ორგანოები, ამიტომ, ბუნებრივია, ამ ადგილებს განსაკუთრებულად მაღალი ტაქტილური მგრძნობელობა აქვს.
შეხება საგრძნობლად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას გარემოზე, ასრულებს მნიშვნელოვან როლს მის აღქმაში, მასთან ადაპტაციაში, სხვა გრძნობათა (მხედველობის, სმენის) დარღვევის შემთხვევაში ნაწილობრივ ცვლის მათ.
ტაქტილური მგრძნობელობა მკვეთრად ძლიერდება, როდესაც ადამიანი კარგავს მხედველობას. ამ შემთხვევაში ტაქტილური რეცეპტორები ადამიანისთვის თვალების როლს ასრულებს. ამ მგრძნობელობის წყალობით არის, რომ უსინათლოებს შეუძლიათ კითხვა, ხელით ნატიფი სამუშაოს შესრულება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. მათთვის, ვისაც არც მხედველობა აქვს და არც სმენა, შეხებითი მგრძნობელობა ინფორმაციის ძირითადი წყაროა და შესაძლოა, უმაღლეს დონეზეც კი ჰქონდეთ განვითარებული. ცნობილია, რომ მხედველობისა და სმენის არმქონე ზოგიერთი ადამიანი თითებს ადებს მოლაპარაკეს და ხორხის ვიბრაციის საშუალებით იგებს მის მეტყველებას, ხოლო რადიოზე ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე თითების მიდებით მუსიკას "უსმენს". ტაქტილური მგრძნობელობა სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. ახალშობილებს ის უფრო ძლიერი აქვთ ენის წვერზე, ტუჩებზე, ტუჩების ირგვლივ. ასაკთან ერთად ტაქტილური რეცეპტორები ატროფირდება, მათი მგრძნობელობა ქვეითდება.
მგრძნობელობის დარღვევის ფორმები
მგრძნობელობის დარღვევა რამდენიმე კრიტერიუმით კლასიფიცირდება. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კონტაქტურ და დისტალურ, ექსტრარეცეპტორულ და ინტერორეცეპტორულ მგრძნობელობას. ტაქტილური, ტკივილის, ტემპერატურული მგრძნობელობა მგრძნობელობის კონტაქტურ სახეს მიეკუთვნება. მგრძნობელობის დარღვევის ხარისხისა და შეგრძნების ცვალებადობის მიხედვით გამოყოფენ მგრძნობელობის დარღვევის შემდეგ სახეებს:
- ანესთეზია - ამა თუ იმ სახის მგრძნობელობის სრული უქონლობა. აიხსნება იმით, რომ გამტარ გზებში არსებული დაბრკოლების გამო იმპულსები თავის ტვინის შესაბამის ქერქულ ზონებს ვერ აღწევს. ანალიზატორის დაზიანების მიხედვით განასხვავებენ ტკივილის (ანალგეზია), ტემპერატურულ (თერმანესთეზია), ლოკალურ (ტოპანესთეზია), კუნთსახსროვან (ბატიანესთეზია) და სხვა სახის ანესთეზიას;
- ჰიპესთეზია - მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვა, როდესაც აღგზნებადობის ზღურბლის აწევის გამო საკმაოდ ძლიერი გამღიზიანებლები სუსტ შეგრძნებებს იწვევს;
- ჰიპერესთეზია - მგრძნობელობის მომატება აღგზნების ზღურბლის დაწევის გამო დიდი ტვინის ქერქში გაღიზიანების სუმირების შედეგად;
- დიზესთეზია - გაღიზიანების აღქმის გაუკუღმართება. მაგალითად, კანის ზედაპირზე შეხება ტკივილს იწვევს, სითბური გაღიზიანება - სიმხურვალის ან სიცივის შეგრძნებას;
- სინესთეზია - ამ დროს გაღიზიანების აღქმა ხდება არა მარტო გაღიზიანების ადგილას, არამედ სხვაგანაც;
- პარესთეზია - დაბუჟების, გახევების, წვის, სიმხურვალის, სიცივის, ჩხვლეტის, ელექტრული მუხტებისა და სხვა შეგრძნებები - გამოწვეულია პათოლოგიური პროცებით, რომლებიც ლოკალიზებულია ანალიზატორის ნებისმიერ დონეზე და ხშირად ნერვული სისტემის დაავადებაზე მიუთითებს;
- ჰიპერპათია - გადღაბნილი, წაშლილი, ცუდად ლოკალიზებული შეგრძნებები, რომლებიც გაღიზიანების შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება.
- რისი ბრალია ხელების დაბუჟება და ჩხვლეტა?
- ხელების დაბუჟება ანუ პარესთეზია ერთგვარი უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც ჩხვლეტას, ჭიანჭველების ცოცვას მოგვაგონებს. ის თავს იჩენს არასახარბიელო პოზაში დგომისას, ჯდომისას ან წოლისას, ზოგჯერ - ცალ კიდურში, ზოგჯერ - ორივეში, ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ კი ხანგრძლივი. ეს შეგრძნება მტევნებსა და ტერფებში ნერვის ხანმოკლე ჩაჭედვის შედეგია. საკმარისია, კიდურს მდგომარეობა ვუცვალოთ, რომ ნერვის ფუნქცია აღდგება და უსიამოვნო შეგრძნება გაქრება.
დაბუჟებას, ჩხვლეტას უმეტესად ასაკოვნები უჩივიან, რადგან ხანდაზმულ ასაკში ხშირია ნერვთა პათოლოგიური ცვლილებები, ამასთანავე, ღრმავდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდართული დაავადებები და ამიტომ ნერვების ფუნქცია ჩაჭედვის შემდეგ შესაძლოა ადრინდელივით სწრაფად ვერ აღდგეს. ერთი და იმავე ძალით ნერვზე ზეწოლისას დაბუჟება ასაკოვან ადამიანს უფრო სწრაფად უვითარდება, ვიდრე ახალგაზრდას. მუდმივი პარესთეზიების დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა მიზეზის დასადგენად.