თირკმლის ამილოიდოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

თირკმლის ამილოიდოზი

თირკმლის ამილოიდოზი
მიუხედავად იმისა, რომ ამილოიდის აღმოჩენის (გახსნის) დღიდან 140 წელზე მეტია გასული და კვლევის თანამედროვე სრულყოფილი მეთოდების წყალობით სადღეისოდ დეტალურად არის შესწავლილი ამილოიდური ნივთიერების ფიზიკური, ქიმიური და ანტიგენური თვისებები, ამილოიდოზის პრობლემასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ჯერ კიდევ ამოუცნობია.
სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში ამილოიდოზის გავრცელება რამდენადმე განსხვავებულია. პათოლოგანატომიური მონაცემებით, აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში თირკმლის ამილოიდოზი საკმაოდ გავრცელებულია (0,7%), მაშინ როცა აზიის ქვეყნებში ის იშვიათად გვხვდება (0,2%-ზე ნაკლები), რასაც აღნიშნულ ქვეყნებში მოსახლეობის კვების თავისებურებებით, კერძოდ, საკვებ რაციონში ცხოველური ცხიმებისა და ქოლესტერინის დაბალი შემცველობით ხსნიან.
ესპანეთსა (1,92 %) და პორტუგალიაში (1,43%) ამილოიდოზის ფართოდ გავრცელებას მემკვიდრულ ფაქტორს უკავშირებენ (ოჯახური ამილოიდოზი).

ამილოიდოზი ძირითადად შუა ასაკის მამაკაცებთან გვხვდება, თუმცა თირკმლის ამილოიდოზის შემთხვევები აღწერილია ბავშვებთან და ახალშობილებთანაც კი.

თირკმლის ამილოიდოზის შესახებ გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
ლევან დონაძე:

- ბატონო ლევან, გასაგებია, რომ თირკმლის ამილოიდოზი სისტემური ამილოიდოზის ერთ-ერთი გამოვლინებაა, თუ გვხვდება ის იზოლირებულად?

- ამილოიდოზი - უმრავლეს შემთხვევაში სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ამილოიდის (რთული ცილოვან-პოლისაქარიდული კომპლექსის) უჯრედგარე გამოყოფითა და შედეგად ორგანოთა ფუნქციის მოშლით. თირკმელების ამილოიდოზი ზოგადი ამილოიდოზის გამოვლინებაა. ამილოიდი, ჩვეულებრივ, ლაგდება ძირითად მემბრანაში, თირკმლის გორგლებისა და არტერიოლების ენდოთელიუმს შორის და თირკმლის მილაკების ძირითად მემბრანაში.

- დაავადების რა ეტაპზე ერთვება პათოლოგიურ პროცესში თირკმელები, ანუ როდის ვითარდება თირკმლის ამილოიდოზი?

- AL ამილოიდოზის (პირველადი ამილოიდოზის) დროს შეიძლება დაზიანდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ორგანო. მეტწილად ერთდროულად ზიანდება გული და თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, პერიფერიული ნერვები. ამ ტიპის ამილოიდოზის დროს პაციენტთა მესამედს აღენიშნება მნიშვნელოვანი პროტეინურია - შარდში ცილის არსებობა, მაშინ როცა ორგანოს დაზიანების სიმპტომები უმნიშვნელოა. პაციენტთა მესამედს აღენიშნება ამილოიდის დაგროვება გულში, ხოლო მეოთხედს - ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

- რა ეხმარება თირკმელების ამილოიდოზის განვითარებას?

- AL ამილოიდოზის დროს ძვლის ტვინის პლაზმური უჯრედები იწყებენ პათოლოგიური ცილის გამომუშავებას. სტრუქტურის მიხედვით, ეს ცილები ანტისხეულების ნაწილებია, რომლებსაც მედიცინაში “მსუბუქ ჯაჭვებს” უწოდებენ. ამილოიდოზის დროს ანტისხეულების მსუბუქი ჯაჭვები მთელ ორგანიზმში ცირკულირებს და სხვადასხვა ორგანოში ლაგდება. ვითარდება ორგანოს ამილოიდოზი. თუ ამილოიდის ჩალაგება არ შეწყდა, საბოლოოდ ორგანოს უკმარისობა განვითარდება. AL ამილოიდოზის დროს შეიძლება დაზიანდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ორგანო. AA ანუ მეორეული ამილოიდოზი ქრონიკული ანთებითი დაავადების ან ქრონიკული ინფექციის დროს ვითარდება. ამის მაგალითია ამილოიდოზის აღმოცენება რევმატოიდული ართრიტის, პერიოდული დაავადების, ოსტეომიელიტის, ტუბერკულოზის ან ნაწლავთა ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.

AF ამილოიდოზი (ოჯახური ამილოიდოზი), როგორც სახელწოდებიდანვე ჩანს, მემკვიდრეობითია. ის არცთუ იშვიათია. მისი აღმოცენების მიზეზია ანომალიური გენი. სწორედ გენეტიკური მუტაციის ბრალია, რომ ორგანიზმში იწყება ისეთი ცილების პროდუქცია, რომელთაგანაც ამილოიდი წარმოიქმნება. ამილოიდოზის ეს ფორმა, ჩვეულებრივ, საშუალო ან ხანდაზმულ ასაკამდე არ იჩენს თავს. როცა მშობელს აქვს შეცვლილი (მუტირებული) გენი, შვილისთვის მისი გადაცემის ალბათობა 50%-ია.

- როგორ ვლინდება თირკმლის ამილოიდოზი, რა სიმპტომები ახასიათებს მას ძირითადად?

- სისუსტე, წონის დაქვეითება, ქვედა კიდურებში სიმძიმის, დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ქოშინი, ენის გადიდება, კიდურების შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, არითმია.

- რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?

- თირკმლის ამილოიდოზისთვის დამახასიათებელია შარდში მნიშვნელოვანი რაოდენობის ცილის არსებობა. ამილოიდოზის დიაგნოზი მოითხოვს ქსოვილის ბიოფსიას, ქსოვილის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ორგანოდან, მაგრამ სისტემური დაავადების დროს ბიოფსიის პირველი ხაზი არის კანქვეშა მუცლის ცხიმი, რომელიც ცნობილია როგორც “ცხიმიანი პადბიოფსია”, ასევე მიმართავენ სანერწყვე ჯირკვლის ან შინაგანი ორგანოების ბიოფსიას.

ამილოიდური ცილების ტიპი სხვადასხვა გზით შეიძლება განისაზღვროს:

  • სისხლის პლაზმაში პათოლოგიური ცილების გამოვლენა;
  • ქსოვილში აღმოჩენილი ამილოიდის სპეციფიკური სავალდებულო ანტისხეულების (იმუნოჰისტოქიმია) ან ცილის მოპოვება;
  • ინდივიდუალური ამინმჟავების იდენტიფიცირება.

- რამდენად ხშირია საქართველოში თირკმლის ამილოიდოზის შემთხვევები?

- სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით კი, ყოველწლიურად დაავადების 3000 ახალი შემთხვევა აღირიცხება. ამილოიდოზი უმთავრესად შუახნისა და ხანშიშესული ადამიანების დაავადებაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის მესამე ათწლეულში იწყება. მამაკაცები 1,5-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები.

- რას მოიცავს მკურნალობა?

- AL ანუ პირველადი ამილოიდოზის დროს მკურნალობის მიზანია იმ წინამორბედი ცილის ელიმინაცია, რომლისგანაც შემდგომში ამილოიდი ყალიბდება. დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტებს, უპირველესად, უტარდებათ სრულყოფილი გამოკვლევა, ორგანოთა მდგომარეობის შესაფასებლად და მათი ამილოიდური დაზიანების დასადგენად. ეს საჭიროა მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. როცა დაუზიანებელია ორზე მეტი დიდი ორგანო, დღის წესრიგში დგება საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საკითხი. ამ მიზნით ძვლის ტვინის უჯრედები მობილიზდება სისხლის მიმოქცევაში, შემდეგ კი ისინი გროვდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჩვენ უკვე გატყობინებდით, რომ პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც მთელმა საქართველომ
30-12-2018
თირკმლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სისხლის გაწმენდაა. ორგანიზმში გადაადგილებისას
11-11-2018
ხელოვნური თირკმელი არის აპარატი, რომლითაც დროებით ანაცვლებენ თირკმლის ორგანოს გამომყოფფუნქციას.
13-08-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
თავბრუსხვევა არა დაავადება, არამედ სიმპტომია, რომელიც სხვადასხვა ნოზოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული.
კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია დაკავშირებულია ტვინის გარკვეული ზონების შემცირებასთან.
ნევროზის გამოვლინებებს ზოგადად ორ ჯგუფად ყოფენ: ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად.
ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა და ქსოვილთა კვდომას ნეკროზი ეწოდება. ცალკეულ ქსოვილთა ნეკროზის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
პლექსიტი ნერვული წნულის დაზიანებაა. „პლექსუს“ ლათინურად წნულს ნიშნავს, „იტის“ – ანთებას.
ტერმინი „პარკინსონიზმი“ გამოიყენება ნებისმიერ სინდრომთან, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი დარღვევები ვლინდება.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად