თავის ტვინის ტრავმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის ტრავმები

 

ტრავმები გახლავთ ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა, ტვინზე ზეწოლა (კომპრესია); ღიაა ქალასარქვლის, ქალაფუძის მოტეხილობანი და ქალა-ტვინის ტრავმები. ტრავმა თავის ტვინში მრავლობით ცვლილებას იწვევს, რომლებიც ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების

სახით ვლინდება. თტტ-ის გამოვლინებებზე, მკურნალობასა და მათ გართულებებზე ექიმი მაია რაზმაძე გვესაუბრება:

- თტტ-ის ყველაზე მსუბუქი და ხშირი ფორმა ტვინის შერყევაა. იგი თავის ქალაზე პირდაპირი, ძლიერი დარტყმის დროს ვითარდება. ახასიათებს გონების ხანმოკლე დაკარგვა და რეტროგრადული ამნეზია - დაშავებული ტრავმის შემდეგ ვეღარ იხსენებს მანამდე მომხდარ მოვლენებს, ვერ პასუხობს კითხვებს და არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე. მძიმე შერყევისას გონება და მეხსიერება უფრო მეტი ხნით იკარგება. ამას ერთვის ბრადიკარდია, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ერთჯერადი ან მრავლობითი ღებინება. თავის ტრავმის დროს ზიანდება ქალას ძვლები და მიკროსისხლძარღვები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, უმთავრესად - თავის ტვინის ღეროში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრები მდებარეობს. სწორედ ტვინის ღეროში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევის შედეგია გონების დაკარგვა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის შემდგომი მდგომარეობის განსაზღვრისას. გონების 10-20 წუთით დაკარგვა შერყევის მსუბუქ ფორმაზე მეტყველებს, რამდენიმე საათით დაკარგვა კი თავის ტვინის მძიმე დაზიანების - ღეროს დაზიანების, სისხლჩაქცევის, ჰემატომის ნიშანია. ნევროლოგიური სიმპტომები 7-10 დღეში გაივლის, მაგრამ მსუბუქი შერყევის შემდეგაც კი თავის ტვინში დიდი ხნით ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. თავის ტვინის დაჟეჟილობა თტტ-ის შედარებით მძიმე ფორმაა, რომელიც ტვინოვანი ნივთიერების დესტრუქციას იწვევს, თანაც არა მარტო დარტყმის ადგილას, არამედ მისგან მოშორებულ უბნებშიც. შერყევისგან განსხვავებით, დაჟეჟილობისას გონების დაკარგვა გაცილებით ხანგრძლივია, რამდენიმე დღეც კი გასტანს.

 

ხშირია მეხსიერების მძიმე მოშლილობა და მყარი კეროვანი სიმპტომატიკა - პარეზი, დამბლა, მეტყველების დარღვევა, მგრძნობელობის, კოორდინაციის, თავის ქალას ნერვთა ფუნქციების მოშლა; შესაძლოა, განვითარდეს მენინგეალური სიმპტომები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებიც მოიშალოს. მსუბუქი ფორმის დაჟეჟილობისას ადამიანი გონებას დაახლოებით 2 საათით კარგავს, საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობისას - რამდენიმე საათით, მძიმე დაჟეჟილობისას კი დღეობითა და კვირაობითაც კი. ზოგჯერ დარტყმის ადგილას ჩნდება კისტოზური წარმონაქმნები, რომლებიც მოგვიანებით ეპილეფსიური გულყრების მიზეზად იქცევა. თავის ტვინის კომპრესია - ვითარდება ტვინის ქსოვილზე ქალას ძვლების ნამტვრევების, ჰემატომების, ტვინის შეშუპების ზეწოლის შედეგად. კომპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება არა ტრავმის მომენტში, არამედ 12-36 საათის (სისხლძარღვების გახეთქვის) შემდეგ, როდესაც ჰემატომა მნიშვნელოვან მოცულობას აღწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კლინიკური ნიშნები ჩნდება ტრავმის მწვავე პერიოდის შემდეგ, ნათელი შუალედის ფონზე: ძლიერდება თავის ტკივილი, იწყება ღებინება, თავს იჩენს მენინგეალური სიმპტომები, ბრადიკარდია, კომა, ანიზოკორია (ჰემატომის მხარეს თვალის გუგის გაფართოება), კრუნჩხვა და დამბლა. დიაგნოზის დასაზუსტებლად პათოლოგიის სრულ სურათს კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა, რომელიც ადგენს დაზიანების საზღვრებს, ჰემატომებს, ძვლის ფრაგმენტებს და სხვა დეფექტებს.

- თავის ტვინის ტრავმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი და გართულებაა თავის ტვინის ჰემატომა და სისხლჩაქცევა. რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ?

- ჰემატომა სისხლგროვა, სისხლის შედედებული კოლტია, რომელიც თავის ტვინში ტრავმის შემდეგ ჩნდება. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ტვინის მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულ ეპიდურულ, ტვინის შუა შრეში არსებულ სუბდურულ და ტვინის შიგნითა შრეში არსებულ ტვინშიდა ჰემატომებს. ჰემატომას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიგა წნევის მომატება, კომა. ზოგჯერ მის მოსაცილებლად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ზოგჯერ კი თავისით გაიწოვება და შორეულ გართულებებსაც არ იწვევს. თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ეპიდურული სისხლჩაქცევა ვითარდება - ადამიანი ტრავმის შემდეგ გონებას კარგავს და თავადვე მოდის გონს, ნათელი პერიოდი რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება. დამახასიათებელია მონოპარეზები, ყველაზე ხშირად - ზედა კიდურებისა. ზოგჯერ ვითარდება ჰემიპარეზიც, თუმცა სხეულის რომელიმე მხარის დაზიანება ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილია. სუბდურული ჰემატომა ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევის შედეგია, რომელიც ტვინის ვენების დაზიანების გამო ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყალიბდება, ზოგჯერ - ერთი დღე-ღამის შემდეგაც კი. ამ დროს ზოგადტვინოვანი მოვლენები მალე ქრება, პაციენტი თითქოს გამოჯანმრთელდება, უბრუნდება სამსახურს, მოგვიანებით კი ეწყება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, გულისცემის შენელება, მოთენთილობა და ანიზოკორია. სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას ნათელი პერიოდი არ აქვს, ტრავმის დროს ადამიანი განიცდის თავის ძლიერ, ხანჯლის ჩაცემის მაგვარ ტკივილს, ვითარდება ფსიქომოტორული აგზნება, ძლიერ პროგრესირებს მენინგეალური მოვლენები, ზურგის ტვინის სითხე გამოკვლევით სისხლისფერია და დიდი რაოდენობით შეიცავს სისხლის ელემენტებს. სისხლჩაქცევა კლინიკურად ინსულტს ჰგავს.


- ღია ტრავმებზე რას გვეტყვით?

- ღია ტრავმებიდან აღსანიშნავია ქალასარქვლის, ქალაფუძის მოტეხილობა და ქალატვინის ტრავმა. ქალასარქვლის მოტეხილობისას ქალასარქვლის ძვლების შიგნითა ძვლოვანი ფირფიტა ტრავმის ადგილას ზიანდება და აზიანებს ტვინის მაგარ გარსსა და ტვინოვან ქსოვილს. ამ დროს მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშნებია ეპილეფსიური შეტევა და რენტგენოგრამაზე გაბზარული, მოტეხილი ძვლების აღმოჩენა. ქალაფუძის მოტეხილობა ყველაზე მეტად ქალას შუა ფოსოს ადგილას ხდება. მისი პირველი ნიშანი ცხვირიდან და ყურებიდან სისხლდენაა. დამახასიათებელია სათვალის სიმპტომი - ტრავმის შედეგად ქალას ღრუდან ცხვირ-ხახასა და პერიორბიტულ ქსოვილში სისხლის ჩაღვრის შედეგი.

ტრავმის დროს ხშირად ზიანდება ტვინის ღერო და ირღვევა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პროცესები. ზიანდება თავის ტვინის ნერვები და ვითარდება მათი დისფუნქციის სიმპტომატიკა. ყველაზე ხშირად ლოკოკინას და სახის ნერვები ზიანდება. ხშირია მგრძნობელობითი, მხედველობითი და თვალის მამოძრავებელი ნერვების დაზიანებაც. ქალაფუძის მოტეხილობისა და ტვინის მაგარი გარსის დაზიანების უტყუარი ნიშანი ყურებიდან და ცხვირიდან თავზურგტვინის სითხის გამოდინებაა. ტვინის მაგარი გარსის დაზიანებით მიმდინარე ქალაფუძის მოტეხილობისას მოსალოდნელი ინფექციების გამო პროგნოზი ძალიან მძიმეა. გამორიცხული არ არის, განვითარდეს ტვინის კავერნოზული თრომბოზი ან შუბლისა და საფეთქლის მიდამოს კისტა, რომელიც მოგვიანებით ეპილეფსიური შეტევების მიზეზად იქცევა. ქალა-ტვინის ტრავმების დროს ირღვევა ტვინის მაგარი გარსის მთლიანობა, იგლიჯება ტვინის გარსები, ზიანდება სისხლძარღვები, ვითარდება კეროვანი სისხლჩაქცევები, ტვინოვანი ნივთიერების გადმოვარდნა. ზოგჯერ ტვინში უცხო სხეულებისა და ძვლების ნატეხები ესობა. ამ დროს მკვეთრად იზრდება ტვინის ინფიცირების, აბსცესისა და მენინგოენცეფალიტის საშიშროება. ტრავმის შემდეგ პაციენტი დიდი ხნით კარგავს მეხსიერებას, უვითარდება მძიმე შოკი, ფსიქიკური მოშლილობა, უქვეითდება არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირება, ერღვევა სუნთქვა, ყლაპვა და შარდვა. ვლინდება მენინგეალური სიმპტომები, დამბლები, დეცერებრაცია (ფეხები - გაჭიმული, თავი - გადავარდნილი), სპინალური ავტომატიზმი.

- თტტ-ს ტრავმების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დაშავებულისთვის დროული დახმარების გაწევა, რაც სასწრაფო დახმარების მოსვლამდე უნდა გაკეთდეს. რას ითვალისწინებს გადაუდებელი თერაპია?

- უპირველეს ყოვლისა, დაშავებულს უნდა გავხადოთ ან შევუხსნათ მჭიდრო და მოტმასნილი ტანსაცმელი, ქამარი, საყელო, მოვათავსოთ მშვიდ გარემოში. ტრანსპორტირება მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაშია ნებადართული. თავზე უნდა დავადოთ ყინულის პარკი ან ცივი დოლბანდი. თუ აღებინებს, გადავაბრუნოთ გვერდზე, რათა პირნაღები მასები სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. თუ აგზნებულია, აუცილებელია ექიმის მოსვლამდე მისი დაფიქსირება. თუ ტრავმამ გონების დაკარგვა გამოიწვია, დაშავებული რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიყვანოთ უახლოეს ნეიროქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ ან ქირურგიულ კლინიკაში. ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს ფრთხილად, დაშავებულს თავქვეშ რბილი ქსოვილი ან ბალიში უნდა ამოვუდოთ. თუ ვეჭვობთ ხერხემლის მოტეხილობას, მაგარ და მკვრივ საგანზე დავაწვინოთ და ისე გადავაადგილოთ.

- მკურნალობაზე რას გვეტყვით?

- თავის ტვინის ნებისმიერი ტრავმის მკურნალობა ითვალისწინებს წოლით რეჟიმს (მსუბუქი ტრავმის დროს - 10 დღემდე, მძიმე და საშუალო სიმძიმის ტრავმების დროს - მეტხანს) და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თავის ტვინში მიკროცირკულაციის აღდგენას, ჰემოდინამიკის მოწესრიგებას, ტკივილის შემცირებას, ქალასშიგა წნევის დაქვეითებას, ნეიროვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციას და ტვინოვან ქსოვილში ნივთიერებათაAცვლის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. აუცილებელია, თავი დავიზღვიოთ თავის ტვინში მძიმე იშემიური პროცესებისა და ნაწიბურების ჩამოყალიბებისგან. პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ წოლითი რეჟიმის დარღვევა იწვევს ტრავმების გართულებას ეპილეფსიისა და სისხლძარღვოვანი დაავადებების სახით. ასაკოვან პირებში შესაძლოა ჭკუასუსტობის მიზეზადაც კი იქცეს.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს თტტ-ს?

- თტტ-ს აქვს ადრეული და მოგვიანებითი გართულებები. ადრეული გართულებები ღია ტრავმის დროს ჭრილობის უშუალო ინფიცირებას უკავშირდება. ეს შესაძლოა იყოს მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი, ტვინის აბსცესი, ტრავმული დელირიები, რომლებიც ცნობიერების დარღვევით,  ფსიქომოტორული აღგზნებით და ჰალუციანციებით ვლინდება. მოგვიანებითი გართულებებია ცერებრული არაქნოიდიტი, ტრავმული ეპილეფსია და ენცეფალოპათია, რეაქტიულ-ფსიქოგენური მდგომარეობანი. თტტ-ის შემდეგ ხშირად ყალიბდება ფსევდონევრასთენიული სინდრომი: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუხვევა, ფეთქებადობა, სწრაფი დაღლა, გაღიზიანებადობა და მომატებული მეტეომგრძნობელობა.

- რა რეკომენდაციების დაცვაა აუცილებელი თტტ-ის მკურნალობის შემდეგ?

- თტტ-ის გადატანიდან ერთი წლის განმავლობაში სავალდებულოა ნევროპათოლოგთან ან ოჯახის ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტები, მძიმე და საშუალო ხარისხის ტრავმების დროს - სამ თვეში ერთხელ, მსუბუქი ტრავმის დროს - წელიწადში ორჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში - უფრო ხშირადაც. არ არის რეკომენდებული პროფესიული სპორტი და სიცხეში მზისგულზე ყოფნა. სასურველია ფიზიკური და ემოციური დატვირთვების შემცირება. ნებადართულია სამკურნალო ფიზკულტურა ექიმის მეთვალყურეობით. აუცილებელია დღის რეჟიმის დაცვა, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა.