ღამე და ნევროლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღამე და ნევროლოგიური პრობლემები

- არის ხალხი, ვისაც ღამით თავის ტკივილი არ აძინებს. უმთავრესად რა იწვევს ამ ტკივილს და რას ურჩევთ ასეთ ხალხს?

- ადამიანი მთელი დღე კარგად გრძნობდეს თავს და თავი მაინცდამაინც ღამით სტკივდებოდეს, იშვიათია. თავის ტკივილი სხვადასხვაგვარია - დიფუზური, გავრცობილი, ზოგჯერ მოჭერითი ხასიათისაც.

თუ თავის ტკივილი მხოლოდ ღამით იჩენს თავს, მას არ შეიძლება ორგანული საფუძველი ჰქონდეს ანუ რომელიმე ორგანული პათოლოგიით იყოს განპირობებული. ის უპირატესად ფსიქოგენური ან ნევროზული ხასიათისა იქნება. ყოველივე ეს დამოკიდებულია პიროვნების ფსიქოტიპსა და ცხოვრების წესზე, ბიოლოგიურ რიტმსა და ყოველდღიურ რეჟიმზე.

ოსტეოქონდროზის გაახალგაზრდავებისდაკვალად თავის ტკივილი ახალგაზრდებს შორისაც გახშირდა, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც კომპიუტერიზაცია და საკუთარი ორგანიზმის დაუნდობელი ნგრევაა.

სხვა სიტყვებს ალბათ ვერ მივუსადაგებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ახალგაზრდები იგდებენ თავს. ვგულისხმობ კომპიუტერთან საათობით გაუნძრევლად ჯდომას. თავის ტკივილიო, ბრძანებთ. რა გასაკვირია, ამ დროს ხომ ყველაფერი იძაბება - თავის ნერვები და სისხლძარღვები, სახისა და კისრის, თვალისა და მთელი სხეულის კუნთები, ხერხემალი, მხედველობის ნერვი; ჰიპერაგზნებას განიცდის ტვინი.

კომპიუტერის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ოფისის დაავადების სახელით ცნობილი ეს სიმპტომთა კომპლექსი მძიმე დაღს ასვამს ორგანიზმს, ამიტომაც ვურჩევ, შეიბრალონ საკუთარი სხეული. ლამაზად ჩაცმა რომ უყვართ, დაფიქრდნენ იმაზე, როგორ დანგრეულ, დაშლილ სხეულს მოსავენ ლამაზი ტანსაცმლით, შეიბრალონ საკუთარი ორგანიზმი, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. მაშინ არც თავის ტკივილი შეაწუხებთ და არც სხვა პრობლემები.

თავის ტკივილი ტელევიზორის მეტისმეტად დიდხანს ყურებამ და მთელი დღის განმავლობაში გადაღლამაც შეიძლება გამოიწვიოს. მთელი სამუშაო დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა და დაჭიმულობა თავს სწორედ დღის ბოლოს, მოსვენებისას იჩენს. მისი პროფილაქტიკაც ჩვენს ხელთაა. მთავარია, მოვინდომოთ და დღის განმავლობაში 2-3-ჯერ ათი-თხუთმეტი წუთი მოვიცალოთ სავარჯიშოდ. წინათ საწარმოებში, ფაბრიკა-ქარხნებში ეგრეთ წოდებული საწარმოო ტანვარჯიში იყო დანერგილი. ჩვენი სინამდვილე მოწმობს, რომ ასეთი ტანვარჯიში დღის განმავლობაში აუცილებელია. ის არ უნდა აღიქმებოდეს კარიკატურად, ადამიანს უნდა ესმოდეს მისი მნიშვნელობა.

- მკითხველები ხშირად გვწერენ, რომ ღამით შუილი არ ასვენებთ. როგორც ჩანს, სხვადასხვა პათოლოგიისთვის დამახასიათებელ ამ სიმპტომს დღისით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ღამით კი ის უფრო მეტად საგრძნობი და შემაწუხებელი ხდება. რა არის ყურების შუილის მიზეზი?

- უმთავრესად - სმენის ნერვის ნევროპათია. ის ზოგჯერ გრიპიდან, პარაგრიპიდან, კვებითი მოწამვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იჩენს თავს, ზოგჯერ გამოწვეულია ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებით, სტრესფაქტორების რეგულარული მოქმედებით ან ქრონიკული ნერვიულობით, არტერიული წნევის მომატებითა და სხვა ფაქტორებით.

ზოგჯერ ადამიანს დაწოლის შემდეგ საკუთარი პულსაცია ესმის, მას მიყურადებული მოსვენებას კარგავს და ვეღარ იძინებს. ამ დროს მდებარეობის შეცვლა საკმარისია, რომ პულსაციის შეგრძნება გაქრეს. სმენის ნერვის ნევრიტისა და ნევროპათიის გამწვავების პერიოდში ადამიანს ზოგჯერ მთელი "ორკესტრი" ესმის. ასეთ დროს მან დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს ექიმს. მხოლოდ დროულად ჩატარებულ რაციონალურ მკურნალობას შეუძლია, ადამიანი დაყრუებას გადაარჩინოს.

- ზოგს ჩაძინება უჭირს, ზოგსაც ძილის განსაზღვრულ სტადიაზე ეღვიძება და ძილს ვეღარ აგრძელებს. რაც მთავარია, ეს პრობლემები მხოლოდ ასაკოვნებს კი არა, ახალგაზრდებსაც აწუხებთ. როგორ მოვიქცეთ ძილის დარღვევისას?

- დაძინება მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთული პროცესია. ასე მარტივი არ არის - მიხვიდე, დაწვე და დაიძინო... ღვიძილის მსგავსად, არც ძილია ერთფეროვანი ფენომენი, ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის დონე ძილის დროსაც ცვალებადია. ძილის დროს ცენტრალური ნერვული სისტემის არაერთგვაროვან ფუნქციურ მდგომარეობაზე ძილის განსხვავებული სტადიების არსებობა მიუთითებს.

ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) მონაცემების საფუძველზე ძილის 5 სტადიას განასხვავებენ. როდესაც ადამიანი იწყებს თვლემას და ძილის პირველი სტადია დგება, ელექტროენცეფალოგრამაზე თეტა რიტმი აღირიცხება. იგი ღვიძილსა და ძილს შორის გარდამავალ სტადიას წარმოადგენს. ამ დროს შეინიშნება თვალების ნელი მოძრაობა.

პირველი სტადიის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ ძილი მეორე სტადიაში გადადის. ამჯერად ადამიანს უკვე ნამდვილად სძინავს, მაგრამ თუ გავაღვიძებთ, შესაძლოა უარყოს, რომ ეძინა.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იწყება ძილის მესამე სტადია, რაზეც მაღალი ამპლიტუდის დელტა რიტმის აღმოცენება მეტყველებს.

მესამე და მეოთხე სტადიებს შორის განსხვავება არც ისე მკვეთრია: მესამე სტადიაში დელტა ტალღა 20-50%-ია, ხოლო მეოთხეში - 50%-ზე მეტი.

ძილის დაწყებიდან დაახლოებით 90 წუთის და მეოთხე სტადიის დაწყებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ ელექტროენცეფალოგრაფიულ პარამეტრებში მკვეთრი ცვლილებები ხდება. ამ დროს ფიქსირდება თვალების სწრაფი მოძრაობები, კუნთების ტონუსის სრული დათრგუნვა, კიდურთა სწრაფი მოძრაობები. ძილის ეს სპეციფიკური სტადია ძირეულად განსხვავდება ზემოხსენებული მშვიდი სტადიებისგან. მას REM-ძილს (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) უწოდებენ. ვინაიდან ამ სტადიაში ეეგ-აქტივობა ღვიძილის დროს არსებულის მსგავსია, მას პარადოქსული ძილის სახელწოდებითაც იხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ ძილის ეს სტადია პირველმა ივანე ბერიტაშვილის მოწაფემ ლევან ცქიფურიძემ აღწერა 1949 წელს და მშფოთვარე ძილი უწოდა. იმდროინდელი საბჭოთა მეცნიერების იზოლაციაში ყოფნის გამო ეს შრომა უცხოელთათვის შეუმჩნეველი დარჩა და თანამედროვე ლიტერატურაშიც კი აღმომჩენებად ნ. აზერინსკისა და ნ. კლეიტმანს (1955) მიიჩნევენ.

ძილის ციკლი ასაკის შესაბამისად იცვლება. ახალშობილს დღე-ღამეში დაახლოებით 16 საათი სძინავს, მოზარდი ასაკისთვის კი ძილის ხანგრძლივობა თანდათან 10 საათამდე მცირდება. ამ შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობის შემცირება ძირითადად REM-ძილის ფაზის ხანგრძლივობის შემცირების ხარჯზე ხდება.

- საშუალოდ რამდენი საათი უნდა ეძინოს დღე-ღამეში ზრდასრულ ადამიანს?

- 8 საათი მაინც, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია - ზოგს 5-6-საათიანი ძილიც ჰყოფნის დასასვენებლად და ძალთა აღსადგენად, ზოგს კი 10-12-საათიანი ძილის შემდეგაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - როგორ სძინავს ადამიანს, რა სამუშაოს ასრულებს დღის განმავლობაში, როგორ იტვირთება, რა სახის საკვებს იღებს ძილის წინ და სხვა.

საყურადღებოა, რომ ასაკთან ერთად ძილის ხანგრძლივობაც მცირდება. ჰერიატრიულ ძილს პირველი და მეორე სტადიების გახანგრძლივება ახასიათებს, ხოლო მესამე, მეოთხე და REM-ძილის ფაზების ხანგრძლივობა ამ პერიოდში მცირდება.

- რას ურჩევთ მათ, ვინც უძილობას უჩივის, როგორ მოიწესრიგონ ძილი?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, ძილი არ არის მარტივი პროცესი, მეტადრე - როცა არ გეძინება, მაგრამ დაბეჯითებით ვურჩევ თქვენს მკითხველს, რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოს:

ჯერ ერთი, საძინებელ ოთახში არავითარ შემთხვევაში არ დაიდგას ტელევიზორი, მეორე - ძილის წინ შეასრულოს მსუბუქი, სასიამოვნო სამუშაო (შესაძლოა, ეს იყოს ქსოვა, წაკითხვა, თვალიერება), თუნდაც რაღაც რიტუალი, რომელიც ძილისთვის განგაწყობთ, სასურველია ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება, თბილი აბაზანის მიღება.

რაც მთავარია, დაუშვებელია სავსე კუჭით დაწოლა. მოხუცებისაგან ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ ადამიანი ნახევრად მშიერი უნდა დაწვეს. ძილის დროს ორგანიზმმა უნდა დაისვენოს, ის არ უნდა დაღალოს დიდი რაოდენობით საკვების გადამუშავებამ.

თუ ადამიანს ღამით ეღვიძება და ვეღარ იძინებს, უმჯობესია ადგეს და გაიარ-გამოიაროს, წიგნი წაიკითხოს, რამე გააკეთოს, ვიდრე იწვეს და იტანჯოს.

საზოგადოდ, თუ ადამიანი საკუთარ სხეულს შეიყვარებს, უამრავი პრობლემა მოგვარდება, ორგანიზმისადმი დამოკიდებულებაც შეიცვლება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ნაკლებად შეაწუხებს.