ადამიანის ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები უნაყოფობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები უნაყოფობის დროს

ბოლო დროს უნაყოფობა საზოგადოების ერთგვარ უბედურებად იქცა. მრავალრიცხოვან გამოკვლევათა მონაცემების მიხედვით, ევროპული სახელმწიფოების უმეტესობაში ცოლ-ქმრის უნაყოფობას აშკარად აქვს გამოხატული ზრდის ტენდენცია. ამის შედეგად, აღნიშნულ პრობლემას აქვს არა მარტო სოციალურ-სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობაც.

უნაყოფობა მედიცინაში ნიშნავს წყვილის უუნარობას, ჩასახოს ბავშვი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში. ცოლ-ქმარს თვლიან უნაყოფოდ, თუ ქალი არ ორსულდება ერთი წლის რეგულარული სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში (როდესაც ყველაზე ნაკლები, კვირაში 2-ჯერ მაინც აქვთ სქესობრივი კონტაქტი), იმის მიუხედავად, რომ არ იყენებს კონტრაცეფციის საშუალებებსა და მეთოდებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის - ჯანმოს მონაცემების თანახმად, „ცოლ-ქმართა დაახლოებით 12-18% ცხოვრების რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში ეჯახება უნაყოფობის პრობლემას“.

განასხვავებენ სრულ უნაყოფობას, რომელიც წარმოიქმნება მამაკაცის ან ქალის სასქესო აპარატში განუკურნებელი (შეუქცევადი) ცვლილებების შედეგად (განვითარების დეფექტები, სასქესო ჯირკვლებიც ოპერაციულად ამოკვეთა, ტრავმები და მისთანანი), და ფარდობითი, რომლის მიზეზების აღმოფხვრაც შესაძლებელია. უნაყოფობას უწოდებენ პირველადს, თუ ორსულობა არასდროს დამდგარა, და მეორეულს, თუ ქალს წარსულში ერთი ორსულობა მაინც ჰქონდა, იმისდა მიუხედავად, თუ რით დასრულდა იგი (მშობიარობით, საშვილოსნოს გარე ორსულობით, მუცლის მოშლით და ა.შ.).

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი უნაყოფობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების პრობლემის მიმართ. ამას შემდეგი მიზეზები აქვს: დიდი სირთულეები რჩება გაურკვეველი „გენეზის“ დროს, გახშირდა ემოციური სფეროს დარღვევებისა და სექსუალური მოშლილობების შემთხვევები უშვილო ქორწინებების დროს, უშვილო წყვილს აღენიშნება ორივე მეუღლის ცხოვრების ხარისხის გაუარესება. უშვილო ქორწინება, პირველ რიგში, ადამიანის სიყვარულისა და გვარის გაგრძელების მოთხოვნილების ფრუსტრაციას იწვევს და, ამასთან ერთად, იზრდება ბავშვზე ზრუნვისა და მის აღზრდაზე პასუხისმგებლობის მოთხოვნილება. ამჟამად, ურბანიზაციის მაღალ დონესა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების განვითარებასთან დაკავშირებით, ბავშვის გაჩენას, ძირითადად, სოციალურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მუშაო­ბის მიზეზი იყო უნაყოფობის ფსი­ქო­ლოგიური მიზეზების, ასევე დიაგ­ნო­სტიკისა და კორექციის მეთოდების შესწავლა.

უნაყოფობის ფსიქოლოგიური მიზეზები

დიაგნოსტიკისა და კორექციის მეთოდები:

ფიზიოლოგიურ დონეზე ხანგრძლივი სტრესი თავის კვალს ტოვებს ყველა ორგანოსა და სისტემის საქმიანობაზე, მთ შორის იმათზეც, რომლებიც გვარის გაგრძელებაზეა პასუხისმგებელი. სტრესის ზემოქმედებით სუსტდება იმუნიტეტი, ქვეითდება საშვილოსნოს მილების მოძრაობის უნარი, ცვლილებებს განიცდის საკვერცხეები და საშვილოსნოს ყელი. სტრესი მოქმედებს ტვინის უმაღლეს ცენტრებზეც, რაც იწვევს ჰორმონული ძვრების პროვოცირებას, რომლებიც მკვეთრად ამცირებს ჩასახვის ალბათობას;

ირღვევა ფიზიოლოგიური რეაქციების მიმდინარეობა და ჰორმონების ჯაჭვის მეშვეობით - რეპროდუქციული ორგანოების სისხლით მომარაგება. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ფალოპის მილების სპაზმი დაორსულების შემდგომი წარუმატებელი მცდელობებით. თუ ეს ემოციები და მდგომარეობა შენარჩუნებულია დაორსულების შემდგომაც, შესაძლებელია, ორსულობის განვითარება შეწყდეს: განვითარების ადრეულ სტადიაზე ნაყოფი დაიღუპოს, ან მოხდეს თვითნებური აბორტი ორსულობის ნებისმიერ ვადაში. ყველა ამ ცვლილების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ან ძალიან რთულია.

შიშები:

მშობიარობის დროს სიკვდილის ან არასრულფასოვანი ბავშვის გაჩენის შიში; მომხიბვლელობის დაკარგვის შიში; იმის შიში, რომ ბავშვი საკმაოზე მეტ სირთულეს მოიტანს; ხშირად ასეც ხდება, რომ ბავშვი ქვეცნობიერად, საფრთხედ აღიქმება წყვილის ურთიერთობებისთვის - მეუღლეებს ისე ძლიერ უყვართ ერთმანეთი და იმდენად მჭიდრო კავშირია მათ შორის, რომ ბავშვის გაჩენა ოჯახური იდილიის დარღვევად მიიჩნევა.

მუშაობის სტრატეგია: კომპლექსური მეთოდიკა: „მე მსურს, მყავდეს შვილი/მე არ მსურს, მყავდეს შვილი“.

თავისი თავის უარყოფა (ქალური ნაწილის)

პრაქტიკულად ყველა ქალური დაავადება ამა თუ იმ ხარისხით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ექცევა ქალი თავს, როგორ აღიქვამს მას, როგორ ცხოვრობს მასში მისი „ქალური ნაწილი“.

ეს, პირველ რიგში, თავისი მნიშვნელობისა და მომხიბვლელობის შესახებ ცოდნაა. ამაში დიდ როლს თამაშობს დედისა და მამისგან მიღებული გამოცდილება - როგორ აღიქვამდნენ ბავშვობაში გოგონას დედა და მამა? თვლიდნენ მას მომხიბვლელად თუ არა? ასევე, ხედავდა თუ არა ის ჰარმონიული ურთიერთობის მაგალითს მშობლებს შორის? იყო თუ არა ნანატრი (სასურველი) ბავშვი? იყო თუ არა სასურ­ვე­ლი სქესის ბავშვი (თუ მშობლებს ძალიან უნდოდათ, ბიჭი ჰყოლოდათ)? ქალურ ნაწილში რა ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო გოგონამ თავისი გვარის ქალებისგან - დედისგან, ბებიისგან, დიდი ბებიისგან?

მუშაობის სტრატეგია: თავად ქალისა და მისი გვარის სხვა ქალების ცხოვრებისეული სცენარის ანალიზი (გენოგრამა, გენოსოციოგრამა), ტრავმული მოვლენებისა და სიტუაციების გამოვლენა და მათზე მუშაობა. შემდგომ კი თავისი ქალური იდენტურობის ჩამოყალიბება. არტ-თერაპია - ხატვის დიაგნოსტიკური ტექნიკები, როლური რუკა, კოლაჟები და ნიღბები - „მე ქალი ვარ“.

დედასთან ურთიერთობა:

ქალიშვილის დედასთან ურთიერთობის დონე აქ შეიცვლება ძალიან თბილი/ახლო ურთიერთობებიდან ურთიერთობის უქონლობამდე დიაპაზონში. განვიხილოთ ორი უკიდურესი გამოვლინება:

ურთიერთობის უქონლობა ან რთული/კონფლიქტური ურთიერთობები

როგორც წესი, ასეთ ურთიერთობებს, შესაძლოა, დავაკვირდეთ ოჯახში, სადაც ქალი „ჩარჩენილია“ მოზარდის ასაკში. ის ჯანყდება, ღიზიანდება, უარყოფს დედას, რაც თავისი ქალური არსის უარყოფას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ასეთები არიან სოციალურად წარმატებული ქალები, რომლებსაც სირთულეები აქვთ მამაკაცებთან ურთიერთობაში. როგორც წესი, ისინი ყველაფერს თავად აღწევენ, არ ენდობიან მამაკაცებს, არ იღებენ მათ ძალას, მათ მზრუნველობას და ამის შედეგად არ შეუძლიათ ახალი სიცოცხლის აღმოცენება, რადგან ამისთვის საჭიროა მამაკაცის თესლის მიღება.

ძალიან ახლო ურთიერთობები (სიმბიოზი)

ურთიერთობების ამ ტიპს თავისი განმასხვავებელი თავისებურება აქვს - ქალი (შვილი) დედის მიმართ პერიოდულად თამაშობს სხვადასხვა როლს: „პატარა გოგოს“ როლს და „თავისი დედის დედიკოს“ როლს. პირველ შემთხვევაში ეს გამოიხატება ახლო მეგობრობით და ძალიან დამოკიდებული ურთიერთობით - დედა თავისი ზრდასრული ქალიშვილის ყველა საქმის კურსშია, ოვულაციის დღეებიც კი იცის, მასთან ერთად დადის ექიმებთან ვიზიტებზე, პოულობს ახალ საოცარ და სახელმოხვეჭილ მეცნიერებს და ა.შ. რაღაც მომენტებში ქალები, თითქოს როლებს ცვლიან და ყველაფერი ზუსტად ისევე მეორდება, ოღონდ უკუღმა - ქალიშვილი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას დედის სიცოცხლესა და ბედზე, და მის მიმართ მასზე უფრო ბრძენი და მოწიფული ადამიანის პოზიციას იკავებს. პრობლემა აქ არის იერარქიის დარღვევა და ის, რომ ქალიშვილს არა აქვს უნარი, „გაემიჯნოს დედას“ და გაიზარდოს.

მუშაობის სტრატეგია: ხატვის ტექნიკა „მე და დედაჩემი“, „დედაჩემი, როგორც დედა“, „დედაჩემი, როგორც ქალი“.

ტრავმული მოვლენები წარსულში:

გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს მძიმე, ზოგჯერ ბოლომდე განუცდელმა, დაუცხრომელმა მოვლენებმა. ისეთმა, რომლებიც უშუალოდ ეხება ბავშვის გაჩენის სფეროს (ახლო ნათესავის ან მეგობრის გარდაცვალება მშობიარობის დროს, ბავშვის დაღუპვა და მისთანანი), ასევე სხვა სახის მოვლენებმაც, მაგალითად, მშობლების განქორწინებამ, სასტიკმა მოპყრობამ ბავშვობაში, ცხოვრების არახელსაყრელმა პირობებმა, ახლო ნათესავების გარდაცვალებამ. ყველა ეს განცდა მტკივნეულ მოგონებებს იწვევს, რომლებიც გავლენას ახდენს ქალის ცხოვრებაზე და იცავს მას იმისგან, რომ კვლავ არ მოუხდეს ამის განცდა.

მუშაობის სტრატეგია: ამ ტრამვული მოვლენების გაცნობიერება და განცდის პროცესის აღდგენა უკვე უსაფრთხო გარემოში. როდესაც მოვლენები ხარისხობრივად იქნება განცდილი, გამოტირებული, და გრძნობები - გამოხატული, მოხდება შინაგანი გათავისუფლება ამ ტვირთისგან და, როგორც შედეგი, შედგება დიდი ხნის ნანატრი ორსულობა.

დედის როლის იდეალიზება:

ასეთ ქალს ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე აურაცხელი წიგნი აქვს წაკითხული აღზრდის შესახებ, იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი სწორად. იცის, როგორ უნდა მოეპყროს ბავშვებს, როგორ კვებოს და ა. შ. ყველა მეგობარი და ნაცნობი ასეც ეუბნება: „შენ იდეალური დედა იქნები!“ ეს კიდევ უფრო მეტ კითხვებს უჩენს თავად ქალს: „მე სრულად მზად ვარ, ყველა პირობა იდეალური მაქვს, მაშ ჯერ კიდევ რატომ არ ვარ დედა?“.

მუშაობის სტრატეგია: დედობაზე წარმოდგენის კორექტირება. ხატვის ტექნიკა: „მე და ჩემი მომავალი შვილი“, შესაძლოა ბავშვების შესახებ წიგნების (რეალისტურის) შეთავაზება.

სტრესები:

თანამედროვე ცხოვრების რიტმი გვაიძულებს, ვიყოთ მრავალფუნქციურები, მუდმივად კონცენტრირებულნი, დაძაბულნი. თანამედროვე ქალები მამაკაცების თანასწორად მონაწილეობენ კარიერულ რბოლაში, კისრულობენ დიდ პასუხისმგებლობას, ზოგჯერ ძალიან არაქალურ საკითხებსაც კი წყვეტენ და, ამ დროს, ელემენტარულად, ჭამასაც კი ვერ ასწრებენ, რომ არაფერი ვთქვათ ძილისა და დასვენების ხარისხზე. ბევრი მათგანი ამჩნევს, რომ ძლიერი სტრესის ზემოქმედებით, მათ ერღვევათ მენსტრუალური ციკლი, და რაღა იქნება მაშინ, როდესაც დაღლილობა დაგროვდება? ზუსტად ასეა - მენსტრუალური ციკლის მოშლის გამო დაირღვევა ჰორმონული ფონი და, მაშასადამე, დაორსულების უნარიც მოიშლება. თუ ქალი არ დაორსულდება, ეს ახალ სტრესს გამოიწვევს და ასე იქმნება ჩაკეტილი წრე: „მე სტრესულ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ვერ ვორსულდები, მე ვერ ვორსულდები და ამ ნიადაგზე სტრესულ მდგომარეობაში ვარ“.

მუშაობის სტრატეგია: ამ ვითარებაში დასახმარებლად კლიენტმა თავად უნდა თქვას უარი ცხოვრებისა და მუშაობის დამქანცველ ტემპზე, მიმართოს სპორტს (კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად). გამოდგება არტ-თერაპია, რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის ტექნიკების სწავლება.

აბორტები და წარუმატებელი ორსულობები წარსულში:

აბორტები - აბორტის შემდეგ ძალიან ხშირად წარმოიშობა დანაშაულის ძლიერი გრძნობა, რომელსაც ქალი ღიად განიცდის ან ქვეცნობიერში მალავს. ორივე შემთხვევაში შესაძლოა გახდეს „გაუცნობიერებელი სასჯელი“, წარსულში ჩადენილისთვის ქალი თავს უნაყოფობით სჯის. ის გაუცნობიერებლად უკრძალავს თავს დაორსულებას, ხოლო ცნობიერების დონეზე, როგორც წესი, ეს გამოიხატება ფრაზით: „ღმერთი/ბედისწერა მსჯის“.

ასეთ შემთხვევაში მუშაობა მიმართული იქნება განცდების აღდგენაზე. საჭიროა მუშაობა დანაშაულის გრძნობაზე და პასუხისმგებლობაზე წარსულში მომხდარის გამო და, რა თქმა უნდა, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებაზე;

შვილის დაკარგვა ყველაზე დიდი დანაკარგია, რაც კი შეიძლება მოხდეს,… ამიტომ წარსული წარუმატებელი ორსულობები (მუცლის მოშლა, ნაყოფის სიკვდილი ან საშვილოსნოსგარე ორსულობა), მკვდრადშობილი, გარდაცვლილი/დაღუპული ბავშვები და ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წარუმატებელი პროტოკოლებიც კი, მოითხოვს ყურადღებას, განცდას და გადატანას. ყველა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჭმუნვისა და გლოვის, შემდეგ კი პატიების ეტაპები.

სისტემური მიზეზები:

ოჯახი არის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს გარკვეული წესებისა და კანონების მიხედვით. ბერტ ხელინგერი ამ კანონებს „სიყვარულის წესებს“ უწოდებს. არც ისე იშვიათად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ქცევის ესა თუ ის მოდელი ან სცენარი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. უნაყოფობის სისტემურ მიზეზებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს შეიძლება იყოს ამ სისტემაში ბავშვისთვის ადგილის არარსებობა, რადგან ეს ადგილი უკვე დაკავებული აქვს ვინმეს (მაგალითად, მშობლებს ან უმცროს დებსა და ძმებს). ხშირად უშვილობის უკან გარკვეული ოჯახური ისტორიები დგას, რომლებიც თავს გადახდათ წინაპრებს - მძიმე ბედი, სიკვდილი, დაკარგული, გარდაცვლილი ან აბორტის მსხვერპლი ბავშვები. ამ შემთხვევაში მუშაობა მიმართული იქნება ამ სისტემური მიზეზების გამოვლენისკენ და მათი აღმოფხვრისკენ სისტემური განლაგებების, მიზანმიმართული ვიზუალიზაციისა და გენოგრამებით მუშაობის დახმარებით.

პრობლემის ორი შრე:

ფსიქოლოგიური პრობლემის შრეებში იგულისხმება სურვილები, ამიტომ თითოეულ პრობლემაში უნდა გამოვყოთ, სულ მცირე, ორი სურვილი. პირველ სურვილს - „მინდა“ ადამიანი აცნობიერებს, მაგრამ იმის გამო, რომ არ ძალუძს მისი განხორციელება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობს მეორე, გაუცნობიერებელი სურვილი - „რომ არაფერი შეიცვალოს“. ამიტომ კლიენტის პრობლემაზე მუშაობის დროს კონსულტანტი აღმოაჩენს ხოლმე მისი რამდენიმე სურვილის შეტაკებას: „კონსტრუქციულისას“, რომელიც ასახავს სწრაფვას ცვლილებებისკენ და „დესტრუქციულისას“, რომელიც ასახავს ცვლილებების შიშს და ინარჩუნებს არსებულ ვითარებას.

გადაწყვეტილების მიღება:

უნდა გაკეთდეს არჩევანი რამდენიმე შესაძლებლობას შორის. ამასთანავე, არჩევანი ყოველთვის არის. ადამიანს, სულ მცირე, ორი ვარიანტი აქვს ამ სამი შესაძლებლობიდან:

  • ყველაფრის დატოვება ისე, როგორც არის, ან რისამე შეცვლა.
  • თავისი ქცევის, ჩვევების, შეხედულებების, განწყობის შეცვლა ან იმ გარემოებების შეცვლა, რომლებ­შიც პრობლემა წარმოიქმნა.
  • თუ შეუძლებელია გარემოებების შეცვლა, შესაძლოა საკუთარი და­მოკიდებულების შეცვლა ამ გარემოე­ბების მიმართ, ანუ მათი მიღება:
  • როგორც აუცილებელი მოცემულობის;
  • როგორც გაკვეთილის, რომელიც უნდა გაიარო;
  • როგორც პიროვნების შინაგანი რესურსებისა და შესაძლებლობების კატალიზატორის;
  • როგორც რაიმე პოზიტიურისა, რომელსაც შეიცავს ის, რასაც ჯერჯერობით ნეგატიურად აღვიქვამთ.

პრობლემები, რომლებიც ექმნებათ უშვილო ოჯახებს:

  • იწვევს დეპრესიას და შფოთვას.
  • აქვეითებს თვითშეფასებას;
  • ამაღლებს დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნებებს (მეტად გამოვლინდება ქალებს შორის);
  • აძლიერებს შვილების ყოლის მოტივაციას;
  • სექსუალური პრობლემები, ერთი მეუღლის უკმაყოფილება მეორით ამ სფეროში და მეუღლეების უუნარობა, ააწყონ ნორმალური სექსუალური ურთიერთობები;
  • სიცივე მეუღლეების ურთიერთობაში, სიახლოვისა და ნდობის დეფიციტი, ურთიერთობის პრობლემები;
  • საზოგადოებისგან იზოლირება;
  • იმ ფაქტის მიღება, რომ სამედიცინო ჩვენებებით არ შეუძლიათ იყოლიონ შვილები და, როგორც შედეგი, ცხოვრებისეული მიზნების ცვლილება;
  • ბავშვის შვილად აყვანისთვის მიღებული ზომები;
  • ბავშვების ყოლის ძლიერმა სურ­ვილმა, შესაძლოა, იმოქმედოს სექსუალური სფეროს დარღვევებზე. სექსი სიამოვნებიდან გარდაიქმნება მუშაობად, რადგან წყვილი ცდილობს სქესობრივი კონტაქტი დაამყაროს მაშინ, როდესაც ეს ბავშვის ჩასახვისთვის არის საჭირო და ამ დროს არ განიცდის ემოციურ აღტკინებას;
  • ბავშვების ყოლის ნევროტული სურვილი, რომელიც ქორწინების ერთ ან ორივე პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს, შესაძლოა სტერილურობის მიზეზი გახდეს და, მეუღლეების ურთიერთქმედებით, საბოლოოდ, დათრგუნოს შთამომავლობის მოცემის (რეპროდუქციის) უნარი.

ფსიქოდიაგნოსტიკის მეთოდები

ნახატების თემები დიაგნოსტიკისთვის:

  • მე და ჩემი მომავალი შვილი;
  • ჩემი მომავალი ორსულობა;
  • „დედაჩემი, როგორც დედა“, „დედაჩემი, როგორც ქალი“ - იმავეს გაკეთება შეიძლება მამაზე.
  • „თავისი თავის ხატი, როგორც ორი, ქალური და მამაკაცური ნაწილების შეხამება (ერთმანეთში გადასვლა და ურთიერთქმედება);
  • ჩემი პრობლემა;
  • ჩემი ოჯახი: ამჟამად, 5 წლის შემდეგ, იდეალში.

ტექნიკები:

  • „სიცოცხლის წრეები“;
  • „მე მსურს, მყავდეს შვილი / მე არ მსურს, მყავდეს შვილი“;
  • ინტერვიუ ორგანიზმთან.

ინტერვიუ

- რამდენი ხანია, რაც გსურთ იყოლიოთ შვილი/შვილები?

- რამდენი ხანია, რაც უშვილობას მკურნალობთ?

- რამდენ ექიმთან გქონდათ კონტაქტი?

- თქვენი აზრით, რა არის თქვენი უშვილობის მიზეზი (სუბიექტური თეორია)?

- თქვენს წყვილში ვინ უფრო მეტად განიცდის თქვენს უშვილობას?

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მაშინ, როდესაც თქვენი უშვილობის ამბავი შეიტყვეთ?

- ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენი სექსუალური ურთიერთობებით (სიხშირე, ორგაზმის არსებობა ან არარსებობა, კოიტუსის სირთულეები, სექსუალური ლტოლვა)?

- როგორ აისახება თქვენს ცხოვრებაზე უშვილობის პრობლემა (მაგალითად, თქვენს სოციალურ, სექსუალურ და სხვა სტატუსებზე)?

- როგორი მკურნალობა უნდა იქნეს გამოყენებული?

- როგორი შეხედულება გაქვთ მკურნალობის ალტერნატივებზე?

- რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობა?

- რას გააკეთებთ თქვენ (ადამიანი ან წყვილი), თუ მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდება?

დამატებითი კითხვები, რომლებიც, შესაძლოა, დაეხმაროს ექიმს დიაგნოსტიკის ან/და მკურნალობის პროცესზე პაციენტის სავარაუდო რეაქციის განსაზღვრაში:

- აღენიშნება თუ არა პაციენტს ფსიქოსომატური დაავადებები?

- არის თუ არა ანამნეზში ფსიქიკური მოშლილობის ეპიზოდები ან ჩატარებული - აქვს თუ არა ფსიქოთერაპიის კურსი ცხოვრებისეული, ოჯახური კრიზისების, უნაყოფობის პრობლემების გამო?

დაუსრულებელი გეშტალტი ანუ დაუსრულებელი სიტუაცია:

მუდმივი ანალიზები და სხვა სამედიცინო ღონისძიებები აქვეითებს სქესობრივ ლტოლვას და აძლიერებს სხეულის დაძაბულობას. ეს ციკლი მეორდება თვიდან თვემდე. რწმენა - იმედი - მოლოდინი - იმედგაცრუება. ამ ციკლს დაუსრულებელი გეშტალტი შეიძლება ვუწოდოთ.

  • ფ. პერლზის თვალსაზრისით, გეშტალტის ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი თვისება მისი დინამიკაა - ძლიერი გეშტალტის სწრაფვა დასრულებისკენ. დაუსრულებელი გეშტალტის საუკეთესო სახელია დაუსრულებელი სიტუაცია. დაუსრულებელი სიტუაციის ერთ-ერთი უმარტივესი მაგალითია ავადმყოფობა. ავადმყოფობა, შესაძლოა, დასრულდეს გამოჯანმრთელებით, სიკვდილით ან ორგანიზმის გადაწყობით;
  • თუ ადამიანი თითქმის დაბრმავდა, - წერს ავტორი, - ის უდიდეს ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის, რაც დარჩა მისი მხედველობიდან. სიტუაცია მუდმივად დაუსრულებელი რჩება. და ეს სიტუაცია სულ უფრო და უფრო ღრმად ითრევს ადამიანს;
  • ერთხელაც ის მთლიანად დაბრმავდება. როგორც წესი, სიტუაცია დრამატულად იცვლება და ადამიანი ეგუება აზრს, რომ იმედი ამაოა;
  • ახლობლების თვალში ის ხეიბრად გამოიყურება, მაგრამ თავად კი სხვაგვარი ხდება. ის ახლა ორგანიზმია თვალების გარეშე. შინაარსის შესაბამისი ცვლილებები, პერლზის აზრით, უკეთესობისკენ არის მიმართული;
  • იგივე შეიძლება ითქვას უშვილო წყვილებზეც. ქალს მუდმივად სურს, რომ დაორსულდეს. და ამას უდიდეს ძალისხმევას ახმარს ფსიქოლოგიურ დონეზე. იმედიანად არის და ელის. მისთვის ესეც დაუსრულებელი სიტუაციაა. მაგრამ, როდესაც ის ზუსტად გაიგებს, რომ ვერასოდეს გააჩენს ბავშვს, სიტუაცია დასრულდება. და ოჯახი დაიწყებს ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზების ძიებას.

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფსიქოთერაპიის მიზანია უნაყოფობის დიაგნოზის მქონე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების შეჯამებისას კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ადამიანების, როგორც მაღალი სოციალიზაციის მქონე არსებების, ჯანმრთელი შთამომავლობის აღწარმოების ფუნქცია არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ამოცანა. ყოველ ჩვენგანს, იქნება ეს ექიმი, თუ ადამიანი, რომელიც თავისი პროფესიით საკმაოდ შორს დგას მედიცინისაგან, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.