ერთად ცხოვრების ხელოვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთად ცხოვრების ხელოვნება

საკუთარ ოჯახში მეურნეობის გაძღოლის ელემენტარული ჩვევები მაინც არ მიგიღია. შეიძლება თუ არა ამის ათვისება და რამდენად რთულია ეს?

ოჯახის გაძღოლის ხელოვნება მართლაც რთულია, ამას უდავოდ დაეთანხმებიან გამოცდილი მეოჯახენი. განა საიდუმლოა, რომ ერთ დიასახლისს პროდუქტები არასოდეს უფუჭდება, ყველაფერს გონივრულად იყენებს, მწირი მასალითაც კი ყოველთვის ახერხებს იაფი და გემრიელი, თანაც ორიგინალური კერძების მომზადებას, მეორეს კი მუდამ რაღაც აკლია, უხმება პური, უმჟავდება წვნიანი...

კარგი დიასახლისობა მთელი ხელოვნებაა და მეცნიერებაც, რომელსაც სწრაფად ვერ შეისწავლი. საოჯახო შრომის უნარ-ჩვევებს ბავშვობიდანვე უნდა დაეუფლო, ყურადღებით უნდა დააკვირდე, რას და როგორ აკეთებს დედა. კარგი იქნება, ახალგაზრდა ქალს, მომავალ დიასახლისს, ჰქონდეს სპეციალური რვეული, რომელშიც შეიტანს სხვადასხვა კერძის რეცეპტებს, რჩევებს. არსებობს დიასახლისებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიტერატურა. ყველაფერი ეს თანაბრად ეხება ქალიშვილებს და ყმაწვილებს, რომლებიც მომავალი მამები და დედები არიან. ხომ ცნობილია, რომ საუკეთესო მზარეულები მუდამ მამაკაცები იყვნენ. ოჯახში ყველას გამოადგება კერვის, ქსოვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების უნარი...

საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ასეთი ჩვევების წყალობით დროს ვიგებთ, ფულს ვზოგავთ - საოჯახო შრომა ის სფეროცაა, სადაც ვლინდება შემოქმედებითი ნიჭი, გამომგონებლობა, მხატვრული გემოვნება. საკუთარი ხელით ნაკეთები ნივთი კი ადამიანს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ნაცნობ-მეგობრებთან ყოფნისას ბევრს უთუოდ შეუმჩნევია, რომ ძვირფასი ავეჯით გაწყობილ ზოგიერთ ბინაში ნაკლები სიმყუდროვეა, ვიდრე იქ, სადაც ავეჯი და სხვა მორთულობა, ცალკეული აქსესუარები საკუთარი ხელითაა დამზადებული. ასეთ ბინებში მეფობს განუმეორებელი მყუდროების ატმოსფერო, მათ აქვთ ორიგინალური და თვითმყოფადი სახე, სული, რომელსაც ვერც ერთ ბინას ვერ შეადარებ.

ოდითგანვე ყველა ოჯახში ფასობდა ხელგარჯილობა, გათხოვებამდე ქალიშვილები თვითონ იმზადებდნენ მზითევს: კერავდნენ, ქარგავდნენ, ქსოვდნენ. ასე ხდებოდა მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახებშიც კი. ძველთაგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა კერას, რომელიც არ უნდა განელებულიყო, ვიდრე სახლში თუნდაც ერთი ადამიანი ცხოვრობდა. ყოველ დილით უნდა დანთებულიყო ცეცხლი, რათა გაეთბო, გამოეკვება, ნუგეში ეცა და ემკურნალა ადამიანებისთვის. “თუ სამყაროში არსებობს უხილავისა და ფიზიკურად ხელშესახების შერწყმა, მაშინ მშობლიური კერა ასეთი შერწყმის იდეალური მაგალითია”.

ღუმელი, ბუხარი, შუაცეცხლი დღეს უმეტესად სოფლებშია შემორჩენილი. მრავალი ჩვენგანი კეთილმოწყობილ თანამედროვე ბინებში ცხოვრობს. უფრო და უფრო ვითარდება მომსახურების სფერო და მალე ალბათ აღარც გაზისა თუ ელექტროქურები დაგვჭირდება, თუ საოჯახო სამზარეულოების მომსახურებით ვისარგებლებთ. დროსაც დავზოგავთ... ასეთი მოსაზრება დიდი ხანია არსებობს, მაგრამ სამზარეულო დღემდე არ გამქრალა. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახური კერა გვაძლევს არა მარტო პურს ჩვენი არსობისა, არამედ რაღაც სულიერსაც.

დიასახლისი სადილს მხოლოდ ოჯახის წევრთა დასაპურებლად კი არ ამზადებს - ის ამით მზრუნველობასაც გამოხატავს, ცდილობს, ყველას ასიამოვნოს საყვარელი კერძით. ვახშმად სუფრასთან შეკრებილი დაღლილი ოჯახი სულიერად და ფიზიკურად ისვენებს. ოჯახს ამჭიდროებს, აკავშირებს, აახლოებს ერთობლივი შრომა - იქნება ეს სადილის მომზადება, საყიდლებზე წასვლა, წინასადღესასწაულო დასუფთავება თუ ბაღში მუშაობა. მთავარია მთელი საქმე ერთს არ დააწვეს მხრებზე, ყველა მეგობრულად და მხიარულად აკეთებდეს საქმეს.

ამრიგად, საოჯახო ცხოვრებაში ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული - ზნეობრივი და ეკონომიკური და სამეურნეო და ეთიკური. რაც უფრო სამართლიანად არის განაწილებული ოჯახში მოვალეობანი, მით უფრო ბედნიერია ქორწინება. რაც უფრო შემოქმედებითად ეკიდებიან ოჯახის წევრები თავიანთ მოვალეობებს ოჯახში, მით უფრო მიმზიდველია ის, რაც უფრო მეტი ხალისით შრომობენ ახლობლები ერთმანეთისთვის, მით უფრო ძლიერდებიან სულიერად და სიხარულს გრძნობენ და მით უფრო სასიამოვნო ატმოსფეროა ოჯახში და მით უფრო ნაკლებად იღლებიან საოჯახო შრომით.

უნდა აღინიშნოს, რომ საოჯახო შრომა არა მარტო კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მეუღლეებზე, არამედ ეხმარებათ კიდეც ბავშვების აღზრდაში. ამასთან ბავშვებში შრომისუნარიანობის აღზრდით მშობლები მათში ავითარებენ თანაგანცდის, ზრუნვის, სხვაზე ფიქრის უნარს. როცა ოჯახი პატარაობიდანვე შრომაში ზრდის ბავშვს, იგი მის მოქალაქედ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. უწინარესად მამისეულ სახლში ეყრება საფუძველი ადამიანის უმთავრეს ღირებულებებს. სწორედ აქ იძენს ბავშვი სხვისი შრომის დაფასების უნარს, უვითარდება მომჭირნე მეურნის უნარ-ჩვევები, სწავლობს ღირსეულად შესრულებული სამუშაოს ფასს. “თუ კაცი მხოლოდ საკუთარი თავისთვის შრომობს, იგი მართლაც შეიძლება სახელგანთქმული მეცნიერი, უდიდესი სწავლული, ჩინებული პოეტი გახდეს, მაგრამ ვერასოდეს იქცევა ჭეშმარიტად სრულქმნილ და დიდ ადამიანად”.

აღზრდა შეიძლება მხოლოდ საკუთარი მაგალითით. თუ მამა სავარძელში ზის და ისე უხსნის შვილებს, რომ დედას სახლის დალაგებაში უნდა მიეხმარონ, საეჭვოა ასეთმა აღზრდამ დადებითი შედეგი გამოიღოს. როცა ოჯახის ცხოვრებაში საოჯახო მეურნეობის როლზე ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ ზოგიერთი სპეციალისტის აზრი: “ყოფა ყოველთვის ეყრდნობა ფსიქოლოგიას, მორალს, ზნეობას, ჩვენი ყოფის სამეურნეო მხარეები იძენენ მაღალი პედაგოგიკისა და გრძნობების ჭეშმარიტი აღზრდის ელფერს. ამას მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან თუ გადავაბიჯეთ რომელიმე უხილავ ზღუდეს, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი თვისების - სხვებზე ნაზად და ერთგულად ზრუნვის უნარის - დაკარგვის საშიშროების წინაშე. ეს თვისება ღვივდება ოჯახში, შინაურებში. ახლობელზე ზრუნვა როდი შეიძლება ვანდოთ მანქანას ან კეთილმომსახურების ბიუროდან მოწვეულ ადამიანს...”

ამჟამად საყოფაცხოვრებო საზრუნავის შესამსუბუქებლად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, ვინ და როგორ შრომობს ოჯახში. სხვადასხვა ოჯახში საქმიანობის სხვადასხვა რიტმია დამკვიდრებული, სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა საქმე სრულდება ერთობლივად, ასევე სხვადასხვა ადამიანი აგებს სხვადასხვა საქმეზე პასუხს. განსხვავებულია ბავშვების წვლილი საოჯახო შრომაშიც. ასე რომ, თითოეულ ოჯახს საოჯახო მეურნეობის მართვის საკუთარი სისტემა აქვს.

არსებობს მეურნეობის გაძღოლის რაციონალური ხერხები. ცნობილია, რომ სხვადასხვა საოჯახო საქმე სხვადასხვა დროს მოითხოვს, ბევრი რამაა დამოკიდებული დიასახლისზეც, მაგრამ არსებობს ამა თუ იმ საქმიანობაზე დროის მეცნიერულად დასაბუთებული ხარჯვის ნორმები. მაგალითად, 1 კილოგრამი კარტოფილის გათლას უნდა 10 წუთი, ორი ოთახისა და სამზარეულოს დალაგებას - 25 წუთი, სადილის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვას - 8-10 წუთი, კარადაში წესრიგის დამყარებას - 1 საათი, 4 კაცისთვის სადილის მომზადებას - საათი და 40 წუთი. წინასადღესასწაულო დასუფთავებას - მინიმუმ 3-4 დღე.

ძალიან მნიშვნელოვანია, უფროსებმა უჩვენონ ოჯახის უმცროს წევრებს, რომ საოჯახო საქმიანობა სრულიადაც არ არის მოსაწყენი და დამქანცველი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რისთვის ან ვისთვის, როგორი განწყობილებით სრულდება ესა თუ ის საქმე. გარდა ამისა, სასურველია დავანახვოთ ბავშვებს საოჯახო მეურნეობის მჭიდრო კავშირი ოჯახურ მიკროკლიმატთან.