თავის ტკივილი - მიზეზები

თავის ტკივილს, რომელიც ზოგჯერ ადამიანს უნარშეზღუდულადაც კი აქცევს, ტვინის მფარავ მაგარ გარსს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც უხვად არის აღჭურვილი ტკივილის აღმქმელი ნერვული დაბოლოებებით. ზოგიერთი მეცნიერი თავის ტვინში ტკივილის აღმქმელი რეცეპტორების უქონლობას წყალობად მიიჩნევს, რადგან წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ორგანიზმის ამ დირიჟორს თავად რომ ასტკივდეს რამე. ეს ფაქტობრივად ორგანიზმის დესტრუქციასა და დაღუპვას ნიშნავს, რადგან უდირიჟოროდ დარჩენილი ორკესტრი დამოუკიდებლად ყველაზე მარტივი ფუნქციის განხორციელებასაც კი ვერ შეძლებს. თავის ტკივილი , ცეფალგია, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მრავალ დაავადებასა და პათოლოგიურ პროცესს ახასიათებს. ამ ნიშნით მიმდინარე დაავადებათა შესახებ ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამკურნალო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ნელი მაისურაძე გვესაუბრება.
- თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს. ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადებისა: ნევროზისა, დეპრესიული მდგომარეობისა, ჰიპერტონიული დაავადებისა, თირკმლისა და ენდოკრინული პათოლოგიებისა, ნერვული სნეულებებისა... თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.
- კერძოდ რომელ დაავადებებს ახასიათებს ცეფალგია?
- თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
- თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
- სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
- ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
- არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის:
- კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
- ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება;
- მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი);
- მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა);
- ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია, ჰიპოთირეოიდიზმი, წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება);
- თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
- თავის ტკივილი სხვადასხვანაირია - მწვავე და არცთუ ისე ძლიერი, მოულოდნელი და ნელა მზარდი, ზოგჯერ მთელ თავს მოიცავს, ზოგჯერ - მხოლოდ მის რომელიმე ნაწილს... შესაძლებელია თუ არა ტკივილის ხასიათის მიხედვით მისი მიზეზის დადგენა?
- თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს თავის ტკივილს ახასიათებს უეცარი დასაწყისი. იგი დიფუზურია და დღითი დღე ინტენსიურად ძლიერდება, იცვლება თავისა და სხეულის მდებარეობის შესაბამისად. არასოდეს იცვლის ლოკალიზაციას და ჯიუტი ცალმხრივობა ახასიათებს. ხშირად თან სდევს მრავლობითი ღებინება გულისრევის შეგრძნების გარეშე, ასევე - სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის (120/200 მმ. ვწყ. სვ-მდე) მატება, თითქმის არ ემორჩილება ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. ვლინდება ზოგადმენინგეალური ნიშნები და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკაც, ცვლილებებია სისხლში, შარდში, თვალის ფსკერში და სხვა. დიფუზური ტკივილი აღინიშნება ქალასშიდა წნევის მატების დროსაც. ის უმეტესად ღამით ან დილაადრიან იჩენს თავს. ქალასშიგა წნევა შედარებით იშვიათი მიზეზია და თავის ტვინში ლიქვორის გადინების დარღვევას უკავშირდება. დაძაბვის თავის ტკივილი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. აღმოცენდება ფსიქიკური გადაძაბვის შემდგომ, რაც მწვავე და ქრონიკული სტრესის შედეგია. ხშირად აწუხებთ გამოხატული ან ფარული დეპრესიის მქონე ადამიანებს. ეს არის მომჭერი, დამწოლი, მუდმივი შეგრძნება, რომელსაც მკვეთრი ლოკალიზაცია არ გააჩნია. სუსტი ან ზომიერი ინტენსივობისაა, ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს პაციენტები მას თავზე ჩაფხუტის ჩამოცმას ან სარტყლის მოჭერას ადარებენ. ცეფალგიის არანაკლებ ხშირი მიზეზია შაკიკი, რომელიც შეტევით ხასიათს ატარებს. იგი ახალგაზრდა ქალების დაავადებაა და გენეტიკური განწყობა ახასიათებს. არსებობს კლასიკური, ანუ აურით მიმდინარე და ჩვეულებრივი, ანუ აურის გარეშე მიმდინარე შაკიკი. აურა 10-30-წუთიანი მდგომარეობაა შეტევამდე. ამ დროს ადამიანს თვალებში სინათლე უციმციმებს, ნაწილობრივ კარგავს მხედველობას.
ტკივილი ლოკალიზებულია ნახევარ თავში, შუბლისა და საფეთქლის არეში. შეტევა იწყება მწვავედ და პიკს რამდენიმე საათში აღწევს. ტკივილი მოჭერის მსგავსი, მოპულსირე, მბურღავი და მჭრელია, ხშირად თან სდევს სინათლისა და ხმაურის შიში, ღებინება, რომელსაც შვება მოაქვს. კლასიკური შაკიკის შეტევა მეორდება თვეში 2-4-ჯერ, დროის განსაზღვრული შუალედებით. პაციენტთა 60%-ს ჩვეულებრივი შაკიკი აქვს. იგი აურის გარეშე იწყება - ჩვეულებრივ, დილით - და დიფუზურია. გრძელდება რამდენიმე დღე. მას დასვენება აპროვოცირებს და ჭარბი წონის ქალბატონების ხვედრია. შეტევები განსხვავებული შუალედებით მეორდება, უფრო მეტად - კვირაში ერთხელ.