ნიშნავს თუ არა საქმის მუდმივად გადადების სურვილი იმას, რომ ადამიანი ზარმაცია ან უპასუხისმგებლოა
კვირის პირველი დღე, ახალი თვე, ახალი წელი — თითქოს ეს დროები თავისთავად მისცემენ ძალას, რომელიც დღეს არ გააჩნიათ. მაგრამ რაც უფრო მეტს ელოდებიან, მით უფრო უჭირთ საქმის რეალურად დაწყება.
ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია ის შეგრძნება, როცა უნდა დაიწყოს მოქმედება, მაგრამ შიშის, ეჭვების ან უბრალოდ ფიქრების გამო ვერ ახერხებს ამას. თითქოს ელოდება რაღაცის დამტკიცებას, რაღაც ნიშანს, რომ „ახლა მზად არის“, მაგრამ ეს ნიშანი არსად ჩანს.
ადამიანი იწყებს უმნიშვნელო საქმეების გაკეთებას, თუმცა რეალურად არ აქცევს ყურადღებას იმ საქმეს, რაც მართლა მნიშვნელოვანია. შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს სიზარმაცის ან ნებისყოფის ნაკლებობის გამო ხდება, მაგრამ რეალურად საქმე ეხება პროკრასტინაციას.
პროკრასტინაცია, სხვანაირად რომ ვთქვათ, არის საქმის გადადება მაშინაც, როცა ვიცით, რომ უნდა შევასრულოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ზარმაცია ან უპასუხისმგებლოა. უბრალოდ ის ნაცვლად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საქმე დაიწყოს, დროს კარგავს პატარ-პატარა უმნიშვნელო საქმეებზე, მაგალითად: სერიალების ყურება, მობილურში უაზრო თვალიერება და სხვა მსგავს აქტივობებზე. ამ დროს ყველაზე ძვირფასი დრო ეცლება ხელიდან.
შესასრულებელი საქმე არსად ქრება, არც დრო ჩერდება. რაც უფრო აჭიანურებთ საქმის გაკეთებას, ის მით უფრო იძენს დამატებით სირთულეებს — ფიქრების, ეჭვებისა და მუდმივი უკმაყოფილების სახით.
ყველაზე რთული ყოველთვის პირველი ნაბიჯია. როცა საბოლოოდ შეძლებთ და ამ ნაბიჯს გადადგამთ, უცებ ყველაფერი მარტივდება. საქმე აღარ ჩანს რთულად შესასრულებელი. მოტივაცია ხშირად ჩნდება არა წინასწარ, არამედ მოქმედების პროცესში, როცა თანდათან თვალსაჩინო ხდება მცირე პროგრესები. მცირე პროგრესი, თუნდაც არასრულყოფილი, ქმნის გამოცდილებას, რომელიც ადამიანს მატებს თავდაჯერებულობას და ეხმარება შიშების დაძლევაში.
წარმოიდგინეთ, რომ მთელი ის დრო, რასაც პროკრასტინაციაში კარგავთ, სინამდვილეში მხოლოდ ემოციური ბარიერია. ელოდებით იდეალურ მომენტს, მაგრამ იდეალური მომენტი არ არსებობს. ცხოვრება არ ელოდება ორშაბათს ან ახალ წელს. რეალური ცვლილება იწყება მაშინ, როცა გადაწყვეტთ, რომ აღარ მოიცადოთ და მოქმედება ახლა დაიწყოთ.
საინტერესოა, რომ ხშირად პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ყველაზე დიდი შვება ჩნდება. საქმე, რომელიც თითქოს უზარმაზარი იყო, უცებ პატარავდება. უცნაურია, არა? რაღაც, რაც ამდენ ხანს საშინლად რთული ჩანდა, რეალურად მარტივდება, როგორც კი იწყებთ.
ორშაბათი, ახალი თვე, ახალი წელი — ეს მხოლოდ სიმბოლოებია, ილუზია, რომ რაღაც შეიცვლება, მოტივაცია თავისით მოვა თქვენთან. სინამდვილეში, ყველაზე სწორი მომენტი ყოველთვის არის ახლა. გადადება მხოლოდ აძლიერებს შიშს და ქმნის დანაშაულის შეგრძნებას. პირველი ნაბიჯი არ ქმნის სრულყოფილ შედეგს ერთ დღეში, მაგრამ ქმნის პროცესს, მოძრაობას, რომელიც გრძელდება და გაახლოებთ საბოლოო შედეგთან.
ელენე მოდებაძე