ინსულტი - მრისხანე დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ინსულტი - მრისხანე დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები

ინსულტი - მრისხანე დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
ინსულტი მრსხანე და მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც მოსალოდნელია ინვალიდობა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. დღეისათვის მსოფლიოში ინსულტი, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის, მეორე ადგილზეა.

როგორია ინსულტის გამოვლენის თავისებურებები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ამ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ია რუხაძე:

- ქალბატონო ია, რა არის და როგორი სახის შეიძლება იყოს ინსულტი?

- ინსულტი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება.

გამოყოფენ ინსულტის ორ ძირითად ტიპს: იშემიურსა და ჰემორაგიულს, ცალკე გამოიყოფა ტრანზიტული
იშემიური შეტევა (თIA).

იშემიური ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვის დახშობით (ბლოკირებით). ინსულტების უმრავლესობა იშემიურია. სტატისტიკური მონაცემებით, იშემიური ინსულტების წილი 87%-ია.

ჰემორაგიული ინსულტი უკავშირდება სისხლძარღვის კედლის გახეთქვის შედეგად სისხლჩაქცევის განვითარებას.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა არის სისხლის მომარაგების გარდამავალი ხასიათის დარღვევა, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან არა უმეტეს 24
სთ-ის განმავლობაში და ინსულტის განვითარების პრედიქტორია.

- რა არის მისი გამომწვევი რისკფაქტორები?

ინსულტის განვითარების რისკფაქტორებია:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • დიაბეტი;
  • დიეტა;
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა;
  • სიმსუქნე;
  • სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე;
  • კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური პათოლოგიები;
  • პერიფერიული არტერიების დაავადებები და სხვ.

მოკლედ შევეხები რამდენიმე მათგანს. არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ინსულტის რისკფაქტორებს შორის. ნორმალურად ითვლება წნევის ციფრების მერყეობა 120/80-დან 140/90-მდე ფარგლებში. 140/90-ზე ზემოთ იწოდება „ჰიპერტენზიად“. დროთა განმავლობაში ჰიპერტენზია იწვევს ცვლილებებს სისხლძარღვების კედლებში და აზიანებს მათ, რაც შეიძლება გახდეს ინსულტის, კერძოდ, სისხლჩაქცევის მიზეზი. ჰიპერტენზია ასევე იწვევს სისხლძარღვის კედლის გასქელებას, რასაც მოჰყვება სანათურის შევიწროება და შესაძლო დახშობა, მდენად, იშემიური ინსულტის განვითარების რისკია.

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური პათო­ლოგიები ხშირ შემთხვევაში სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ეს ცვლილებები იწვევს არტერიების ლორწოვანი გარსების დესტაბილიზაციას და შესაძლოა სისხლძარღვის შიგნით თრომბის წარმოქმნაც (ათეროთრომბოზი) განაპირობოს. ეს მასა იწვევს არტერიის სანათურის ბლოკირებას ან წარმოქმნის ემბოლს. ორივე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს იშემიური ინსულტი, წვრილი სისხლძარღვების დაზიანებამ კი ჰემორაგიული პროცესი გამოიწვიოს.

თითოეული რისკფაქტორის განხილვა მნიშვნელოვანია ინსულტის განვითარების გენეზში.

- კლინიკურად როგორ გამოვლინდება?

- ინსულტის კლინიკური გამოვლინება ვარიაბელურია. დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასა და ზომაზე. განასხვავებენ ზოგადტვინოვან და კეროვან სიმპტომებს. ზოგადტვინოვანს მიეკუთვნება:

  • ცნობიერების დარღვევა;
  • დეზორიენტაცია;
  • ფსიქომოტორული აგზნება;
  • გაბრუება;
  • ძილიანობა;
  • გონების დაკარგვა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • მძიმე შემთხვევებში ვითარდება კომა, რაც ართულებს პაციენტის ნევროლოგიურ შეფასებას.

კეროვანი სიმპტომატიკის გამოვლენა დამოკიდებულია დაზიანების კერის ლოკალიზაციაზე და შესაძლოა გამოიხატოს:

  • სხეულის რომელიმე ნახევრის დაბუჟებით, სისუსტით, მოძრაობის სრული მოშლით - განვითარდეს ჰემიპლეგია.

შესაძლებელია განვითარდეს:

  • მხედველობის მოშლა;
  • სახის ასიმეტრია;
  • სიელმე;
  • გაორება;
  • ყლაპვისა და მეტყველების გაძნელება;
  • სუნთქვის მოშლა;
  • თავბრუსხვევა;
  • კოორდინაციის დარღვევა და სხვ.

ინსულტის ტიპის მიხედვით განსხვავებულია კლინიკური მიმდინარეობა.

ჰემორაგიული ინსულტები უფრო სწრაფი, უეცარი დაწყებით ხასიათდება, მიმდინარეობს ცნობიერების დათრგუნვით, იშემიურ ინსულტებს კი თანდათანობითი განვითარება ახასიათებს. თუმცა აბსოლუტური ზღვარი კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით ძნელი სათქმელია. არცთუ იშვიათად ახასიათებს მსგავსი განვითარება და საბოლოო დიფერენცირება მხოლოდ ნეიროვიზუალური გამოსახვით ჩატარების შემდეგ ხდება შესაძლებელი.

- სტატისტიკურად, დღე-ღამის რომელ შუალედში მატულობს ინსულტის გამოვლინების სიხშირე?

- ბოლო ათწლეულში ჩატარებული რიგი კვლვევები სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდება. ამ მონაცემებით ინსულტის რისკის პიკი ყოველ 12 საათშია. დილისა და საღამოს 2-2 სთ-იანი შუალედი ყველაზე აქტუალურია.

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს 12 957 პაციენტი და აღმოაჩინეს, რომ ინსულტის განვითარების რისკი მაქსიმალურია დილის 6-დან 8 სთ-მდე და საღამოს 18-დან 20 სთ-მდე შუალედებში. ყველაზე დაბალი რისკი ძილის დროს გამოვლინდა.

კვლევები ჩატარებულია იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებზეც. როგორც აღმოჩნდა, იშემიური ინსულტის განვითარების რისკი დილის საათებში უფრო დიდია, ვიდრე ჰემორაგიულისა და პირიქით.

- რამდენად მნიშვნელოვანია დროული დახმარების აღმოჩენა?

- რა თქმა უნდა, ინსულტზე ეჭვისას მნიშვნელოვანია პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია, სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვის დროს კი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა (როგორც პირველი, ასევე სტაციონარული). ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დროული სტაბილიზაცია, გლიკემიის კონტროლი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პაციენტის შემდგომი მართვის ასპექტებს.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასწრაფო რეფერალის ორგანიზება. ინსულტზე ეჭვის მიტანისთანავე ყველა პაციენტს გადაუდებლად უნდა ჩაუტარდეს (რაც გულისხმობს დაავადების დადგომიდან 24 საათზე ნაკლებ დროს) ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. გამოიყენება ასევე კაროტიდების დუპლექსსკენირება, ცერებრული ანგიოგრაფია, ლაბორატორიული ტესტები.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს სადღეისოდ მსოფლიოში ინსულტის სამკურნალოდ?

- გადაუდებელი მკურნალობა დამოკიდებულია დიაგნოსტირებულ ინსულტზე - იშემიურია თუ ჰემორაგიული.

იშემიური ინსულტებისას მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს დროული ჰოსპიტალიზაცია. პირველ საათებში ერთობ ეფექტურია ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი, მას ასევე უწოდებენ ალტეპლაზას და ითვლება იშემიური ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტად. პრეპარატი თრომბოლიზისის ხარჯზე აღადგენს სისხლის მიმოქცევას. რა თქმა უნდა, სისხლდენის რისკის განვითარების თვალსაზრისით, ექიმი განსაზღვრავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალტეპლაზას გამოყენების შესაძლებლობას.

გადაუდებელი ენდოვასკულური პროცედურები ხორციელდება უშუალოდ ბლოკირებულ სისხლძარღვში. თრომბის თავისებურებების გამო, ეს პროცედურები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად. სპეციალური კათეტერის საშუალებით ბლოკირებულ არტერიაში შეჰყავთ ალტეპლაზა. ამ პროცედურას ეწოდება ინტრაარტერიული თრომბოლიზისი. ინსულტის განვითარებიდან ამ პროცედურამდე დროის ინტერვალი გაცილებით დიდია, ვიდრე ინტრავენური შეყვანისას, მაგრამ შეზღუდულია მისი გამოყენების შესაძლებლობა. მოწოდებულია დიდი ზომის თრომბული მასების დროს, როცა ალტეპლაზას უშუალო შეყვანა ვერ ახდენს თრომბის სრულ დაშლას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება ალტეპლაზას ინტრავენურ შეყვანასთან კომბინაციაში, სპეციალური კათეტერით ხდება თრომბის ევაკუაცია. როგორც ბოლო დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, თრომბის მდებარეობისა და სხვა ფაქტორების გამო, ენდოვასკულური თერაპია შეიძლება იყოს საკმაოდ ეფექტური და მნიშვნელოვნად იმოქმედოს იშემიური ინსულტის შემდგომი ინვალიდიზაციის ხარისხზე.

განმეორებითი ინსულტისა და ტრანზიტორული იშემიური შეტევების განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია შემდეგი პროცედურები:

  • კაროტიდული ენდარტერიტექტომია: ამ დროს საძილე არტერიებიდან იღებენ ათეროსკლეზულ ფოლაქებს. ჩარევის აუცილებლობა განისაზღვრება სტენოზის ხარისხით და ტრანზიტორული იშემიური შეტევების სიხშირით. არტერიის აღდგენა ხდება ტრანსპლანტატის გამოყენებით. პროცედურა ამცირებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკს. თუმცა თვითონ პროცედურის ჩატარება სარისკოა გულისა და სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
  • ანგიოპლასტიკა და სტენტები: ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან საძილე არტერიების სანათურის გაფართოებით (ბალონირებით), რის შემდეგაც ხდება სტენტირება.

ჰემორაგიული ინსულტების დროს მნიშვნელოვანია სისხლჩაქცევის მოცულობის, ლოკალიზაციისა და ქალასშიდა წნევის შეფასება, რაც განსაზღვრას ქირურგიული ჩარევის საჭიროებას. სისხლძარღვოვანი მალფორმაციების დიაგნოსტირებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება კონსერვატიული ან ნეიროქირურგიული ჩარევის სახე და მოცულობა.

- როგორია პროგნოზი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების დროს?

- პროგნოზი დამოკიდებულია ინსულტის ტიპზე, სისხლძარღვის ობსტრუქციის ან სისხლჩაქცევის ხანგრძლივობასა და ხარისხზე, ტვინის დაზიანებული უბნის მოცულობასა და ლოკალიზაციაზე.

დროულად დაწყებულმა მკურნალობამ, შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში გააუმჯობესოს გამოსავალი. დიდია ინვალიდიზაციის ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად აისახება პაციენტის ცხოვრებაზე (მოძრაობის მოშლა, მეტყველების გაძნელება, აზროვნებისა და მეხსიერების შეფერხება და სხვ.).

იშემიური ინსულტების დროს პაციენტთა 70% ინარჩუნებს სიცოცხლეს, 10% - თითქმის სრულად რეაბილიტირდება. 25% კი იღუპება. ჰემორაგიული ინსულტის დროს პროგნოზი უფრო მძიმეა.

ჩატარებული კვლევების მონაცემები ადასტურებს ნეირორეაბილიტაციის მნიშვნელოვან როლს პოსტინსულტურ პერიოდში. აღნიშნული მოიცავს როგორც ფიზიკალური, ისე ოკუპაციური თერაპიის მეთოდების გამოყენებას, ინდივიდუალურ მიდგომას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინვალიდიზაციის ხარისხს, ინსულტის ტიპისა და გამომწვევი მიზეზის მიხედვით სწორი თერაპიული მიდგომა აუცილებელია განმეორებითი ინსულტის პრევენციისათვის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში დიდი ზომის თრომბი ყალიბდება. სისხლის ნაკადთან ერთად ის გადაადგილება სისხლის
14-05-2019
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებაა.
02-05-2019
ღეროვანი უჯრედების აღმოჩენამ, თამამად შეიძლება ითქვას,
05-02-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებაა.
ყველამ იცის, რომ ხახვში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის
ალცჰაიმერის დაავადების მცდარი დიაგნოსტიკა საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი გონებრივი ფუნქციის დაკარგვა (გამოთიშვა)
მოწევა, შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტვინის არტერიებს, ამ უკანასკნელთა
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად