როგორ შევარჩიოთ "სანდო ექიმი"
მაგალითად, საქართველოში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. გახდება თუ არა ის "ჩვენი", ხომ არ გაატარებს სადაზღვევო კომპანიების ინტერესებს? არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და თუ მათით იხელმძღვანელებთ, შეძლებთ, წარმოდგენა შეიქმნათ ექიმზე როგორც პროფესიონალსა და ადამიანზე. ექიმის არჩევა თითქმის იგივეა, რაც უახლოესი მეგობრის არჩევა. მხოლოდ სრული ნდობით შეიძლება მივაღწიოთ მკურნალობისას სასურველ შედეგს. თუ ნდობა ვერ დამყარდა, უნდა შევიცვალოთ სპეციალისტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემომ, რომელიც ექიმის მისაღებში სუფევს, პოზიტიური გავლენა მოახდინოს. მეგობრული კილო, სიმშვიდის განცდა და დამაჯერებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში, მედიცინაშიც ბევრ რამეს წყვეტს. ექიმის ძიებისას ხშირად ფიქრობ, ვის მიანიჭო უპირატესობა - მამაკაცს თუ ქალს. კვალიფიკაცია და უნარები სქესით არ განისაზღვრება, მაგრამ თუ ამ ფაქტორს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს, აირჩიეთ ის, ვისთანაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებსაც ექიმზე ბევრი რამის თქმა შეუძლია:
- შეიძლება ეჭვი შეიტანოთ ექიმში, რომელიც ხშირად ახდენს ისეთი განსაკუთრებული ცოდნისა და პროფესიონალიზმის დეკლარირებას, რომელიც სხვა სპეციალისტისთვის მიუწვდომელია. ნამდვილი პროფესიონალი ყოველთვის აცნობიერებს, რომ მან რაღაც არ იცის - ეს აუცილებელი პირობაა მომავალი პროფესიული ზრდისთვის.
- "ცნობილი ექიმის" იმიჯი ხშირად იმაზე მეტყველებს, რომ ექიმმა დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა ცნობილი გამხდარიყო, თუმცა ხანდახან ეს კარგი რეკლამის შედეგი უფროა, ამიტომ ეცადეთ გაესაუბროთ პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ურთიერთობა თქვენთვის საინტერესო ექიმთან. გაარკვიეთ, როგორი შედეგი გამოიღო მკურნალობამ და ამ ინფორმაციების საფუძველზე გამოიტანეთ დასკვნა.
- გახსოვდეთ: "მკურნალობა" და "განკურნება" სხვადასხვა რამაა. "მკურნალობა" პროცესს ასახავს, ხოლო "განკურნება" - შედეგს. გონიერი ექიმი არასოდეს ცდის უკურნებელი დაავადების განკურნებას.
- ლიცენზია ექიმის პროფესიონალურ თვისებებზე არაფერს ამბობს; ის საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ პროფესიული ცოდნის გამოყენებით ექიმმა ანაზღაურება მიიღოს.
- ნუ მიანდობთ თქვენს თავს ექიმს, რომლის კაბინეტი ძვირფასი ავეჯით არის მორთული, სამუშაო მაგიდაზე ბევრია ძვირად ღირებული ნივთი და აქსესუარი, მაგრამ არც ერთი წიგნი არ დევს! სამუშაო კაბინეტი ექიმის სახე, მისი ცხოვრებისეული ფასეულობების ანარეკლია. კაბინეტი ფუნქციური უნდა იყოს და არა მდიდრული, რომ პაციენტზე ფსიქოლოგიური გავლენა არ მოახდინოს.
- ყურადღება მიაქციეთ თქვენ მიერ არჩეული სპეციალისტის საუბრის მანერას. თუ მისი მეტყველება დატვირთულია გაუგებარი სამედიცინო ტერმინებით, რომელთა ახსნაც უჭირს ჩვეულებრივი, ადამიანური, ნებისმიერი პაციენტისთვის გასაგები ენით, შეიძლება ეჭვიც შეიტანოთ მის კომპეტენტურობაში.
- შეფასების კრიტერიუმად გამოდგება დრო, რომელსაც ექიმი უთმობს პაციენტს პირველ კონსულტაციაზე. შეუძლებელია, ადამიანის პრობლემაში ჩასაღრმავებლად 5-10 წუთი გეყოს. თუ "ცნობილი" ექიმის მოსაცდელში ორი ათეული პაციენტი ზის და თითოეულ მათგანს ის სულ რამდენიმე წუთს უთმობს, ალბათ ჯობს, უკანმოუხედავად გაიქცეთ...
- კარგი ექიმი თქვენზე და თქვენს პრობლემებზე წარმოდგენას მანამდე შეიქმნის, სანამ გამოკვლევის შედეგებს გაეცნობოდეს. გასინჯვამდე საუბარში გაარკვევს, რას უჩივით. ეს დიალოგი შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივიც აღმოჩნდეს. ის უნდა შეიცავდეს კითხვებს იმ დეტალების გასარკვევად, რომელთა გარეშეც ავადმყოფობის სურათი სრულყოფილი არ იქნება.
პირადი საქმე
ექიმისადმი ნდობა თქვენს პირად ფასეულობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ზოგი მხოლოდ სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტს ენდობა, ზოგი უპირატესობას ანიჭებს პრესტიჟულ კლინიკაში მომუშავე ექიმებს. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, მაგრამ... ერთ ძველაღმოსავლურ ტრაქტატში ჩამოწერილია ორმოცამდე ადამიანური თვისება, რომლებიც უნდა ჰქონდეს კარგ ექიმს. პირველი ადგილი საღ აზრს უკავია. საღად აზროვნებს თუ არა ექიმი, ადვილი გასარკვევია: თქვენთვის გასაგები უნდა იყოს ყველაფერი, რაზეც ის ისაუბრებს, რადგან მედიცინაში არაფერია ისეთი, ადამიანმა ახსნა და გაგება რომ ვერ შეძლოს.