ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

"შეყვარებულთა ქცევის კულტურა" შეიძლება გავიგოთ როგორც ფართო, ისე ვიწრო მნიშვნელობით. ფართო მნიშვნელობით შეყვარებულთა ქცევის კულტურაზე საუბარი ყმაწვილისა და ქალიშვილის ურთიერთობის ზნეობრივ საფუძვლებს ეხება, ვიწრო მნიშვნელობით კი ეს გულისხმობს ორი ადამიანის ურთიერთობაში საზოგადოებაში მიღებულ ნორმებზე საუბარს. ამ სფეროში ყმაწვილებისა და ქალიშვილების წინაშე მრავალი საკითხი იჩენს თავს. აი, ზოგიერთი მათგანი: როგორ მოვიქცეთ, როცა სიყვარულში გამოგვიტყდებიან? როგორ მოვიქცეთ შეყვარებულთან პირველი შეხვედრისას? როგორ მოვიქცეთ, თუ არ თანავუგრძნობთ ჩვენზე შეყვარებულ ადამიანს, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჩვენმა "არამ" ის შეიძლება მორალურად დასცეს? რა ვქნათ, თუ ჩვენ გვიყვარს, მას კი არ ვუყვარვართ? როგორც ვხედავთ, კითხვები არც ისე მარტივია და ზოგიერთ მათგანზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. ლ. ტოლსტოი სიყვარულს განსაზღვრავდა როგორც სხვისთვის სიკეთის კეთების სურვილს. სიკეთის კეთების ამგვარი სურვილი ვლინდება მისწრაფებითა და მზადყოფნით, შეყვარებულისთვის არ დაიშურო დრო, სულიერი და ფიზიკური ძალები, მისი ინტერესებისთვის დაივიწყო საკუთარი კეთილდღეობა, მზად იყო, იმუშაო საკუთარი თავის სრულყოფისთვის. სიყვარულს სასწაულმოქმედი თვისება აქვს: შეყვარებულები თავიანთ რჩეულს ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ, გარშემო მყოფებს კი ეჩვენებათ, რომ ისინი დააბრმავა გრძნობამ, რომ ვერ ხედავენ შეყვარებულის ჭეშმარიტ სახეს. სინამდვილეში კი შეყვარებულები იმდენად "დაბრმავებულები" არ არიან, რამდენადაც შორსმჭვრეტელები, ე.ი. ხედავენ თავიანთი რჩეულის იმ ღირსებებს, რომლებსაც ვერ ამჩნევენ სხვები, რადგან ზოგჯერ ეს თვისებები ჩანასახოვან მდგომარეობაშია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიყვარული ისეთად მოგაჩვენებს შენთვის ძვირფას ადამიანს, როგორიც ის შეიძლება გახდეს. შეყვარებულებს ყოველთვის სჯერათ თავიანთი სიყვარულის ბედნიერი მომავლისა, მაგრამ ვაი რომ ხშირად ტყუვდებიან. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ხანია საჭირო, რათა გავიგოთ, ნამდვილად აქვს ჩვენს რჩეულს ეს ღირსებები თუ გვეჩვენება. შეიძლება, მაშინაც შევცდეთ, როცა შეყვარებულის ღირსებებში გავერკვევით. შევცდეთ იმიტომ, რომ თვისებები, რომლებიც ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო, განუვითარებლად მოკვდა. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ყოველ ადამიანშია სიყვარულის ფარული უნარი, მაგრამ მის რეალიზაციას ყველა როდი ახერხებს. წვრილმანი სულის, ეგოისტი ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ზნეობრივ სიწმინდეს, სიყვარულში ყველაზე მეტად ისჯებიან სულმოკლეობის გამო. სიყვარულთან შესახვედრად (რათა იგი ბედნიერი იყოს) ახალგაზრდები სულიერად უნდა ემზადებოდნენ. უწინარეს ყოვლისა, ისინი თვითონ უნდა იყვნენ სიყვარულის ღირსნი. სიყვარულის შესახვედრად მზადყოფნა ნიშნავს მკაფიოდ წარმოიდგინო, რა ქმნის ადამიანის შინაგან სილამაზეს, მის სულიერ ძალას. სიყვარულს უდიდესი შთამაგონებელი ძალა აქვს, იგი გარდაქმნის, აკეთილშობილებს პიროვნებას, უბიძგებს, იმუშაოს საკუთარ თავზე... და თუ ორ ადამიანს არაფერი აქვს სალაპარაკო, არ სურს, გაუზიაროს ერთმანეთს იდუმალი აზრები, საეჭვოა, მათ ურთიერთობას სიყვარული ერქვას. ასეც ხდება: დაიბადა გრძნობა, იგი ჯერ კიდევ ნაზი და სუსტია, უნდა გავუფრთხილდეთ, ველოლიავოთ... დაიწყებს ერთი იმაზე ლაპარაკს, რაც აღელვებს, მეორეს კი ეს უინტერესოდ ეჩვენება და სიტყვას აწყვეტინებს. ერთი წყენა, მეორე... გაიხედავ - ჩაიძირა, გაიგუდა ახალაღმოცენებული სიყვარული. რაოდენ მნიშვნელოვანია სიყვარულში მოსმენის, წვდომის უნარი. ჩხუბს, უთანხმოებას, რომელიც ზოგჯერ სამუდამო განშორებით მთავრდება, იწვევს მეორე პიროვნების სულიერი წყობის, ქცევის ჭეშმარიტი მოტივების ვერგაგება. სიყვარულში თავდაპირველად ყველაფერი იდუმალი და გაუგებარია, უწინარეს ყოვლისა კი საყვარელი ადამიანის სული. მის მაგივრად იგონებ გრძნობებსაც, მისი ქცევის მოტივებსაც, უსადაგებ საკუთარ თავს, ჭრი შენს თარგზე და ეჩვევი ადამიანს, რომელიც შენ გამოიგონე, ის კი - სხვაა, გამოგონილზე არც უარესი და არც უკეთესი, უბრალოდ, სხვა. ძალიან ძნელია ამის გაგება, მით უმეტეს ძნელია, რომ ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგია რაღაცით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ხოლო რაღაცით სრულიად განსხვავებულია. საიდუმლო როდია, რომ ზოგჯერ საკუთარი აზრი უფრო მნიშვნელოვანი გვეჩვენება, ვჩქარობთ გამოთქმას, ერთმანეთს არ ვუსმენთ... და აი, შეიკრა ორი წრე: საერთო კულტურა და ორთა ურთირთობის კულტურა.


შეყვარებულთა ურთიერთობა

თანამედროვე ოჯახსა და სიყვარულზე ჟურნალ-გაზეთებში უამრავი სადისკუსიო მასალა იბეჭდება. რა ხშირად იგრძნობა ორივე სქესის მკითხველთა წერილებში წყენა: ქორწინებამდე ყველაფერი რიგზე იყო, მერე კი... და ამას მოჰყვება გრძელი ნუსხა იმისა, რაც, საუბედუროდ, უარესობისკენ შეიცვალა ქორწინების შემდეგ. დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე? იქნებ იმიტომ, რომ პარტნიორები ქორწინებამდე კარგად არ იცნობდნენ ერთმანეთს? მაგრამ ცდებიან მრავალი წლის ნაცნობებიც. მაშ, რა ხდება? ალბათ ის, რომ ახალგაზრდები ურთიერთობისას იშვიათად საუბრობენ თავიანთ მომავალზე: რა მოსწონთ და რა არა ერთმანეთის ქცევაში, როგორ წარმოუდგენიათ მომავალი ყოველდღიური ცხოვრება... ასეთი საუბრების წყალობით ისინი უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში. ეს წიგნისა თუ ფილმის განხილვაზე ნაკლებსაინტერესო როდი იქნება - ლიტერატურა და კინო ხომ ცხოვრების ასახვაა, საკუთარ მომავალზე საუბარი კი - თვით ცხოვრება. ბევრი მარტოსული ადამიანი ამგვარად ფიქრობს: "მე არავის ვუყვარვარ, არ ვიცი, რა არის სიყვარული..." ზოგს კომპლექსიც კი გაუჩნდა, რომ მას არავინ შეიყვარებს. სევდა და იმედგაცრუება ნაადრევია; უმჯობესია იმაზე იფიქროთ, საკმაოდ ფართოა თუ არა თქვენი ნაცნობობის წრე. ეცადეთ გააფართოოთ იგი. განა ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ?! დაფიქრდით, როგორ, სად და ვისთან ერთად ატარებთ თავისუფალ დროს. ურთიერთობის პირველივე საათებმაც კი შეიძლება ბევრი რამ გვითხრას ადამიანზე, განსაზღვროს მომავალი ურთიერთობის სტილი. ქცევის მოურიდებელი მანერა ხელს შეუშლის ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სიყვარულის ნაჩქარევი ახსნა ზოგს შეიძლება ეამოს, თუმცა მეტი დაფიქრებაა საჭირო - ეს სიტყვები ადვილი წარმოსათქმელი არ არის და თუ ისინი ნაცნობობის პირველსავე დღეებში, მით უმეტეს, საათებში ითქვა, მათი გულწრფელობა საეჭვოა. ეტიკეტი ზოგჯერ განსაცვიფრებლად იცვლება. ჩვენ ახლა ღიმილს გგვრის კარგი მანერების შესახებ დაწერილი ძველი წიგნების კითხვა. ეს გასაგებიცაა - მათში ბევრი რამ არის მოძველებული, ყავლგასული. სხვადასხვა საზოგადოებრივ ფორმაციას ადამიანთა ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები შეესაბამებოდა, რომლებიც ასახავდა ეპოქის მსოფლმხედველობას. მაგრამ იცვლებოდა მხოლოდ ფორმა, არსი კი უმეტესად დღესაც იგივეა - ქალისადმი ფაქიზი, მოკრძალებული დამოკიდებულება. ადამიანთა მოდგმის მშვენიერი ნახევრისადმი ჭაბუკის ყურადღება ხომ ესოდენ კეთილშობილურია და ძლიერი ადამიანის მამაკაცურ ბუნებას შეესაბამება! გოგონას გზა დაუთმო, ლაშქრობის დროს მძიმე ზურჩანთის ტარებაში დაეხმარო, სახლამდე მიატანინო ტვირთი, სადღესასწაულოდ არ დაგავიწყდეს ყვავილების მირთმევა და ვინ იცის, კიდევ რამდენნაირად შეიძლება სინაზის გამოხატვა მის მიმართ, ვინც გულს გიჩქროლებს. სასიყვარულო კავშირში, ტრადიციისამებრ, მამაკაცი ასრულებს აქტიურ როლს, იგი განსაზღვრავს ურთიერთობის ხასიათს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, იგრძნობს თუ არა მისი სატრფო თავს კარგად. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გოგონას პასიური როლი რჩება? არა! სწორედ გოგონაზეა დამოკიდებული ურთიერთობის სტილი, სიწმინდე და გონივრულობა. ყოველ კოლექტივში შეიძლება იყოს გოგონა, რომელთანაც ბიჭები "ძმაკაცობენ": შეუძლიათ მხარზე ხელი დაჰკრან, მისი თანდასწრებით მოჰყვნენ ორაზროვან ანეკდოტებს, ბილწსიტყვაობასაც არ მოერიდონ. არიან სხვა ტიპის გოგონებიც - თითქოსდა შეუმჩნევლები, მაგრამ ისეთი გამოხედვით, რომ ბიჭები მაშინვე სერიოზულდებიან. ასეთ გოგონებთან ბიჭები ქუჩაში ხელგადახვეულები არ დადიან, ისინი კეთილშობილურად უყვართ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ გოგონებს გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვთ. ოჯახური ურთიერთობების მკვლევართა დაკვირვებით, ქორწინების შემდეგ უბედურები უმეტესად ის ქალები არიან, რომლებმაც დაივიწყეს მშვენიერი სქესის მთავარი ღირებულება - ქალურობა. ასეთ ქალებს ახასიათებთ ქცევის თავისუფალი, უხეში მანერა, ეწევიან სიგარეტს, აქვთ მკვეთრი ხმა, სიტყვას განზრახ მამაკაცურად უქცევენ. ქალის "სისუსტე" უდიდესი ძალაა. ასეთი ქალების გვერდით მამაკაცი უფრო ვაჟკაცური ხდება, უჩნდება მასზე ზრუნვის, მისი დაცვის მოთხოვნილება. შეყვარებულთა ქცევის კულტურაზე საუბრისას შეუძლებელია არ შევეხოთ ინტიმურ სფეროს, მით უმეტეს, რომ ეს საკითხები ჭაბუკებსაც აღელვებთ და ქალიშვილებსაც. სიყვარული მოიცავს გრძნობად კომპონენტს. ფიზიკური ლტოლვის გარეშე სიყვარული არ არსებობს. სწორედ ის გვაიძულებს... შევცბეთ. წყნარად, ორივესთვის საინტერესო თემაზე საუბრობდნენ, მაგრამ, აი, ერთმანეთს თვალებში შეხედეს ან უნებურად შეეხნენ და გულმა მძლავრად დაიწყო ძგერა, საუბრის მშვიდად გაგრძელება შეუძლებელი გახდა... ასეთი რამ ბუნებრივია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ნამდვილი გრძნობა გვეწვია, უბრალოდ, ბუნება "სისტემებს ამოწმებს", გვამზადებს იმ დიდი გრძობების მშფოთვარე გამოვლინებებისთვის, რომლებიც მოგვიანებით გვეწვევა. ამიტომ უფროსებს ხშირად ეშინიათ, ვაითუ ახალგაზრდები შეცდნენ, გრძნობის ამგვარი გამოვლინება სიყვარულად მიიჩნიონ და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იჩქარონო. ეს ნაბიჯი კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მოტივი, რომელიც ახალგაზრდებს პირველი სქესობრივი კავშირისკენ უბიძგებს, სხვადასხვაგვარია. გერმანელი მეცნიერი ბორმანი ახალგაზრდების გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე გამოყოფს ადრეული სქესობრივი კავშირის აღმძვრელ შემდეგ მოტივებს: ჭაბუკების სწრაფვა ფიზიოლოგიური აქტისკენ; გოგონების შიში უარის შემთხვევაში მეგობრის დაკარგვისა; თანაგრძნობა; ცნობისმოყვარეობა; აღიარებისადმი მისწრაფება; სიყვარულის გაძლიერებული მოთხოვნილება მშობლების მხრივ ამ გრძნობის ნაკლებობის გამო; მარტოობა; მეგობრების ცუდი გავლენა. ბორმანი ადასტურებს, რომ პირველი სქესობრივი აქტი, როგორც წესი, სტიმულს აძლევს შემდგომ სექსუალურ ურთირთობებს. სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად ჩნდება ახალი სექსუალური მოთხოვნილებები, რომლებიც მანამდე უცნობი იყო მოზარდისთვის. ეს მოთხოვნილებები იწვევს პარტნიორთა ხშირ, უწესრიგო ცვლას, წუთიერ უპასუხისმგებლო კავშირებს, რაზეც არც ერთი პარტნიორი არ აგებს პასუხს. წუთიერი კავშირი აუხამსებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობას და ხელს უშლის ნამდვილი სიყვარულის წარმოშობას. დღეს აღარავინ გვიწესებს, როდის შეიძლება პირველი კოცნა: ნაცნობობის პირველსავე საღამოს, პირველ კვირას თუ შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, - მაგრამ ბევრს სურს მიიღოს რჩევა იმის თაობაზე, რა ითვლება ზნეობრივად და რა - არა. ყოველ წყვილს ამ საკითხების გადაწყვეტა თვითონ უხდება. ზოგჯერ გოგონებს "უკარებას" იმიჯისა ეშინიათ - ვაითუ თაყვანისმცემელი დაკარგონ. რა ვურჩიოთ? თუ ვაჟი ხვდება გოგონას და მხოლოდ სიახლოვისკენ ისწრაფვის, ეს ნიშნავს, რომ იგი არცთუ ისე უფრთხილდება მის გრძნობებს. ჭაბუკისა და ქალიშვილის მომავალ ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორი მოგონებები დარჩებათ პირველი ინტიმური შეხვედრებიდან. მაშ, ღირს კი აჩქარება? განა არ ჯობს, დაველოდოთ გრძნობების გაძლიერებას, გამოვცადოთ მათი სიმტკიცე? თუ სიყვარული ნამდვილია, უმანკო ურთიერთობა მხოლოდ გააღრმავებს მას.