ფსიქოლოგიური დახმარება
პირველ ხანებში ყველაფერს უსიტყვოდ აკვირდებით, მაგრამ ადრე თუ გვიან თქვენი მოთმინების ფიალა აივსება. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ კომპიუტერის მაგიდაზე მეუღლის ახალგარეცხილი წინდების აღმოჩენამ, მან კი მშვიდად გიპასუხოთ, ასე უფრო ადვილად ვპოულობო. ამ ავადსახსენებელი წინდების კარადის უჯრაში ჩალაგების ყოველგვარმა მცდელობამ, დაჟინებულმა თხოვნამ, ჩხუბმა და ცრემლებმა შესაძლოა არავითარი შედეგი არ გამოიღოს.
როგორ შევუთავსოთ მამაკაცის სიყვარული მის ზოგიერთ აუტანელ ჩვევას?
არსებობს რამდენიმე გზა:
I. ბარიკადებზე!
შეიძლება, გასაქანი მივცეთ აღშფოთებას და პროტესტი გამოვუცხადოთ არასასიამოვნო, ზოგჯერ კი აუტანელი ჩვევის ყოველგვარ გამოვლინებას, მაგრამ ნუ მიმართავთ ამ ხერხს მეტისმეტად ხშირად. თავად განსაჯეთ: როცა ყვირით, მისი არგუმენტების მოსასმენად ვერ მოიცლით. რა შედეგს მიიღებთ? თქვენ იჩხუბებთ, ის დაგინახავთ გაბრაზებულსა და მყვირალს. ალბათ დაგვეთანხმებით, ამაში არავითარი რომანტიკა არ არის. შერიგების შემდეგ მას ერთხანს ემახსოვრება თქვენი მოთხოვნები, მოგვიანებით კი ჩვეულების ძალა მაინც გადაწონის.
II. მოდი, ვისაუბროთ
შეარჩიეთ დრო გულითადი საუბრისთვის და აუხსენით (მაგალითებითა და ემოციების გარეშე), რატომ არის თქვენთვის უსიამოვნო ქცევის ესა თუ ის მანერა. რაც მთავარია, გააგებინეთ, რომ ვერავითარი გაუგებრობა ვერ მოახდენს გავლენას მისდამი თქვენს სიყვარულზე. ამასთან, ნუ მისცემთ საშუალებას, მიიღოს პოზა: "დიახ, მე ასეთი ვარ; თუ გიყვარვარ, მოითმენ". უთხარით, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია შეიცვალოს, თუ მოინდომა. საყვარელი ადამიანისთვის კი უნდა მოინდომო. საკითხის გადაწყვეტისადმი ასეთ მიდგომას ბევრი დადებითი მხარე აქვს: მეუღლე თქვენში დაინახავს ადამიანს, რომელსაც უნარი შესწევს, მშვიდად მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა, ეს კი უდავოდ დაიმსახურებს მის პატივისცემას. გამორიცხული არ არის, თქვენმა საყვარელმა "ფეთხუმმა" შორიდან შეხედოს საკუთარ თავს, თვითონვე გაოცდეს და მომავალში საკუთარი ქცევა აკონტროლოს. თუ რამე დაავიწყდა, შეახსენებთ. ერთი-ორი წლის შემდეგ ის მიეჩვევა სააბაზანოდან გამოსვლისას შუქის ჩაქრობას, უწესრიგოდ აღარ მიყრი-მოყრის ნივთებს...
III. მე შენ მიგიღებ
თქვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ის წინააღმდეგობას განაგრძობს? ამას იუმორით შეხედეთ. წვრილმანების გამო ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს. ძირითად საკითხებში ხომ არ გაგცრუებიათ მოლოდინი? ჰოდა, ხშირად გაიხსენეთ თქვენი საყვარელი მამაკაცის ძლიერი მხარეები, დადებითი თვისებები და შეაქეთ. ის ამას აუცილებლად დაგიფასებთ. თუ ფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანთან ცხოვრება შეუძლებელია, მიზეზები უფრო ღრმად უნდა ეძებოთ. ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი და მოუგვარებელი პრობლემა დაგიგროვდათ? ზოგჯერ ერთი საუბარიც საკმარისია, რომ უწინდელი გრძნობა დაიბრუნოთ ამ საშინელი, უწესრიგო ადამიანის მიმართ, რომელიც ნივთების თავის ადგილზე დაწყობას ვერა და ვერ მიეჩვია. რჩევა: ახალგაზრდა მეუღლეები ხშირად კამათობენ, რადგან ერთმანეთს ეჯახება აღზრდის ორი წესი, განსხვავებული ჩვევები. ზოგჯერ ადგილები გაცვალეთ _ ერთი დღის განმავლობაში შეითავსეთ ქმრის მოვალეობანი, შეასრულეთ სამუშაო, რომელზეც ის არის პასუხისმგებელი: წადით ბაზარში, გაასეირნეთ ძაღლი, მან კი სადილი მოამზადოს, ჭურჭელი დარეცხოს, ყვავილები მორწყას, ოთახები მტვერსასრუტით მოასუფთაოს... ეს საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაუგოთ ერთმანეთს და ერთმანეთის შრომა დააფასოთ.