ADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ზრდასრულებში — ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მაია მაჭავარიანთან
მოდა თუ რეალობა? რატომ საუბრობს დღეს ყველა ADHD-ზე და როდის არის ის ნამდვილი პრობლემა
ნეიროგანსხვავებულობა: როგორ მუშაობს ADHD-ის მქონე ადამიანის ტვინი და რატომ უჭირთ მათ რუტინასთან შეგუება
დღეს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ტერმინს ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი). თუ ადრე მას მხოლოდ "ცელქი ბავშვების" პრობლემად მიიჩნევდნენ, თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ეს არის ნეიროგანვითარების თავისებურება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 2.5%-დან 5%-მდე ამ სინდრომით ცხოვრობს. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მიმართვიანობის ზრდა მიანიშნებს, რომ ბევრი ზრდასრული საკუთარ სირთულეებს - დედლაინების დარღვევას, ემოციურ იმპულსურობასა და კონცენტრაციის ნაკლებობას - სწორედ ამ დიაგნოზით ხსნის.ბოლო პერიოდის სამეცნიერო კვლევები, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის ექსპერიმენტები, საინტერესო ჰიპოთეზას გვთავაზობს: ADHD შესაძლოა არა მხოლოდ დარღვევა, არამედ ევოლუციური გადარჩენის მექანიზმიც იყოს. მაგალითად, "საკვების მოპოვების" ტესტებში ADHD-ის მქონე პირები უფრო სწრაფად პოულობდნენ ახალ რესურსებს, რაც მიანიშნებს, რომ კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპზე მათი "მოუსვენარი" ბუნება ტომის გადარჩენისთვის აუცილებელი იყო.
თუმცა, სპეციალისტები აფრთხილებენ საზოგადოებას: მიუხედავად ამ "ევოლუციური ნიჭისა", თანამედროვე სამყაროსთან ადაპტაცია პროფესიული დახმარების გარეშე ძალიან რთულია. დღევანდელი სოციალური სტრუქტურა - რუტინა, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი და დოკუმენტაციასთან მუშაობა - პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ADHD-ის მქონე ადამიანის ნერვულ სისტემასთან.
ეს "ევოლუციური უპირატესობა" შესაძლოა ადამიანისთვის მძიმე ტვირთად, ქრონიკულ სტრესად და დეპრესიად იქცეს, თუ მან სპეციალისტის დახმარებით არ ისწავლა საკუთარი რესურსების მართვა. ექიმისა და ნეიროფსიქოლოგის როლი სწორედ აქ არის გადამწყვეტი: მათ უნდა დაეხმარონ ადამიანს, რომ მისი ბუნებრივი იმპულსურობა და კრეატიულობა არა დესტრუქციულ ქცევაში, არამედ წარმატებულ კარიერასა და ჯანსაღ პირად ცხოვრებაში რეალიზდეს.
სწორედ პროფესიული მხარდაჭერაა ის გასაღები, რომელიც ნეიროგანსხვავებულობას პრობლემიდან პოტენციალად აქცევს. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა სინდრომი ზრდასრულ ასაკში ვლინდება და როგორ უნდა ვმართოთ ის რეალურად?
ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი გვესაუბრება:
- ქალბატონო მაია, ბოლო წლებში თითქოს „მოდაში შემოვიდა“ ADHD-ზე საუბარი. როდის დაიწყო ამ თემის აქტუალიზაცია პროფესიულ წრეებში?
- ეს მდგომარეობა სპეციალისტებისთვის უცხო არასდროს ყოფილა - ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობისას ვსწავლობდით მას, როგორც ცალკეულ სინდრომს თავისი გამოწვევებითა და გადაჭრის გზებით. თუმცა, ბოლო ხუთი წელია, თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. დიაგნოსტირება ადრეც ხდებოდა, მაგრამ მომართვიანობა იყო დაბალი. საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა ამის შესახებ. ცნობიერების ამაღლებას მედიამ შეუწყო ხელი, თუმცა ამას თავისი მინუსიც აქვს - ადამიანები ხშირად თვითდიაგნოსტირებას ეწევიან. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: მხოლოდ ონლაინ სკალის შევსება დიაგნოზისთვის საკმარისი არ არის.
- ბევრი ამბობს, რომ სიმპტომების წაკითხვისას თითქმის ყველაფერს საკუთარ თავთან აიგივებს. სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ გაფანტულობასა და სინდრომს შორის?
- ყურადღების გაფანტულობა პერიოდულად ყველას გვაქვს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ჰორმონალური ფაქტორებით (მაგალითად, ციკლით) ან სოციალური გარემოთი. ADHD სხვაა - ეს არის ნეირომრავალფეროვნების სპექტრი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ბავშვობიდან განსხვავებული ტიპის ნერვული სისტემით ცხოვრობს. დიაგნოზისთვის აუცილებელია ორი პირობა: სიმპტომები უნდა ვლინდებოდეს 12 წლამდე და მინიმუმ ორ სხვადასხვა გარემოში. თუ კონცენტრაცია მხოლოდ სამსახურში გიჭირთ, ეს ADHD ვერ იქნება.
- რამდენად დიდია გენეტიკის როლი და შეიძლება თუ არა ეს მდგომარეობა იყოს შეძენილი?
- ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს, თუმცა გენეტიკური ფაქტორი ძალიან მაღალია. ხშირად ხდება ასე: მშობელს მოჰყავს ბავშვი შესაფასებლად და პროცესში ხვდება, რომ მასაც ზუსტად იგივე სირთულეები აქვს. თუმცა, არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ADHD-ს ჰგავს, მაგალითად - მაღალი შფოთვა. აზრების სწრაფი დინება და მოუსვენრობა შეიძლება შფოთვის ბრალი იყოს და არა სინდრომის.
- არსებობს თუ არა გენდერული განსხვავება დიაგნოსტირებისას?
- სტატისტიკურად მამრობითი სქესი ჭარბობს, თუმცა აქ ერთი ნიუანსია: გოგონებში ეს მდგომარეობა ხშირად ინიღბება. ADHD-ის სამი ქვეტიპი აქვს: ჰიპერაქტიური, უყურადღებო და კომბინირებული. გოგონებში ხშირად მხოლოდ უყურადღებობა ვლინდება, რაც ნაკლებად შესამჩნევია. ასეთი ადამიანები ხშირად ისე აღწევენ ზრდასრულობას, რომ დიაგნოზის შესახებ არაფერი იციან.
- ვინ უნდა დასვას საბოლოო დიაგნოზი და როგორია მკურნალობის გზა?
- იდეალურია მულტიდისციპლინური მიდგომა. ბავშვებში პედიატრი ან ფსიქოლოგი ამჩნევს, ზრდასრულები კი ძირითადად ფსიქიატრს მიმართავენ. საბოლოო სამედიცინო დიაგნოზი სწორედ ფსიქიატრის პრეროგატივაა. რაც შეეხება მედიკამენტებს, საქართველოში სპეციალიზებული პრეპარატების ლიცენზირების მხრივ პრობლემებია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს: მხოლოდ წამალი გამოსავალი არ არის. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში მედიკამენტი არ არის პირველი რიგის ჩარევა.
- თუ მედიკამენტი არ არის პანაცეა, მაშინ როგორ უნდა მართოს ზრდასრულმა ეს მდგომარეობა?
- პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების ცოდნა. საჭიროა ფსიქოთერაპია, სოციალური მხარდაჭერა და ხშირად ოკუპაციური თერაპია. ჩვენ, მაგალითად, გაზაფხულზე სპეციალურ კურსს ვგეგმავთ ზრდასრულებისთვის, რადგან ბავშვებისგან განსხვავებით მათთვის სერვისები თითქმის არ არსებობს. სტიმულანტები მხოლოდ "სიფხიზლეს" აუმჯობესებენ, მაგრამ ყურადღების ხანგრძლივობას ვარჯიში და სწორი სტრატეგიები სჭირდება.

- რა არის ის ძირითადი სოციალური სირთულეები, რასაც ეს ადამიანები აწყდებიან?
- ეს არის მუდმივი ბრძოლა რუტინასთან. მათ უჭირთ დედლაინების დაცვა, დიდი ტექსტების დამუშავება, ხშირად იცვლიან პროფესიებს, რადგან ერთ თვეში ყველაფერი ბეზრდებათ. ბავშვობიდან ესმით: "ზარმაცი ხარ", "უპასუხისმგებლო ხარ". ამიტომ, ზრდასრულობაში მუდმივი შიში აქვთ, რომ რამეს გააფუჭებენ.
- რამდენად არის დაცული მათი უფლებები, მაგალითად, სამსახურში ან სასამართლოში?
- იურიდიულად, ADHD არ არის დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება, რადგან ეს ადამიანები ნეიროტიპურებისგან კრიმინალური მიდრეკილებებით არ განსხვავდებიან. თუმცა, დასავლეთში დიდ ორგანიზაციებში ტარდება კამპანიები, რათა თანამშრომლებს მეტი მიმღებლობა ჰქონდეთ. მაგალითად, თუ ADHD-ის მქონე ადამიანი შეხვედრაზე რეპლიკას დაასწრებს სხვას, ეს მის იმპულსურობას მიეწერება და არა უზრდელობას. ასევე, გამოცდებზე მათ შეუძლიათ მოითხოვონ ცალკე სივრცე, რათა გარემო ფაქტორებმა ყურადღება არ გაუფანტოთ.