რატომ ვითარდება თავბრუხვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება თავბრუხვევა

ღებინება და ძლიერი სისუსტე. ეს სიმპტომი სხვადასხვა დაავადების დროს აღმოცენდება, ხასიათდება სივრცეში დეზორიენტაციით, გარემოში არსებულ საგანთა მოძრაობის ცრუ შეგრძნებით. თავბრუხვევა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ასაკოვან პაციენტებთან და სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. სამედიცინო ჩივილებს შორის ეს სიმპტომი სიხშირით მეორე ადგილზეა თავის ტკივილის შემდეგ.

თავბრუხვევის დიაგნოსტიკა რამდენადმდე გაძნელებულია, რადგან სივრცეში არასტაბილურობის განცდა სუბიექტურ ხასიათს ატარებს და შესაძლოა განსხვავდებოდეს ცალკეულ პაციენტებთან როგორც გამოვლინების ხარისხის, ასევე ამ დროს აღმოცენებული სენსორული ფენომენებით.

მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი თავბრუხვევად აღიქვამს, შესაძლოა უეცრად აღმოცენდეს, იყოს ეპიზოდური, პაციენტები ზოგჯერ მიუთითებენ ერთ მხარეს განვითარებულ ბიძგზე, რომელმაც თითქოს სადღაც წაიყვანა. სხვა შემთხვევაში საგნები თითქოს ადამიანის გარშემო ტრიალებს ან კიდევ საკუთრივ ადამიანს აქვს წრიულად მოძრაობის შეგრძნება, როგორც ეს საქანელაზე ხანგრძლივად ტრიალის შემდეგ რჩება ხოლმე.

თავბრუხვევა ზოგჯერ ხანგრძლივად – ერთ საათს ნარჩუნდება. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომი მაინც ადამიანისა და გარშემო არსებული ობიექტების არასტაბილურობითა და წონასწორობის დარღვევით გამოიხატება, ადამიანი სიარულისას არამდგრადობას განიცდის, ეჩვენება, რომ სადაცაა დავარდება, ფეხქვეშ მიწა ეცლება. ზოგჯერ თავბრუხვევა იმდენად ძლიერად არის გამოხატული, რომ ადამიანი მახლობელ საგნებს ეჭიდება და განიცდის ისეთ უსუსურობას, როგორიც ცნობიერების დაკარგვის წინ ვითარდება.

ჭეშმარიტ თავბრუხვევას ვერტიგოს უწოდებენ. ის ნერვული სისტემისა და ვესტიბულური აპარატის მძიმე დაავადების შედეგია. შეგახსნებთ, რომ ვესტიბულური აპარატი შიგნითა ყურში ღრმად არის განთავსებული. ის პასუხისმგებელია ადამიანის სხეულის სივრცეში მდებარეობაზე, აკონტროლებს პოზას, გამძლეობასა და მოძრაობათა კოორდინაციას. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ სხეულის მდებარეობის კოორდინირება სივრცეში თვალებისა და კან-კუნთოვანი რეფლექსების ერთობლივი ფუნქციობის შედეგიცაა, ყველა აღნიშნულ შეგრძნებას კი, საბოლოოდ, ტვინი აკონტროლებს. სხეულის მდებარეობის მაკონტოლებელი, მაკოორდინებელი და პასუხისმგებელი რეცეპტორები სხეულის ყველა უბანშია ლოკალიზებული - ძვლებითა და კუნთებით დაწყებული, შინაგანი ორგანოებით დამთავრებული. ამის გამოა, რომ ადამიანებს ხშირად თავბრუხვევის დროს გულისრევის შეგრძნებაც აქვთ.

და მაინც, რატომ გვეხვევა თავბრუ?

საამისოდ საკმაოდ ბევრი მიზეზია: ყურის ანთება, ვესტიბულური აპარატის დაზიანება, ფსიქიკური დარღვევები, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, მეტისმეტად დაბალი არტერიული წნევა.

თავბრუხვევის ზუსტი მიზეზის დადგენა სწრაფად და მით უფრო დამოუკიდებლად ძალზე ძნელია, ამიტომაც აუცილებელია ექიმ-ნევროლოგთან დროული ვიზიტი. მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს თავბრუხვევის მიზეზი და განასხვაოს ჭეშმარიტი თავბრუხვევა სხვა დაავადებებისაგან.

ხშირად პაციენტები თავბრუხვევად მიიჩნევენ თვალებში დაბნელებას, რომელიც მკვეთრი მოძრაობისას, სწრაფად მოტრიალების ან ადგომის დროს ვითარდება. ამ მდგომარეობას ექიმები ორთოსტატიკულ კოლაფსს უწოდებენ. ის თავიდან სისხლის სწრაფად გადინების (ანუ სისხლის ნაკადის გადანაწილების) შედეგია.

ჭეშმარიტი თავბრუხვევისაგან განსხვავებით (რომლის დროსაც ვესტიბულური აპარატია დაზიანებული), ცრუ თავბრუხვევა (რომელსაც ადამიანები აღიქვამენ „თვალებში დაბნელებად“ ან „ცუდად ყოფნად“) დაღლილობის, ჰემოგლობინისა და არტერიული წნევის დაქვეითების შედეგია. ზოგჯერ ის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებისა და ეპილეფსიის ნიშანიცაა.

თავბრუხვევის მიზეზებს პირობითად ყოფენ ფიზიოლოგიურ (ნორმალურ) და პათოლოგიურ (დაავადებათა შედეგად) მიზეზებად.

თავბრუხვევის ფიზიოლოგიური მიზეზებია:

  • სწრაფი, არახაზოვანი, მკვეთრი მოძრაობა (ატრაქციონებზე გართობა, სიმაღლიდან ხტომა);
  • შიში (გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სტრესის ჰორმონთა ზემოქმედების შედეგად);
  • ფილტვების ჰიპერვენტილაცია (ჟანგბადით ზეგაჯერება – მაგალითად, აკვალანგით ჩაძირვის შედეგად);
  • რკინის დაბალი დონე არაბალანსირებული კვების შედეგად - სისხლსა და ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა;
  • ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა (არადროული კვებისა და დაბალკალორიული დიეტისას) - ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის განლევა;
  • თავბრუხვევა ქალებთან მენსტრუაციის დაწყებამდე და ორსულობისას.

პათოლოგიური თავბრუხვევა აღმოცენდება:

  • შიგნითა ყურის ანთებისას (ლაბირინთიტი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი), რომლის დროსაც არა მხოლოდ აღქმის პროცესი ირღვევა, არამედ თავის ტვინის შესაბამის ანალიზატორამდე სმენითი და ვესტიბულური იმპულსების გატარებაც;
  • ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისა და თიაქრის დროს - კისრის სისხლძარღვებზე ზეწოლისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო;
  • ინსულტების, თრომბოზებისა და იშემიის დროს - როდესაც სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის გამო თავის ტვინი ჟანგბადოვან შიმშილს (ჰიპოქსიას) განიცდის;
  • შაკიკისა და კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუხვევის დროს (ამ დროს თავბრუხვევას შეტევითი ხასიათი აქვს, აღმოცენდება თავის მოძრაობისას);
  • პანიკური შეტევებისას;
  • კლიმაქტერული სინდრომისას;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას.

არსებობს 80-მდე დაავადება, რომლებიც ვერტიგოს იწვევს, მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევა ავლენს თავბრუხვევის რეალურ მიზეზსა და სათანადო ეტიოტროპული მკურნალობის დანიშვნის საშუალებას ქმნის.

კეთილსაიმედო ინფორმაციაა ის, რომ თავბრუხვევა უმრავლეს შემთხვევაში არ არის მძიმე პათოლოგიის სიმპტომი. მისი შეტევები სპონტანურად აღმოცენდება და ასევე სპონტანურად გაივლის. თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, აღმოცენდება თავის ან სხეულის სხვადასხვა მხარეს მკვეთრად მობრუნებისას. ამ დროს მკვეთრად და უჩვეულოდ ღიზიანდება ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები; ეს, ძირითადად, 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. თავბრუხვევის შეტევა აღნიშნული ასაკის პირებს საწოლში გადაბრუნებისას, თავის მკვეთრად უკან გადახრის ან სხეულის მკვეთრად წინ დახრისას უვითარდებათ. შესაძლოა გულისრევის შეგრძნებაც დაემატოს. შეტევა რამდენიმე წუთს გრძელდება და თავისთავად გაივლის. მკურნალობა ასეთ დროს მოიცავს სპეციალურ ვარჯიშთა კომპლექსს, რომელიც ვესტიბულური აპარატის საწვრთნელადაა მოწოდებული.

ფსიქოგენური თავბრუხვევა

ის ემოციური და ფობიებით შეპყრობილი პირებისთვისაა დამახასიათებელი. ჭეშმარიტი დარღვევები ვესტიბულური აპარატის მხრივ ამ შემთხვევაში არ აღინიშნება. თავბრუხვევას აღნიშნული პირები განიცდიან როგორც ცნობიერების დაბინდვას, თავის დამძიმებას, დაცემისა და ტრავმის განვითარების შიშს, საგნებისა და სხეულის მოძრაობას.

დასახელებული შეგრძნებები, ჩვეულებრივ, სტრესულ სიტუაციებში აღმოცენდება, დახურულ შენობებში, ხალხმრავალ ადგილებში. ამ დროს ისტერიის გამოვლინებაც ხდება - სიმწრის შეგრძნება ან ბურთის ყელში გაჩხერა, გულმკერდის არეში ყრუ ტკივილი, სულხუთვის შეგრძნება, ოფლდენის შეტევა და ძილის დარღვევები. თუ ადამიანს ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, მაქსიმალურად დაამშვიდეთ, საყელო შეუხსენით, წყალი დაალევინეთ და სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს:

  • თუ თავბრუხვევა პირველად აღმოცენდა და თან ახლავს გულისრევა, ღებინება ან თავის ტკივილი;
  • გამოიწვია ცნობიერების (გონების) დაკარგვა;
  • თუ თავბრუს შეუერთდა სისუსტე, კიდურების კანკალი (ტრემორი), ტაქიკარდია, ოფლიანობა, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში;
  • თუ თავბრუხვევა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა;
  • თუ თავბრუხვევასთან ერთად მკვეთრად დაქვეითდა მგრძნობელობა ან აღმოცენდა სისუსტე სხეულისა და სახის ერთ ნახევარში ან კიდევ კიდურებში.

ეს სიმპტომები გადაუდებელი მდგომარეობის განვითარებაზე მიანიშნებს და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას!

როგორ მოვიქცეთ თავბრუხვევისას სახლის პირობებში

თუ ვერტიგოს შეტევები პერიოდულად აღმოცენდება და გამომწვევი მიზეზი ცნობილია, შეიძლება სიმპტომების დამოუკიდებლად, სახლის პირობებში შემსუბუქება; ამისათვის შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:

  • თუ სწრაფად (მკვეთრად) წამოდგომის შემდეგ დაგეხვათ თავბრუ - თავი წინ დახარეთ და სრულად (ღრმად) ამოისუნთქეთ;
  • ჯდომისას წინ, მუხლებისაკენ დაიხარეთ და ეს პოზიცია სიმპტომთა შეწყვეტამდე შეინარჩუნეთ;
  • დაიკავეთ მყარი პოზიცია (მჯდომარე პოზაში განზე გაშლილი ფეხებით დაეყრდენით იატაკს) და რომელიმე უძრავ ობიექტზე მოახდინეთ მზერის ფოკუსირება;
  • სახეზე ცივი წყალი მიიპკურეთ;
  • შეისუნთქეთ ნიშადურის სპირტი;
  • დალიეთ ცოტაოდენი ტკბილი ცხელი ჩაი;
  • შემდგომში დაიცავით სიფრთხილე სხეულის მდებარეობის ცვლილებისას – ფრთხილად დაწექით, ადექით და გადაიხარეთ.