რა იწვევს მეხსიერების დარღვევას
ანუ განსხვავებულ სიტუაციაში ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ადამიანმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ხოლო სხვა შემთხვევაში გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოს საპასუხოდ. ნათელია, რომ მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ. შესაბამისად, მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მეტად რთული შესასწავლი და გასაანალიზებელია.
ადამიანთა არც ისე მცირე ნაწილი უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, საზოგადოდ, ცუდ მეხსიერებას. ერთ შემთხვევაში ეს მეტად სერიოზული დაავადების (ალცჰაიმერის დაავადება, დისცირკულატორული ენცეფალოპათია ანუ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და სხვა) სიმპტომია, სხვა შემთხვევაში კი – მხოლოდ გადაღლა-გადაძაბვის შედეგი.
მეხსიერების დარღვევა-დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:
- ასთენიური სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გამოწვეული გადაღლა-გადაძაბვით და ამა თუ იმ გადატანილი დაავადებით);
- მუდმივად სტრესული სიტუაციები;
- ვერტებრალურ-ბაზილარული უკმარისობა (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავბრუხვევის შეტევები, კოორდინაციის დარღვევა, გულმავიწყობა და სხვა სიმპტომები).
ასთენიური სინდრომი
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად შეიგრძნობს ფიზიკურ და გონებრივ სისუსტეს. ასეთი მდგომარეობის მიზეზი შესაძლოა გახდეს ესა თუ ის გადატანილი ინფექცია (გრიპი, პარაგრიპი და ა.შ.), მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციები (მოწამვლები), ქალა-ტვინის ტრავმები, ენდოკრინული დაავადებები (ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკლის პათოლოგიები) და ა. შ. ასთენიური სინდრომის დროს ადამიანს აღენიშნება ყურადღების შესუსტება, დეპრესია, მადისა და ძილის დარღვევა. სერიოზული სახის ცვლილებები ვლინდება მეხსიერების ფუნქციის თვალსაზრისითაც – ადამიანი ძნელად ითვისებს ახალ ინფორმაციას. თუ პაციენტი დროულად მიაკითხავს ექიმ-სპეციალისტს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
ასთენიური მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობისას გამოიყენება:
- ნეირომეტაბოლური და ნეიროცირკულატორული (ნოოტროპული) საშუალებები, რომლებიც აუმჯობესებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებენ ნერვულ უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესს, იცავენ ნეირონებს ჟანგბადოვანი შიმშილისაგან ტვინის სისხლით მომარაგების პროცესის დარღვევისას და ა. შ.
- პოლივიტამინები (ოპტიმალურად-მიკროელემენტებთან კომბინაციაში);
- პრეპარატები, რომლებიც ამაღლებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს, ჟენ-შენის, ჩინური ლიმონურას, ელეუტეროკოკის ნაყენი და სხვა.
- ექიმის თანხმობით, წყლის პროცედურები, მასაჟი, სამკურნალო ვარჯიშები, ფიტოთერაპია, ფსიქოთერაპია და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები.
ვერტებრალურ-ბაზილარული უკმარისობა
მეხსიერების დარღვევის მეორე ხშირი მიზეზი ვერტებრალურ-ბაზილარული უკმარისობაა. ადამიანის ორგანიზმში არის ხერხემლის (ვერტებრალური) ორი არტერია, რომელიც ლავიწქვეშა არტერიიდან გამოყოფისთანავე მიემართება გარეთა საძილე არტერიის უკან და მის პარალელურად, უახლოვდება ხერხემალს გვერდიდან, გადის კისრის VI-II მალების განივ ხვრელებში, ხერხემლის კისრის განყოფილების ამ წვრილ არხში გასვლის შემდეგ კეფის დიდი ხვრელის საშუალებით შეიჭრება ქალას ღრუში, იქვე დაუკავშირდება მოპირდაპირე თანამოსახელე არტერიას და ქმნის ძირითად არტერიას, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყაროა. თუ აღნიშნული არტერიები ამა თუ იმ მიზეზით შევიწროვდა, სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა და შესაბამისად, თავის ტვინის მუშაობაში გარკვეული ცვლილებები ვლინდება (აღქმის, მხედველობითი და სხვა სახის ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერების, ყურადღების, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევის თვალსაზრისით და სხვა).
პაციენტს ამ დროს აღენიშნება:
- შეტევითი ხასიათის თავბრუხვევა (ხშირად გულისრევითა და ღებინებით);
- არამდგრადობა სიარულისა და დგომის დროს;
- მხედველობის დაბინდვა და თვალებში ციმციმი;
- მეხსიერების დარღვევა მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით ახალ ინფორმაციაზე;
- გულმავიწყობა (არ ახსოვთ, სად დადეს საჭირო ნივთი, სახელები, ტელეფონის ნომრები და ა. შ.).
ვერტებრალურ-ბაზილარული უკმარისობის დროს პაციენტებს ინდივიდუალურად შერჩეული სქემით უნიშნავენ ნოოტროპულ და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს. გარდა ამისა, უტარებენ მეხსიერების წრთობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ვარჯიშებს.