ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მისთვის ყველაფერი დროის პერსპექტივაშია ჩართული, ხოლო აწმყო, წარსული და მომავალი ამ პერსპექტივის მომენტებია. აწმყო, წარსული და მომავალი ერთმანეთში უწყვეტ გადასვლაში განიცდება, ე.ი. ადამიანს დროის უწყვეტი მიმდინარეობის, უწყვეტი თანამიმდევრობის - ხანიერების უშუალო განცდა აქვს. მომავლის განცდა ანუ რაღაცის მოლოდინი უწყვეტად გადადის აწმყოს განცდაში, ეს უკანასკნელი კი - წარსულის განცდაში. დროის მდინარების განცდა მუდამ თან ახლავს ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებს. საინტერესოა, როგორ მოდელირდება დრო, როგორ აღიქმება და ფასდება იგი უშუალოდ. დროის რეცეპტორი არ არსებობს. დროს პიროვნება განიცდის თავის "მე"-სთან მთლიანობაში. როგორც ფიზიოლოგები ამბობენ, ადამიანის ორგანიზმი მთლიანად ემორჩილება რიტმისა და დროის კანონებს. საერთოდ, როგორ აღვნიშნავთ დროს? სხვადასხვა ციკლური მოვლენით - მზის ჩასვლა-ამოსვლით, საათის ციფერბლატზე ისრების მოძრაობით და ა.შ. მაგრამ ასეთი ციკლური მოვლენა ჩვენს ორგანიზმშიც არცთუ ცოტაა. თავის ტვინი დღის განმავლობაში ღიზიანდება, იქანცება, შემდეგ აღდგება, საჭმლის მომნელებელი არხი ხან საკვებითაა სავსე, ხან თავისუფლდება მისგან და ა.შ. "შინაგან საათს" მჭიდრო კავშირი აქვს ფსიქიკის საერთო მდგომარეობასთან. ამაზე მიუთითებს მისი მოშლის მრავალრიცხოვანი ფაქტი. მისი შეკეთება კი უმეტესად ფსიქიატრებს უწევთ. დეპრესიული, სულდამძიმებული ავადმყოფები დროს თავისებურად აფასებენ - გადააფასებენ ხოლმე. მათთვის დრო მომქანცველია და გაჭიანურებული. აღგზნებადობის დროს, მანიაკურ მდგომარეობაში, იმავე ავადმყოფებს დროის აღქმა მკვეთრად ეცვლებათ: ეჩვენებათ, რომ ის გარბის... დროის ფსიქოლოგიური ფარდობითობა დაკავშირებულია ადამიანის მოქმედებასთან, მისი აღქმის სიმდიდრესთან, მის აზრებსა და გრძნობებთან, პიროვნულ თვისებებთან, მის ისტორიასთან, ხოლო როცა დროის ორიენტირები გამორთულია, იშლება შინაგანი საათიც (მაგალითად, ძველად საპატიმროებში, კატორღაში წლობით გამომწყვდეული ხალხი დროის შეგრძნებას კარგავდა; ასეთ პირობებში: სიცივეში, ერთფეროვნებაში, მოწყენილობაში, ტანჯვაში დროზე წარმოდგენა სწრაფად ქრება). ჩვენ დროის აღქმის უდიდესი ფსიქოლოგიური რევოლუციის მოწმენი ვართ. თითქოს ფიზიკურად შევიგრძნობთ მის მიზანსწრაფულ რბოლას, მის მკაცრ თანამიმდევრულობას, შეუქცევადობას და საოცარ პიროვნულ ფასს. თუ ბიზნესმენი დროს ფულით ზომავს და ამბობს, დრო ფულიაო, ჩვენთვის დრო ახალი ცოდნაა, ახალი შთაბეჭდილება, ახალი აზრი, ახალი ქმნილება. ჩვენ დროისგან ვაშენებთ პიროვნებას. ქრება დრო და ირღვევა დროის კავშირი, ირღვევა პიროვნება. სხვადასხვა ისტორულ ეპოქაში დროის აღქმა სხვადასხვაგვარი იყო. "ადამიანი, - წერდა ერთი ისტორიკოსი, - დროის შეგრძნებით არ იბადება; მისი დროისა და სივრცის აღქმა ყოველთვის განსაზღვრულია იმ კულტურით, რომელსაც ეკუთვნის". პირველყოფილმა ადამიანმა იცოდა მხოლოდ უახლესი წარსული და უშუალო მომავალი. სივრცე და დრო მისთვის წარმოადგენდა მძლავრ, იდუმალ ძალას, რომელიც შეიძლება იყოს კეთილი და ბოროტი. მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ ადამიანები დროის შეუქცევადობის იდეამდე მივიდოდნენ. ნელა მიედინებოდა დრო შუა საუკუნეების ადამიანისთვის. დღე-ღამის ძირითადი ორიენტირი იყო ეკლესიის ზარების რეკვა. ვინაიდან ცხოვრებისა და ადამიანის ძირითადი საქმიანობის ტემპი დამოკიდებული იყო ბუნებრივ რიტმზე, საათის ზუსტი ცოდნის მუდმივი მოთხოვნილება არ არსებობდა. დროს არ უფრთხილდებოდნენ. საკმარისი იყო დღის ჩვეული დაყოფა ნაწილებად. წუთის როგორც დროის მონაკვეთის ცნება არ არსებობდა. ევროპაში მექანიკური საათის გამოგონებისა და გავრცელების შემდეგ საათს დიდხანს არ ჰქონდა წუთის ისარი, ეს დეტალი მას მხოლოდ XVI საუკუნეში დაემატა. დროის შეფასება პიროვნულია. ის ხშირად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ხომ გახსოვთ შეყვარებული რომეო და ჯულიეტა. რომეო, რომელსაც მოთმინება არ ჰყოფნის, კარგავს დროის ჩვეული აღქმის უნარს. ჯულიეტა ამბობს: "ჩემთვის კი წუთში ბევრი დღეა, ამ ანგარიშით მე დავბერდები, კვლავ რომეოს ვიდრე ვნახავდე". შექსპირი ამბობს: "ზოგთათვის ჟამი ნაბიჯებით მოარულია, სხვათათვის რბის, მესამეთათვის მიჰქრის უწყალოდ, მეოთხეთათვის გაყინულა და დგას უძრავად". ამბობენ, ბედნიერები საათს არ უყურებენო. რუსმა ფსიქოლოგმა ნ. მარინმა ეს აზრი უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა: "სიამოვნება ისევე ვერ შექმნის დროს, როგორც მფლანგველი ვერ დააგროვებს სიმდიდრეს". მაგრამ ეს ხდება აწმყოში. რაც შეეხება წარსულის შეფასებას, აქ პირუკუ კანონზომიერება მოქმედებს: შეუვსებელი, ცარიელი მონაკვეთები, რომლებიც მტანჯველად დიდხანს გრძელდებოდა, მოგონებისას გაელვებულ წამებად გვეჩვენება, ხოლო წამები, დატვირთული საინტერესო, ემოციურად სავსე ქმედებით, ფასდება როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები. ამიტომ ხომ არ არის, რომ სიკეთით, სიხარულით აღსავსე წუთები უფრო გვამახსოვრდება, ხოლო ფუჭი და სევდიანი გვავიწყდება? ამიტომ ხომ არ არის, რომ ყველაფერი, რაც წარსულს ჩაბარდა, წარმოდგენაში ვარდისფრად გვეხატება? ამიტომ ხომ არ ვამბობთ: "აფსუს, რა ხალხი იყო წინათ, ჩვენ რას მოვალთ მათთან?" დაბოლოს, ამიტომ ხომ არ გვეჩვენება ბავშვობა ყოველთვის ბედნიერი? ალბათ რა სხვაგვარად აღიქმება დრო ბავშვობის იმ ბედნიერ წლებში... ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ დროის აღქმა ყველაზე მეტად ბავშვებს უჭირთ. ეს არცაა გასაკვირი. დროს არ გააჩნია თვალსაჩინო ფორმა, მას ვერ მოვსინჯავთ, ვერ დავინახავთ, ვერ დავყნოსავთ, ვერ დავაჭაშნიკებთ. ის შეიძლება მხოლოდ გავიაროთ. ამიტომაც არსებობს დროის სიტყვიერი შეფარდებები: "დღეს", "ხვალ", "გუშინ", "დღეს" - ეს გუშინდელი "ხვალაა" და ხვალინდელი "გუშინ"... დიდ და პატარა ადამიანებს დროის დინების განსხვავებული აღქმა აქვთ. ბავშვი თავდაპირველად უფროსების დადგენილი რეჟიმით ცხოვრობს, მერე კი, ცხოვრების განმავლობაში, თავად ეძებს და პოულობს დროის კოორდინატების საიმედო სისტემას.