რა ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ ინსულტგადატანილი პაციენტი და მისი ოჯახის წევრები
იმის მიხედვით, თავის ტვინის რომელ დაავადებასთან ან რაგვარ დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ზარალდება ფსიქიკური პროცესები და საზოგადოდ, პიროვნება, ადამიანის პიროვნული თვისებები. თავის ტვინის დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა-ტვინის დაზიანებით. ის მრავალნაირია, დაწყებული ტვინის შერყევით, დამთავრებული ისეთი მძიმე ტრავმებით, როგორებიც არის, მაგალითად, სისხლჩაქცევები და ტვინის დაჟეჟილობა. თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ინსულტები, თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, ენცეფალიტი – ყველა ეს დაავადება აისახება ადამიანის ფსიქიკაზე და არღვევს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. თავის ტვინის დაავადებები, საზოგადოდ, იწვევს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს, როგორებიც არის შემეცნებითი მოქმედებისა და აღქმის დარღვევა, აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების მოშლა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ტრავმული ნევროზი, ფსიქოზები, აკვიატებული ქცევები და სხვა.
ინსულტის დროს
ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის ინსულტი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ. იმის მიხედვით, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული ან რამხელაა დაზიანების კერა, თავს იჩენს სხვადასხვა სახისა და სიღრმის კლინიკური ნიშნები. შესაბამისად, ვითარდება ფსიქიკური დარღვევებიც. მცირე ინსულტის შედეგად წარმოშობილი დარღვევები ადვილად აღდგება, დიდი ინსულტი კი ხშირად დეფექტებს ტოვებს. ნებისმიერი ინსულტის კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი სისხლძარღვი დაზიანდა, ტვინის რომელ უბანში ჩაიქცა სისხლი. ამის შესატყვისად ზიანდება ამ უბანში განლაგებული ფსიქიკური პროცესების მართვის ცენტრებიც.
ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის ყველაზე ნატიფი ფუნქცია – მეტყველება. მეტყველების მოშლა, ანუ აფაზია, ორი სახისაა: მოტორული და სენსორული. მოტორული აფაზიის დროს ადამიანს სიტყვების გამოთქმა უჭირს, თუმცა, სხვის ნათქვამს აღიქვამს, სენსორულის დროს კი სხვის მიერ წარმოთქმული ბგერები ესმის, მაგრამ ვერ აღიქვამს ნათქვამის აზრს, ე. ი. აღქმის პროცესია დარღვეული. ზოგჯერ ორივე ფუნქცია ძნელი აღსადგენია. მოტორული აფაზიის შემთხვევაში ლოგოპედი ავადმყოფს ტელეგრაფიულ მეტყველებას – აუცილებელი საჭიროების (წყალი მინდა, მშია...) სიტყვიერად გამოხატვას ასწავლის. როდესაც მეტყველების სენსორული მხარეა დაზიანებული, იგი უმნიშვნელოდ თუ აღდგება. როცა დაზიანება მხოლოდ ტვინის ქირურგიულ ნაწილშია, აფაზია გამოსწორდება. შესაძლოა, მცირე დარღვევა დარჩეს, ადამიანმა ერთი სიტყვის მაგივრად სხვა იხმაროს და ა. შ. შესაძლოა, დაქვეითებული იყოს მეხსიერება, აზროვნება კი – შენელებული.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია
ინსულტის მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების – ნევროლოგების, ფიზიოთერაპევტების, მეტყველების თერაპევტების, ფსიქოლოგების მონაწილეობას. თითოეულ პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი მდგომარეობის თავისებურებებს და სპეციფიკურ საჭიროებებს.
რეაბილიტაცია არის კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების შემცირებაზე, სიცოცხლის ხარისხისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მიმართულია პიროვნების ფიზიოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფუნქციების აღდგენისკენ, მისი ყოფით და სოციალურ გარემოში ოპტიმალურად ინტეგრაციისთვის.
როდესაც ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს ნათელი ცნობიერება და ზოგადი მდგომარეობაც იძლევა საშუალებას, სასურველია, სარეაბილიტაციო ღონისძიებები ადრევე დაიწყოს. უპირველესად, ავადმყოფი სწორად უნდა იწვეს საწოლში (პირველ დღეს თავი წამოწეულია დაახლოებით 30°-ით) და სწორად ეწყოს მოძრაობაშეზღუდული კიდურები. რეკომენდებულია, პირველივე კვირას დაიწყოს დადამბლავებული კიდურების მსუბუქი ზედაპირული მასაჟი. დღეს აქტიურად იყენებენ კუნთების ელექტროსტიმულაციას სპეციალური აპარატით, მაგრამ მოძრაობის ფუნქციის აღსადგენ უმთავრეს მეთოდად კვლავაც სამკურნალო ვარჯიში მიიჩნევა.
ინსულტგადატანილი ავადმყოფები, ფაქტობრივად, თავიდან სწავლობენ სიარულს, ჩაცმას, ჭამას, თვითმომსახურებას, ითვისებენ დაკარგულ უნარ-ჩვევებს, ამიტომ მათ სჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა და გამოჯანმრთელების რწმენა.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის საჭიროება და მეთოდები
თუ ინსულტი მეტყველების ფუნქციის დარღვევით წარიმართა, მეტყველების დეფექტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ამაში ავადმყოფს ლოგოპედი და ფსიქოთერაპევტი დაეხმარებიან.
სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტარდება დიდხანს და სისტემურად, განსაკუთრებით ინტენსიურად – პირველი 2-3 თვის განმავლობაში. დაკარგული ფუნქციების აღდგენის პროცესი ერთ წელიწადს გრძელდება. შემდგომში ეს პროცესი ნელდება და ავადმყოფი უფრო მეტად ეგუება დეფექტებს, ადაპტირდება სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი, მედიკამენტური და ფიზიოთერაპია ერთი წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, აღდგენით და ადაპტაციურ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩაბმული პაციენტის ოჯახის წევრებიც.
რეაბილიტაციაზე მოქმედი ფაქტორები
საზოგადად, დღეისათვის, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგნოზი შედარებით უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე წარსულში იყო, რაც მკურნალობასა და რეაბილიტაციაში მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული. თუმცა, გამოჯანსაღების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტს შორის და წინასწარ ძნელია განისაზღვროს, რომელი ფუნქცია აღდგება ამა თუ იმ პაციენტის შემთხვევაში და როდის.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
- კლინიკური ფაქტორები: ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი დარღვევების სიმძიმე;
- ემოციური ფაქტორები: პირის განწყობა, მოტივაცია, მისი უნარი – გააგრძელოს სარეაბილიტაციო ღონისძიებები სარეაბილიტაციო ცენტრს გარეთაც;
- სოციალური ფაქტორები: ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა.
- თერაპიული ფაქტორები: რეაბილიტაციის ადრეული დაწყება და სარეაბილიტაციო გუნდის კვალიფიკაცია.
ჩვეულებრივ, აღდგენის ტემპი განსაკუთრებით მაღალია ინსულტის შემდეგ პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ აღდგენა შეიძლება გაგრძელდეს ინსულტის განვითარებიდან 24 თვის შემდეგაც კი.
ინსულტის შემდეგ ხშირია კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა, როგორიცაა ყურადღება, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე, უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქცია, ვერბალური და მხედველობითი მეხსიერება, მეტყველება და აღქმა.
კოგნიტური რეაბილიტაცია ზემოთაღნიშნული დარღვევების მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდია, რომელიც მიმართულია:
- კოგნიტური ფუნქციების აქტივობის გაუმჯობესებისაკენ;
- დარღვეული კოგნიტური ფუნქციის საკომპენსაციო მექანიზმების ამუშავებისაკენ;
- დამოუკიდებლობის ხასისხის გაზრდის/გაუმჯობესების მიზნით ადაპტაციური მეთოდების და აღჭურვილობების გამოყენებისაკენ.
ბოლო დროს, დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის გამოყენებას კოგნიტური და ემოციური ფუნქციის გასაუმჯობესებლად. ფიზიკური ვარჯიშის კოგნიტურ ფუნქციაზე დადებითი ეფექტის ასასხსნელად შემოთავაზებულია რამდენიმე მექანიზმი:
- იზრდება თავის ტვინში სისხლის ცირკულაციის მოცულობა;
- ზრდის ფაქტორების, მაგ. თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის ექპსრესიის გაზრდა;
- პოზიტიური გავლენა დეპრესიულ სიმპტომებზე.
ინსულტს ხშირად ახლავს კომუნიკაციური ფუნქციის დარღვევა. კომუნიკაცია აუცილებელია აქტივობათა უმრავლესობისთვის, ამიტომ მისმა დარღვევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.
კომუნიკაციის დარღვევები შეიძლება შეეხოს კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა – ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა, ჟესტიკულაცია და პრაგმატიკა (საუბრის წარმართვის პრაქტიკული უნარი, კონტექსტის/სიტუაციის გათვალისწინებით). კომუნიკაციური დარღვევის არსებობა უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, სოციალურ ჩართულობასა და სიცოცხლის ხარისხზე.
კომუნიკაციური დარღვევების შეფასებას და მკურნალობას, როგორც წესი, ატარებს მეტყველების სპეციალისტი. მკურნალობა მიზნად ისახავს კომუნიკაციის უნარის აღდგენას, პაციენტის დახმარებას საკომპენსაციო სტრატეგიების შემუშავებაში, ოჯახის წევრების კონსულტირებას და განათლებას დამხმარე კომუნიკაციური საშუალებების შესახებ, საბოლოოდ კი – პაციენტის იზოლაციის შემცირებას. კომპენსატორული და დამხმარე საშუალებები ვარირებს დაბალტექნოლოგიური სტრატეგიებიდან (ფანქარი და ქაღალდი, დაფები, წიგნები) მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებამდე (სმარტფონები და მეტყველების აპარატები).
კვლევებით ნაჩვენებია აფაზიის (მეტყველების დარღვევის) სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობა როგორც ინსულტის უმწვავეს სტადიაზე (მე-3 დღიდან), ისე ქრონიკულ სტადიაზე (6 თვის შემდეგ). თუმცა, მკურნალობის მოცულობის, ინტენსივობის, ხანგრძლივობისა და დროში განაწილების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. მკურნალობის მეთოდებად შემოთავაზებულია ინდივიდუალური მუშაობა მეტყველების თერაპევტთან, ჯგუფური თერაპია, კომპიუტერიზებული ტრეინინგი, ასევე კომუნიკაციური პარტნიორების (ოჯახის წევრების) ტრენირება.
ინსულტის შემდეგ გამოხატული მეტყველების დარღვევები ხელს უშლის ნორმალურ კომუნიკაციას და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინდივიდის სოციალურ ჩართულობაზე და სიცოცხლის ხარისხზე. ამრიგად, მისი უარყოფითი ფსიქოსოციალური ეფექტი შეიძლება არაპროპორციულად აღემატებოდეს სუფთა ფიზიოლოგიური დაზიანების სიმძიმეს. ამდენად, ქცევითი მართვის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და კონსულტაციას, ასევე კომუნიკაციური პარტნიორების განათლებას და გარემოს მოდიფიკაციას (მაგ. ხმაურის დონის შემცირება).
ოჯახის წევრების განათლება
ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი ცვლილებების შესახებ, რათა უკეთ დაეხმარონ პაციენტს ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევაში. ინსულტის შემდეგ, დიდი ალბათობით, პიროვნების ქცევა შეცვლილი იქნება. ის შეიძლება გაღიზიანებული იყოს, ბრაზობდეს და ზოგჯერ ალოგიკურადაც იქცეოდეს. ეს ბრაზი და საყვედურები შეიძლება ხშირად ოჯახის წევრებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ ოჯახის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკის შეცვლა ინსულტის ზემოქმედების შედეგია, არ მიიღონ თავიანთ თავზე და არ გაუნაწყენდნენ პაციენტს.
გვახსოვდეს, რომ რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესთან ერთად, პირი, დიდი ალბათობით, აღიდგენს თავის ადრინდელ პიროვნულ თვისებებსაც. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებასა და პოზიტიურ განწყობას.
ოჯახის წევრებს და მეგობრებს რამდენიმე გზით შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტს გამოჯანსაღების პროცესში:
- დაეხმარონ ფიზიკური თერაპიის ვარჯიშების შესრულებაში სახლში;
- გაუწიონ ემოციური მხარდაჭერა, დაეხმარონ ოპტიმიზმის შენარჩუნებაში;
- აღუძრან მოტივაცია: აღნიშნონ თითოეული, თუნდაც უმნიშვნელო წარმატება, შეაქონ და წაახალისონ;
- შეეცადონ, მოერგონ პირის საჭიროებებს, მაგალითად – ნელა ისაუბრონ, თუ პაციენტს მოსმენილის გაგების პრობლემა აქვს.
როგორ დავეხმაროთ
ინსულტგადატანილი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, უსუსურია, გაურკვევლობას განიცდის. მას ახლობელთა დიდი მხარდაჭერა სჭირდება. როცა დარღვეულია ფსიქიკური ფუნქციები, მით უმეტეს – მეხსიერება, ადამიანთან ურთიერთობა ძნელია და მტკივნეული. მაგრამ საჭიროა გულისხმიერება, ნებისყოფის მაქსიმალური დაძაბვა, ზოგჯერ უდიდესი მოთმინება, თანაგრძნობა და თანადგომა. ავადმყოფს უნდა ესაუბროთ, ჩაითრიოთ საუბარში, შეახვედროთ მისთვის ნაცნობ და ახლობელ ადამიანებს, შესთავაზოთ წიგნები, ჟურნალები, ერთად გადაათვალიეროთ საოჯახო ალბომები, ესაუბროთ გრამატიკულად სრულყოფილი და აზრიანი ფრაზებით.
ხშირად უნდა ატაროთ ისეთ ადგილებში, სადაც ადრე უვლია, აჩვენოთ ის საგნები, რომლებსაც ადრე შეხებია, აგრძნობინოთ სითბო და სიყვარული – სიყვარულს დიდი ძალა აქვს; მოასმენინოთ მისთვის საყვარელი მუსიკა – მუსიკას ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია, მასთან ასოციაციურად ბევრი რამ არის დაკავშირებული. გახსოვდეთ: როდის ან როგორ აღუდგება ადამიანს ფსიქიკური ფუნქციები ან საერთოდ აღუდგება თუ არა, მნიშვნელოვანწილად თქვენზე – მის ახლობლებზეა დამოკიდებული, თქვენს მზრუნველობაზე, ნებისყოფაზე, ენერგიაზე, ყურადღებაზე. ავადმყოფმა კი უნდა გაითვალისწინოს: მისი სრულფასოვნება მის ხელთაა. ის არ უნდა შეეგუოს ავადმყოფობას, არ უნდა შეეპუოს სიძნელეებს – ჯერ ხომ ყველაფერი წინაა!