როგორი ადამიანი მიიჩნევა სნობად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი ადამიანი მიიჩნევა სნობად

ერთ-ერთი ფარული აგრესორია სნობიზმის ვირუსი. სნობიზმი გამოიხატება სნობური ქცევითა და მანერებით, სნობური ქცევა კი მოდისა და ე.წ. კარგი ტონის წესების ზედმიწევნით დაცვას გულისხმობს. სნობები პრეტენზიას აცხადებენ დახვეწილ გემოვნებაზე, მანერებზე, თავი მოაქვთ ამით და ქედმაღლობენ, რაც არც ისე მოსაწონია და გარშემო მყოფებზე გამაღიზიანებლად მოქმედებს, თუმცა არიანი ადამანები, ვისთვისაც სნობური ქცევა მისაბაძიც კი ხდება. არსებობენ მატერიალური და არამატერიალური სნობები. უფრო გავრცელებული ვარიანტია მატერიალური სნობი.

მატერიალური სნობი

მატერიალურ სნობს არ შეუძლია, უბრალოდ წავიდეს მაღაზიაში და შეიძინოს თავისთვის, მაგალითად, ჯინსი. ის დახარჯავს უამრავ დროს, მოძებნის საუკეთესო მაღაზიას, გადასინჯავს ჯინსების ყველა ეგზემპლარს, მოიზომავს მათ ხელებზე, ფეხებზე, თავზეც კი და შესაძლოა, ამ მაღაზიის თანამშრომლები ისტერიკამდეც კი მიიყვანოს; ის შესაძლოა წავიდეს, მერე დაბრუნდეს და თან მოიტანოს თავისი საყვარელი სვიტერი, რომელსაც ამ ჯინსს შეუხამებს. და ყოველივე ამის შემდეგ ის, ბოლოს და ბოლოს, ალბათ გაიღებს შრაშუნა კუპიურებს. ზოგჯერ სნობი ამის შემდეგ სტუმრებსაც იწვევს, რომლებსაც მასთან სტუმრობისას "შემთხვევით" მოხვდებათ თვალში ძვირიანი ბრენდის იარლიყით შემკული ჯინსი. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სნობები და მდიდარი ადამიანები. ეს უკანასკნელნი, უბრალოდ, მდიდრები არიან, ხოლო სნობები - ახალგამდიდრებული მდაბიოები, რომლებიც ცდილობენ, ყველას რაფინირებულ ადამიანებად მოაჩვენონ თავი, რისთვისაც ირჩევენ არა უბრალოდ კარგ, არამედ საუკეთესო ნივთებს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ძლიერ მომრავლდნენ ჩვენს სინამდვილეში და ინტელიგენტი, გემოვნებიანი და თავმდაბალი ადამიანების გვერდით საკმაოდ შესამჩნევნი არიან. მატერიალური სნობები გუნდურად თანაარსებობენ. ისინი შორიდანვე გრძნობენ და უშეცდომოდ ცნობენ ერთმანეთს. მათთვის აუცილებელია ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთად ყოფნა, რადგან ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ აუბამს მხარს საუბარს, რომელიც ეხება, ვთქვათ, ავტომატურად, ფოტოეფექტზე მომუშავე მაღვიძარას უპირატესობას ჩვეულებრივის წინაშე, ანდა იმას, რამდენად პრესტიჟულია 5000-დოლარიანი მობილური ტელეფონი 80-ლარიან მოკრძალებულ აპარატთან შედარებით. ნორმალურ ადამიანს თბილი პალტოს უქონლობა უფრო მეტად აწუხებს, ვიდრე "ვერსაჩეს" სანთებელასი. ის ვერასოდეს გაიგებს, როგორ შეიძლება ტელევიზორი 9000 დოლარი ღირდეს და უჩნდება ლოგიკური კითხვა: განა რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ეს აპარატი? მატერიალური სნობები ერთმანეთს უმტკიცებენ საკუთარ მატერიალურ უპირატესობას, ერთმანეთს ადარებენ თავიანთ ავტომანქანებს, ბრილიანტებს, ჰალსტუხებს და მეუღლეებსაც კი... სნობურ გარემოში მოხვედრილი ჩვეულებრივი ადამიანი ხშირად კურიოზულ სიტუაციაში ვარდება. ერთი ახალგაზრდა ქალი მატერიალური სნობების მსხვერპლად იქცა. ის სნობ მეგობრებთან დარჩა ღამის გასათევად. ქალს შხაპის მიღება მოუნდა. იგი დიდხანს ეძებდა ონკანს საშხაპე კაბინაში, რომლის ვერცხლისფრად მოელვარე კონსტრუქცია კოსმოსური კვლევის სისტემას მოგაგონებდათ. ქალი ამაოდ ელოდა წყალს. ბოლოს, შხაპის გარეშე დარჩენილმა, კაბინიდან გამოსვლა მოინდომა, მაგრამ იქიდან თავის დაღწევა კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა. ქალი ამაოდ კაწრავდა ულამაზეს კარს. ბოლოს ისტერიკამდე მისული სტუმარი გაოცებულმა მასპინძლებმა "საწამებელი საკნიდან" გაათავისუფლეს. მთავარი საცდური, რაზეც სნობები წამოეგებიან ხოლმე, არის სახელი და ნულების რაოდენობა შემოსავლის მაჩვენებელ რიცხვში. სახელი რაც შეიძლება ხმამაღალი უნდა იყოს, ნული კი - ბევრი. სნობს საკმარისად არ მიაჩნია, ჰქონდეს ყველაფერი საუკეთესო - აუცილებელია, ამის შესახებ იცოდნენ სხვებმაც. სნობი, თავისთავად, უბედური ადამიანია; მისი ცხოვრება სავსეა ადამიანთა უმრავლესობისთვის უცნობი და გაუგებარი პრობლემებით, ძიებებითა და ფულადი ხარჯებით. ის შეჭირვებული ადამიანია, ოღონდაც სხვაგვარად შეჭირვებული. ბინის ყიდვისას ის უბრალოდ იძულებულია დაემორჩილოს თავის სნობურ სტილს და ცხოვრების წესს.


როცა სნობი იძენს ბოლო სართულზე მდებარე ბინას და ღებავს მთელი სადარბაზოს კედლებს, უმადური მეზობლები ახალშეღებილ კედლებზე მის პორტრეტებს ხატავენ, რქებით, ულვაშებითა და ჩაცვენილი კბილებით... დამცინავ სიტყვებსაც არ იშურებენ. სნობი კი ძალიან განიცდის ამას და წუხს. საბრალო სნობს არ შეუძლია დაისვენოს თავისი ქვეყნის აგარაკებზე - ის აუცილებლად ჰავაიზე, მონტე-კარლოში ან კანარის კუნძულებზე უნდა გაემგზავროს. სნობი ვერ შეირთავს უბრალო წარმომავლობის ქალიშვილს - აკადემიკოსის ასული მაინც უნდა შეირთოს. მან გამუდმებით უნდა იფიქროს თავდაჭერაზე, სახელსა და შემოსავალზე. თუ მამათქვენი არ არის გამოჩენილი მუსიკოსი, დედა კი - სახელგანთქმული მსახიობი, თუ ვერ ყიდულობთ სიასამურს და მის ნაცვლად თახვის შეღებილი ქურქი გაცვიათ, თუ არ დადიხართ ყველაზე ცნობილ დიზაინერთან და მოდურ პარიკმახერთან - სნობი უბრალოდ ვერ შეგამჩნევთ და თქვენი უსაფრთხოებაც გარნატირებულია. მაგრამ თუ მას დაუახლოვდებით ან მასზე დაქორწინდებით, უნდა შეიგნოთ, რომ ეს ადამიანი არც ბუზღუნაა, არც ტირანი - ის ნამდვილი სნობია. მატერიალურ სნობთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი, მაგრამ შრომატევადი ხერხია მისი დარწმუნება იმაში, რომ თქვენ უფრო დიდი სნობი ხართ. უნდა მიიყვანოთ იგი რომელიმე ძვირადღირებულ მაღაზიაში და დაიწყოთ ყველა ნივთის გადასინჯვა. ამასთან, არ შეწყვიტოთ სუპერსნობური საუბარი, გაამწარეთ და გააღიზიანეთ ის დაუსრულებელი კითხვებით, ლიმონივით გამოწურეთ და საკუთარ სნობიზმში ჩაახრჩვეთ. მსგავსი პროცედურების მეთოდური განმეორება მეტად პროდუქტიულია და, რაც მთავარია, ამ მეთოდებით შეიძლება მივაღწიოთ მთავარს - დავუჩლუნგოთ სნობს ყურადღება. სნობთან ბრძოლის მეორე ხერხი მისი მოტყუებაა. შეიძლება მელიის ქურქი კარაკულის ექსკლუზიურ ვარიანტად წარუდგინოთ, ხოლო ძალზე ცნობილი და სახელგანთქმული ადამიანი მამათქვენის მეგობრად დაასახელოთ (ოღონდ არ დაგავიწყდეთ მამის გაფრთხილება). საგნებს, ადამიანებსა თუ ქცევებს ადვილად შეიძლება მიანიჭოთ არარსებული წონა და მნიშვნელობა. დააჯერეთ სნობი, რომ ქარიან ამინდში ავტობუსის ლოდინისას კი არ გაცივდით, არამედ სპორტულ დარბაზში, სადაც ვიღაცას სარკმელი დარჩა ღია; უთხარით, რომ აკვარელით შესრულებული პეიზაჟი შეიძინეთ არა მიწისქვეშა გადასასვლელში, ხელმოცარული მხატვრისგან, არამედ გაჩუქათ ცნობილმა მომღერალმა ან მსახიობმა; რომ თქვენი მშობლები გაემგზავრნენ არა აგარაკზე სარეველების ამოსათხრელად, არამედ სან-სებასტიანში, სან-ფრანცისკოში ან ლას-ვეგასში და ა.შ. ცხადია, ერთ მშვენიერ დღეს ამ შეთითხნილი პირამიდის საკუთარი ხელით დანგრევა მოგიწევთ, მაგრამ აღსარება არაჩვეულებრივ სიამოვნებასა და შვებას მოგანიჭებთ. უთხარით სნობს: "შენ გგონია, ჩემი ქურქი სიასამურია? - არა, ძვირფასო, ეს ჩემივე ხელით გაკრეჭილი კურდღლის ბეწვია, პრესტიჟულ სანაპიროზე ან ელიტურ აუზზე კი არ გავირუჯე, არამედ ჩვეულებრივი სტაფილოს წვენი მისვია; არც მთაში ვყოფილვარ სამოგზაუროდ. გეგონა, ბუნებრივად ქერათმიანი ვარ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე იაფფასიანი და უბრალო საღებავი ვიხმარე". მართალია, ყოველივე ეს სასტიკად ჟღერს, მაგრამ ტყუილის თქმა უღირსი საქციელია. ამასთან, ეს ძალზე თავაზიანი ანგარიშსწორებაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც დამცირებებს იტანდით. საერთოდ კი, თუ ადამიანი თვითონ სნობი არ არის, უმჯობესია არ დაუკავშირდეს ასეთ პიროვნებას. ბოლოს და ბოლოს, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ჩვევები და თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს მისი პირადი პრობლემაა.

არამატერიალური სნობი

არამატერიალური პრიორიტეტებით დაინტერესებული სნობი ინტელექტუალია ან ინტელექტუალურობის პრეტენზია აქვს. მას არაფრად უღირს მატერიალური ფასეულობანი და თავისუფლად შეუძლია იცხოვროს პრაქტიკულად ცარიელ ბინაში, საკუთარი ფასეულობების გარემოცვაში. ამგვარი სნობის აზრით, ყოველივე, რაც მას სწამს, რისაც სჯერა, რაც უყვარს და რასაც ფლობს, მართლაც საუკეთესოა. ეს თვისება აერთიანებს მატერიალური და არამატერიალური პრიორიტეტებით დაინტერესებულ სნობებს. თუ პირველი ტიპის სნობებს თავი მოაქვთ ფეშენებელური ბინებით, აგარაკებით, მანქანებითა და მეუღლეებით, მეორე ტიპის სნობები ამაყობენ თავიანთი ბიბლიოთეკებით, საუკეთესო კოლექციებით, რომელთა შორის წააწყდებით ანტიკვარულ გამოცემებს, ცნობილი რეჟისორების ფილმებს ან ჯაზური მუსიკის საუკეთესო წარმომადგენელთა იშვიათ ჩანაწერებს.