ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

რა არის მარტოობა?

მარტოობა, როგორც ადამიანის ცხოვრების უნივერსალური შემადგენელი ნაწილი, ყოველთვის იყო და რჩება ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, ექიმების, მხატვრების, პოეტების, მწერლების ყურადღების, კვლევისა და დაკვირვების საგნად. მარტოობის შესახებ წარმოდგენათა დიაპაზონი მოიაზრებს ძალზე განსხვავებულ შეხედულებებსა და თვალსაზრისებს: მარტოობა განისაზღვრება როგორც ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკის სერიოზული დარღვევები, ღრმა ნევროზის მდგომარეობა, როგორც შედეგი გარესამყაროს ზეწოლისა, რომელიც აიძულებს პიროვნებას, თავი დაიცვას და გაექცეს მას. ერთი სიტყვით, მარტოობა - ეს არის რაღაც დესტრუქციული, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანური ცხოვრების ნორმალურ მსვლელობას. მაგრამ, მეორე მხრივ, მარტოობა - ეს არის სულიერი კეთილდღეობა, უფლის წყალობა, რომელიც უნდა გააცნობიერო და მიიღო, რათა შეიცნო საკუთარი თავი. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი სულიერი სრულყოფისაკენ მიმავალ გზაზე. ალბათ ძნელია, ერთი ხელის მოსმით გავარკვიოთ მარტოობის ზოგადი არსი და შევაჯეროთ ყველა შეხედულება და თვალსაზრისი. მარტოობის სიღრმისეული ახსნისა და კვლევისთვის აუცილებელია, სერიოზულ ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ნაშრომებს მივმართოთ. რაც შეეხება იმ ქალის ცხოვრებაში რეალურად არსებულ პრობლემას, რომელიც ეს-ესაა დედა გახდა, პრობლემას, რომელსაც ის მარტოობას უწოდებს, - უთუოდ მოითხოვს ახსნასა და გადაწყვეტას.

შეიძლება თუ არა იგრძნო მარტოსულად თავი, როცა ყველაფერი რიგზეა?

ხშირად თქმულა, რომ ორსულობა და ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი (განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაპარაკია პირველ ბავშვზე) - ეს არს განსაკუთრებული პერიოდი ქალის ცხოვრებაში, ცვლილებების ხანა, აუცილებელი ახალი სოციალური როლების ათვისებისთვის, ახალ ფასეულობათა შეძენისათვის. ყოველივე ეს ინტენსიურ შინაგან მუშაობას მოითხოვს და თითქოს სრულიად გამორიცხავს უარყოფის, საკუთარი უმნიშვნელობისა და არასრულფასოვნების განცდას, ურთიერთობის დეფიციტს და სხვა. პირიქით, ქალის ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თან უნდა სდევდეს მისი თვითშეფასების ამაღლება - ის ხომ ამიერიდან ოჯახისა და საზოგადოების თვალში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას - ახალი სიცოცხლის დამბადებელი და მფარველია. ამაზე ბუნებაც ზრუნავს - ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ზემოქმედებას ახდენს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მომავალი დედისა და მერე უკვე დედის მთელი გულისყური მისი შინაგანი მდგომარეობისა და ბავშვისაკენ არის მიმართული. ის გარკვეულწილად დაცულია გარეგანი ზემოქმედებებისგან. ახალგაზრდა ქალი თავისი ცხოვრების აზრსა და დანიშნულებას იმაში პოვებს, რომ ჯერ მუცლით ატარებს, მერე შობს, მერე კი კვებავს თავის პირმშოს. ერთი სიტყვით, თვითრეალიზაციას შვილზე ზრუნვით ახდენს. მიუხედავად ამისა, რეალურ ცხოვრებაში ხშირად გვიხდება შეჯახება შემთხვევებთან, როცა ახალგაზრდა დედა გარესამყაროსგან სოციალურ და ემოციურ იზოლაციაში ექცევა, რასაც ის ძალიან მწვავედ და მტკივნეულად განიცდის.

სოციალური იზოლაცია

საქმიანი აქტივობა (ან სწავლა), კოლეგებსა და მეგობრებთან ურთიერთობა, კარიერული წინსვლა, გამოფენებზე, კონცერტებსა თუ წარმოდგენებზე სიარული - ყველა ეს და დროის სტრუქტურირების მსგავსი საშუალებები საერთო ჯამში მიუღებელია ქალისთვის, რომელმაც ეს-ესაა ბავშვი გააჩინა. ურთიერთობის ახალი წრე ამ შემთხვევაში ასეთივე ახალგაზრდა დედებმა უნდა შეადგინონ, თუმცა ეს წრე, როგორც წესი, ძალიან ნელა ყალიბდება: მეგობარი ქალების უმრავლესობას ჯერ დედობის სიხარული არ განუცდია, მათთვის ძნელია უსასრულოდ საუბარი ახალგაზრდა დედის წვრილმან პრობლემებზე, ბავშვის საფენების უკმარისობასა თუ ხარისხზე, ბავშვის ტირილსა თუ ძილზე. უბნის პედიატრსა და ექთანთან ვიზიტი, როგორც წესი, მცირე ხანს გრძელდება, ქალი ვერ ახერხებს მათთან გულითად საუბარს და მისთვის აქტუალური კითხვები უპასუხოდ რჩება. ასეთი კითხვა კი ახალბედა დედას უამრავი აქვს. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და მოუგვარებელი პრობლემა უზარმაზარ ტვირთად აწვება ახალგაზრდა, გამოუცდელი ქალის სულს. ის კარგავს თავდაჯერებას, ეჭვი ეპარება საკუთარ თავში. ყოველივე ეს აქვეითებს მის თვითშეფასებას, აძლიერებს მოუსვენრობას, შფოთვასა და დეპრესიას. მას უფრო და უფრო მეტად ეუფლება გარესამყაროსგან გაუცხოების განცდა, განცდა, რომ ის არავის სჭირდება.


ემოციური იზოლაცია

ემოციური იზოლაცია, საბოლოო ჯამში, ახლობლებთან ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება. "ქმარი საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას, ის ჩემში ხედავს მხოლოდ იმ არსებას, რომელიც მის მემკვიდრეზე ზრუნავს. სამუშაოში ყელამდე ჩაეფლო, შინ დაბრუნებას არ ჩქარობს, სხვა ინტერესები გაუჩნდა, საერთოდ არ მისმენს, როცა ვუამბობ, როგორ გავატარეთ დღე მე და ბავშვმა... მე ოთხ კედელში ვარ გამომწყვდეული, მას კი ჩვენთან ერთად გასეირნება უქმე დღეებშიც კი არ სურს..." - ასეთი რამ განუცდია თითქმის ყველა ქალს, რომელსაც დედობის გამოცდილება აქვს. ალბათ, ობიექტურად შესაძლებელია, საქმეებს ქმრის დაუხმარებლადაც გავართვათ თავი, მაგრამ ახალგაზრდა, აქტიური, საქმიანი ქალი, რომელიც მიჩვეული იყო, რომ თავისუფალ დროს უმეტესად ქმართან ერთად ატარებდა, ახლა მიკერძოებულად და მტკივნეულად აღიქვამს "ოთხ კედელში გამომწყვდევას". თუ ბავშვის დაბადებამდე ისინი ხშირად საუბრობდნენ სამსახურებრივ საქმეებზე, გეგმავდნენ, როგორ გაეტარებინათ უქმეები, ახლა ქმარს მიაჩნია, რომ ყველა საკითხი, რომელიც ბავშვთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ცოლს ეხება, ერთობლივი დასვენება კი განუსაზღვრელი დროით გადაიდო... ემოციურ იზოლაციას, სამწუხაროდ, ხშირად აღრმავებს ურთიერთობა მშობლებთან - ბავშვის ბებიებსა და ბაბუებთან. ისინი სიამოვნებით ეხმარებიან ქალიშვილს ან რძალს, თუმცა საშუალებას არ აძლევენ ახალგაზრდა დედას, გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს. მიაჩნიათ, რომ ისინი, მათი ასაკისა და გამოცდილების გამო, ავტორიტეტებად უნდა აღიარონ ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა ბავშვის მოვლა, კვება, მკურნალობა და სხვა. ახალგაზრდა დედის ყოველი ქმედება განხილვისა და კრიტიკის საგანი ხდება: "ისე არ აცმევ, როგორც საჭიროა, ისე არ არწევ, როგორც საჭიროა, რატომ აძლევ მატყუარას, რატომ სძინავს ბავშვს დედასთან ერთად, რატომ არ კვებავ საათობრივად, რატომ შეიძინე ასეთი საბავშვო ეტლი?" და ა.შ. იოლი მისახვედრია, რომ ასეთი შენიშვნები ვერაფრით დაეხმარება ქალს ახალი, დედობრივი როლის ათვისებაში და, მით უმეტეს, ვერ აამაღლებს მის თვითშეფასებას, ვერ გადაალახვინებს მორიდებას, ვერ იხსნის მღელვარებისა და შფოთვისგან. მაინც რატომ არის, რომ, მიუხედავად დაცვითი მექანიზმების არსებობისა, გაუცხოების, ზედმეტობის განცდა მაინც იჩენს თავს? ალბათ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ინდივიდუალური მიზეზები მოიძებნოს. საერთო ჯამში პრობლემა ასე წარმოგვიდგება. თანამედროვე საზოგადოებაში მომუშავე და სწავლის პროცესში ჩართული ორსულები უკვე ნორმად იქცა. მუშაობისა და სწავლის დაძაბული გრაფიკი ახალგაზრდა ქალს, მომავალ დედას, ხელს უშლის "შეიგრძნოს" მოსალოდნელი ცვლილებები, ცხოვრების ახალი ეტაპი. ფსიქოლოგიური ცვლილებები იგვიანებს. ისინი იბლოკება, რადგან ქალმა თავი უნდა გაართვას სამუშაოს ან ჩააბაროს გამოცდები... შედეგად კი სათუო ხდება ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება - დედობისთვის მზაობა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ფსიქოლოგიურად "ჩამოუყალიბებელი" დედობისგან ზარალდება არა მხოლოდ დედა, არამედ ბავშვიც, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ. გარდა მოვლა-პატრონობისა და კვებისა, პატარა განუწყვეტლივ ელის დედისგან მისი არსებობის დასტურს. ეს დასტურია მზრუნველი გამოხედვა, სიყვარულით სავსე ღიმილი, ალერსიანი შეხება, რომლითაც ჩვენ უხვად ვაჯილდოებთ ჩვენს პატარას. როცა დედა თვითონვეა მოკლებული ამ საყრდენ წერტილს, ვერ გრძნობს ბავშვთან ერთად თავისი არსებობის აზრს, რას მისცემს შვილს? ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ასეთ მტკიცებულებათა ქრონიკულ უკმარისობასა და ადრეულ ასაკში მძიმე ფსიქოლოგიურ დაავადებათა განვითარებას შორის უშუალო კავშირია. შეიძლება ითქვას, რომ დედა, რომელიც ვერ ძლევს გაუცხოების განცდას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის შვილს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა? საამისოდ არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, თუმცა საჭიროა ინდივიდუალური მომენტების გათვალისწინებაც. გაუცხოება, სიცარიელე, თვითრწმენის ნაკლებობა, იზოლაციის განცდა, რომლებიც მშობიარობის შემდეგ წარმოიშობა, საბოლოო ჯამში იმით არის გამოწვეული, რომ მომავალი დედა მიზეზთა გამო ვერ "ასწრებს", ორსულობის პერიოდში მოემზადოს თავისი ახალი როლისათვის. ამიტომ რაც უნდა ინტენსიური იყოს თქვენი სამუშაო ან დაძაბული სწავლის პროცესი, აუცილებელია ორსულობის პერიოდშივე გამოძებნოთ დრო და იპოვოთ ახალი წრე (ანუ თავიდან აიცილოთ სოციალური იზოლაცია). არსებობს სკოლები მომავალი დედებისათვის. იქ იოლად შეიძენთ ახალ ნაცნობებს, იქნებ მეგობრებსაც, რომლებსაც გაუზიარებთ მშობიარობის შემდეგ თავჩენილ პრობლემებს. შეგიძლიათ, ინტერნეტშიც მოძებნოთ საიტები, რომლებიც ფეხმძიმობას, მშობიარობას, ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებულ სირთულეებს ეხება. ინტერნეტის საშუალებითვე დაუკავშირდებით სხვა ახალგაზრდა დედებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. ეცადეთ, დაუახლოვდეთ ქალებს, რომლებიც მსგავს მდგომაროებაში არიან. ანალოგიურ მომზადებას მოითხოვს ოჯახიც. თქვენმა მეუღლემაც უნდა მიიღოს რჩევები მოსალოდნელ სირთულეთა შესახებ, სასურველია დაესწროს მშობიარობასაც (ცხადია, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე); ერთად მოამზადეთ კუთხე ახალშობილისთვის. მეუღლეს ორსულობის პერიოდშივე ესაუბრეთ იმის შესახებ, როგორ აეწყობა თქვენი ოჯახური ცხოვრება მშობიარობის შემდეგ, როგორ გაატარებთ თავისუფალ დროს, შვებულებას. დედასა და დედამთილს უამბეთ, რამდენი წიგნი წაიკითხეთ ორსულობისა და ბავშვის მოვლის შესახებ, აუხსენით, რომ ესწრებოდით სპეციალურ კურსებს მომავალი დედებისთვის, რომ საფუძვლიანად მოემზადეთ ბავშვის გასაჩენად. აგრძნობინეთ, რომ სიამოვნებით მიიღებთ მათ დახმარებას, მხოლოდ რჩევების სახით. თავადაც უნდა გააცნობიეროთ საკუთარი მნიშვნელობა. თქვენ ხომ დედა ხართ - ის, ვისი წყალობითაც გრძელდება ადამიანთა მოდგმა. ამ შემთხვევაში ბავშვის დაბადების შემდეგ თავს მარტოსულად არასოდეს იგრძნობთ.