ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ყველაზე მარტივი გამოსავალია საათის გადაწევა 15 წუთით წინ და ამის დავიწყება. ასევე შეიძლება შემოიღოთ წახალისების სისტემა - კარგი საქციელისთვის საკუთარი თავი დააჯილდოეთ. მაგალითად, თუ სამსახურში თავის დროზე გამოცხადდებით, შოკოლადის ნატეხით ჩაიტკბარუნეთ პირი. ქმედითი საშუალებაა ქულების მინიჭებაც: დანიშნულების ადგილზე დაუგვიანებლად მისვლის შემთხვევაში მიანიჭეთ საკუთარ თავს 2 ქულა, ხოლო 5 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებისას - მხოლოდ 1. კვირის ბოლოს დააჯამეთ ქულები. თუ, მაგალითად, 7 ქულაზე მეტი აღმოგაჩნდათ, დაისაჩუქრეთ თავი კინოში ან რესტორანში წასვლით, ახალი აქსესუარით ან კოსმეტიკური საშუალებით. მთავარია, აქცენტი დადებით ემოციებზე დაისვას და არა ჯარიმებზე. ეს ხერხი ხშირად ამართლებს.
როგორ მოვიქცე, როცა მაკრიტიკებენ, თავი ვიმართლო თუ შევინარჩუნო ღირსების გრძნობა?
ჩემი განაწყენება ძალიან ადვილია, მგრძნობიარე და ემოციური ვარ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩემი მისამართით კრიტიკაც გაისმის. განსაკუთრებით უსიამოვნოა, როცა პედაგოგები ან დედა უპასუხისმგებლოსა და დაუდევარს მიწოდებენ. მაშინვე თავის მართლების სურვილი მიჩნდება, მაგრამ თავმოყვარეობა ამის უფლებას არ მაძლევს. როგორ მოვიქცე? მარიამი, 19 წლის
არსებობს კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სპეციალური ტექნიკა, რომელსაც “ნისლში თამაშს” უწოდებენ. ამ ტექნიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა უპასუხო კრიტიკას, არ მიაქციო ყურადღება, ისე გაიარო, როგორც ნისლში. თქვენ ყურადღებით ისმენთ თქვენი მისამართით გამოთქმულ შენიშვნას და არ ეპასუხებით, თავს არ იმართლებთ. მხოლოდ ამბობთ: “დიახ, ნამდვილად შეიძლებოდა, ასეთი აზრი გაგჩენოდათ” ან “დიახ, გაქვთ უფლება, ასე იფიქროთ”. ესე იგი, არ იწყებთ თავის მართლებას და არ უარყოფთ ბრალდებას, თუნდაც უსამართლოს, რითაც მომენტის კონფლიქტურობას ამცირებთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე დამშვიდდება, დაიწყებთ კონსტრუქციულ მსჯელობას იმაზე, რა არის საჭირო, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდეს. სწორედ ასე იქცევიან ზრდასრული და ბრძენი ადამიანები.
ქმარს არ სურს სხვა ქალაქში გადასვლა, სადაც მე სამუშაო შემომთავაზეს
მე კარგი სამუშაო შემომთავაზეს სხვა ქალაქში. სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ქმარი წინააღმდეგია - შიშობს, რომ იქ შესაფერის სამსახურს ვერ იშოვის, თანაც მშობლიურ ქალაქში უამრავი მეგობარი ჰყავს. მესმის მისი, მაგრამ არ მინდა, შანსი ხელიდან გავუშვა. რას მირჩევთ? გვანცა, 27 წლის
ყველაფერი თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ოჯახური ცხოვრება განაგრძოთ, ერთ-ერთ თქვენგანს დათმობა მოუწევს. განურჩევლად იმისა, გაემგზავრებით თუ დარჩებით, თქვენ უნდა გქონდეთ განცდა იმისა, რომ სწორად მოიქეცით. თუ თქვენთვის ოჯახური ურთიერთობა პირველ ადგილზე არ დგას, შეგიძლიათ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, ოღონდ ნუ გექნებათ ილუზია, რომ თუ გაემგზავრებით, ოჯახს შეინარჩუნებთ. ეს ნაკლებმოსალოდნელია.
ვუთხრა თუ არა შვილს, რომ მამაკაცი, რომელსაც ცოლად მივყვები, ამიერიდან მისი მამა გახდება?
ქმარს მაშინ გავეყარე, როცა ჩვენი ბიჭუნა 7 თვის იყო. ახლა ის წლინახევრისაა. მე დაქორწინებას ვაპირებ. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან კარგი ადამიანია, უყვარს ჩემი სანდრო და მზადაა, იშვილოს, მაგრამ არ ვიცი, შევაჩვიო თუ არა შვილი იმ აზრს, რომ ჩემი ახალი ქმარი მისი ნამდვილი მამაა. მშობელი მამა არ ახსოვს და არც ურთიერთობა აქვს მასთან... ნინო, 24 წლის
ბავშვს აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის მისი ნამდვილი მამა, მაშინაც კი, თუ ის არასოდეს უნახავს. მამა - ადამიანის გენების 50%-ია. უკეთესია, თქვენმა ვაჟმა იცოდეს, ვისი გენების მატარებელია და ვისი გენები უნდა გადასცეს შთამომავლობას. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისი ნამდვილი მამა ცხოვრობს შორს და გარემოებათა გამო ვერ ახერხებს მის გვერდით ყოფნას. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს თქვენი შვილისა და თქვენი ახალი ქმრის ურთიერთობაზე. ბიჭს ის ნაკლებად არ ეყვარება, თუ შეიტყობს, რომ ისინი სისხლით ნათესავები არიან. ბავშვის მამა ის არის, ვინც მას ზრდის.
ჩემს საყვარელ მამაკაცს ფლირტი აქვს სხვა გოგონებთან. როგორ ვაიძულო ერთგულება?
შეყვარებული მაიძულებს, გამუდმებით ვიეჭვიანო - შეუძლია, წავიდეს პაემანზე სხვა ქალიშვილთან, ჩემი თანდასწრებით დიდხანს ესაუბროს ტელეფონით სხვას და შეუთანხმდეს შეხვედრაზე, ზოგჯერ მღალატობს კიდეც. ის ამბობს, რომ ერთ ქალთან ყოფნა არ შეუძლია. ვცადე ჩხუბიც, მიტოვებაც, მაგრამ არ ჭრის - ის მიხმობს და მეც ყოველთვის უკან ვბრუნდები. რატომ იქცევა ასე? როგორ მოვიპოვო მისი პატივისცემა? ინგა, 25 წლის
როგორც ჩანს, თქვენს მეგობარს დაბალი თვითშეფასება აქვს. ის ისე იქცევა, თითქოს გამუდმებით ეძებს თავისი მომხიბვლელობის დასტურს. თქვენი მოთმინებაც ამას ამტკიცებს - თქვენ ხომ მართლაც არ გსურთ მისი დაკარგვა. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა თვით მამაკაცის სურვილი, შეცვალოს სიტუაცია. თუ ეს თავად არ მოინდომა, ვერაფრით აიძულებთ. ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც - მისი ქცევისადმი თქვენი დამოკიდებულება. თქვენ უფლებას აძლევთ პარტნიორს, აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. როცა ადამიანი არ იცავს საკუთარ ინტერესებს, პატივს არ სცემს საკუთარ თავს, როგორღა სცემენ პატივს სხვები?!
უმცროსი და რჩევას მთხოვს. რა ვუპასუხო?
მე და ჩემს უმცროს დას შორის ასაკობრივი სხვაობა 14 წელია. დიდი მონაწილეობა მივიღე მის აღზრდაში და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ბევრს მიყვება თავისი ცხოვრების შესახებ. უკვე მოზრდილი ქალიშვილია, ბევრი თაყვანისცემელი ჰყავს და დროდადრო რჩევას მთხოვს, რომელი მათგანი აირჩიოს. მე კი ასეთი პასუხისმგებლობა მაშინებს. როგორ მოვიქცე? ეკა, 32 წლის
სავსებით მართალი ბრძანებით, როცა არ გსურთ, იკისროთ პასუხისმგებლობა დის ცხოვრებაზე, თუმცა თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გამოადგება გოგონას. ნუ მისცემთ პირდაპირ მითითებებს, მხოლოდ ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ გაიგოთ, რას ფიქრობს თავად. თუ დაეხმარებით, საკუთარ თავში გაერკვიოს, ეს მას ძალიან წაადგება.
ოცნებაზე უარის თქმა მომიხდა და არასასურველ ფაკულტეტზე ჩავაბარე
ფსიქოლოგობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მშობლებმა ამის საშუალება არ მომცეს. მითხრეს, რომ ჯობდა, უცხო ენები შემესწავლა. ახლა გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ფსიქოლოგია ჩემი მოწოდებაა. როგორ მოვიქცე? ია, 17 წლის
თუ გჯერათ, რომ ფსიქოლოგია თქვენი მოწოდებაა, ყველაფერი იღონეთ ოცნების ასახდენად. დაჯექით და ჩამოწერეთ იმ ფაქტორების სია, რაც ხელს გიშლით ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გადასვლაში ან ხელახლა ჩაბარებაში. შემდეგ მოიფიქრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს თითოეული პუნქტისათვის თეორიულად და რა - რეალურად, რამდენი დრო და ფული დასჭირდება ამას. თუ ფინანსურად მშობლებზე ხართ დამოკიდებული, ისინი კი მეტისმეტად მკაცრად არიან განწყობილნი, მოგიწევთ იმ ფაკულტეტის დამთავრება, რომელზეც სწავლობთ. მიღებული განათლება საშუალებას მოგცემთ, ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოთ და მომავალში საკუთარი სურვილისამებრ მოიქცეთ. გარდა ამისა, უკვე მიღებული უმაღლესი განათლებით სწავლაც გაგიადვილდებათ და მეორე დიპლომსაც უფრო სწრაფად მიიღებთ, ხოლო ენების ცოდნა ფსიქოლოგად მუშაობის დროსაც გამოგადგებათ.