ფსიქოლოგიური დახმარება
სულ ერთი წელია, შევუღლდით და უკვე გამუდმებით ჩხუბი და უსიამოვნება გვაქვს. არადა გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ყოფნა ნამდვილად გვინდა, მაგრამ მუდმივი ჩხუბი ცხოვრებას გვირთულებს. კონფლიქტი თითქოსდა უმიზეზოდ იწყება, წვრილმანი საბაბის გამო. უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებთ, რომ ორივე ვყვირით და საშინელი სიტყვებით ვამკობთ ერთმანეთს. მერე მე ვტირი, ის ჩემს დამშვიდებას ცდილობს, ბოლოს დიდხანს ვთხოვთ ერთმანეთს პატიებას და ვცდილობთ, უთანხმოების მიზეზი აღარ ვახსენოთ, რადგან გვეშინია, კიდევ არ მოგვივიდეს ჩხუბი. როგორ გავარკვიოთ ურთიერთობა? თამარი, 27 წლის
იმ ოჯახისთვის, სადაც სიყვარულია, ჩხუბი საშიში არ არის. უცნაური რამ შევამჩნიე - ყოველი ჩხუბის შემდეგ თითქოს ახალი თაფლობის თვე იწყება. ერთი-ორი საათი ვყვირით, ზოგჯერ ჭურჭელსაც ვამტვრევთ - სამაგიეროდ, შემდეგ ერთი-ორი თვე სიამტკბილობაში ვცხოვრობთ, სანამ ისევ არ წავიჩხუბებთ, მერე კი ჩვენ შორის ისევ მშვიდობა და ჰარმონია ისადგურებს. ჩხუბის მიზეზი უმეტესად ის არის, რომ რომელიმე ჩვენგანი მარცხენა ფეხზე ადგა ან უგუნებოდ იყო. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ბევრ ჭურჭელს ვამსხვრევთ, თუმცა ახალი ნივთების შეძენაც დიდი სიამოვნებაა. მაინტერესებს თქვენი აზრი ყოველივე ამაზე. ეკა, 24 წლის
დიდხანს მშურდა იმ ოჯახების, სადაც ყველა ერთად სადილობს და ვახშმობს... ჩემი ქმარი, როგორც კი სუფრას გავაწყობდი, იღებდა თავის თეფშს და საწოლ ოთახში გადიოდა, რომ იქ ეჭამა, ტელევიზორთან. მე დიდხანს მეგონა, რომ მას ტელევიზორი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე და ბავშვები. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და დავიყვირე: "ეს ხომ ოჯახი არ არის! ნორმალურ ოჯახებში ასე არ ხდება!" "როგორ?" - მკითხა გაოგნებულმა ქმარმა. "შენ დღედაღამ ტელევიზორს მისჩერებიხარ და მეტი არაფერი გაინტერესებს!" "არა, მხოლოდ საინფორმაციო გადაცემას ვუყურებ!" მაშინღა მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ახლა ჩვენ ნახევარი საათით ადრე ვვახშმობთ და პრობლემაც მოგვარდა. გარდა ამისა, მივხვდი, რომ პრობლემაზე უნდა იმსჯელო ხმამაღლა და რაც შეიძლება კონკრეტულად. მართალი ვარ თუ არა?" ლიკა, 30 წლის
ფსიქოლოგის კომენტარი
ოჯახური ცხოვრებისას კონფლიქტებს თავიდან ვერ ავიცილებთ, თუმცა ჩხუბი ოჯახში ორ ფუნქციას ასრულებს - აახლოებს და აშორებს. მჭიდრო ურთიერთობის პერიოდის შემდეგ ცოლ-ქმარს პირადი სივრცეების აღდგენა სჭირდება, რის ინსტრუმენტადაც იქცევა ხოლმე კონფლიქტი. მეორე მხრივ, ჩხუბის დროს ადამიანები უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. მიჩნეულია, რომ ჩხუბი ძლიერი გრძნობის ნიშანია; მეუღლეები ამით თითქოს ეუბნებიან ერთმანეთს: "მე ჯერ კიდევ ძალიან მიყვარხარ". თუმცა შეიძლება, კონფლიქტი კონსტრუქციულ ფორმაში მოვაქციოთ, ხოლო გრძნობები სხვაგვარად გამოვხატოთ. თუ ჩხუბი ერთობლივი ცხოვრების მუდმივ ატრიბუტად იქცა, დაამკვიდრეთ - დროებით მაინც - ასეთი რიტუალი: ყოველ საღამოს, ძილის წინ, ისაუბრეთ თქვენი სურვილებისა და გრძნობების შესახებ, 5 წუთი - ერთმა მეუღლემ, 5 წუთი - მეორემ. მერე კი მოსმენილის შესახებ იმსჯელეთ. ეს რიტუალი საშუალებას მოგცემთ, გამოხატოთ უარყოფითი ემოციები, მერე კი პრობლემის კონსტრუქციულ განხილვაზე გადახვალთ.
დიდი ძალისხმევა მჭირდება სილამაზის სალონში წასასვლელად. ბავშვობიდან მაქვს გრძელი თმა და ვარცხნილობა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ალბათ ამიტომაც არ მიყვარს სილამაზის სალონში სიარული. ვერ ვიტან, როცა თმაზე მეხებიან, არ მიყვარს სარკესთან გაუნძრევლად ჯდომა. თავი ჩემთვის გაცილებით უფრო ინტიმური ადგილია, ვიდრე რომელიმე სხვა. ყოველ შემთხვევაში, ეპილაციას ყოველ თვე მშვიდად ვიკეთებ. არის ამაში რაიმე უცნაური? ლიზა, 35 წლის
ზოგიერთ კულტურაში თმა სასიცოცხლო ძალის სიმბოლოდ არის მიჩნეული. არსებობს რიცხვთა წიგნი, სადაც ნათქვამია, რომ განსაზღვრულ რიცხვებში თმაზე შეხება არ შეიძლება. შუა საუკუნეებში "ჯადოქრებს" ძალით კრეჭდნენ თმას და ამით რიტუალურად ართმევდნენ ძლევამოსილებას. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "სახე" და "პიროვნება" მონათესავე სიტყვებია. საუკუნეების განმავლობაში ქალებს თავშიშველებს შინიდან გასვლა ეკრძალებოდათ. გასაკვირი არ არის, რომ თმა სხეულის ინტიმურ ნაწილად აღიქმება. როცა უცხო ხელი მოურიდებლად ეხება თქვენს თმას, თქვენ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა. ეს უნივერსალური პრობლემაა, მასთან შეჯახება ბევრ ადამიანს უხდება, თუმცა ამაზე ყველა არ საუბრობს. ასე რომ უცნაური ამაში ნამდვილად არაფერია.
მე რთული დამოკიდებულება მაქვს მობილურ ტელეფონთან. ის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ეს არ კმარა საიმისოდ, რომ იგი მაგიურ ნივთად იქცეს და ჩვენი ცხოვრება მართოს. უქმე დღეებში მე მას სამსახურში ვტოვებ, კვირის განმავლობაში კი სახლში. როცა ის რეკავს, შიში მიპყრობს, ასე მგონია, ძიძა მირეკავს - ბავშვს რაღაც შეემთხვაო, ან სასწრაფო საქმე გამოჩნდა სამსახურში, მაგრამ როცა დიდხანს დუმს, მაშინაც უკმაყოფილო ვარ - მეჩვენება, რომ ყველას დავავიწყდი... სალომე, 29 წლის
ტელეფონისადმი თქვენს დამოკიდებულებაში არის ელემენტი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი ნებაყოფლობით არ ხდება. შესაძლოა, თქვენ სწორედ ეს არ მოგწონთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უთანასწორო ურთერთდამოკიდებულება დამყარდა: ის თქვენ გაკონტროლებთ (გატყობინებთ ცუდ ან კარგ ამბებს), თქვენ კი ტოვებთ მას ან სახლში, ან სამსახურში. რა თქმა უნდა, ტელეფონი სასარგებლოა, მაგრამ ეს მართლაც არ კმარა იმისთვის, რომ ის მაგიურ ნივთად იქცეს და თქვენი ცხოვრება მართოს. ბოლოს და ბოლოს, მობილური მომსახურებისთვის თქვენ ფულს იხდით და თქვენი ურთიერთობა ამას მისტიკურიდან პრაქტიკულამდე დაჰყავს. ეცადეთ, ტელეფონთან საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ. ეცადეთ, შეგნებულად გამოტოვოთ რომელიმე, ნაკლებად მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი. შესაძლოა, ასეთმა "ვარჯიშმა" პირველ ხანებში ერთგვარი შიში გამოიწვიოს: ვაითუ რამე მნიშვნელოვანი უნდა ეთქვათ? ვაითუ ხელახლა აღარ დარეკონ ან ეწყინოთ? თუმცა ეს შიში, ჩვეულებრივ, შინაგანი შფოთვის შედეგია და არა რეალობის ასახვა. შეგიძლიათ ძველი აპარატი სამი ახალი აპარატით შეცვალოთ: ერთი მეგობრებისთვის, მეორე სამსახურისთვის, მესამე კი - ოჯახისთვის.
ჩემი უბედურება ის არის, რომ გამუდმებით ვიგვიანებ. ვნერვიულობ, ვჩქარობ, კიბეზე სამ-სამ საფეხურს ვახტები, მერე ბოდიშებს ვიხდი, ათას მიზეზს ვიგონებ თავის გასამართლებლად... როგორ დავძლიო ეს ჩვევა? მაია, 25 წლის
თქვენ გსურთ, თავის დროზე მიხვიდეთ დანიშნულ ადგილას, თუმცა სახლიდან იმაზე გვიან გამოდიხართ, ვიდრე საჭიროა, თითქოს გსურთ შეამოწმოთ, ვინ უფრო ძლიერია - თქვენ თუ დროისა და სივრცის კანონები. მარცხდებით და ბევრ უხეხულობას განიცდით, მაგრამ მეორე დღეს ბრძოლას თავიდან იწყებთ... მოდი, სცადეთ და ერთხელ თავის დროზე მიდით სამსახურში ან შეხვედრის ადგილას. ყური მიუგდეთ თქვენს შინაგან ხმას. შესაძლოა, მან პედანტიც კი "გიწოდოთ", თქვენ კი უპასუხებთ: "დაგვიანება არც ისე კარგი საშუალებაა იმაში დასარწმუნებლად, რომ გაფასებენ".