ბავშვებზე ძალადობის ფსიქოლოგიური შედეგები
ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
ძალადობის სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხყოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, შშმ პირი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი.
ძალადობის ფორმებსა და შედეგებზე გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის წამყვანი ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ანდროლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ფსიქოლოგიის მიმართულებით, პროფესორი იოსებ შურღაია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ბატონი იოსები არის სოციალური მეცნიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგიის აკადემიის EADV, ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების ESSM, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების, საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაციისა და საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრი.
– ბატონო იოსებ, ვინაა უხშირესად ძალადობის მსხვერპლი?
– მსოფლიო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლი ზრდასრულებზე ხშირად ბავშვები ხდებიან. არსებული კლასიფიკაციის მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ ძალადობრივი ქმედებების სამი კატეგორია:
პანდემიური (აქვს გაფართოებული ხასიათი), რომელსაც მიეკუთვნება ფიზიკური და სიტყვიერი აგრესია ძმათა შორის, შვილების ფიზიკური დასჯა მშობლების მიერ, ქურდობა, ფიზიკური და სიტყვიერი აგრესია გარშემომყოფების მხრიდან, ვანდალიზმი, ყაჩაღობა.
მწვავე (გააჩნია ეპიზოდური ხასიათი), რომელსაც მიეკუთვნება გაუპატიურება, ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფა (ბოროტად გამოყენება), მშობლების მხრიდან არასათანადო ზრუნვა (უგულებელყოფა), ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ ბავშვის გატაცება, ფსიქოლოგიური ძალადობა.
ექსტრაორდინარული (გააჩნია ძალზე იშვიათი ხასიათი), რომელიც მოიცავს ბავშვის გატაცებას უცხო ადამიანების მიერ, მკვლელობას.
სასტიკი მოპყრობა – მისი გამოვლენის ნებისმიერი ფორმით, გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა ასპექტზე. სასტიკი მოპყრობა თავის კვალს ტოვებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკასა და ურთიერთობებზე საზოგადოებაში.
ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმები ღრმა ფსიქოლოგიურ შედეგებს იწვევს ბავშვებთან და ზემოქმედებას ახდენს მათზე მთელი ცხოვრების მანძილზე.
ფიზიკური ძალადობა – არის ძალადობრივი და ადამიანის სხვა, განზრახ უკანონო (აკრძალული) ქმედებები (ბოროტად გამოყენება, შეურაცხყოფა, დასჯა), რომლებიც ფიზიკურ ან გონებრივ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს ბავშვს, აზიანებს მის განვითარებას და ცხოვრებისეულ საქმიანობას.
ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შედეგები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით. თუმცა, მათ შორის არსებობს მსგავსი რეაქციები:
ტრავმული, სტრესული რეაქციები. შიშისა და შფოთვის მდგომარეობა მიეკუთვნება ისეთ სიმპტომებს, რომლებიც წარმოიქმნება ამ ბავშვებთან, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დაგვიანებული რეაქციების სახით.
დაგვიანებული რეაქციები ბავშვებთან ვლინდება შემდეგი პრობლემებით: ძილის დარღვევა (მოუსვენარი ძილი, უძილობა), უმადობა, ფსიქოსომატური ჩივილები, მეტისმეტი შფოთვა და ა.შ. შიშს ხშირად აქვს განზოგადებული ხასიათი, ე.ი. ვრცელდება არამარტო მოძალადეზე, არამედ ვლინდება ფრთხილი დამოკიდებულებით ან თავის არიდებით მშობლებისა და სხვა ავტორიტეტული მოზრდილების მიმართ.
ზოგიერთ მსხვერპლს შეიძლება გამოუვლინდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობები, ტრავმული მოვლენის ხელახალი ინტერპრეტაციისა და გადახედვის ტიპური სიმპტომებით, სიტუაციების თავიდან არიდება, რომლებიც ასოცირდება ფიზიკურ ან სექსუალურ შეურაცხყოფასთან, ინტენსიური აღშფოთება ზედმეტი სიფხიზლით, კოშმარებით და მტკივნეული მგრძნობელობით. გარდა ამისა, შეპყრობილი მოგონებები, ხშირად ხილვების სახით, ნათელი ციმციმებით და განმეორებადი კოშმარებით, რომლებიც დაკავშირებულია შეურაცხმყოფელ მოვლენებთან, იწვევენ მათში ძილის შიშს.
ეჭვი და უნდობლობა. ბავშვებმა, რომლებმაც გადაიტანეს სექსუალური ძალადობა, ფიზიკური დასჯა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან იყვნენ „მონის“ როლში, ძალიან უჭირთ ჩამოაყალიბონ ნდობითი ურთიერთობა უფროსებთან. ბევრი მათგანი სამყაროს აღიქვამს საშიშ ადგილად. ისინი აღარ მოელიან მშობლებისა და სხვებისგან თანადგომას და დახმარებას თავიანთ რეალიზაციაში. ასევე არ ენდობიან სხვა ადამიანებს, არ თვლიან მათ საიმედოდ, არ აქვთ მათი მხრიდან დაცვის განცდა. ბავშვებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ სიყვარულის ყველა პოტენციური ობიექტი საშიში და არაპროგნოზირებადია. ამასთან, ისინი მუდმივად ეჭვობენ, რომ სხვები შეეცდებიან მათ ტკივილი მიაყენონ. ეს გრძნობები ბავშვის სწრაფი თავდაცვითი რეაქციის დროს ვლინდება, როდესაც ზრდასრული მისი მიმართულებით მოულოდნელ მოძრაობებს აკეთებს. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი ხელებს ზევით სწევს, სახის დასაცავად, ან თავს არიდებს მოზრდილ ადამიანს, ცდილობს დაიცვას თავი მაშინაც კი, თუ ზრდასრულ ადამიანს უბრალოდ სურს მოეფეროს ან შეიცოდოს იგი. როგორც ექიმები აღნიშნავენ, სამედიცინო შემოწმების დროს, ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ძალზე აღზნებულები არიან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ბავშვების უკიდურესი სიფხიზლე და ეჭვი შეიძლება გავრცელდეს ყველა მამაკაცზე და ზოგჯერ ქალებზეც.
– ამ ფონზე რამდენად ხშირია დეპრესია და სუიციდის მცდელობა ბავშვებთან?
– ძალადობის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან დეპრესიულ სიმპტომებს, რომლებსაც თან ახლავს მწუხარება და სასიამოვნო შეგრძნებების განცდის შეუძლებლობა. მძიმე დეპრესიას, როგორც წესი, თან სდევს დამცირების შეგრძნება, უკიდურესი დაუცველობის მდგომარეობა და მათ „ინტიმურ“ ზონაში შეჭრის შეგრძნება. ბავშვებს შორის, რომლებმაც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადეს, ღრმა დეპრესია ხშირად ერწყმის თვითგანადგურების ქცევას ისეთი ფორმებით, როგორიცაა – თვითდაზიანება, თვითმკვლელობის რეაქციები, თვითმკვლელობის მცდელობები და სურვილები.
გარდა ამისა, ამ ბავშვების ქცევებს ხშირად მოსდევს დესტრუქციული, ასოციალური ან უკონტროლო ქცევა სახლსა და სკოლაში. მათთვის დამახასიათებელია სიბრაზე, ღვარძლი, აგრესიულობა თანატოლების, ძმებისა და დების მიმართ. ამ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სახლიდან გაქცევის დიდი გამოცდილება. ამიტომ, ხეტიალით ან მოზარდების დელიკატურ ჯგუფებში გაერთიანებით, ისინი ხშირად ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას, პროსტიტუციის ბოროტად გამოყენებას.
ერთი მხრივ, მათი ქცევის პრობლემები უკავშირდება იმპულსების არასაკმარის კონტროლს. მეორე მხრივ, ისინი ემყარება მშობლებთან ან სხვა უფროსებთან იდენტიფიკაციას, რომლებიც ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი. ეს არის „აგრესორთან იდენტიფიკაციის“ ცნობილი მექანიზმი, რომელიც თავდაცვის ძირითადი საშუალებაა შფოთვისა და უმწეობის გრძნობის წინააღმდეგ.
– რას ეფუძნება ბავშვთა აგრესიული მოქმედება?
– აგრესიული მოქმედება – არის იმ ბავშვების თავდაცვის ერთ-ერთი ძირითადი გზა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. აგრესიის შედეგი ხდება ღრმა განმარტოება. აგრესია ხდება საკმაოდ ძლიერი, რადგან ბავშვს სურს, რომ სხვები მისგან თავს შორს იჭერდნენ იმის შიშის გამო, რომ შესაძლოა მას აწყენინონ. ხალისით გამოხატავს მტრულ განწყობას. ხშირად ამ ბავშვებს ცოტა მეგობარი ჰყავთ, რადგან თანატოლებს ეშინიათ მათი, ხშირი ემოციური გამოხტომების გამო.
ბავშვები, რომლებიც მუდმივად განიცდიან ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას, მონაწილეობენ ურთიერთობებში, რომლებშიც ხშირად მოტყუებულნი არიან. შეურაცხყოფა და მოტყუება ხდება ბავშვისა და გარშემომყოფი ადამიანების ურთიერთობის საფუძველი. ამ შემთხვევას კარგად შეეფერება ურთიერთქმედების მოდელი – „მსხვერპლი – მდევნელი.“ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის, რომ ბავშვს შეუძლია შეასრულოს როგორც ერთი, ისე მეორე როლი. ერთ მომენტში ის თავს გრძნობს, როგორც აგრესორი, რომელიც ედევნება მტერს, მეორე მომენტში კი – ის პოტენციური მსხვერპლია. იმ შემთხვევაში, როდესაც ის თავს აგრესორად თვლის, თავს აღიქვამს უზომოდ ძლიერ და ყოვლისშემძლე არსებად. ხოლო როდესაც მსხვერპლის როლშია, მაშინ შეიძლება შეფასდეს უმწეოდ და სუსტად.
ურთიერთობის ტიპი – „მდევნელი-მსხვერპლი“, ძალიან ხშირად გვხვდება ურთიერთობაში ძალადობაგადატანილ ბავშვსა და სხვა ადამიანებს შორის, აღსანიშნავია, რომ ზუსტად ბავშვი პროვოცირებს მტრობას.
– როგორც ცნობილია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბალი თვითშეფასება ახასიათებთ...
– ასეა, ეს ბავშვები იწყებენ თავიანთი თავის დათვალიერებას გარკვეული უკმაყოფილებით და ზიზღის გრძნობით. დროთა განმავლობაში მათი დაბალი თვითშეფასება ინიღბება ფანტაზიებით ყოვლისშემძლეობაზე.
აღსანიშნავია ინტერესის დაკარგვა სკოლის მიმართ. დამახასიათებელია სკოლის პროცესში ჩამორჩენა შემეცნებითი მოტივაციის დაქვეითების, ჰიპერაქტიურობისა და სწავლის სპეციფიკური სირთულეების გამო.
არასრულფასოვნების შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება აიძულებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, არ იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ შესაძლებლობებში. ისინი ყოველთვის ქვეცნობიერად ელიან წარუმატებლობებს.
ახალი უნარების შეძენისა და ახალი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა აწუხებს ბავშვის დაუცველ და სათუთ გონებას. წარუმატებლობის გარდაუვალობა, რაც ახალ დავალებებს უკავშირდება (რისთვისაც ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი უნარ-ჩვევები), იწვევს შიშის გრძნობას და ირღვევა ბავშვის მყიფე ემოციური წონასწორობა. წარუმატებლობის და არა წარმატების მოლოდინი, აიძულებს მას აჩვენოს დამოუკიდებელი სწავლის ნაკლები უნარი, იყოს ნაკლებად აქტიური თავის სასკოლო გარემოში და თავი შეიკავოს თვითდამკვიდრებისგან. სწავლის მოტივაციის დონე, რომელიც ემყარება წარმატების პრეცედენტს და მსოფლიოს გაკონტროლების სურვილს, ძალიან დაბალია.
ამასთან, ბავშვებთან, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, შეიძლება აღინიშნოს გარკვეული კონკრეტული რეაქციები.
იმ დროს, როდესაც ბავშვზე ძალადობენ, მას ეუბნებიან, რომ შეიკავოს ემოციები, არ იტიროს, ამით მოძალადე გარკვეულად გამარჯვებულად გრძნობს თავს. ბავშვი იძულებულია გაჩუმდეს და ჩაიხშოს ტკივილი და სიბრაზე. მაგალითად, გოგონას სურვილი, მოუყვეს დედას მომხდარის შესახებ, სავარაუდოდ, შესაძლებელია დასრულდეს იმით, რომ გოგონა მიიღებს უნდობლობას და საყვედურს – „რა სისულელეებს ბოდავს“. უფრო მეტიც, ბავშვმა ზოგჯერ არ იცის ის სიტყვები, რომლებითაც შესაძლებელია აღწეროს ის, თუ რა მოხდა, რადგან ეს ყველაფერი, მისი ყოველდღიური გამოცდილების მიღმაა.
ფიზიკურ ძალადობას დაქვემდებარებული ბავშვების რეაქციებს გააჩნიათ განსაკუთრებული მახასიათებლები.
დარღვევები განვითარებასა და შემეცნებით საქმიანობაში – ამ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ მეტყველების ფუნქციის დარღვევა ან ამ ფუნქციების შენელება. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვი ხშირად ისჯება ტირილისა და ყვირილის გამო. ასეთი ბავშვები ხშირად ძალიან ცუდად მეტყველებენ და მათ მიერ გამოყენებული სიტყვების მარაგი მათი გრძნობების აღსაწერად, ძალზე მცირეა. მაგალითად, თუ ასეთი ბავშვების ჯგუფს ვთხოვთ სურათის აღწერას, ბევრი უბრალოდ გაიმეორებს სხვების ნათქვამს. სტრესის ქვეშ მყოფნი ისინი ემოციურად იკეტებიან თავიანთ თავში, თითქოს „მუნჯდებიან“. როდესაც მათ სთხოვენ აღწერონ გრძნობები, რომლებიც განიცადეს იმ დროს, როდესაც დავა წარმოიშვა მათსა და მოწინააღმდეგეებს შორის, მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ, ან ძალიან აღელვებულნი არიან თხრობის დროს. ისინი ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც კონფლიქტის გამომწვევი კონკრეტული მიზეზებისა და მოვლენების აღწერას სთხოვენ.
ძალიან ხშირად, ბავშვებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, უჩნდებათ ილუზიური რწმენა, რომ მათი მშობლები – კარგები და მოსიყვარულეები არიან, ხოლო ისინი, ბავშვები, იმსახურებენ დასჯას, რადგან ისინი ცუდები არიან. ამით ხდება მათი დანაშაულის გრძნობის ახსნა და მათი „დაქვეითებული მე“-ს ახსნაც.
წყენისა და ტკივილის გარდა, ბავშვი განიცდის სიძულვილს და ძლიერ ფსიქიკურ დაძაბულობას. ხშირად ძალიან ბევრის ატანა უწევს, რის გამოც იგი იწყებს თავისი გრძნობების უარყოფას. ტრავმული განცდები იმალება ქვეცნობიერში და მზადაა შესაბამის მომენტში აინთოს, განათდეს, როდესაც მის წინაშე შესაფერისი მსხვერპლი წარდგება. ამიტომ, ამ ბავშვს შეიძლება აღენიშნოს აშკარა ან ფარული სადისტური მიდრეკილებები: ბუზებისთვის ფრთების დაგლეჯა, ცხოველების წვალება ან სხვა ბავშვის შეურაცხყოფა.
ძალადობის კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ნაკლებად „შესამჩნევი“ ფორმა არის უყურადღებობა (მშობლების დაუდევრობა, ბავშვის უგულებელყოფა), ე.ი. ბავშვის ბიოლოგიური მოთხოვნილების შეგნებულად შეზღუდვა ან მათი დაკმაყოფილებისთვის არასასურველი პირობების შექმნა, აგრეთვე ადამიანის უკანონო (აკრძალული) ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს ბავშვის განვითარებას და სიცოცხლეს.
იმავდროულად, ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება არანაკლებ სერიოზული იყოს, ვიდრე ბავშვის ფიზიკური ტანჯვა.
– რას გვეტყვით ემოციურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე?
– ეს არის მიზანმიმართული დესტრუქციული მოქმედებები ან ბავშვების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მათ შორის, ბავშვის მშობლის ან მოზრდილის მიმართ ზედმეტი ემოციური სითბოს გამო დასჯა, თვითპატივისცემის გამო, რაც აუცილებელია ნორმალური სოციალური ურთიერთობების დამყარებისათვის. ეს შეიძლება იყოს:
- ბავშვის შესაძლებლობების, ნიჭის და სურვილების მუდმივი შეზღუდვები;
- სოციალურ კონტაქტებზე წვდომის შეზღუდვა, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, როგორც კონკრეტული საზოგადოების, სოციალური ჯგუფის, კულტურის წევრისათვის;
- ბავშვის მარტო დატოვების მუდმივი მუქარა და ამით გამოწვეული ფიზიკური და სოციალური ტანჯვა;
- ზედმეტი მოთხოვნების წაყენება, რომლებიც არ შეესაბამება ბავშვის ასაკს.
აღზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის – ბავშვის სერიოზულად აღქმა, შეხედოთ მას როგორც თანასწორს, არ შეურაცხყოთ ან ბოროტად გამოიყენოთ მისი ნდობა. სამწუხაროდ, ბევრი ფაქტია, როცა ბავშვი იზრდება შიშში, შეურაცხყოფისა და ცემის პირობებში.
უკვე დამტკიცებულია, რომ ნებისმიერი ტრავმული გამოცდილების გავლენით, მაგალითად, იმის გამო, რომ ბავშვებს ეშინიათ ნაბიჯის გადადგმის დამცირების მოლოდინის გარეშე, ისინი თავიანთ ახლომდგომს მტრად აღიქვამენ, როგორც საფრთხის მთავარ წყაროს – მათ უვითარდებათ პესიმიზმი, უიმედობა. ისინი ხშირად ინარჩუნებენ ამ შეფასებას ცხოვრების ბოლომდე, არ სჯერათ თავიანთი თავის, ხდებიან გაუბედავები. ამიტომ, ასეთი ბავშვები დაუღალავად შეეცდებიან შეიძინონ ავტორიტეტი.
ნებისმიერი ბავშვის ფსიქოლოგი იტყვის, რომ ბავშვები განიცდიან განსაკუთრებულ წყურვილს ძალაუფლებისა და ავტორიტეტის, ასევე გაზრდილია თვითშეფასების წყურვილი. ბავშვებს სურთ მოქმედება, სურთ იყვნენ უფრო მნიშვნელოვანნი. ერთ შემთხვევაში, ბავშვი ცხოვრობს მშობლებთან ჰარმონიაში, მეორეში – ის მტრულ ატმოსფეროშია და ითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. იგი ფიქრობს: „მე აქ არაფერი ვარ. არაფერს ვნიშნავ. მე ვერ მამჩნევენ“ და ამ დროს პირველ ხაზზე ჩნდება არასრულყოფილების, არასაკმარისობისა და დამცირების გრძნობა.
ბავშვის უგულებელყოფა ძალიან ხშირია ე. წ. ჰიპოპროტექციის მქონე ოჯახებში. ეს არის მშობელთა სტილი, რომლის დროსაც ბავშვი იმყოფება მშობლების ყურადღების პერიფერიაზე და მათი ხედვის სფეროში მხოლოდ მაშინ ექცევა, როდესაც რაღაც სერიოზული ხდება (დაავადება, ტრავმა და ა.შ.). მშობლები არ ამჟღავნებენ ბავშვის მიმართ არანაირ ინტერესს და შეიძლება მთლიანად უგულებელჰყოფდნენ როგორც მის ბუნებრივ (ძილი, კვება), ისე ფსიქოლოგიურ (სიყვარული, სინაზე, ზრუნვა) მოთხოვნილებებს.
მშობლები, რომლებიც აღზრდის ამ სტილს იყენებენ, შვილს უყურებენ როგორც ტვირთს, რომელიც ხელს უშლის მათ თავიანთ საქმეებში. ამიტომ, ასეთ ოჯახში ბავშვი არა მხოლოდ ემოციურად იზოლირებულია, არამედ ძალიან ხშირად ისჯება, როდესაც ის ცდილობს ამა თუ იმ გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები.
– როგორია თქვენი აზრი და დამოკიდებულება ბავშვის დასჯაზე?
– ბევრ მშობელს უწევს შვილების დასჯა. იმათაც კი, ვინც თვლის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.
ამასთან, ფსიქოლოგები ეჭვობენ, რომ ბავშვების აღზრდის მიზნით დასჯას მოაქვს შედეგი, ეს მხოლოდ მშობლების მცდარი პოზიციაა. მათ ეჩვენებათ, რომ თუ ისინი დასჯას მიმართავენ, ამით ბავშვებს დაიმორჩილებენ და გამოასწორებენ მათ. სინამდვილეში, ამ გზით მშობლები მხოლოდ თავიანთ მოუთმენლობას და სიბრაზეს ამჟღავნებენ.
ამერიკელი ფსიქოლოგი, ა. ფრომი თვლის, რომ არსებობს რიგი საფრთხეებისა, რომლებიც მშობლების მხრიდან დასჯის შემთხვევაში იქმნება: ძალიან ხშირად, დასჯა არ ასწორებს ბავშვის ქცევას, არამედ მხოლოდ გარდაქმნის მას. ერთი არასწორი ქცევა მეორით იცვლება და შეიძლება კიდევ უფრო საზიანო იყოს ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
სასჯელი აიძულებს ბავშვს, ეშინოდეს მშობლის სიყვარულის დაკარგვის. ის თავს უარყოფილად გრძნობს და ხშირად იწყებს ეჭვიანობას დის ან ძმის, ზოგჯერ მშობლების მიმართაც.
დასჯილ ბავშვს შეიძლება მტრული გრძნობა გაუჩნდეს მშობლების მიმართ და ეს მის გონებაში საშინელი დილემის საფუძველს ქმნის. ერთი მხრივ, მშობლები მოზრდილები არიან, მათ წინააღმდეგ აჯანყება არანაირად არ არის შესაძლებელი, მეორე მხრივ, ის მაინც სრულად დამოკიდებულია მათზე, ამიტომ მტრული ქცევით სარგებლის მიღება რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მას ჯერ კიდევ უყვარს თავისი მშობლები. და როგორც კი მასში ეს ორი გრძნობა – სიყვარული და სიძულვილი, ერთიანდება, მაშინვე კონფლიქტი წარმოიშობა, რაც იწვევს შეშფოთებას. ხშირი სასჯელები ბავშვს ამა თუ იმ გზით აიძულებს, დარჩეს ინფანტილური. ჩვეულებრივ, ის ისჯება უბრალო ბავშვური ხრიკისათვის. მაგრამ აკრძალულის მიღწევის სურვილი არ უქრება და ის წყვეტს, რომ, ალბათ, არ ღირს მასზე უარის თქმა, თუკი მხოლოდ სასჯელით შეიძლება შემოიფარგლოს. ანუ, ის იტანს სასჯელს, რათა გაისუფთაოს სინდისი და იმავე სულისკვეთებით გააგრძელოს დაუსრულებლად.
დასჯა შეიძლება დაეხმაროს ბავშვს მშობლების ყურადღების მიპყრობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს, უპირველესად, მშობლების სიყვარული სჭირდებათ, ისინი ხშირად ეძებენ ისეთ უსუსურ იმიტაციას, როგორიც უბრალო ყურადღებაა, თუნდაც ეს ყურადღება არ იყოს გულწრფელი. ზოგჯერ ხომ უფრო ადვილია, მშობლების ყურადღება რაღაც სულელური ქმედებებით მიიქციო, ვიდრე მორჩილებით.
მუდმივი დასჯის შედეგად, ბავშვს სიყვარული აღარ აქვს ახლობლების მიმართ, გარდა თავის მოჩვენებისა. მაგრამ ხშირად ბავშვები ოჯახის წინააღმდეგაც მოქმედებენ. ცხოვრებაში ისინი ასრულებენ იმ ადამიანების როლებს, რომლებსაც სოლიდარობის გრძნობა არ აქვთ, რომელთაც არ მოუწესრიგდათ ურთიერთობა ადამიანებთან და ისინი ახლობლებში ხედავენ რაღაც მტრულს. ისინი ყოველთვის განგაშის მდგომარეობაში არიან, რომ ვინმე სხვამ არ მოატყუოს. ძალიან ხშირად ასეთი ბავშვებისგან შეიძლება იმის გაგება, რომ ისინი მზად არიან მშობლები „გაგლიჯონ შუაზე“. უნდობლობა იბადება ყველა ურთიერთობაში. ამის გამო მატულობს სირთულეები თანაცხოვრებაში. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ დესტრუქციული ტენდენციები. მზაკვრობა თავისთავად მატულობს მათ არსებაში თავიანთი თავისა და სხვების მიმართ უნდობლობის გამო.
ამრიგად, ოჯახში მათი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შედეგად, ბავშვები თავიანთ თავს ეძებენ სხვაგან, არა ურთიერთობის მთავარ სფეროში, ოჯახში, რომელიც მათთვის დახურულია, არამედ ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა, ამბიცია, ძალაუფლებისა და უპირატესობის სურვილი დაიკმაყოფილონ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სივრცეში – სკოლაში.
პირველი გზაა – სიზარმაცის „დამცავი“ ფორმის გამოვლენა. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ა. ადლერი თვლიდა, რომ ასეთი სიზარმაცე არ უნდა გვესმოდეს როგორც რაღაც თანდაყოლილი ან ცუდი ჩვევა, ეს არის საშუალება, როგორმე არ წარდგე რაიმე შემოწმების წინაშე. ასე რომ, ზარმაც ბავშვს ყოველთვის შეუძლია სიზარმაცეს დააბრალოს ყველაფერი. უმჯობესია, სიზარმაცის გამო დამარცხდე, ვიდრე უუნარობის გამო. და ბავშვმა, როგორც გამოცდილმა დამნაშავემ, უნდა მოიფიქროს ალიბი. ის იმალება მისი სიზარმაცის მიღმა, ფსიქიკური მდგომარეობა პატივმოყვარეობის შენარჩუნების მიზნით, შემსუბუქებულია.
მეორე გზაა ის, რომ – ბავშვი იწყებს სკოლის გაცდენას, აყალბებს ხელმოწერებს და აკეთებს „ყალბ“ ცნობებს. მაგრამ რა უნდა გააკეთოს მან თავისი თავისუფალი დროით? საჭიროა რაიმე აქტივობა. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი პოულობს მისი მსგავსი ბედის მქონე ადამიანებს და იწყებს ურთიერთობას. ესენი არიან ამბიციური ბავშვები, რომლებსაც ძალიან უნდოდათ, რაიმე როლი ჰქონოდათ ცხოვრებაში, მაგრამ აღარ აქვთ იმედი, რომ ცხოვრებაში დაიკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებებს. ამრიგად, ისინი ეძებენ სხვა ისეთ საქმიანობას, რაც მათ დააკმაყოფილებს. და ძალიან ხშირად, ეს ბავშვები დგებიან კრიმინალურ გზაზე, რადგან მათ არ აქვთ თავიანთი მოთხოვნილებების სოციალური გზით მიღების გამოცდილება.
ამრიგად, ძალადობის სხვადასხვა ტიპებს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შედეგები ბავშვის განვითარების პროცესში. ცემას, დასჯას, სექსუალურ შევიწროებას და შეურაცხყოფას აქვს განსხვავებული, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები ბავშვის ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებაზე.
ამასთან, შეურაცხმყოფელი სიტუაციების მახასიათებლები ბავშვზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. მის შემდგომ განვითარებაზე გავლენას ახდენს შეურაცხყოფის სისასტიკე, ძალის ან ძალადობის ხარისხი, ამ შემთხვევათა სიხშირე იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა სასტიკი ქმედება, ვინ იყო „მდევნელი-მოძალადე“. ამასთან, აუცილებელია შეურაცხყოფისა და ძალადობის შემთხვევების გავლენა განვასხვაოთ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების გავლენისგან. მნიშვნელოვანია მოქმედების ფაქტორის, მოულოდნელი, მწვავე ძალადობის ან მუდმივი ოჯახური კონფლიქტის გათვალისწინებაც.
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო, ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.