თურმე სინდისის ავადმყოფობაც არსებობს
- კანტის ეს პოეტური გამონათქვამი ბევრს თუ არ ააღელვებს, მცირე ხნით მაინც დააფიქრებს ზნეობაზე. ცინიკოსებს დაუჟინიათ, ადამიანი ცხოველური ყოფისთვის არის განწირულიო. საკმარისია, საკვები და სხვა ფიზიოლოგიური ინსტინქტების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოაკლდეს, რომ ადამიანურ სახეს კარგავს და პირუტყვს ემსგავსებაო.
მართალია. და, რაც მთავარია, ცინიკოსთა მტკიცების გაბათილებაა ძნელი, მით უფრო - დღეს, როცა ყოველ ნაბიჯზე სიმდაბლესა და უსინდისობას ვაწყდებით.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სულში არსებობს რაღაც საოცარი მექანიზმი, რომელსაც სინდისი ეწოდება. ის ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა.
სინდისი ბიოლოგიური წინაპირობებისა და სოციალური გავლენების შედეგად ყალიბდება. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აღზრდას, რწმენას, ადამიანში ზნეობრივი ცნებების განვითარებას.
სინდისის კატეგორიათა უმრავლესობა მემკვიდრეობითობის აპარატშია დაპროგრამებული. მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის პროცესში კაცობრიობა თითქოს მიხვდა, რომ უფრო ხელსაყრელია ჰქონდეს სინდისი, ვიდრე არ ჰქონდეს... ყველამ შეუცდომლად იცის, ვის აქვს ის და ვის - არა.
-
ადამიანმა კიდეც რომ მოინდომოს სინდისის ჩაკვლა, ის მაინც ყოველთვის შეახსენებს თავს.
მკითხველთა დიდი ნაწილი შესაძლოა არ დაეთანხმოს ზემოთქმულს და სხვადასხვა მაგალითის მოშველიებით საპირისპიროს დამტკიცებაც სცადოს. მათ მხოლოდ ერთ რამეს მოვახსენებ: სინდისი რომ არ არსებობდეს, არც სინდისის ავადმყოფობა იარსებებდა!
დიახ, ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ არსებობს სინდისის ავადმყოფობა - ფსიქიკური დეპრესიის საკმაოდ რთული ფორმა. ადამიანს ზოგჯერ წლობით ქენჯნის სინდისი და ვერ მოუსვენია. შინაგანი კონფლიქტის გამო ბევრი ლოთობას იწყებს და მერე თავს იკლავს. მიზეზი კი ხშირად სწორედ სინდისის ავადმყოფობაა.
შესაძლოა, არც ის იცოდეთ, რომ ამ სენმა იმსხვერპლა კლოდ იზერლი - ადამიანი, რომელმაც ხიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. ეს ამბავი ერთგვარად ქრესტომათიულია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ იზერლი მალე მძიმედ დაავადდა. ამაზრზენი საქციელისთვის სასჯელს ითხოვდა, შეგნებულად არღვევდა კანონს, რომ ყურადღება მიექცია, აშშ-ის საუკეთესო ფსიქიატრიული კლინიკები მოიარა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ასე იქცა იგი “დედამიწის ავადმყოფ სინდისად”.
ხიროსიმისა და ნაგასაკის ტრაგედიაზე მარტო იაპონიაში 1971 წლისთვის 235 წიგნი გამოიცა. ცნობილმა მწერალმა ოტა უკომ ერთ-ერთმა პირველმა აღწერა ხიროსიმის დაბომბვის დროს 62 ათასი დაღუპულის და მეტადრე - გადარჩენილთა მძიმე ხვედრი. თავად მწერალმა აფეთქების ყველა საშინელება განიცადა და ერთთავად სიკვდილის მოლოდინში იყო.
1948 წელს გამოქვეყნებული რომანი “გვამების ქალაქი” უმთავრესად დაღუპულებზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე, “ადამიანთა ნაფლეთები”, გადარჩენილთა, ე.წ. ჰიბაკუსების განცდათა აღწერაა. საეჭვოა, ისინი დაღუპულებზე ბედნიერნი იყვნენ. ხალხში თავი იჩინა ბრალდების იდეამ: ბევრი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ გადარჩა.
ეს ფსიქოლოგიური მომენტები შესანიშნავად არის აღწერილი იელის უნივერსიტეტის 39 წლის პროფესორის, რობერტ ჯოი ლიფტონის მონოგრაფიაში. ის გაოცებით აღნიშნავს, რომ შესწავლილთა და გამოკვლეულთა 70% გადარჩენას თვითბრალდებასთან აიგივებდა, 30% კი თვეობით მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკებში. ყოველ მათგანს დამნაშავედ მიაჩნდა თავი და უზომოდ იტანჯებოდა იმის გამო, რომ სწორედ თვითონ გადარჩა, სხვა კი მოკვდა.
ცნობილია, რომ ყველა ფსიქოთერაპევტს ჰყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც უღირსი საქციელის გამო იტანჯებიან. ხალხის დასანახავად გმირებივით იქცევიან, ექიმის კაბინეტში კი ყველაზე უბედურნი და უსუსურნი არიან.
კოცებუს (აშშ) ციხეში ყველა პატიმარს პირადი ფსიქოთერაპევტი ჰყავს. ზოგადი ჯანმრთელობის გარდა, ყურადღებით კონტროლდება დასჯილთა ფსიქიკური მდგომარეობა. ყოველი წლის დასასრულს ხდება დაკვირვებათა შეჯამება - ანალიზი და სტატისტიკური დამუშავება.
2003 წელს ამ ციხეში 41-მა პატიმარმა მოიკლა თავი. მათი პირადი ფსიქოთერაპევტების დასკვნით, 84%-ის გარდაცვალების მიზეზი სინდისის ავადმყოფობა იყო.
ექიმის პროფესია ადამიანის ჭეშმარიტი სახის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ეს სამედიცინო საქმიანობის ერთ-ერთი უსიამოვნო მხარეა. მაგრამ რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ექიმი - თუმცაღა ავადმყოფური ფორმით - ხედავს ადამიანში მაღალ მოწოდებას და ამ მოწოდების უარყოფით გამოწვეულ სასჯელსაც.
ამ მაღალი მოწოდებით გამოირჩევიან ჩინელებიც. თურმე ქალაქ ჩენდუში, ცენტრალურ მოედანზე, დამონტაჟებულია საგანგებო ყუთი, რომლითაც მოსახლეობის სულიერი მდგომარეობის შეფასება-შესწავლა ხდება. მერიის მტკიცებით, ამ ყუთის მონაცემთა დამუშავება სოციოლოგებისთვის მეტად მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ფსიქიკურ და ზნეობრივ, არამედ ბევრ სოციალურ-ყოფით პრობლემასაც ჰფენს ნათელს.
საქმე ის არის, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, წელიწადში ორჯერ ყუთში ჩაუშვას ბარათი, რომელშიც ეწერება, რა აწუხებს მას, წლის განმავლობაში ჩადენილი რომელი საქციელი ან ნაბიჯი ტანჯავს მის სულს ყველაზე მეტად, რას ნანობს და რის გამო განიცდის სინდისის ქენჯნას. ეს ქრისტიანულ სამყაროში მიღებული აღსარების ერთგვარი ანალოგია.
იქნებ მოძღვართა ნდობა არ არის საკმარისი და ჩვენც დაგვედგა ასეთი ყუთი თავისუფლების მოედანზე ან სულაც პარლამენტის შენობის წინ?!
სამწუხაროდ, ყველას, ვისაც ბოროტება ჩაუდენია, როდი აწუხებს სინდისი. ზოგიერთს სულაც არ ადარდებს ჩადენილი ცოდვა, ვერ უძლებს მხოლოდ ის, ვისაც სინდისი აქვს და მხოლოდ გარემოებამ აიძულა, უზნეო საქციელი ჩაედინა. ცხადია, ვისაც სინდისი არ გააჩნია, არც მისი ქენჯნით გამოწვეული დაავადება დაემართება.
ასეა თუ ისე, ნათელია: ჩვენს საზოგადოებას აუცილებლად სჭირდება დღეისათვის ყველაზე დეფიციტური რამ - სინდისი!