უნდა გვჯეროდეს ცრურწმენების? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა გვჯეროდეს ცრურწმენების?

ცუდ ნიშნად, უბედურების მომასწავებლად ითვლება. იქნებ მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია... თუ თავის საშველად მართლა რაიმე ზომის მიღებაა საჭირო?

რა იღონოს ადამიანმა თუკი ცრურწმენის ტყვეობაშია, როგორ დააღწიოს თავი მძაფრ განცდებს? ვის მოუსმინოს? რა დაიჯეროს?” სალომე, 32 წლის

ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ხდება საბედისწერო დამთხვევები. ისეთი, ყველაზე ურწმუნოსაც რომ შეძრავს. იქნებ ეს უბრალო დამთხვევაც არ არის? შეგვიძლია მას ნიშანი ან შინაგანი ხმა დავარქვათ, მთავარი ის არის, რომ ამ დროს მტკიცედ ხარ დარწმუნებული საკუთარ არჩევანში, თუმცა შეიძლება ეს განცდა აუხსნელიც კი იყოს. ხომ არსებობს მცირედი ყოფითი სასწაულები.

“მივდივარ ქუჩაში და უეცრად, ჩემდა უნებურად, გამიჩნდა საოცარი სურვილი მეყიდა განცხადებების გაზეთი, - იხსენებს 31 წლის ნატა, - ჯიხური გზაზე იდგა და ვიგრძენი, რომ მისთვის გვერდის ავლას ვერ ვახერხებ! საკუთარი თავის მიკვირს. ვიყიდე გაზეთი და რადგან ვიყიდე, ყურადღებითაც გადავიკითხე და ვიპოვე... ჩემი ოცნების ბინა. უკვე რამდენიმე წელია ამ ბინაში ვცხოვრობ და ზოგჯერ სავარძელში მოკალათებული, ჩაის სმისას, ვფიქრობ ხოლმე: “რა ყოჩაღი ვარ, მაშინ საკუთარ გულისთქმას რომ მივენდე, იქნებ საკუთარსაც არა?.. ვინ იცის...” სკეპტიკოსები იტყვიან, ქვეცნობიერმა იმუშავაო: გოგონამ სადღაც მოისმინა საუბარი განცხადებების შესახებ და ჩაებეჭდა მეხსიერებაში, ან მასში მწიფდებოდა ადრინდელი ბინით უკმაყოფილება და გზაზე მდგარი ჯიხური უკვე პირველი ეტაპი კი არა, ბოლო, გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება იყო.

არსებობს უამრავი სხვა მაგალითიც: 27 წლის ანა ისრაელში წასასვლელად ემზადებოდა. საჭირო საბუთებზე მან გასამგზავრებელ თარიღად უჩვეულო დრო აღნიშნა - ორი თვის შემდეგ. მას ძალიან არ უნდოდა სამშობლოდან წასვლა, მაგრამ მშობლები აძალებდნენ. გოგონამ თავი დაიზღვია - საჭირო დოკუმენტის მოგროვება ორი თვის განმავლობაში შეუძლებელი იყო, არარეალური იყო მოკლე დროში ნებართვის მიღებაც. ანას ღრმად სწამდა, რომ ისინი “ჩარჩებოდნენ” სამშობლოში. მისდა გასაოცრად საბუთები ძალიან მალე გამზადდა... “მე აშკარად დავინახე, რომ ეს ბედისწერა იყო”, - იხსენებს ანა. აღთქმულ მიწაზე ჩასვლიდან ორი კვირის შემდეგ მან მომავალი ქმარი გაიცნო. თუმცა ამის შემდეგ მათ ყოველგვარი მინიშნების გარეშე დატოვეს აღთქმული მიწა და ახლა მშვიდად ცხოვრობენ კანადაში. ქვეცნობიერი აქ აშკარად არაფერ შუაშია. ეს ნიშნავს, რომ მართლაც რაღაც ხდება ადამიანის თავში, როცა ის გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს.

კარტი, ფული, ორი მაგიდა

კარლ გუსტავ იუნგი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და ასტროლოგიისა და სხვა იდუმალი მეცნიერებების მოყვარული მეცნიერი, ასახელებდა სამყაროს შემეცნების ოთხ საშუალებას - ემოციებს, შეგრძნებებს, აზროვნებასა და ინტუიციას.

მაესტრო თვლიდა, რომ სწორედ ინტუიცია გვაწვდის დამატებით ინფორმაციას, რომელიც ჩვენი ხუთივე გრძნობისთვის მიუწვდომელია. ჩვენი ცხოვრება გამსჭვალულია იმ “მაგიური მომენტებით”, რომლებიც გვიბიძგებენ უჩვეულო ქმედებებისკენ და თავდაყირა აყენებენ მთელ ცხოვრებას. ვუპასუხოთ შინაგან მოთხოვნებს - ეს ნიშნავს ყური მივუგდოთ საკუთარ ინტუიციას. ზოგიერთი მეცნიერი ცდილობს კიდეც შეისწავლოს ეს საკმაოდ ფაქიზი მატერია. მაგალითად, ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი: 16 ადამიანი ჯდებოდა მაგიდასთან და იწყებდა კარტის თამაშს: მათ უნდა გადმოებრუნებინათ კარტები და მიუხედავად იმისა, მომგებიანი იყო თუ არა კარტი, ნაწილდებოდა ფულადი პრიზები. ასე რომ, როცა ადამიანი ხელს კარგი კარტისკენ იწვდიდა, მისი ნერვული სისტემა გადადიოდა სიმშვიდის მდგომარეობაში და პირიქით, როცა მოთამაშე ცუდი კარტის გადმობრუნებას აპირებდა, მასთან მიდიოდა განგაშის სიგნალები და ის შფოთვას იწყებდა.

ნუთუ ადამიანს შეუძლია იმის გამოცნობა, როგორი კარტი უდევს მაგიდაზე... თუ ეს მისტიკაა? შესაძლოა. მაგრამ მეცნიერები იმისთვის როდი ატარებენ ექსპერიმენტებს, რომ შემდეგ გაოცებულებმა მხრები აიჩეჩონ. მათ ასეთი დასკვნა გააკეთეს: “ეს შეუცნობელი მექანიზმი მართავს ქცევას და უნდა დაემატოს მეცნიერებისთვის ნაცნობ, რაციონალური აზროვნებისთვის აუცილებელ მექანიზმებს”.

მეცნიერებმა ინტუიციის გაძლიერებული შესწავლა დაიწყეს და სენსაციური დასკვნებიც გააკეთეს, თუმცა ჯერ ხმამღლა არაფერს აცხადებენ. ამ დასკვნების არსი ის არის, რომ ადამიანის გონებას მართლაც აქვს მოვლენების წინასწარგანჭვრეტის უნარი, განსაკუთრებით, მოსალოდნელი საფრთხის დროს.


სასწრაფო დახმარება

არსებული პრობლემის მოულოდნელი გადაწყვეტა, რომელზეც თქვენ მთელი თვის განმავლობაში დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ - სასწაულად არ ჩაითვლება. ტვინი ახარისხებს ინფორმაციებს და თქვენი ნების გარეშე აკეთებს დასკვნას, ამასთან სწორს - ის ხომ თქვენი ტვინია! ინტუიციის შემთხვევაში პირიქით ხდება: ჩვენ კითხვის დასმამდე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ეს მოხდა ერთი ქალბატონის შემთხვევაში.

ქ-მა მარინამ ქმართან ერთად 12 წელი იცხოვრა. ისინი ერთადაც მუშაობდნენ, მაგრამ მარინამ იგრძნო, რომ მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა და ქმართან ცხოვრებას, უბრალოდ, ჩვევის გამო აგრძელებდა. რისთვის უნდა ეცადა? რა თქმა უნდა, მინიშნებისთვის! “მე გავემგზავრე მივლინებაში კოლეგებთან ერთად. ჩვენს შორის ერთი ახალი თანამშრომელი იყო, რომელიც ოფისში მხოლოდ ორჯერ შევამჩნიე. ჩავფრინდით პარიზში და ჩემი საყვარელი ლამაზი ტყავის ჩემოდანი შუა აეროპორტში გაიხსნა! ყველაფერი მიმოიფანტა: კოსტიუმები, ფეხსაცმელები, მე სწრაფად დავიწყე მათი შეგროვება, რა თქმა უნდა, კოლეგებიც მომეშველნენ. ყველაფერი მოვაგროვეთ, მაგრამ ჩემოდნის სასტუმრომდე მიტანა და მისი უკან წამოღება იყო საჭირო, მე ძალიან შევწუხდი. ამ დროს ახალი თანამშრომელიც იქვე ტრიალებდა, როცა ჩემს ჩემოდანთან დაიხარა, მაშინ გავიფიქრე, ეს მამაკაცი ჩემი ცხოვრების განახლებასა და შეკეთებასაც ხომ ვერ შეძლებდა... მან მართლაც განაახლა ჩემი ცხოვრება, ორი წელია, რაც ვიქორწინეთ. დარწმუნებული ვარ, ჩემოდანი ტყუილად არ გაფუჭებულა!”

რბოლა წინაღობებით

“მე მყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც მარწმუნებდა, რომ ჩვენ უამრავი ნიშნით ვართ გარემოცული, - მოგვითხრობს 26 წლის ნინო, - როცა ის ქუჩაში სეირნობდა და შემთხვევით შენიშნავდა ასფალტზე დახატულ ისარს, იწყებდა ისრის მიმართულებით სიარულს. ლოგიკა ასეთი იყო: რადგან მე შევამჩნიე ისარი, ე.ი. მე მიჩვენებენ მიმართულებას (ვინ, ჩემთვის გაუგებარი იყო), საით უნდა წავიდე... დასაწყისში ეს მართობდა, გამიტაცა კიდეც ამ თეორიამ. მაგრამ როცა მან პრაღაში გასამგზავრებელი ჩვენი ბილეთები უკან ჩააბარა იმის გამო, რომ მათზე აღნიშნული ციფრები არ მოეწონა, მე გავწყვიტე მასთან ურთიერთობა, რადგან მუდმივად რაღაც შეუცნობლისა და მტრულის მოლოდინი უკვე ძალიან დამღლელი იყო”.

ფსიქოლოგები ამბობენ, როცა ადამიანს სჯერა თავისი ინტუიციის, ის ზოგჯერ ხაფანგად ექცევაო. თუ ნიშნები მცდარი აღმოჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტუიცია გვატყუებს, უბრალოდ ჩვენი სურვილები წინ გარბიან.

“მე შეყვარებული ვიყავი იტალიელზე, რომელიც მოგზაურობის დროს გავიცანი. ერთმანეთს ვურეკავდით, გამუდმებით ვწერდით წერილებს. ჩემს ქალაქში სეირნობისას ყველგან რაღაც ნიშნებს ვამჩნევდი. შევიდოდი მაღაზიაში და იქ “ჩვენი” საყვარელი სიმღერა იყო ჩართული, კაფეს ჩავუვლიდი და ისიც საოცრად ჰგავდა ჩვენი ბოლო შეხვედრის ადგილს. ერთი თვის შემდეგ ვეღარ ვუძლებ განშორებას და ვიღებ შვებულებას, აღმოჩნდა, რომ “ბილეთები არ არის და არც იქნება!” დავრეკე ყველა სალაროსა და ტურისტულ სააგენტოში. როცა იმედი გადამეწურა, სწორედ მაშინ გამოჩნდა “ზედმეტი ბილეთი” და მე ჩემს შეყვარებულთან გავემგზავრე, ის კი ისე შემხვდა, როგორც უბრალოდ სასიამოვნო ნაცნობს. ასე რომ, ეს არ იყო “ბედი”, - სევდიანად მოგვითხრობს 28 წლის ელენე.

მეორე წინააღმდეგობა ჩვენი ინტუიციისთვის - ეს ჩვენი შიშებია. ყოველგვარი სტერეოტიპი, მაგალითად ასეთი: “მე ვერასოდეს ვიპოვი საკუთარ ბედნიერებას”, “მე ულამაზო ვარ და მსუქანი”, - ხელს უშლის ადამიანს ინტუიციური ინფორმაციის სწორ აღქმაში. მაგრამ, როგორც ჩანს, პოზიტიური აზრებიც შეიძლება ზოგჯერ ხელისშემშლელი აღმოჩნდეს! “მე აღფრთოვანერბული ვიყავი, როცა მივდიოდი გასაუბრებაზე, რადგან დიდი ხანია ველოდი ამ თანამდებობას და ვგრძნობდი, ყველანაირად მზად ვიყავი ამისთვის. ოფისამდე მიმავალი გზაც სრულიად თავისუფალი იყო, მაშინ როცა ყოველთვის საცობებში მიხდებოდა მანქანით დგომა. ოფისის შესასვლელში კი დამხვდა სარეკლამო აბრა: “თქვენ ყველაფერს მიაღწევთ!”, გამსაუბრებლის ზრდილობიანი მოპყრობა კიდევ ერთ იღბლიან ნიშნად მივიღე და ჩავთვალე, რომ მე ამირჩიეს. როცა გავიგე, რომ არ მიმიღეს, ძალიან განვიცადე”, - სევდიანად იხსენებს 30 წლის თამარი.

მინიშნებებს შეიძლება დავუჯეროთ, შეიძლება არა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში სასწაულისთვის ადგილი აუცილებლად უნდა დავტოვოთ, იქნებ ის მართლაც მოხდეს.

როგორ განვავითაროთ ინტუიცია:

1. ყური მიუგდეთ საკუთარ სხეულს. ყურადღება მიაქციეთ მის რეაქციებს და შეეცადეთ გაიგოთ მათი მნიშვნელობა.

2. ისწავლეთ სიმშვიდის შენარჩუნება. ამ მშფოთვარე ცხოვრებაში მოძებნეთ თუნდაც ცოტაოდენი დრო, რომ საკუთარ თავთან დარჩეთ.

3. ტესტების საშუალებით შეამოწმეთ თქვენი უნარები. შეეცადეთ, მაგალითად, გამოიცნოთ, ვინ გირეკავთ ტელეფონით, ხოლო თუ უეცრად გაიფიქრებთ, რომ რომელიმე ახლობელი ცუდად არის, უმჯობესია მოინახულოთ ის.

4. აწარმოეთ “ჟურნალი”. ყოველდღე შეიტანეთ მასში თქვენი სპონტანური შეგრძნებები - მნიშვნელობა არ აქვს, დადასტურდება შემდგომ თუ არა. თქვენ უკეთ გაიგებთ თქვენი ინტუიციის მოქმედების მექანიზმს და დაინახავთ განსხვავებას მოლოდინსა და ინფორმაციას შორის.