ფსიქოლოგიური კონსულტაცია
-
კონკურენტი კომპანია ჩემს გადაბირებას ცდილობს. მათ სარფიანი წინადადება მომცეს - თანამდებობაც უფრო მაღალი მექნება და ანაზღაურებაც. უარის თქმა სისულელეა, მაგრამ... ძალიან შევეჩვიე კოლექტივს, რომელთანაც ახლა ვმუშაობ. არ ვიცი, რა ვქნა.
ელენე, 27 წლის
ერთსა და იმავე ადგილზე დიდხანს მუშაობისას ჩვენ ვეჩვევით ადამიანებს და მათდამი თბილი გრძნობები გვიჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ სამსახურიდან თქვენივე სურვილით გათავისუფლდით - რას იგრძნობთ? თუ შეძლებთ, გაუძლოთ ამას ერთი-ორი თვე, მაშინ.. უნდა დარჩეთ.
ჩანს, კოლეგებთან ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობა გაქვთ და თუ მათთან იმუშავებთ მომავალშიც, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანს გააკეთებთ ადამიანური ფასეულობების სასარგებლოდ.
თუ გეჩვენებათ, რომ კოლეგებთან განშორება თქვენთვის აუტანელი იქნება, უმჯობესია გათავისუფლდეთ - ეს იმის ნიშანია, რომ დამოკიდებული გახდით ამ კოლექტივზე, ამიტომ თავი უნდა დააღწიოთ მას, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
-
მე არ მომწონს ჩემი საყვარელი ადამიანის გვარი. არადა დაქორწინებას ვაპირებთ და ის დაჟინებით მთხოვს, მის გვარზე გადავიდე. არ ვიცი, როგორ გადავათქმევინო.
ანი, 23 წლის
გვარები სხვადასხვანაირი არსებობს, მათ შორის - არაკეთილხმოვანიც. მრავალი მათგანი მართლაც უსიამოვნოდ ჟღერს. გემოვნებაც ყველას სხვადასხვანაირი აქვს - ერთი და იგივე გვარი ზოგს შესაძლოა უწყინარი მოეჩვენოს, ზოგს კი - შეურაცხმყოფელი. როცა მამაკაცი გაიგებს, რომ საცოლე აღფრთოვანებული არ არის მისი გვარით, ეს შესაძლოა იმის ნიშნად აღიქვას, რომ ქალს მასზე დაქორწინება არ სურს. ასე რომ, პროტესტს ნუ იჩქარებთ; ეცადეთ გაიგოთ, რა გიშლით ხელს საქმროს გვარის მიღებაში. აუხსენით, რას განიცდით და მოძებნეთ კომპრომისი.
-
ბებიამ მემკვიდრეობად დამიტოვა ძველი კომუნალური ბინა. საერთო სათავსებით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, მაგრამ მათი დალაგება მხოლოდ მე მიწევს. ვერაფრით მოვახერხე მეზობლებთან შეთანხმება - მათთვის ყველაფერი სულერთია, მე კი ვერ ვიტან სიბინძურეს და უწესრიგობას, ამიტომ გამუდმებით ვასუფთავებ აბაზანას, უნიტაზს, ნიჟარას... რამდენ ხანს შეიძლება ამის ატანა?!
თინიკო, 29 წლის
თქვენ ორი გამოსავალი გაქვთ: ან უკანასკნელად უნდა სცადოთ მეზობლებთან მოლაპარაკება, ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. ეცადეთ გაიგოთ, რატომ იქცევიან ისინი ასე. როგორც ჩანს, მათ სიბინძურეში ცხოვრება არ სურთ - დასუფთავებაში ხომ ხელს არ გიშლიან, ალბათ უხარიათ კიდეც, რომ ამას აკეთებთ; მაშასადამე, მათ უყვართ სისუფთვე, მაგრამ დალაგებაში რატომღაც არ მონაწილეობენ. თქვენ და თქვენი მეზობლები ბარიკადების ერთ მხარეს ხართ; თქვენ ერთად უნდა ებრძოლოთ საერთო მტერს - სიბინძურეს. მაგრამ სანამ თქვენ ბრძოლას საკუთარ თავზე იღებთ, ისინი არ ჩქარობენ აქტიურობის გამოჩენას.
ნუ ეცდებით მათ აღზრდას და ნურც ნურაფრისკენ მოუწოდებთ; სამუშაო ფრონტი სეგმენტებად დაყავით - ის ფაქტი, რომ ვიღაცას უნდა შეეჯიბროს, ადამიანს სტიმულს აძლევს. ნუ კი ასწავლით მათ, არამედ, პირიქით, რჩევა ჰკითხეთ: “რით წმენდთ იატაკს? სამზარეულოს იატაკიდან ლაქები ვერაფრით ამოვიყვანე”. ეს მათ საფუძველს მისცემს, საკუთარი თავით იამაყონ და არ დაუშვან უწესრიგობა.
-
მე და ჩემს ქმარს სულ უფრო იშვიათად გვაქვს სქესობრივი კავშირი. ხუთი წელია, ასეა. შვიდი წლის წინ შევუღლდით, თავდაპირველად სექსი კვირაში ერთხელ გვქონდა, ახლა კი უკვე რვა თვეა, არ მომკარებია! ამბობს, რომ სამსახურში ძალიან იღლება... იქნებ ვინმე ჰყავს? განა შეიძლება, 32 წლის მამაკაცმა ამდენ ხანს სექსის გარეშე გაძლოს?
ირინა, 27 წლის
როგორც ჩანს, განხეთქილება თქვენ შორის ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. იქნებ ამაში ორსულობამ ან მშობიარობამაც შეასრულა უარყოფითი როლი. სანამ ქალი პატარებს უვლის, მამაკაცი თავს ზედმეტად და მიტოვებულად გრძნობს, უჩნდება განცდა, რომ უკანა პლანზე გადაინაცვლა. პერიოდი, როცა მეუღლეები მშობლები ხდებიან, მარტივი არ არის, მაგრამ ის უნდა გადალახოთ. ან იქნებ მეუღლეს მკაცრ დედიკოსავით ეპყრობოდით?
შეეცადეთ, შეადაროთ თქვენი და თქვენი ქმრის თანაცხოვრების პირველი ორი წელი ახლანდელს: რა შეიცვალა, სექსის სიხშირის გარდა? თუ სხვა ცვლილებებსაც შეამჩნევთ, მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ ურთიერთობაში.
-
რამდენიმე წელია ვხვდები მამაკაცს, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ვიჭერ ჩემს თავს იმაში, რომ არ მიყვარს. თუმცა მასთან განშორებაც არ მინდა, მეშინია, მარტო არ დავრჩე. როგორ მოვიქცე?
ლანა, 30 წლის
რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა გვერდით ვიღაც გეგულება, როცა გყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც შეგიძლია სტუმრად წახვიდე ან მეგობრებთან საუბრისას ამაყად თქვა, რომ ესა თუ ის ნივთი საყვარელი მამაკაცის ნაჩუქარია. მაგრამ თქვენი ურთიერთობის დადებითი მხარე აქ მთავრება. დაფიქრდით იმაზე, რომ კარგავთ ძვირფას დროს, რომელიც შეგეძლოთ სხვა რამისთვის გამოგეყენებინათ. მაგალითად, თქვენი ნამდვილი მეორე ნახევრის საპოვნელად, იმისა, ვინც ნამდვილად გეყვარებათ.
მარტოხელებად უმეტესად ის ქალები რჩებიან, რომელთაც არ სურთ კომპრომისზე წასვლა არც სხვებთან და არც საკუთარ პრინციპებთან. გახსოვდეთ: არჩევანი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ.
-
რბილი ხასიათი მაქვს. ამით სარგებლობენ ჩემი კოლეგები, აბუჩად მიგდებენ და ყველაზე რუტინულ სამუშაოს შესრულებას მაიძულებენ. ეს უკვე აუტანელია, მაგრამ სამსახურიდან წასვლისაც მეშინია - ჩვენს დროში ხომ ძალიან ძნელია სამუშაოს პოვნა...
ვერიკო, 32 წლის
ურთიერთობათა შეცვლა გაგიჭირდებათ - თქვენ უკვე გიცნობენ როგორც რბილ და დამთმობ პიროვნებას და ახლა მაგიდაზე მუშტის ბრახუნიც რომ დაიწყოთ, ამას სერიოზულად ალბათ ვერავინ აღიქვამს. თუმცა “იარაღად” შეიძლება გამოიყენოთ თქვენივე რბილი ხასიათი. თუ ერთსა და იმავეს რამდენიმეჯერ გაიმეორებთ, თან დამწუხრებულ გამომეტყველებას მიიღებთ და თქვენს მძიმე ცხოვრებაზე დაიჩივლეთ, ალბათ გულგრილი ვერავინ დარჩება. ეს შესაძლოა სულელური საქციელი იყოს; სამაგიროდ, თქვენსას გაიტანთ.
-
მომბეზრდა ჩემი მეგობრის წუწუნი. ის გამუდმებით ჩივის, რომ ვერაფერს ასწრებს, მე კი მიმაჩნია, რომ უბრალოდ ზარმაცია. იკვებება ნახევარფაბრიკატებით, შინ მუდამ არეულობა აქვს, სამაგიეროდ ბევრს საუბრობს ტელეფონით, უყვარს დივანზე კოტრიალი. მინდა, ვუთხრა ეს, მაგრამ მეშინია, არ წავიჩხუბოთ...
სალომე, 25 წლის
უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტეთ, ვის როლს მოირგებთ: ან უბრალოდ ნაცნობი ხართ, რომლისთვისაც სულერთია, რა ხდება სხვის სახლში, ან ნამდვილი მეგობარი. პირველ შემთხვევაში შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი საქმე არ არის, როგორ ცხოვრობს ეს გოგონა. მეორე შემთხვევაში მოგიწევთ შესაფერისი სიტყვების შერჩევა, რათა მას თქვენი დასკვნების შესახებ მიანიშნოთ. თქვენ მას თითქოს სარკეში ჩაახედებთ, სადაც თქვენი თვალით დაინახავს საკუთარ თავს: ზარმაცს, ცუდ დიასახლისს, ჭორიკანას... ცხადია, ასეთი “აღმოჩენის” გაკეთება იოლი არ იქნება, ამიტომ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ თქვენი მეგობარი შეგეკამათებათ და შესაძლოა წაიჩხუბოთ კიდეც. სამაგიეროდ, გულახდილი საუბარი მას მისცემს შანსს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, თქვენი ურთიერთობა კი შესაძლოა უფრო გულწრფელი და მტკიცე გახდეს.