თავბრუხვევა
სიმრავლის მიუხედავად, შესაძლებელია ამ მიზეზების ორ დიდ ჯგუფად დაყოფა:
1. მიზეზთა ჯგუფი, რომელშიც შედიან შედარებით ნაკლებსაშიში სიტუაციური ფაქტორები, რომლებთან გამკლავებაც ადვილია;
2. პათოლოგიურ მდგომარეობათა ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
თავბრუხვევის გამომწვევი სიტუაციური ფაქტორები
შიმშილი და წყურვილი
შიმშილისას, როდესაც ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებს სათანადო რაოდენობით, ენერგიის დეფიციტი, უპირველესად, სწორედ თავბრუხვევით ვლინდება, ეს სიმპტომი ვითარდება სისხლში შაქრის დონის შემცირებისასაც.
რაც შეეხება წყურვილს, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია, სითხის უკმარისობა იწვევს სისხლის შესქელებას და ის გაცილებით ნელა და ძნელად მოძრაობს სისხლძარღვებში, შესაბამისად, საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი უჯრედებს შეფერხებით მიეწოდება და თავბრუხვევაც არ აყოვნებს.
ჰიპერთერმია: სითბური და მზის დარტყმა
ორგანიზმში მაღალი ტემპერატურის გავლენით ირღვევა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობა, შესაბამისად, ვიღებთ გამაფრთხილებელ სიგნალს თავბრუხვევის სახით.
ჟანგბადის უკმარისობა
ჟანგბადი ერთობ საჭირო და სასიცოცხლო მნიშვნელობის აირია - ნებისმიერ ორგანოთა სისტემის ნორმალურ მუშაობას ის სათანადო რაოდენობით სჭირდება, სწორედ ამიტომ მისი დეფიციტი შენობებში, სახლებში, სამუშაო ადგილებში, პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზრდის თავბრუხვევის განვითარების ალბათობას.
მექანიკური ზეწოლა კისრის სისხლძარღვებზე
ზოგჯერ თავბრუხვევა შესაძლოა გამოიწვიოს კისერზე მჭიდროდ შეკრულმა საყელომ, ჰალსტუხმა და შემოხვეულმა შარფმა.
ძილის უკმარისობა
ორგანიზმისთვის ძილი აუცილებელია, ამასთან, არსებობს მისი ასაკობრივი ნორმებიც. რამდენი კოფეინის შემცველი სასმელიც უნდა დალიოთ, ორგანიზმს მაინც „ეძინება“, ამიტომ ქრონიკული უძილობისას აუცილებლად მიიღებთ ნერვული სისტემიდან სიგნალს თავბრუხვევის სახით: დროა დაიძინო!
არაზომიერი ფიზიკური გადაღლა
არანორმირებული ენერგიის ხარჯვის პირობებშიც შესაძლოა განვითარდეს თავბრუხვევა, ასეთ დროს აუცილებელია შესვენება და ძალების სრულფასოვანი აღდგენა.
წონის სწრაფი კლება
წონის სწრაფი და მკვეთრი კლებით იცვლება მრავალი ორგანოთა სისტემის მუშაობის რეჟიმი, რამდენადაც იცვლება მათი მუშაობის მასშტაბებიც, პარალელურად ცხიმოვანი ქსოვილის დაშლისას ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონური სხეულები, რომლებიც ორგანიზმის ინტოქსიკაციას და თავბრუხვევის ხშირ ეპიზოდებს იწვევენ.
ავიტამინოზი
ვიტამინების უკმარისობა არღვევს ორგანიზმში უწყვეტად მიმდინარე ნივთიერებათა ნორმალური ცვლის პროცესს, რაც აუცილებლად იჩენს თავს გაძლიერებულ თავბრუხვევაში.
მწვავე ფსიქოლოგიური სტრესი
უეცარი და მოულოდნელი ძლიერი სტრესისას სისხლში ისეთი ჰორმონები გადმოისროლება, რომლებიც არღვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას და თავბრუხვევაც არ აყოვნებს.
ისტერიკული შეტევა
საჯარო ისტერიკული შეტევების დროს კამათში მონაწილე რომელიმე პირს შესაძლოა უეცრად თავბრუ დაეხვეს და გონებაც კი დაკარგოს.
თავბრუხვევის გამომწვევი მდგომარეობები, რომლებიც კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ
ორთოსტატიკური ჰიპერტენზია
ეს მდგომარეობაა, როდესაც თავბრუ დაეხვევა მჯდომარე ან მწოლიარე ადამიანს, რომელიც მკვეთრად იღებს ვერტიკალურ მდგომარეობას. ამ დროს სისხლძარღვთა სისტემა ასე მყისიერად ვერ რეაგირებს სხეულის პოზიციის ცვლილებაზე გარემოში. თუ დგახართ, არტერიულური წნევა ოდნავ უნდა აჭარბებდეს მწოლიარე ადამიანისას, რათა სისხლი ნორმალურად მიეწოდოს ტვინს. თუ მსგავსი რამ მეორდება ყოველ ჯერზე, საჭიროა კარდიოლოგთან ვიზიტი.
სუსტი ვესტიბულური აპარატი
ეს კონსტიტუციური თავისებურებაა. დედამიწის მოსახლეობის 6-7%-სთვის ეს კარგად ნაცნობი პრობლემაა. მათ სხვებზე მეტად და ხშირად ეხვევათ თავბრუ და უმნიშვნელო მგზავრობაც კი სერიოზულ დისკომფორტს უკავშირდება. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სპეციალისტთან ვიზიტია.
შუა ყურის დაავადებები
ვესტიბულურ აპარატთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა სულაც არ იყოს გენეტიკით დეტერმინებული და უკავშირდებოდეს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს, განსაკუთრებით - შუა ყურისას. ამიტომ, მიზეზის დასაზუსტებლად, საჭირო იქნება, თუ გაივლით კონსულტაციას სპეციალისტთან.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია
ყველაზე ხშირად თავბრუ გვესხმის თავის ტვინში სისხლმომარაგების უკმარისობისას, რომელიც უკავშირდება გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს. თუ თავბრუხვევა მუდმივია, მიმართეთ კარდიოლოგს. შესაძლოა, თქვენ ჰიპერ ან ჰიპოტონიკი ბრძანდებით, აუცილებელია მიზეზის დადგენა.
ნევროლოგიური პრობლემები
გავრცელების მხრივ ჭეშმარიტი თავბრუხვევის მეორე მიზეზი ნერვული სისტემის დაავადებებია, თუ ეს მდგომარეობა ვლინდება არა სიტუაციურად, არამედ პრაქტიკულად ყოველდღე გახსენებთ თავს, მიმართეთ ნევროლოგს.
ინფარქტი, ინსულტი
ეს ორივე საკმაოდ მწვავე და მძიმე მდგომარეობებია, რომელთაც თან დაერთვის ან წინ უსწრებს თავბრუხვევა, თუ ამას თან ემატება კიდურების პარეზი და დამბლა, გონების დაბინდვა ან დაკარგვა, ღებინება – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა.
ჰორმონული დარღვევები
ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებას ასევე ახასიათებს თავბრუხვევა. თუ კარდიოლოგმა და ნევროლოგმა ვერ იპოვეს მიზეზი, შემდგომი ნაბიჯი ენდოკრინოლოგთან ვიზიტია.
ხერხემლის კისრის სეგმენტის მალებთან დაკავშირებული პრობლემები
თავბრუხვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კისრის ოსტეოქონდროზია. თავის მუდმივად არასწორ მდგომარეობაში ყოფნისას დეფორმაციას განიცდის კისრის სეგმენტის მალათაშუა დისკები და ამ არეებში წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდები – ოსტეოფიტები, ეს ყოველივე იწვევს სისხლძარღვებზე დაწოლას, ჟანგბადის დეფიციტს და თავბრუხვევას.
თავის და კისრის ტრავმები
თავბრუხვევა შესაძლოა იყოს თავისა და კისრის ტრავმების (ტვინის შერყევა ან კისრის მალების კომპრესიული მოტეხილობა) სიმპტომი და შედეგი.
პანიკური და ეპილეფსიური შეტევა
პანიკური შეტევა ყველაზე ხშირად ვითარდება ჩახუთულ და ხალხით სავსე შენობებში, ამ შემთხვევაში ადამიანი ჰაერით შედარებით მდიდარ ოთახში უნდა გადაიყვანოთ. დაალევინოთ ცივი წყალი ყლუპყლუპობით, ვიდრე არ აღუდგება სუნთვის ნორმალური რიტმი.
ეპილეფსიისას თავბრუხვევა მოახლოებული შეტევის მანიშნებელია, თუ პაციენტი ინფორმირებულია დიაგნოზის თაობაზე, მან მაშინვე უნდა მიიღოს დანიშნული პრეპარატი და უმჯობესია დაწვეს ან დაჯდეს, რადგან გატარებული ღონისძიების მიუხედავად, თუ შეტევა მაინც დაიწყება, ეს თავიდან ააცილებს დაცემას და დამატებით ტრავმებს.