რატომ უნდათ სექსის შემდეგ ტირილი ან მოწევა
ზოგს მოულოდნელად აღიზიანებს პარტნიორი, ზოგს კი აუცილებლად სჭირდება განტვირთვა, როგორც ძლიერი სტრესის შემდეგ.
რა ემართება სხეულს ამ დროს? რას ამბობს ნეირობიოლოგია ამაზე?
დოფამინის სისტემას სჭირდება სტაბილიზაცია
სექსის დროს ადამიანი გამოყოფს დოფამინს (სიამოვნების ჰორმონი), ოქსიტოცინს (მიზიდულობის ჰორმონი), პროლაქტინს (მონაწილეობს სექსუალურ დაკმაყოფილებაში). თავდაპირველად ეს იძლევა ბედნიერების, სიახლოვის და კმაყოფილების განცდას.
თუმცა, ჰორმონების მკვეთრ მატებას აუცილებლად თან ახლავს კლება, ზოგიერთ ადამიანში საკმაოდ მკვეთრი, რის შედეგადაც დადებითი ემოციები შეიძლება უარყოფითში გადავიდეს. სეროტონინისა და დოფამინის დონის სწრაფი დაქვეითება იწვევს აპათიას, შფოთვას და გაღიზიანებადობასაც კი. პროლაქტინის დაქვეითება იწვევს მელანქოლიას, მოთენთილობას, გაღიზიანებას.
მეცნიერები სექსის შემდეგ განწყობის ცვალებადობას პოსტკოიტალურ დისფორიას უწოდებენ.
ამავდროულად, სქესობრივი აქტის შემდეგ დათრგუნვისა და პასიურობის პერიოდი ასევე შეინიშნება ბევრ ცხოველსა და მწერებშიც კი. ადამიანები მათგან განსხვავდებიან მხოლოდ რეაქციების მრავალფეროვნებითა და მიზეზებით.
დალევის, მოწევის ან ჭამის სურვილი პირდაპირ კავშირშია დოფამინის სისტემის სტაბილიზაციის მცდელობასთან. ყველაფერი, რაც ადვილად მისაწვდომ სიამოვნებას ანიჭებს — საჭმელი, ტკბილეული, სიგარეტი, ალკოჰოლი — ეხმარება ტვინს აღადგინოს კონტროლის გრძნობა. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ემოციური ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან განწყობის უეცარი ცვალებადობისკენ.
თითოეულ ჩვენგანს აქვს უნიკალური ფსიქოფიზიოლოგიური პროფილი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად განვიცდით აღელვებას, რამდენი ხანი სჭირდება აღდგენას და რამდენად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს პიკური სტრესის შემდეგ.
თუმცა, გარდა ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებლებისა, არის ისეთებიც, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად შევიძინეთ.
სექსის შემდეგ პარადოქსული ემოციური რეაქციების 5 მიზეზი
1. არარეალიზებული მოლოდინები
სამწუხაროდ, ბევრი უკმაყოფილო რჩება ინტიმური ურთიერთობის დროს. მაშინაც კი, თუ სექსი ტექნიკურად კარგი იყო, შეიძლება იყოს გამოუთქმელი გრძნობები, განუხორციელებელი ფანტაზიები, გამოუხატავი წყენა. და თუ პარტნიორმა არ გამოავლინა თანაგრძნობა და არ იყო საკმარისი სიყვარული, ყველაფერი კიდევ უფრო რთულადაა. როცა მოლოდინი ძალიან დიდია და რეალობა სხვაა, ხდება ემოციური მარცხი. ეს რეაქცია კიდევ უფრო ძლიერია მგრძნობიარე ადამიანებში.
2. ძველი ტრავმები
ემოციური რეაქციების კიდევ ერთი მიზეზი, უფრო დამახასიათებელი ქალებისთვის, არის ადრეული ტრავმა. ისინი დაკავშირებულია ბავშვობის და ადრეულ სექსუალურ გამოცდილებასთან. თუ წარსულში იყო ტრავმები, რომლებიც დაკავშირებულია სხეულისადმი დამოკიდებულებასთან, ინტიმურ ურთიერთობასთან, სიამოვნებასთან, ასევე ღალატთან ან ძალადობასთან, მაშინ სასიამოვნო გამოცდილებასაც კი შეუძლია გაააქტიუროს ემოციური მეხსიერება და გაზარდოს უარყოფის, სირცხვილის და უღირსობის გრძნობა.
სექსის „საკუთარი სხეულიდან ჩამობანის“, აბაზანაში შესვლის, სწრაფად ჩაცმის, გაქცევის, ჭამის ან მოწევის სურვილი შეიძლება ყოველივე ზემოთქმულის შედეგი იყოს. მაგალითად, როდესაც ოჯახში საუბრობდნენ, რომ სექსი არის „ჭუჭყი“, ან ბავშვს ჩაუნერგეს სირცხვილი საკუთარი სხეულის მიმართ, ან წარსულში სექსის შემდეგ, გადატანილი დამცირება ან უარყოფა.
3. პარტნიორთან ემოციური სიახლოვის ნაკლებობა
სექსის შემდეგ ემოციური ვაკუუმი ხშირად ჩნდება, როდესაც პარტნიორი შორდება ან მაშინვე მიდის.
თუ ადამიანებს შორის არ არის სტაბილური მიჯაჭვულობა, ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ოქსიტოცინის გამოყოფა მხოლოდ აძლიერებს მარტოობის განცდას: ორგანიზმი ხომ უფრო აქტიურად „ითხოვს“ ინტიმურ ურთიერთობას, მაგრამ ის არ არის. აქედან გამომდინარეობს სევდა, ბრაზი და ჩანაცვლებითი ქცევა — გრძნობების არა განცდის, არამედ მათი ჩახშობის ან გადართვის ჩვევა.
4. ორალური დაუკმაყოფილება
სექსუალური ინტიმური ურთიერთობის დროს პირი ერთ-ერთი მთავარი კონტაქტის ადგილია. თუ სექსში არ იყო საკმარისი ორალური გამოვლინებები - კოცნა, სიტყვები, ნაზი შეხება - სხეულმა შეიძლება იგრძნოს არასრულყოფილება. სექსის შემდეგ საკვების მიღების სურვილი, შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ ორალური მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდა: არ იყო საკმარისი კოცნა, ზეპირი მოფერება და სასიამოვნო სიტყვები.
5. ძლიერი ემოციური შოკი
საბედნიეროდ, სექსზე უცნაური რეაქციის დადებითი მიზეზები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ადამიანი აღფრთოვანებულია ინტიმური სიახლოვით. ასეთი გამოცდილების შემდეგ ჭამის მოთხოვნილება ბუნებრივია, რადგან ასეთი ემოციები დიდ ენერგიას მოითხოვს.