- რა იწვევს ახალშობილებში პლექსიტს? რატომ უწოდებენ მას სამშობიარო დამბლას? იკურნება თუ არა იგი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

- რა იწვევს ახალშობილებში პლექსიტს? რატომ უწოდებენ მას სამშობიარო დამბლას? იკურნება თუ არა იგი?

- რა იწვევს ახალშობილებში პლექსიტს? რატომ უწოდებენ მას სამშობიარო დამბლას? იკურნება თუ არა იგი?
გვესაუბრება ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე. ახალშობილებში პლექსიტს ტრავმა იწვევს, ტრავმა კი მაშინ შეიძლება მიიღოს ნაყოფმა, როდესაც საშვილოსნოში არასწორად მდებარეობს და ბუნებრივი გზით დაბადება უჭირს, არ მოდის თავით, საჭირო ხდება მისი ხელით გამოყვანა ან შეტრიალება... ასეთ დროს შესაძლოა, ბავშვის ნერვული ბოჭკოები ზომაზე მეტად დაიჭიმოს ან ძვლოვან წარმონაქმნებზე მიიჭყლიტოს, მათ გარსში წარმოიშვას სისხლჩაქცევები, რომლებიც ნერვს დააწვება. მოსალოდნელია ლავიწის ძვლის მოტეხილობაც. ყოველივე ამის შედეგია ნერვული წნულის დაზიანება და დამბლა.


ნერვული ბოჭკოების დაჭიმვის ან მათზე სისხლჩაქცევების ზეწოლის შემთხვევაში აღდგენითი პროცესი იწყება დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ინტენსიურად
მიმდინარეობს და იშვიათად ტოვებს ნარჩენ მოვლენებს. ნერვული ბოჭკოების გაგლეჯის, ბოჭკოებში სისხლჩაქცევის შემთხვევაში აღდგენითი პროცესი დუნედ მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის კუნთების ატროფია, კონტრაქტურები (მხრის სახსარში - მომხრელი და შიგნით მბრუნავი, იდაყვის), აღინიშნება ოსტეოპოროზი და დაზიანებული კიდურის ზრდაში ჩამორჩენა.


ახალშობილებში კუდუსუნ-წელის დამბლა მშობიარობისას ნაყოფის ფეხებით ან დუნდულებით
წინამდებარეობის შედეგია. დაზიანების შედეგად პროცესი ვრცელდება ქვედა კიდურებზე, ტერფზე. აღდგენითი პროცესი ნელა მიმდინარეობს და ნარჩენ მოვლენებსაც ტოვებს. არცთუ იშვიათად ერთდროულად ზიანდება ზემო და ქვემო სეგმენტები. ხელის დუნე დამბლა შესაძლოა შერწყმული იყოს ზურგის ტვინის სამშობიარო ტრავმის სიმპტომებთან (კისრის კუნთების სისუსტესთან, დიაფრაგმის დამბლასთან, სუნთქვის ფუნქციის დარღვევასთან). მშობიარობის დროს ნერვული წნულების დაზიანებას შესაძლოა თან ახლდეს ხერხემლის კისრის მალების დაზიანება (მოტეხილობა, გადაადგილება, ქვეამოვარდნილობა) ან მალების თანდაყოლილი დეფექტები. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ნერვული წნულების დაზიანებას იწვევს საყოფაცხოვრებო ან სპორტული ტრავმა. ამ შემთხვევაში დამბლა, ტკივილის სინდრომი, ვეგეტაციურ-ტროფიკული დარღვევები მალე გაივლის.


- როდის უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ახალშობილებს და რას გულისხმობს ის?


- მძიმე მშობიარობის შემდეგ ახალშობილის ტრავმირებული, დადამბლავებული ხელი ერთი კვირა უნდა მოვასვენოთ. კისრის მალების დაზიანების შემთხვევაში საჭიროა კისრის ნაწილის იმობილიზაცია. ხელი განზიდული უნდა იყოს. მეორე კვირიდან ინიშნება მსუბუქი მასაჟი, პასიური მოძრაობები, ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან - დაზიანებული წნულების ულტრაიისფერი დასხივება, ზურგის ტვინის სეგმენტის ელექტროფორეზი, დიადინამიური დენი, თერაპია ბ ჯგუფის ვიტამინებით. თვის ბოლოს რეკომენდებულია ელექტროსტიმულაცია.

თუ ეფექტი ვერ მივიღეთ, საჭირო გახდება ნეიროქირურგიული მკურნალობა. დროული მკურნალობისას ხელის დუნე დამბლის პროგნოზი საიმედოა. ფეხის დამბლის დროს არცთუ იშვიათად ზიანდება მენჯის ღრუს ორგანოებიც. ქვედა სეგმენტის დაზიანების მკურნალობისას ესეც უნდა გავითვალისწინოთ. კურორტული თერაპია ჩვილი ბავშვებისთვის დაუშვებელია!


- როგორ მკურნალობენ მოზრდილ ასაკში პლექსიტს?


- მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებულია. ინფექციური პლექსიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, სითბური პროცედურები, იონოფორეზი, მწვავე პერიოდის ჩაცხრობის შემდეგ - სამკურნალო ფიზკულტურა. ნივთიერებათა ცვლის შედეგად განვითარებული პლექსიტის დროს მკურნალობას თან ახლავს დიეტაც. გინეკოლოგიური დაავადებების თანმხლები პლექსიტის შემთხვევაში სამკურნალოდ აუცილებლად გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინები (B1 და B12), ფიზიოთერაპიული პროცედურები, სამკურნალო ფიზკულტურა. ქრონიკული, ხანგრძლივი პროცესების დროს ნაჩვენებია კურორტული თერაპია ტალახით, გოგირდის წყლებით.

ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმის, სიმსივნის, კისრის მალების ტრავმული დაზიანების დროს (ტრავმიდან 6 თვის შემდეგ) ქირურგიული ჩარევაა საჭირო. გახსოვდეთ: პლექსიტის მკურნალობა მისი გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოთ. ხშირად პირველი ნიშანი, ტკივილი, სუსტია და ასატანი, მაგრამ ნუ მიიყურისძირებთ, დროულად მიმართეთ ექიმს. ასწავლეთ ბავშვებს, არ დაგიმალონ სპორტულ დარბაზსა თუ ეზოში შემთხვევით მიღებული თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა. პლექსიტის დროს დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა, გადაცივება და ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობა.

პროფილაქტიკა გულისხმობს ორგანიზმის გაკაჟებას, სამკურნალო ტანვარჯიშს. გამწვავების დროს მკურნალობა ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის - თავისა და ზურგის ტვინის ნერვების - დეგენერაციით.
ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე იმ დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც ფსიქიკური ტრავმის შედეგად აღმოცენდება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად