ფსიქოლოგიური კონსულტაცია
შესაძლოა, თქვენი ქცევა გადამდები აღმოჩნდეს და მაგალითად იქცეს სხვებისთვისაც. რაც შეეხება მუქარას, უკიდურეს შემთხვევაში ოჯახის ყველაზე კონფლიქტურ წევრებს შეიძლება შეახსენოთ, - ეს საჭიროც კია, - რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ამ ტიპის კონფლიქტებსაც ითვალისწინებს.
ზრდასრული ქალი ვარ, მაგრამ დედაჩემის მზრუნველობას თავი ვერ დავაღწიე - ყველაფერზე ნერვიულობს, აკონტროლებს ჩემს თითოეულ ნაბიჯს, მერე კი ჩემგან მადლიერებას ელის. როცა ვცდილობ ავუხსნა, რომ ასეთი ზემზრუნველობა არ მჭირდება, აღშფოთებას ვერ მალავს: “როგორ ელაპარაკები დედას?” არც კი უშვებს აზრს, რომ შეიძლება მართალი არ იყოს. ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ სახლში მასთან ერთად გაჩერება შეუძლებელი ხდება. როგორ მოვიქცე? მარიკა, 29 წლის
ზრდასრულ შვილებს ხშირად უჭირთ მშობლებთან ცხოვრება, მაშინაც კი, როცა მშობლები მათ პრობლემებს არ უქმნიან. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ცალ-ცალკე ცხოვრება. ეს კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე. თუ ცალკე ბინის შეძენის ან დაქირავების საშუალება არ გაქვთ, მაშინ აუცილებელია, მკაცრად შემოსაზღვროთ თქვენი პირადი ცხოვრება. როცა დედა თქვენთვის რამეს აკეთებს, გადაუხადეთ მადლობა დახარჯული ენერგიისა და დახმარების სურვილისთვის, თანაც მშვიდად და ზრდილობიანად უთხარით, რომ მართლაც შეუძლია, რამე თქვენთვის სასარგებლო გააკეთოს. მაგალითად: “დედა, დიდი მადლობა სვიტერისთვის, მაგრამ ძალიან მჭირდება ქვედაკაბა. თუ სადმე ნახავ ნაცრისფერს, მუხლებამდე სიგრძისას, მითხარი, თუ შეიძლება!” თქვენ ხომ უკვე ზრდასრული ქალი ხართ - დედა ალბათ ვერ შეძლებს, თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ.
მყავს შეყვარებული, უკვე წელიწად-ნახევარია ვხვდებით და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. პრობლემა ის არის, რომ მოითხოვს, უფრო იშვიათად შევხვდე მეგობრებს. ცოტა ხნის წინ გოგონები იკრიბებოდნენ, მეც მინდოდა წასვლა, მან კი, როცა ამის შესახებ შეიტყო, ნამდვილი სკანდალი მომიწყო, მითხრა, უარი უნდა გეთქვა, იმიტომ, რომ შენ ახლა ჩემთან ერთად ხარო. ნუთუ ეს ნორმალურია? თამუნა, 22 წლის
თუ გსურთ, თქვენი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეფუძნებოდეს, გაუზიარეთ შეყვარებულს თქვენი განცდები. შესთავაზეთ მსჯელობა იმაზე, როგორ მოაგვაროთ თითოეული თქვენგანის პირადი თავისუფლების საკითხი. ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, რას ნიშნავს “ერთად ყოფნა”. თქვენი შეყვარებულის თვალთახედვა თქვენთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა? ეს შესანიშნავი საბაბია იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობას ნათელი მოჰფინოთ.
მე და ჩემს შეყვარებულს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, რომელიც, ჩემი აზრით, საფრთხეს უქმნის ჩვენს ურთიერთობას. ის მხოლოდ 24 წლისაა. ამას ჩვენთვის ბედნიერებაში ხელი არ შეუშლია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცოლობა მთხოვა და უეცრად შიშმა შემიპყრო - ვაითუ ერთ მშვენიერ დღესაც მოვწყინდე... არ მინდა, ასაკგადასულ კეკლუცად გამოვიყურებოდე ახალგაზრდა ქმრის გვერდით. როგორ მოვიქცე? ეკა, 32 წლის
თქვენი შიში ბუნებრივია, მით უმეტეს - ისეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის წინ, როგორიც ქორწინებაა. დაფიქრდით იმაზე, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი და შეეცადეთ, გამოიმუშაოთ იდეური ხაზი. მაგრამ თუ თქვენი ეჭვი იმდენად ძლიერია, რომ მაინც ქორწინებისგან თავის შეკავება გირჩევნიათ, მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც ოჯახური ურთიერთობის საკითხებზე კონსულტაციებს გაგიწევთ. კარგი იქნება, თქვენი ეჭვი შეყვარებულსაც გაანდოთ - პრობლემა ორივეს გეხებათ, ამიტომ მის მოსაგვარებლადაც ორივემ უნდა გაიღოთ ძალისხმევა.
ამქვეყნად ყველაფრისა მეშინია. მეშინია, უდროო დროს არაფერი ვთქვა, არ გამოვჩნდე სასაცილო, მეშინია ლამაზად ჩაცმისა და მკვეთრი მაკიაჟის. მეშინია, რომ მამაკაცს ჩემი უფრო ახლოს გაცნობის სურვილი არ გაუჩნდეს. რა მოვუხერხო საკუთარ თავს? ირინა, 27 წლის
თქვენი შიში შემთხვევითი არ უნდა იყოს - ის ალბათ წარსულში გადატანილი ტრავმის შედეგია. შესაძლოა, ოდესმე თამამი ქცევის ან კარგ ფორმაში ყოფნის გამო დაზარალდით, მოგიხდათ დამალვა ან ჩუმად ჯდომა, რათა თავიდან აგეცილებინათ თავდასხმა. გაარკვიეთ, კონკრეტულად რომელი სიტუაცია გაფრთხობთ, რისგან გიცავთ ეს შიში და მაშინ უფრო ადვილად მოერევით მას.
ჩემს შეყვარებულს ადრე ცოლი ჰყავდა. ახლა განქორწინებულია, მაგრამ ჩვენ მაინც საიდუმლოდ ვხვდებით ერთმანეთს, კითხვებზე კი ასე მპასუხობს: “მოითმინე, ნუ ჩქარობ”. რას უნდა ნიშნავდეს მისი ასეთი ქცევა? ნატო, 24 წლის
მამაკაცები, ყველაზე თამამებიც კი, უფრთხიან ცვლილებებს და მათთან დაკავშირებულ რისკს. თქვენი შეყვარებული განქორწინებულია - ეს უკვე ბევრს ნიშნავს. როგორც ჩანს, მას მართლა სჭირდება პაუზა მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად, იმისთვის, რომ ხმამაღლა განაცხადოს თქვენი ურთიერთობის შესახებ. ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად გულხელდაკრეფილი, ჩუმად უნდა იჯდეთ. თქვენ თქვენი ინტერესები გაქვთ, გაქვთ უკმაყოფილების მიზეზიც და მისი გამოთქმის უფლებაც. მოუყვანეთ მაგალითები: რომ მის დაბადების დღეზე სუფრასთან მისგან მოშორებით იჯექით და ეს ძალიან გწყინდათ; იძულებული იყავით, დაგემალათ საერთო ნაცნობებისთვის, რომ მისი ცხოვრების დეტალები იცოდით და ამისა გრცხვენოდათ... თუ გულახდილი იქნებით და არა აგრესიული, თქვენი შეყვარებული არ შეუშინდება ზეწოლას და გაიგებს თქვენს განცდებს. ეს აუცილებლად იმოქმედებს მასზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გიყვართ და გჭირდებათ ერთმანეთი.
ახლახან ჩემს გოგონას 8 წელი შეუსრულდა. ის ძალიან შებოჭილი და გულჩათხრობილია, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და მეგობრების შეძენა. სკოლაში მხოლოდ ერთი დაქალი ჰყავს (მასთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში), ახალი მეგობრები კი ვერა და ვერ შეიძინა. ვცადე სხვადასხვა წრეზე შემეყვანა, მაგრამ იქაც სულ მარტო იყო. როგორ დავეხმარო მას? მარინა, 27 წლის
უპირველეს ყოვლისა, ნუ დაატანთ ძალას, ნუ აიძულებთ ნურავისთან ურთიერთობას. იქნებ მარტოობისკენ მიდრეკილება მისი ხასიათის თავისებურებაა. კარგი იქნება, თუ ჰკითხავთ, აწუხებს თუ არა თავად მას მეგობრების არყოლა, რა უშლის ხელს ურთიერთობაში, რისი ეშინია. გარდა ამისა, დააკვირდით, თავისუფლად გრძნობს თუ არა თავს შინ. თუ წინააღმდეგი არ იქნება, სცადეთ ბავშვების სახლში მიპატიჟება - თავის ტერიტორიაზე გოგონა თავს უფრო თამამად იგრძნობს და შესაძლოა, ამან გაჭრას. ოღონდ არამც და არამც არ მოახვიოთ თავს თქვენი წარმოდგენები იმის შესახებ, როგორ იცხოვროს. შეგიძლიათ მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგსაც, რომელიც ბავშვთან საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარებათ.