ყველაფერი ინსულტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი ინსულტის შესახებ

ის ადრეული სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია და ჯანმო-ს მონაცემებით, გულის იშემიური დაავადების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, წინ უსწრებს რა სიმსივნურ პათოლოგიებს.

გავრცელების თავისებურებანი

ყოველწლიურად მსოფლიოში ინსულტის 6 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოველ 30 წამში 1 ადამიანს ინსულტი ემართება.

გავრცელების სიხშირე რეგიონების მიხედვით იცვლება, საშუალოდ ყოველ 100 ათას მოსახლეზე 460-დან 560-მდე ვარირებს.

უკანასკნელ წლებში ინსულტების რაოდენობამ 2-3-ჯერ გადააჭარბა მიოკარდის ინფარქტის შემთხვევებს.

მთელ მსოფლიოში ინსულტების გავრცელებას მოსახლეობის რასა და ეროვნება განსაზღვრავს.

ყველაზე მეტად ეს პათოლოგია ნეგროიდული რასის ადამიანებს ერჩის, შემდეგ მონგოლოიდურს და ნაკლებად ევროპეოიდულს. ასე მაგალითად, აშშ-ში ინსულტის სტრუქტურა რასის მიხედვით ასე გამოიყურება:

  • აფროამერიკელები;
  • აზიელები;
  • ესპანურად მოსაუბრენი;
  • თეთრკანიანი ამერიკელები.

ცხოვრების წესი

ინსულტის განვითარების ალბათობას უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების წესი და მისი პროფესიული საქმიანობა.

ინსულტგადატანილი ადამიანების 30% გონებრივად მომუშავეა, 31-33% - ფიზიკურად მშრომელი, 27-29% კი ისინი, რომელთა პროფესიული საქმიანობა ერთდროულად ინტელექტუალურ შრომასაც ითვალისწინებს და ფიზიკურსაც.

ასაკი

უკანასკნელ წლებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებათა მსგავსად, საკმაოდ გაახალგაზრდავდა ინსულტის ასაკიც, თუმცა განსაკუთრებით სარისკოა 55 წლის შემდეგ, ყოველ მოდევნო 10 წელიწადში კი მისი განვითარების ალბათობა 2-ჯერ იზრდება.

რისკფაქტორები

ყველაზე ხშირად ინსულტი ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის მქონე ადამიანებს ემართებათ.

95%-ში იშემიური ინსულტის მიზეზი თრომბია, რომელიც ვითარდება ათეროსკლეროზული ფოლაქისაგან და თავის ტვინის მკვებავ რომელიმე არტერიაში ნორმალურ სისხლმომარაგებას ბლოკავს.

ანამნეზის შესწავლისას დგინდება, რომ ინსულტგადატანილ ადამიანთა 15% ინსულტამდე მაუწყებელ მინიინსულტს ან ტრანზიტორულ, ე.წ. გარდამავალ იშემიურ შეტევას აღნიშნავს.

თუმცა მინიინსულტგადატანილი ადამიანების უმრავლესობა სპეციალისტს არ მიმართავს, რამდენადაც მინიინსულტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მისი განვითარებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში თავისთავად ქრება.

შედეგები

ინსულტის ყველაზე გავრცელებული ფორმა იშემიური ინსულტია, რომელიც საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს და განსაკუთრებულ საჭიროებათა გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

ინსულტგადატანილი ადამიანების მხოლოდ 10-13%-თან ხდება სრული გამოჯანმრთელება, სხვა დანარჩენი გარკვეული ხარისხით უნარების შეზღუდვას იწვევს - ნაინსულტარი ადამიანების 31%-ს სჭირდება დამხმარე, 20% კი დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს.

ამიტომ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის დროული დაწყება, რაც, შრომის უნარის აღდგენასთან ერთად, ინსულტის რეციდივების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

ინსულტის გადატანიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში 50%-ს ის კვლავ უმეორდება, პირველ წელს ამის ალბათობა 10%-ია, ყოველ მომდევნო წელს კი 5-8%-ია.

ლეტალობა

ინსულტისას ლეტალობა დაგვიანებულ და არასწორად დაწყებულ მკურნალობას უკავშირდება, თუმცა ხშირად ის თავად პროცესის სიმწვავითაა განპირობებული.

მწვავე ინსულტისას ადრეული ლეტალობა ვითარდება 30 დღის მანძილზე და იშემიური ინსულტის დროს ის 35%-ს შეადგენს, ამასთან, სტაციონარში ეს მაჩვენებელი 24%-ია, ბინაზე მკურნალობის პირობებში კი - 43%.

ინსულტის გადატანიდან ერთი წლის შემდგომი ლეტალობა 45-50%-ია. მამაკაცთა ლეტალობა გაცილებით მეტია, ვიდრე ქალებისა.

უსიმპტომო ინსულტი

კომპიუტერული ტომოგრაფიის ხელმისაწვდომობის ზრდამ სპეციალისტებს არა მხოლოდ თავის ტვინში არსებული დაზიანებების აღმოჩენის, არამედ იმ უბნების გამოკვლევის საშუალებაც მისცა, რომლებიც დაზიანებულია, თუმცა კლინიკურად ჯერ თავს არ ამჟღავნებენ.

სხვადასხვა ავტორის მონაცემით, შემთხვევით აღმოჩენილ პათოლოგიათა სიხშირე 1.1-დან 1.7%-მდე მერყეობს.

ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა იმის გასარკვევად, რამდენად ხშირია უსიმპტომო ინსულტები, ჩაატარეს კვლევა. დადგინდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირთა 7,2%-ს გადატანილი ჰქონდა უსიმპტომო ინსულტი, 1,8%-ს დაუდგინდა ანევრიზმა, 1,6%-ს - კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

2-ათასიანი საკვლევი ჯგუფიდან 6-ს ჰიპოფიზის მიკროადენომა აღმოაჩნდა, 2-ს კი - კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის შვანომა.

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნის დასაწყისში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში გამოიკვეთა ინსულტების მნიშვნელოვანი შემცირება. ეს დადებითი დინამიკა არტერიული ჰიპერტენზიის აქტიური მკურნალობითა და იმ საკვები პროდუქტების უარყოფით აიხსნება, რომლებიც ე.წ. მავნე ქოლესტერინის შემცველია.