როგორ ვლინდება ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება ნევროზი

ფსიქოპათოლოგიურს მიეკუთვნება – ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები და აგრეთვე ნევროტული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა, ანუ ნიშან-გამოვლინებათა ერთობლიობაა).

ნეიროსომატურს კი მიეკუთვნება – ვეგეტატური აშლილობანი, ნევროტული დარღვევები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდ-სასქესო, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, აგრეთვე მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილი, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე უფრო ხშირი გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანს სასიცოცხლო ძალთა (უპირველესად, ფიზიკურ ძალთა) განლევა, სისუსტე, მოდუნებულობა აღენიშნება. სინდრომი მოიცავს აგრეთვე ადვილად დაღლას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესებას, მომატებულ გაღიზიანებას, გუნება-განწყობის ცვალებადობას, მომატებულ მგრძნობელობას ხმაურისა და კაშკაშა სინათლისადმი. ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხშირი თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, უსიამოვნო შეგრძნებები კანისა და ლორწოვანი გარსების, აგრეთვე კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ.

ფობიური სინდრომი – ეს არის შიშის აკვიატებული განცდა, რომელზეც იმავდროულად თანდართულია არსებული მდგომარეობის კრიტიკა. ჩვეულებრივ, ფობიებისადმი დამოკიდებულება ორმხრივია – ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, თუმცა, შიშის განცდა მაინც შენარჩუნებული აქვს. ნევროზების დროს უხშირესად შემდეგი სახის შიშები ვლინდება: კარდიოფობია (შიში საკუთარი გულის გამო), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია, გაშლილი სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).

იპოქონდრიული სინდრომი – იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანი ამ დროს სხვადასხვა დაავადებას მიიწერს, მუდმივად შიშობს არარსებული დაავადების გამო და საზოგადოდ, წუხს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი, ამა თუ იმ სახით, თითქმის ყველა ნევროტული მდგომარეობის დროს ვლინდება.

* * *

ნეიროსომატური დარღვევებიდან – საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ნევროზების დროს უხშირესად სამი სახის დარღვევა ვლინდება: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

ნევროტული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნებები გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ იხსნება შესაბამისი მედიკამენტებით. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტავი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილებია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდის და შესაბამისი დვრილის არეში. ასეთი ტკივილების აღმოცენებისას ადამიანებს, არცთუ იშვიათად, გულის სერიოზული დაავადების შიში იპყრობს.

გულის რიტმის ნევროტული ხასიათის დარღვევა, უპირველესად, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინდება. აღნიშნული ტიპის დარღვევა შეიძლება მყარი ან შეტევითი ხასიათის იყოს. როგორც წესი, პულსის გახშირება ფსიქოტრავმირებად გარემოებებთან არის შეჭიდული. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ე.წ. ამოვარდნები) ნევროტული დარღვევების დროს იშვიათად გვხვდება. ნევროზებისათვის უმთავრესად დამახასიათებელია გაძლიერებული გულისცემის ან კიდევ გულის გაჩერების, „ერთგვარი გამოთიშვის“ შეგრძნება.

სისხლძარღვოვანი დისტონია უხშირესად თან ერთვის ნევროზის სხვა სიმპტომებს. ის შესაძლოა გამოიხატოს არტერიული წნევის როგორც მომატებით, ასევე დაქვეითებით. ამასთან, არტერიული წნევის მომატებისას არ იკვეთება ჰიპერტონიული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

ნევროზების დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გარდა, სხვა ორგანოთა სისტემების მხრივაც აღინიშნება ამა თუ იმ სახის დარღვევა. მაგალითად, ხშირია სუნთქვითი დარღვევები, კერძოდ, სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატური დარღვევის ნიშანია) და გახშირებულ სუნთქვას იწყებს. აღმოცენდება სუნთქვითი არითმია – ის ღრმავდება ან ზედაპირული ხდება, ხშირი ან არათანაბარი ხასიათის. ამავე დროს ვლინდება თავბრუხვევა, რაც ქოშინთან ერთად, განსაკუთრებით აფრთხობს და აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისა თუ ძილისას, ეს მოვლენები, როგორც წესი, ქრება. ნევროზების დროს ზოგჯერ ნევროტული ლარინგოსპაზმი ან ნევროტული სლოკინიც ვლინდება.

ნევროზები განსხვავდება მიმდინარეობის ხანგრძლივობითაც – რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე. განსხვავებულია მათი მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკა.

პროგრესირებადი – როდესაც ნევროტული დარღვევები დროის გარკვეულ პერიოდში ძლიერდება;

რეგრესირებადი – როდესაც ნევროტულ გამოვლინებათა გამოხატულება მცირდება;

სტაციონარული – როდესაც ნევროტულ გამოვლინებათა გამოხატულება არ იცვლება;

ტალღისებრი – როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;

რემისიული – როდესაც ნევროტულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგმვის პერიოდები აღინიშნება.

საყურადღებოა ისიც, რომ ნევროზით დაავადებულ ადამიანს რეალურ ცხოვრებაში ერთდროულად რამდენიმე სინდრომი აღენიშნება. მაგალითად, იპოქონდრიული, ასთენიური სინდრომი ვეგეტატური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.