შაკიკი

გიორგი მეძმარიაშვილი
დიახ, შაკიკი იგივეა, რაც ჰემიკრანია. ეს ბერძნული სიტყვაა და "თავის ნახევარს" ნიშნავს. მართალია, შაკიკი არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ საგრძნობლად აუარესებს მის ხარისხს. შაკიკიანი ავადმყოფი შიშით ელის მომდევნო შეტევას, თავს არიდებს ყოველგვარ საქმიანობას, რომელმაც კი შესაძლოა შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
შტრიხები ავადმყოფის პორტრეტისათვის
ის ამბიციურია, კარიერულ წინსვლასა და პირად ცხოვრებაზეა ორიენტირებული. ირგვლივ მყოფთა მიმართ მომთხოვნია, თუმცა ურთიერთობისას მოსაწყენი, რაც დათრგუნული ნეგატიური ემოციების, ფარული შინაგანი კონფლიქტების შედეგია.
რა ხდება შეტევის დროს?
შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას: შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით თავისუფლდება ტკივილის გამომწვევი ნეიროპეპტიდები. ხოლო ტრიგემინული (გამშვები) სისტემა აძლიერებს ტკივილის აღქმას.
რატომ იწყება შეტევა?
შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს. გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება:
- საკვები და სასმელი - შოკოლადი, კაკაო, ყავა, ციტრუსები, თხილი, კაკალი; პროდუქტები, რომლებიც შეიცავს სოდიუმ ნიტრიტს - ჰოთდოგი, ბეკონი, ძეხვი, სალიამი; რძის ზოგიერთი პროდუქტი - ყველი, არაჟანი; პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ნატრიუმის გლუტამატს - ცხარე ჩინური სოუსები; პროდუქტები, რომლებიც შეიცავს თიამინს - დამარილებული ქაშაყი, ქათმის ღვიძლი, პარკოსნები, ლობიო; ასევე - წითელი ღვინო, ლუდი, შამპანური, ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტები და სასმელები - კოკა-კოლა და სხვა;
- სითხის უკმარისობა;
- შიმშილი და ჰიპოგლიკემია - შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე;
- გარემო პირობები - სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე, ქარი, ძლიერი ხმაური, მკვეთრი სუნი;
- მედიკამენტები (ვაზოდილატატორები, ორალური კონტრაცეპტივები, ინდომეტაცინი).
შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება:
- ხანგრძლივი ძილი ან უძილობა;
- გადაღლილობა და ფსიქოემოციური გადაძაბვა;
- ფიზიკური აქტიურობა, მათ შორის - სქესობრივი კონტაქტი;
- ჰორმონული ძვრები: პუბერტატული პერიოდი, მენსტრუაცია, ორსულობა, კლიმაქსი.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას, განსაკუთრებით - დედის მხრიდან, ხოლო თუ შაკიკს ორივე მშობელი უჩივის, ბავშვს ათიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს, დარჩეს ჯანმრთელი. ხშირად შეტევის პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება ახდენს. მაგალითად, თუ ქალს მენსტრუალური ციკლის შუაში თეთრი ღვინო, ყველი ან შოკოლადი სიამოვნებას ანიჭებს, უშუალოდ მენსტრუაციის დროს იმავე პროდუქტებმა შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოიწვიოს.
ტიპები
განასხვავებენ შაკიკის შემდეგ ტიპებს:
- შაკიკი აურის გარეშე (შემთხვევათა 80-90%);
- შაკიკი აურით (10-20%);
- ბაზილარული და პანიკური შაკიკი (ძალიან იშვიათია).
შაკიკი აურის გარეშე
მას მარტივ შაკიკსაც უწოდებენ. ეს არის პაროქსიზმული მოპულსირე ჰემიკრანია. მისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილის ლოკალიზაციის (მხარის) ცვალებადობა და თან არ სდევს ნევროლოგიური მოშლილობანი.
შაკიკი აურით
ეს იგივე კლასიკური შაკიკია. ამ დროს შეტევას წინ უძღვის ე. წ. აურის პერიოდი, რომელიც შეიძლება იყოს:
- ყნოსვითი (ადამიანს თითქოს თან სდევს გარკვეული სუნი);
- მხედველობითი (თვალების წინ მოციმციმე წერტილები, ლაქები ან ელვა);
- მოძრაობითი (დამბლა, კიდურების სისუსტე, სხეულის ზოგიერთი ნაწილის დაბუჟება);
- მეტყველებითი (სიტყვები ისე ისმის, თითქოს მაგნიტოფონში ფირი გაიჭედაო).
ეს "უვერტიურა" 10 წუთიდან ნახევარ საათამდე გრძელდება (ზოგჯერ უფრო მეტხანსაც, თუმცა ჯამში მისი ხანგრძლივობა არ აღემატება 60 წუთს). ამის შემდეგ საქმეში უკვე "ჩაქუჩებიც" ერთვება. ძალიან იშვიათია (მხოლოდ 1-2%) აურა თავის ტკივილის გარეშე.