ადამიანთა შეთავსებადობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანთა შეთავსებადობა

ადამიანთა იდეურ-ზნეობრივი ერთობა

ოჯახის ნორმალური ფუნქციობისთვის მნიშვნელოვანია მეუღლეთა საერთო შეხედულებები. უნდა ითქვას, რომ ოჯახებში ამ ძირითად ღირებულებათა შინაარსობრივი განსხვავება არც ისე ხშირად გვხვდება. უფრო ხშირად შეთავსებადობა (ან შეუთავსებლობა) ვლინდება ამ ღირებულებათა შეფასებაში, მათ იერარქიაში: რა არის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი მთლიანად ოჯახისა და მისი თითოეული წევრის ცხოვრებაში, რა არის კარგი, მისაღები, რა - მიუღებელი და ა.შ. აზრთა სხვადასხვაობა ყველაზე მეტად თავს იჩენს ისეთი ღირებულებების შეფასებისას, როგორებიცაა "სამუშაო" და "ოჯახი". ამას უკავშირდება ცოლისა და ქმრის მეოჯახეობის შეფასება. ყველა ცოლი დადებითად როდი აფასებს ქმარს, რომლის ინტერესები უმთავრესად ოჯახის კეთილმოწყობის გარშემოა თავმოყრილი; მოდა და მოდური ნივთები, პრესტიჟულობა შეიძლება უთანხმოებას იწვევდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში აქვთ განსხვავებული შეხედულებები ამ ნივთებისა და მოვლენების შესახებ. ღირებულებათა განსხვავებული შეფასებისას უთანხმოება ყველაზე ხშირად თავს იჩენს უმნიშვნელო საბაბის გამო, რომელიც გარეგნულად ნეიტრალურია ოჯახის ცხოვრების მიმართ. კინოფილმის, წაკითხული წიგნის განხილვამ, ნაცნობების ქცევის შეფასებამ შესაძლოა უეცრად სერიოზული უთანხმოება წარმოშვას ცხოვრებისეული პოზიციის შეფასებაში. ამ სახის შეთავსებადობის (ან შეუთავსებლობის) გამოვლენის სხვა შემთხვევაა ამა თუ იმ მიზნის მიღწევის საშუალებების შესახებ შეხედულებათა დამთხვევის ხარისხი: რომელი საშუალება ჩავთვალოთ მისაღებად, ღირსეულად და რომელი - არა. შეხედულებათა სხვადასხვაობა ხშირია. მიზნის მისაღწევად, რომელიც მთლიანად ოჯახის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, ცოლი ზოგჯერ ისეთ საშუალებებს იყენებს, რომლებიც ქმრისა და მისი ნათესავების - დედის, დის და სხვათა - უსიამოვნებას იწვევს. ამ შემთხვევაში შეუთავსებლობა დაფარულია, გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ყველა ცუდად გრძნობს თავს, ოჯახში არ არის მყუდროება, თუმცა მათი ურთიერთობა არ სცილდება მორალის ფარგლებს. "ვიღაცას" მოელაპარაკო, რაღაცას დაჰპირდე, გააბა "საჭირო" ნაცნობობა, "იშოვო" დეფიციტური საქონელი - ისეთი "საშუალებებია", რომელთა მიზეზით ოჯახში შესაძლოა სერიოზული უთანხმოება, შეუთავსებლობა წარმოიშვას. სხვაგვარად არის საქმე, როდესაც ქმარს არ შეუძლია, დაჟინებით მოითხოვოს თავისი ოჯახის კეთილმოწყობისთვის თუნდაც ყველაზე ელემენტარული რამ (როცა, მაგალითად, სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოყოფილ სახლში ცხოვრობს), მაგრამ ეს მის ცოლს არ აღიზიანებს - მას ალბათ არა მარტო უყვარს ქმარი, არამედ მთლიანად იზიარებს მის წარმოდგენას ცხოვრებაში წამოჭრილი ცალკეული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებათა შესახებ.

სოციალურ-ფსიქოლოგიური შეთავსებადობა

სოციალურ-ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის წარმოშობის მიზეზი ხშირად მეუღლეთა განათლების, ასაკის, საერთო კულტურული დონის განსხვავებაა. უნდა ითქვას, რომ განსხვავება განათლების ცენზში თავისთავად არსებით გავლენას არ ახდენს შეთავსებადობაზე; მნიშვნელობა აქვს ზოგადი კულტურის, პიროვნების განვითარების დონეს. სოციალურ-ფსიქოლოგიურ შეთავსებადობას მიეკუთვნება ოჯახის ძირითადი ფუნქციების რეალიზაციის თაობაზე წარმოდგენათა ერთიანობაც: ბავშვის გაჩენა და აღზრდა, საოჯახო ყოფის ორგანიზაცია, ერთმანეთის მორალური, ეკონომიკური და ფიზიკური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ორგანიზაცია და ოჯახის წარმომადგენლობა საზოგადოებაში. ხშირად მეუღლეთა შეთავსებადობა, მათი ოჯახური ცხოვრების სისავსე და კეთილდღეობა დამოკიდებულია სწორედ ძირითად ოჯახურ ღირებულებათა შეთანხმებულობაზე: რისთვის არსებობს ოჯახი და რას უნდა აძლევდეს იგი მის ყოველ წევრს. მეუღლეების წარმოდგენათა შეუსაბამობა ვლინდება ზოგიერთი ღირებულებისადმი ზედმეტი ყურადღების ან გულგრილი დამოკიდებულების კრიტიკით (გადაჭარბებული მეოჯახეობა, ბავშვებისადმი გადაჭარბებული ყურადღება, მუდმივი მუსირება აზრისა "ჩვენ ახლა მხოლოდ ბავშვებისთვის უნდა ვიცხოვროთ").

ფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური შეთავსებადობა

შეთავსებადობის (ან შეუთავსებლობის) ეს სახეები დამოკიდებულია პიროვნების თავისებურებებზე, ჩვევებზე, მეუღლეთა ხასიათსა და ტემპერამენტზე. საინტერესოა, მაინც რომელ პიროვნულ თავისებურებებს და ხასიათის ნიშნებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა შეთავსებადობისთვის. შეუთავსებლობა ყველაზე ძლიერ ვლინდება მეუღლეთა ხასიათის ზოგიერთი უარყოფითი ნიშნის - ეგოიზმის, უპასუხისმგებლობის, სიზარმაცის და სხვ. - მსგავსების დროს. მაგრამ თუ მეუღლეებს ეს უარყოფითი ნიშნები არა აქვთ? ყოველთვის შეიძლება შეთავსების მიღწევა? მაგალითად, ცოლსა და ქმარს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. ერთს შინ, ოჯახურ წრეში უნდა ყოფნა, მეორეს კი მეგობრებთან შეხვედრა, სტუმრების მოწვევა ურჩევნია. რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეთავსებადობა და რა შემთხვევაში - არა? მაგალითად შეიძლება მოვიშველიოთ არა მარტო ცოლქმრული, არამედ ადამიანთა სხვა ჯგუფების (მაგალითად, კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟები, ექსპედიციების მონაწილენი) ურთიერთობის ანალიზიც. შეთავსებად პარტნიორებს შეიძლება ზოგიერთი ნიშანი მსგავსი ჰქონდეთ, - ეს უპირატესად ის ნიშნებია, რომლებიც აღზრდით ჩამოყალიბდა, - ზოგი კი კონტრასტული. კონტრასტული ნიშნები უმთავრესად ბუნებრივია და დამოკიდებულია ტემპერამენტის თავისებურებებზე, ამიტომ შეთავსებადობის ეს სახე თითქოს ექვემდებარება პირველს. დადებითი კლიმატი ოჯახში შეიძლება შეიქმნას მეუღლეთა ტემპერამენტისა და ხასიათების არა მარტო მსგავსების, არამედ განსხვავების დროსაც. ლიტერატურაში გვხვდება გამოთქმა: "კბილის პასტის ტუბის ეფექტი". ზოგი ტუბიდან პასტას აკურატულად ასხამს, ზოგი - როგორც მოხვდება. თურმე ეს შეიძლება მეუღლეთა შორის ღრმა კონფლიქტის მიზეზად იქცეს. წყენისა და პრეტენზიის თავისთავად თითქოს უმნიშვნელო საბაბი მეუღლეთა ურთიერთკრიტიკის ძალზე მოსაბეზრებელ მუდმივ წყაროს წარმოადგენს. მაინც რა მოხდა ამ შემთხვევაში - შეუთავსებლობამ კბილის პასტის ტუბის განსხვავებული გამოყენების გამო იჩინა თავი თუ იგი რაღაც უფრო ღრმა, მნიშვნელოვან საფუძველზე მომწიფდა? დღეს ბევრს ლაპარაკობენ ცოლქმრულ შეთავსებადობაზე და მას ხშირად ფატალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ამ მოვლენის გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე განეწყო, რომ ეძებო შენთან შეთავსებადი ადამიანი - არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ცხოვრების კარგი თანამგზავრის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, ისწავლოთ ერთმანეთის გაგება, განიმსჭვალოთ ერთად ცხოვრების, სირთულეთა გადალახვის მისწრაფებით, საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებანი სხვა ადამიანისას შეუფარდოთ. ოჯახური ბედნიერება არც ბედის საჩუქარია და არც იღბლის ბრმა წყალობა. იგი მეუღლეთა შრომის, მათი გონიერების, სიკეთის, ადამიანობის და, რა თქმა უნდა, სიყვარულის შედეგია. რა თქმა უნდა, ბედნიერება აუცილებელია, მაგრამ როგორი? არსებობს შემთხვევითი ბედნიერებაც, თუმცა სასურველია, ბედნიერება ჯილდოდ მივიღოთ. მეცნიერები ფიქრობენ და კამათობენ იმის თაობაზე, როგორები არიან ბედნიერი ადამიანები ან რა ვიღონოთ, რომ მტკიცე და ბედნიერი ოჯახი გვქონდეს. პასუხი ერთი შეხედვით უბრალოა: ბედნიერება თავისთავად არ მოდის როგორც ხასიათების, გემოვნების, ჩვევების ხელსაყრელი დამთხვევის ავტომატური შედეგი (ადამიანის ხასიათი, გემოვნება და ჩვევა არ არის რაღაც თავისთავადი; ისინი ვითარდებიან, ყალიბდებიან, იცვლებიან, დამოკიდებულნი არიან თვით ადამიანზე, მის კულტურაზე). იყო კარგი ქმარი, კარგი ცოლი - რთული საქმეა. ამისთვის ბევრი რამის ცოდნა და უნარია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეგეძლოს, გამოხატო გრძნობები და იმავდროულად ყურადღება არ მიაქციო წვრილმანებს; შეგეძლოს საკუთარი თავის დაძლევა, საყვარელი ადამიანის განწყობის, განცდების წვდომა, რთული საკითხების გადაწყვეტისას პასუხისმგებლობა - ე.ი. ხელსაყრელი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა. ამრიგად, ფსიქოლოგიური კლიმატი ყველაზე უფრო ნათლად ადამიანთა შეთავსებადობაში ვლინდება, ამიტომ ბევრს ლაპარაკობენ შეთავსებადობაზე შრომით, სასწავლო კოლექტივებში, განსაკუთრებით - ოჯახურ კოლექტივში. "ხასიათის შეუთავსებლობა" გაყრის საკმაოდ გავრცელებული მოტივაციაა. ადამიანთა შეთავსებადობაზე საუბრისას, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობენ ღირებულებათა, ინტერესთა, განწყობათა, ცხოვრების საერთო სტილის გარკვეულ ჰარმონიულობას, ე.ი. ოჯახში ისეთ ურთიერთგაგებას, როდესაც იციან ერთმანეთის ღირსებაც და ნაკლიც და ურთიერთობისას ანგარიშს უწევენ ერთმანეთს. მაგალითად, ერთი შეიძლება ენერგიული იყოს, მაგრამ გულს ვერ უდებდეს საქმეს; მეორე მოკრძალებული იყოს, გაუბედავი, მაგრამ უარს არაფერზე ამბობდეს; მესამე დაგეხმარება, თანაგიგრძნობს, მას ყოველთვის შეგიძლია უამბო შენი თუნდაც უმნიშვნელო გასაჭირი და სხვა. ასეთ ოჯახში (როგორც ყოველ სხვა ჯგუფში) თითოეული იცნობს სხვის თავისებურებებს და არ ცდილობს მათ გამოსწორებას, ვინაიდან ითვალისწინებს, რომ არც თვითონ არის სრულყოფილი. ბუნებრივია, ეს უმთავრესად ოჯახის უფროსი წევრების ურთიერთდამოკიდებულებას ეხება. ბედნიერი მეუღლეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, მათ შეუძლიათ ერთმანეთის საღად შეფასება, ერთმანეთის ნაკლის შეგნება, ეს კი ის ძირითადი პირობაა, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ კომფორტს ახლობელთა ურთიერთობაში. ჭეშმარიტი სიყვარული უპირატესად იდეალისა და რეალობის გარკვეულ შეთანაწყობას გულისხმობს. ახალგაზრდობაში ყველას ჰყოლია იდეალი, უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე, როგორი უნდა იყოს, საზოგადოდ, ბედნიერი ოჯახი. ამ იდეალური წარმოდგენების კორექტირებას შემდგომი ცხოვრებისეული გამოცდილება ახდენს. ბუნებრივია, რეალური მეუღლე რაღაცით განსხვავებული იქნება ადრე ჩამოყალიბებული იდეალისგან. გქონდეს უნარი, იპოვო ახლობელ ადამიანში კარგი, იდეალური, შეურიგდე იმას, რომ ადამიანი ვერ იქნება სრულიად უნაკლო - ადამიანთა ნამდვილი შეთავსებადობის მაჩვენებელია.