ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ემოციური გადაწვის სინდრომი - ყველაზე სახიფათო პროფესიული დაავადებაა მათთვის, ვისაც ადამიანებთან უხდება ურთიერთობა ანუ ვისი სამუშაოც უშუალოდ ადამიანებთან არის დაკავშირებული. ესენი არიან: მასწავლებლები, ჟურნალისტები, ექიმები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები. სინდრომი თანდათანობით ვითარდება. განასხვავებენ მის სამ სტადიას.

პირველი სტადია: გრძნობები ითრგუნება, სიცოცხლის ხალისი, ცხოვრებისადმი ინტერესი ქრება, ყველაფერს მუქ ფერებად აღიქვამთ, ზოგჯერ საყვარელი კერძიც კი უგემური გეჩვენებათ, შინ დაბრუნებისას სულ უფრო ხშირად გიჩნდებათ სურვილი, ყველას ასე მიმართოთ: "არ მომეკაროთ, თავი დამანებეთ!"

მეორე სტადია: გაღიზიანებთ ის ხალხი, ვისთანაც ხშირად გიხდებათ ურთიერთობა. ესენი შეიძლება იყვნენ შვილები, ახლობლები, მომხმარებლები, კოლეგები. თავდაპირველად ცდილობთ, თავი შეიკავოთ უხეშობისა და ენამწარობისგან, თუმცა შინაგანი დაძაბულობა იზრდება და ბოლოს და ბოლოს ამოხეთქავს, "ორთქლის გამოშვების" შემდეგ კი ჩნდება სირცხვილისა და დანაშაულის განცდა.

მესამე სტადია: სრული კრახი. ერთი მხრივ, ადამიანი კარგავს პროფესიულ ღირებულებებს, თავს იჩენს განურჩევლობა, ცინიზმი, მეორე მხრივ, თითქოს შინაგან სამყაროში ყველაფერი იწვის. გარკვეული ჩვევების წყალობით სპეციალისტი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარეგნულ რესპექტაბელობას, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ ცარიელ გამოხედვას, შებოჭილ მოძრაობას. ასეთი ადამიანი ახლობლების, საყვარელი საქმისა და საკუთარი თავის მიმართაც კი გულგრილია, ინტენსიური და მუდმივი ურთიერთობა ჰგვრის გულისრევას, თავის ტკივილს, ტანჯავს აპათია და უძილობა. ზოგიერთს საკვებისადმი ზიზღი ეუფლება, ზოგს კი, პირიქით, გამუდმებით რამის ჭამა სურს. დაძაბულობის მოსახსნელად ზოგი ალკოჰოლს ეტანება, ზოგი - სამორინეს, თუმცა უკეთესობას ვერ გრძნობენ.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ: ამ სინდრომის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გქონდეთ სწორი დამოკიდებულება სამუშაოს, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ემოციური გადაწვის სინდრომით ყველაზე ხშირად იტანჯებიან ადამიანები, რომლებიც მისდევენ ოთხ გავრცელებულ მითს. შეამოწმეთ, ხომ არ არის ეს თქვენი პოზიციაც.


1. უნდა იცხოვრო ადამიანებისთვის

ამ მითის იდეა ასეთია: "ადამიანმა თავი სხვის სამსხვერპლოზე უნდა მიიტანოს, თავი გაწიროს სხვისთვის". ასეთი ადამიანები უარს ამბობენ საკუთარ ინტერესებზე. ამავე დროს მათთვის წარმოუდგენელია სისუსტის გამომჟღავნება, არასოდეს ითხოვენ დახმარებას. ისინი უკრძალავენ საკუთარ თავს ჩვეულებრივ გრძნობებს: მათთვის არ არსებობს უბრალოდ სიყვარული ან უბრალოდ სამუშაო - მხოლოდ უმძაფრესი ვნება და გატაცება, მხოლოდ უმაღლესი მიღწევები. ასეთი დაძაბულობა სწრაფად იწვევს ემოციურ გადაწვას. ამ მითის მატარებლებს სულის სიღრმეში საკუთარი თავი ყველაზე უკეთესად მიაჩნიათ და არავის ენდობიან. მათი სული წუხს სიყვარულის, სინაზის, მზრუნველობის უკმარისობის გამო, მაგრამ ამის აღიარება მათ ძალებს აღემატება. რჩევები:

  • გახსოვდეთ, თქვენ ქანდაკება კი არა, ცოცხალი ადამიანი ხართ და ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება, იზრუნოთ საკუთარ თავზეც. დაიწყეთ იმით, რომ გამიჯნეთ ერთმანეთისგან სამუშაო და პირადი ცხოვრება.
  • სამსახურში მონიშნეთ ის, რაც გევალებათ და რაზეც თქვენ აგებთ პასუხს. ნუ შეეჭიდებით კოლეგების საქმეს.
  • შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში რამდენიმე "სანდო ადამიანი", რომლებსაც თქვენთან სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებთ. თუ საჭირო იქნება, სთხოვეთ დახმარებაც.

2. "ვინ, თუ არა მე?"

ასეთი ადამიანი თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კარგად, როცა ვინმეს შველის. ერთნი ამას პროფესიად გაიხდიან ხოლმე, მეორენი კი "საზოგადოებრივ საწყისებზე" ეწევიან ამგვარ საქმიანობას. მათ ჰყავთ უამრავი უიღბლო ნაცნობი, ზრუნავენ მათზე, აძლევენ რჩევა-დარიგებებს. "განწირულთა გადარჩენა" მათთვის ერთადერთი გზაა იგრძნონ, რომ ისინი სჭირდებათ, რომ მათ ვიღაცაზე გავლენა აქვთ. რჩევები:

  • ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომეთ: თუ თქვენ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ, დიდი შანსია, ვერასოდეს იცხოვროთ საკუთარით.
  • თუ "პროფესიონალი მაშველი" ხართ, მიეცით რჩევები და გაუწიეთ მფარველობა ადამიანებს მხოლოდ სამსახურში.
  • ადამიანებზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებაა, დაეხმაროთ მათ პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებაში. ნუ იტვირთავთ სხვის საზრუნავს.
  • ყოველთვის, როცა სხვისი გადარჩენის სურვილი გაგიჩნდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "სჭირდება კი ეს მას?" და "იქნებ ის თვითონვე გაუმკლავდეს საკუთარ პრობლემას?"

3. "მე ყველას უნდა ვუყვარდე"

ასეთ ადამიანებს მეტისმეტად რბილი ხასიათი აქვთ, ყველას თანაუგრძნობენ, სიკეთეს თესავენ. ურთიერთობებს ისე აგებენ, თითქოს სურთ, ბოლომდე შეერწყან მეორე ადამიანს. მათთვის წარმოუდგენელია, ვინმეს რაიმე თხოვნაზე უარი უთხრან - ხომ შეიძლება, ადამიანს ეწყინოს! გარშემო მყოფები სარგებლობენ ამით და ამ "ოქროსგულიანი ადამიანის" ღიმილის მიღმა თანდათანობით გროვდება წყენა და რისხვა, რომელიც მას შიგნიდან წვავს. რჩევები:

  • დამშვიდდით, თქვენ მაინც ვერ გასწვდებით ყველასა და ყველაფერს. შეიძლება, ეს ლოზუნგად გამოიყენოთ, ამობეჭდოთ და გააკრათ იმ კედელზე, რომელსაც ყველაზე ხშირად ხვდება თქვენი მზერა.
  • კარგად  შეისწავლეთ არა მხოლოდ თქვენი მოვალეობა, არამედ უფლებებიც. გახსოვდეთ: თქვენ გაქვთ უფლება, ეკუთვნოდეთ საკუთარ თავს და იმოქმედოთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გაქვთ უფლება, თქვენიც შეისმინონ. გაქვთ უამრავი სხვა უფლებაც.
  • ისწავლეთ "არას" თქმა. ნუ გაგიჩნდებათ ამის გამო დანაშაულის განცდა. თუ ეს დამოუკიდებლად ვერ მოახერხეთ, მიმართეთ ფსიქოლოგს.
  • ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ ვინმეს გაანაწყენებთ; სწყინს მას, ვისაც ეს ხელს აძლევს - ამგვარად ის თქვენით მანიპულირებს.

4. "სამუშაო უპირველეს ყოვლისა!"

ამ მითის მიმდევარნი ერთი საქმის დასრულების შემდეგ თავს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და მომდევნო, უფრო მაღალ მწვერვალს ეძებენ დასაპყრობად. ეს გამრჯე და შრომას გადაგებული ადამიანები მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ სამუშაოს და დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე უკეთ ამ საქმეს თავს ვერავინ გაართმევს. ისინი გვიანობამდე რჩებიან ოფისში, აშინებთ შვებულება და თუ მაინც გავიდნენ, არ იციან, რა აკეთონ ამ დროს. რჩევები:

  • გახსოვდეთ: საკუთარი თავისადმი უსულგულობაც დანაშაულია. თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ თავისუფალი დრო და გამოიყენოთ ის საკუთარი თავისთვის.
  • სამსახურიდან წამოსვლისას მხოლოდ შუქი კი არ უნდა ჩააქროთ, არამედ იქვე დატოვოთ ყველა საქმე.
  • შინ მოსვლისთანავე მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი. ასე თქვენ ფსიქოლოგიურად გამიჯნავთ ცხოვრების ორ სხვადასხვა სფეროს: სამუშაოს და დასვენებას.
  • მოძებნეთ გასართობი, მიეცით თავს დასვენებისა და განმუხტვის საშუალება, მკაცრად განსაზღვრეთ დრო ამ გასართობისთვის. მაგალითად: "შაბათი, 19.00 სთ - თეატრი, სპორტული კლუბი, ანდა ფეხით გასეირნება" - და აუცილებლად შეასრულეთ.
  • თუ ქალი ბრძანდებით, ოფისიდან გამოსვლამდე იპკურეთ სხვა, ჩვეულებრივზე მსუბუქი სუნამო - ის შესაბამის განწყობას შეგიქმნით.

ემოციური გადაწვის სინდრომის საუკეთესო წამალი სამსახურის შეცვლაა. თუ ძირფესვიანი ცვლილებების საშუალება არ გაქვთ, შეიცვალეთ საქმიანობის მიმართულება, მაგალითად, თუ ადრე ბავშვებთან გიწევდათ მუშაობა, ახლა მოზრდილთა კონტინგენტზე გადადით, გაიარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მიიღეთ დამატებითი განათლება, მიიღეთ მონაწილეობა პროფესიულ კონკურსებში.