ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

სცადეთ, გაუგოთ მას, დაინტერესდით მისი გატაცებით, მისი ყოველდღიური ცხოვრებით, ესაუბრეთ თქვენს პრობლემებზე და უსაქმურობისთვის ნუ გაკიცხავთ. როცა ერთმანეთის მოსმენას ისწავლით, ნებისმიერ თემაზე მშვიდად მსჯელობას და სწორი დასკვნების გამოტანასაც შეძლებთ.

ჩემი მეგობარი ბიჭი ხშირად მაკითხავს მანქანით სამუშაოს შემდეგ. ჩვენ ქალთა კოლექტივი გვაქვს. ყველა ინტერესით ადევნებს თვალყურს ჩვენს ურთიერთობას. ერთმა თანამშრომელმა გოგონამ ერთხელ მითხრა: “ეგ შენი ბიჭი აქ ნუ მოგყავს, თორემ წაგართმევ!” მიუხედავად იმისა, რომ ეს ხუმრობის კილოთი იყო ნათქვამი, ჩემზე ცუდად იმოქმედა. იქნებ მართლა უნდა მეშინოდეს მისი მუქარის? ნათია, 24 წლის

თქვენი კოლეგა ერთ-ერთია იმ უამრავი გოგონადან, ვინც ალბათ თქვენი მეგობარი ბიჭის გარშემო ტრიალებს, ამიტომ მისი სხვებზე მეტად არ უნდა გეშინოდეთ. ესეც არ იყოს, მამაკაცი არ არის ფინია, რომ მისი წართმევა და წაყვანა მისივე სურვილის გარეშე შეიძლებოდეს. გაუზიარეთ თქვენი განცდები თქვენს მეგობარს, ხუმრობით გადაუკარით სიტყვა იმაზე, რომ ძალიან სიმპათიურია. ეს შენიღბული კომპლიმენტი მას ნამდვილად ვერ დატოვებს გულგრილს და ეცდება, მღელვარების საბაბი არ მოგცეთ.

დიდი ხანია, მომწონს ერთი ბიჭი. ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ მაშინ მასთან მიახლოებას ვერ ვბედავდი, ახლახან კი ის სოციალურ ქსელში ვიპოვე. დავიწყეთ მიმოწერა. ვგრძნობ, ჩემდამი გულგრილი არც ის არის, მაგრამ  ინიციატივას არ იჩენს, მე კი დავიღალე ლოდინით. ხომ არ ვუბიძგო? ეკა, 18 წლის

არ გირჩევთ, თავი მოიტყუოთ და ყველაფერი ახალგაზრდა კაცის გაუბედაობას დააბრალოთ. ინტერნეტით ურთიერთობა ზედაპირულია, იქ ასეულობით “მეგობრის” გაჩენა შეიძლება. ძნელი არ არის იმის შემოწმება, რამდენადაა დაინტერესებული ეს ბიჭი თქვენთან სერიოზული ურთიერთობით - შესთავაზეთ მას შეხვედრა. თუ ის მოუცლელობას მოიმიზეზებს ან სხვა გადაულახავ წინააღმდეგობებზე დაიწყებს საუბარს, ესე იგი, თქვენი რომანის გმირი არ ყოფილა.

ცოტა ხნის წინ მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი გოგონა ნათესავებთან წავედით სტუმრად. ნათესავის მოხუცმა დედამ მაშინვე დაუწყო ხვევნა-კოცნა და ფერება ჩემს გოგონას. მას კი ფამილარობა არ უყვარს, ამიტომ ცდილობდა, აბეზარი ნათესავის ალერსისგან თავი დაეღწია. იძულებული გავხდი, მეთხოვა, ბავშვისთვის თავი დაენებებინა. მას საშინლად ეწყინა, ქმარმა კი მითხრა, რომ მე “არაადეკვატური ვარ”, რომ ბავშვებს ყოველთვის ეფერებიან, გულში იხუტებენ და ამაში უცნაური არაფერია. ნუთუ მისი ხანდაზმული ნათესავების გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი შვილის განცდები? მარიკა, 32 წლის

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და “ადამიანის უფლებათა” კონვენციის თანახმად, რა თქმა უნდა, ბავშვის გრძნობები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ ხერხდება, იყოთ იდეალური დედა. ხშირად გვიხდება კორექტივების შეტანა კულტურულ ტრადიციებში, ზრდილობის წესებში და ა.შ. თქვენ რომ ქმრის დეიდასთან ერთად ცხოვრობდეთ და ის ყოველდღე აწუხებდეს პატარას ზედმეტი ალერსით, მაშინ აუცილებელი იქნებოდა ამის შეწყვეტა, მაგრამ წელიწადში ერთხელ სავსებით შესაძლებელია სთხოვოთ ბავშვს, როგორმე გაუძლოს ნათესაური გრძნობების ამოფრქვევას. ეცადეთ, პირად მაგალითზე აჩვენოთ ბავშვს, როგორ გახარებთ ახლობლებთან შეხვედრა.

შარშან ჩავაბარე უნივერსიტეტში. ჩვენს ჯგუფში სწავლობენ ადამიანები, რომელთა მიმართ სიმპათიითა და პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ შორის რატომღაც ვერაფრით დამყარდა მეგობრული ურთიერთობა. დაბადების დღეებსა და სხვა შეხვედრებზე არ მეპატიჟებიან, თუმცა ბუნებით სულაც არ ვარ მარტოსული და კარჩაკეტილი, არც წარბშეკრული დავდივარ, მყავს მეგობრები, ამიტომ მიკვირს, რომ უნივერსიტეტში ასეთ იზოლაციაში აღმოვჩნდი. რისი ბრალი უნდა იყოს ეს? ინა, 19 წლის

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ. ეს არარეალურია. უმჯობესია, ამოარჩიოთ 2-3 თანაჯგუფელი, რომლებთანაც, თქვენი აზრით, უფრო ადვილია მეგობრული ურთიერთობის გაბმა. კარგად დააკვირდით, სწავლის გარდა, შეხების რა წერტილები შეიძლება იპოვოთ მათთან, რა გაქვთ საერთო. დასაახლოებლად საკმარისია თუნდაც  ბუფეტში ან სტუდენტურ კაფეში მათთან ერთად  ჩამოჯდეთ და საუბარი გაუბათ. ახალი მეგობრების “პროტექციით” შეიძლება მოხვდეთ საერთო შეხვედრებზეც. არსებობს კიდევ ერთი ქმედითი საშუალება: დაპატიჟეთ მთელი ჯგუფი დაბადების დღეზე (შეკრების საბაბად ნებისმიერი სხვა დღესასწაულიც გამოდგება). შესაძლოა, ამ ხერხმა ასი პროცენტით არ გაამართლოს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი მეგობრების წრეს შეავსებენ.

დედაჩემის ნდობა დავკარგე - აღმოჩნდა, რომ მას არ შესძლებია საიდუმლოს შენახვა. ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი მეშინია გული გადავუშალო. მას უყვარს ნაცნობ-მეგობრებთან მსჯელობა ჩემზე, ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ნაამბობს უყვება სხვებს. ბევრჯერ ვთხოვე, ჩემი ნათქვამი საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ არაფერმა გაჭრა! როგორ მოვიქცე? ანი, 26 წლის

როგორც ჩანს, დედათქვენი ასე იმიტომ იქცევა, რომ ამაყობს თქვენით, თქვენი წარმატებებით, მიღწევებით, და სურს, სიხარული სხვებსაც გაუზიაროს, თავი მოიწონოს. ალბათ, თავადაც იმავეს განიცდით, როცა თქვენს ამბებს უყვებით, მიუხედავად იმისა, რომ იცით, საიდუმლოს შენახვა უჭირს. ნუ დააკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას დედას; უმჯობესია, თავად შეიკავოთ თავი და არ უამბოთ ის, რაც გარეშე  ყურისთვის არ არის განკუთვნილი.