ფსიქოლოგიური დახმარება
სქესობრივ მომწფებასთან ერთად მწიფდება და გარდატეხას განიცდის ფსიქიკაც, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნული ”მე”. მშვიდი და ალერსიანი ბავშვი უხეშ, უტიფარ, დაუმორჩილებელ და აგრესიულ არსებად იქცევა. ფსიქოლოგების აზრით, ეს ყველაფერი ბუნებრივია. მეტიც, ამ რეაქციების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, ნორმალურად ვითარდება თუ არა მოზარდი და სჭირდება თუ არა მას მშობლების ან ფსიქოლოგის დახმარება. მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, მისი ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი განვითარება ამ ასაკში ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციით (წარმოქმნით) არის განპირობებული. პუბერტატულ პერიოდში მკვეთრად იცვლება მოზარდთა გემოვნება, შეხედულებები, აზროვნება, ზოგჯერ თავადაც ვერ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა ურჩევნიათ. ზოგჯერ ჩაცმა თუ მანერები უფროსებისთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ ასეც რომ იყოს, მუდმივი კრიტიკა, შენიშვნები, დაცინვა, ირონია, ძალდატანება, იგნორირება არამც და არამც არ შეიძლება. ნუ მოსთხოვთ მათ, ყველაფერი ისე აკეთონ, როგორც თქვენ მოგწონთ და გსურთ. კატეგორიული ტონი, ყვირილით მიმართვა პროტესტს, საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. თბილი, ალერსიანი, მეგობრული რჩევებითა და კომპრომისული დამოკიდებულებით, დათმობით მოზარდს უფრო ადვილად დაარწმუნებთ. როცა თინეიჯერი გამუდმებით აწყდება წინააღმდეგობას, როცა მას უფროსები განუწყვეტლივ თავს ახვევენ თავის აზრს, საშუალებას არ აძლევენ, რაიმე თავად გადაწყვიტოს, როცა მორჩილებასა და თანხმობას მოითხოვენ მისგან, ბუნებრივია, კონფლიქტი იჩენს თავს, დაძაბულობა იზრდება და საქმე განხეთქილებამდე მიდის. თავისუფლების წყურვილი ისე მძაფრდება, რომ მოზარდს ხშირად შინიდან გაქცევის სურვილიც კი უჩნდება. ამ დროს ის უხეში, აგრესიული, დაუნდობელი ხდება მშობლების, პედაგოგების, თანატოლების მიმართ და იმის დასამტკიცებლად, რომ უკვე ”დიდია”, უცენზურო გამოთქმებსაც არ ერიდება. თინეიჯერის ასეთი ქცევის შემხედვარეს თავზარი ნუ დაგეცემათ. დროთა განმავლობაში ის ისწავლის აგრესიული ინსტინქტების დამორჩილებას, მაგრამ ამისთვის მშობლებისა და სხვა ახლობლების კეთილგანწყობა, თანადგომა და გონივრული დახმარება დასჭირდება. მშობლებისა და შვილების კონფლიქტი ნაწილობრივ ბუნებრივი მეტოქეობით აიხსნება. მოზარდი იგრძნობს თუ არა, რომ ”უკვე დიდია”, ირწმუნებს, რომ მისი დროც დადგა, მან უნდა დაიპყროს სამყარო, უნდა მოხიბლოს საპირისპირო სქესი. ის ცდილობს, მშობლებს მართვის სადავეები წაართვას, მშობლები ქვეცნობიერად გრძნობენ ამას და განიცდიან. სქესობრივი მომწიფების პროცესი მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას უდებს სათავეს. უწინარეს ყოვლისა, მოზარდი იძულებული ხდება, გადააფასოს საკუთარი თავი - შეესაბამება თუ არა ის მის ირგვლივ არსებულ ქალურობისა თუ მამაკაცურობის კრიტერიუმებს. მას არ მოსწონს საკუთარი ნაკვთები, წონა, სიმაღლე... სქესობრივი მომწიფება გოგონებს უფრო ადრე ეწყებათ, ბიჭები, რომლებიც ამ მხრივ ჩამორჩებიან, შურით შეჰყურებენ დაქალებულ თანაკლასელ გოგონებს. ხდება პირიქითაც - დაკაცების გზაზე დამდგარი ვაჟები უხერხულობას განიცდიან სასქესო ნიშნების (თმიანი საფარველის, უდროო დროს ერექციის) გამო. ასეთივე პრობლემები აქვთ გოგონებსაც - ერიდებათ წამოზრდილი მკერდის ან მტკივნეულად განიცდიან მენსტრუაციის დაწყებას. ასეთ დროს ყოველი უტაქტო ხუმრობა თუ შენიშვნა ტრავმას აყენებს მოზარდის ფსიქიკას. იცვლება დამოკიდებულება ირგვლივ მყოფთა მიმართ, წყენა ზოგჯერ აგრესიაში გადაიზრდება. გარდატეხის ასაკის უმთავრესი შტრიხი კი, რაღა თქმა უნდა უნდა, სქესობრივი ლტოლვის დაბადებაა. ზოგჯერ სასიყვარულო ურთიერთობებში წამოქმნილი სირთულეები მოზარდს სტრესს აყენებს. რაც უნდა თავდაჯერებულნი იყვნენ თქვენი შვილები ან და-ძმები, მათ მაინც სჭირდებათ ახლობლების თანადგომა, მშობლებს კი მათთან ურთიერთობისას უზარმაზარი მოთმინება და ტაქტი მოეთხოვებათ, რათა უკეთ ჩასწვდნენ მოზარდის სამყაროს და უკეთ გაუწიონ მეგზურობა ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბების გზაზე.
ძალიან მინდა, ვისწავლო მანქანის მართვა, მაგრამ ვშიშობ, ჩემგან კარგი მძღოლი არ გამოვა. რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად მოვხვდები ავარიაში და ვინმეს დავაზიანებ. როგორ მოვერიო თავს? სოფიო, 24 წლის
იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ, როგორი მძღოლი დადგება თქვენგან, ჩაეწერეთ ავტოსკოლაში. მართვის სპეციალური კურსების გავლა საკუთარი თავის რწმენას განგიმტკიცებთ. ყველაფერს გაიგებთ მანქანის აგებულების შესახებ, ინსტრუქტორი მის სწორად მართვაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ აირჩევთ ავტომობილს ავტომატური მართვით. პირველ ხანებში ნუ შეგრცხვებათ მანქანის წინა და უკანა მინაზე წარწერისა ”სასწავლო”. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ მამრობითი სქესის გამოცდილი მძღოლებისა თუ ავტომოყვარულების უკმაყოფილება. ისინი, ვინც იმოძრავებს თქვენს უკან ან თქვენს გადასწრებას შეეცდება, თქვენდამი უფრო მომთმენნი გახდებიან.
მე და ჩემი მეუღლე განქორწინებას ვაპირებთ. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა, მეტიც - მტკივნეული. მე სრულიად არ მსურს მასთან საუბარი და ურთიერთობა. როგორ მოვერიო ამ ტკივილს? ირინა, 33 წლის
გასაგებია, რომ განქორწინების პროცესი სასიამოვნო მოგონებებს ვერ დაგიტოვებთ. ალბათ, თქვენი მეუღლეც მძიმედ განიცდის. მაგრამ იმისთვის, რომ ემოციები ზღვარს არ გადასცდეს, მიჰყევით ინსტრუქციას და გადაწყვიტეთ, რა გსურთ მიიღოთ განქორწინების შედეგად. ჩვეულებრივ, განქორწინებისას ორივე მეუღლე თანხმდება სამ ძირითად პუნქტზე: ესენია: 1) ალიმენტი; 2) ქონების გაყოფა; 3) ბავშვებთან ურთიერთობა. თუ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, გამოიტანთ დასკვნებს და მიაღწევთ შეთანხმებას, რომელიც სასარგებლო იქნება თქენთვის, სულ მალე იგრძნობთ შვებას.
ჩემს გოგონას ჩემ გამო რცხვენია. მას მიაჩნია, რომ ძველმოდური ვარ და არ ვგავარ მისი მეგობრების დედებს, რომლებიც უფრო თანამედროვენი არიან. მან კატეგორიულად მომთხოვა, გამოსაშვებ საღამოზე არ მივსულიყავი... ელენე, 37 წლის
გაარკვიეთ, სახელდობრ რით მიაჩნიხართ თქვენს ქალიშვილს ძველმოდურად - ჩაცმით, მანერებით თუ შეხედულებებით; გაარკვიეთ, როგორი წარმოუდგენია მას თანამედროვე დედა. საზოგადოდ, ნუ დაიშურებთ დროს ქალიშვილთან ურთიერთობისთვის. გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი მისი მისწრაფებების მიმართ, ერთად იარეთ კინოში, თეატრში, გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენ-თქვენი პრობლემები. რაც უფრო მეტი გულახდილობა იქნება თქვენს შორის, მით მეტად ჰარმონიული გახდება თქვენი ურთიერთობა.
ახლახან ჩემს უფროს დას ბავშვი შეეძინა - პატარა ბიჭუნა, მაგრამ უფლებას არ მაძლევს, ბავშვი ხელში ავიყვანო, ვასეირნო ან ვეთამაშო. ყველაფერს იმით ხსნის, რომ გამოუცდელი ვარ. მე ეს ძალიან მწყინს, ძალიან მინდა მოვეფერო ჩემს დისშვილს და ვიზრუნო მასზე! ნინი, 17 წლის
ახალგაზრდა მშობლები ხშირად ზომაზე მეტად მფარველობენ თავიანთ პირმშოებს და ეშინიათ, ბავშვი ანდონ მას, ვისაც არასოდეს ჰქონია ჩვილებთან ურთიერთობა. ეცადე, ხშირად დაუსვა დას კითხვები ბავშვის მოვლის შესახებ, აჩვენე, რომ გულდასმით უსმენ და იზიარებ მის მოსაზრებას. შესაძლოა, ამან მისი პოზიცია შეარბილოს. შესთავაზე დახმარება, როცა ძალიან დასჭირდება - რთულ სიტუაციაში მას დისპუტის თავი აღარ ექნება. ნუ დააჩქარებ მოვლენებს, საჭიროა დრო, რათა დამ ირწმუნოს შენი და პატარა განდოს.