დომინანტობა ურთიერთობაში - როგორია დომინანტი ქალი
ძლიერი, დომინანტი ქალი უნიკალური არსებაა, რომელსაც თავის ურყევი რწმენა აქვს. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ დიდი გავლენა აქვს ზოდიაქოს და სტიქიას. ზოდიაქოს ნიშნები ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. დომინანტი ქალები ძირითადად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათ რიცხვს მიეკუთვნება ლომი, ვერძი და მშვილდოსანი. ეს სამეული ცნობილია, როგორც „ცეცხლოვანსისხლიანნი“.
დომინანტ ქალებს აქვთ უნარი, პრობლემებს წარსულის გამოცდილებით გაუმკლავდნენ. გადატანილი ტრამვა შეუძლიათ ძლიერ მხარედ აქციონ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, დომინანტი ქალი არ მანიპულიებს პარტნიორით, უბრალოდ, სურს ჰყავდეს ძლიერი ზურგი, რომელსაც პატივს სცემს. ასეთი ქალები მუდმივად მოქმედებენ და ერთ ადგილას არასოდეს ჩერდებიან.
წარმოგიდგენთ 5 ძირითად ნიშანს, რომელიც ახასიათებს დომინანტ ქალს:
- დომინანტმა ქალმა ყოველთვის იცის უარყოფითი მხარეების შესახებ – ისინი ამაყნი არიან თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარით. არ ეშინიათ ან ესირცხვილებათ ნაკლი. თუ თქვენ ცდით და მის ნაკლს მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებთ, ამით მას ვერ ატკენთ. ის მოგისმენთ და რჩევას მიიღებს, თუმცა მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. დომინანტ ქალს ვერ გააკონტროლებთ.
- დომინანტი ქალი ყოველთვის დამოუკიდებელია – დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ასეთად დაიბადა და დომინანტობა თანდაყოლილი რამაა. ასეთ ქალებს აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უნარები, ჩამოყალიბდნენ დომინანტებად. აქვთ განათლება, მუდმივად ეძებენ სიახლეს. რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად მონახავს გზას მის აღმოსახვრელად.
- არ ეშინია ემოციების – ზოგიერთ ადამიანს ემოციები „ღუპავს“. შესაძლოა, ერთი შეხედვით გაწონასწორებული და თავდაჯერებული ჩანდეს, მაგრამ როგორც კი სენსიტიური თემის წინაშე აღმოჩნდება, ემოციები იწყებენ მის მართვას. დომინანტი ქალი ასეთი არაა – ის გრძნობს ემოციებს და არ აშინებს მათი გამოხატვა. თუ მოწყენილია არ მოერიდება ტირილის, თუ ბედნიერია, ამაყად გაუზიარებს პარტნიორს.
- რწმენა – არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე რწმენა. დომინანტ ქალებს თავის ურყევი რწმენა აქვთ. შესაძლოა ეს ეგოიზმსა და ნარცისიზმშიც კი გადაიზარდოს, თუმცა, ნამდვილი დომინანტი ქალი ისაა, ვინც ამ ორ უკიდურესობას შორის ზღვარს იცავს.
- პირდაპირი და გულწრფელია – დომინანტი ქალი არასდროს ერიდება სიმართლის პირში თქმას, რაც უნდა მტკივნეული და რთული მოსასმენი იყოს. თუ თქვენ ასეთი პარტნიორი გყავთ, საზეიმოდ გაქვთ საქმე, რადგან მისგან ტყუილს ვერ მოისმენთ.
ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, ურთიერთობას ააწყობენ და მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი დომინირებს მეორეზე. რატომ? რა საჭიროა? ან რა მექანიზმით ახერხებს ერთი მეორეზე უპირატესობის მოპოვებას?
ჩვენ სულიერი განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ჩვენი ეგო დავძლიოთ. მისი თამაშია – ვინ ვის აჯობებს, ვინ ვის მოერევა. სწორედ ამიტომ ურთიერთობაში როლების გადანაწილება ხდება, ზოგჯერ ამ გადანაწილების პროცესი არც ისე მარტივია, საბოლოოდ, ერთი მხარე აცხადებს კაპიტულაციას და ამით იქმნება ახალი წესრიგი. ორი ადამიანიდან ერთი მართავს, მეორე ემორჩილება. ეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს ზედაპირზე, მაგრამ პარტნიორებმა ეს შინაგანად ისედაც იციან. თუ ერთი პარტნიორი ზედმეტად ეგოისტია, მეორე ნაკლებად ეგოისტი უნდა იყოს, რომ ურთიერთობა შედგეს. ეს რეალობა სახარბიელო სულაც არაა, მაგრამ ეს ვართ, რაც ვართ.
ახლა ვნახოთ, რა მექანიზმებით მოიპოვებს ერთი მეორეზე უპირატესობას.
წესი 1: დომინანტია ის პარტნიორი, რომელსაც გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვს.
მისთვის ურთიერთობის დასრულება მარტივია, რადგან თავისი მნიშვნელობის გრძნობა გამძაფრებული აქვს და გულის სიღრმეში თავი პარტნიორზე უკეთესი ჰგონია (შეიძლება სულაც არ იყოს უკეთესი, უბრალოდ მას ასე სჯერა) ურთიერთობის მართვის სადავეებიც სწორედ მის ხელშია. ასეთი ადამიანი თავის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს, მისთვის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ინტერესების გატარებაა. ამდენად, ის პარტნიორი დომინირებს, რომელიც უფრო ეგოისტია. გავლენის ქვეშ მყოფი პარტნიორი მზადაა, თავისი ინტერესები უკანა პლანზე გადაიტანოს, ოღონდ ურთიერთობაში პრობლემები აირიდოს. მას თავისი მნიშვნელობის განცდა სუსტი აქვს. აქ ირთვება ქვეცნობიერით მანიპულირების მექანიზმი – თუ ჩემს პარტნიორს ასე ხელაღებით შეუძლია ჩემგან წასვლა, გამოდის, რომ მას ჩემზე უკეთესის პოვნა შეუძლია. ეს პატარა შანტაჟს ჰგავს – მე შემიძლია პირველი წავიდე შენგან. როგორც წესი, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ არავერბალურ დონეზე იგრძნობა.
გავლენის ქვეშ მყოფზე მეტად დომინანტი აფასებს თავის გადაწყვეტილებებს და გაცილებით მარტივად შეუძლია კონფლიქტზე წასვლა, რადგან ის სულ მზადაა დაშორებისათვის. მაშინ, როცა დამოკიდებული პარტნიორი მიისწრაფვის შერიგებისაკენ, რადგან ეშინია მისი დაკარგვის. თუ რომელიმე ერთი მხარე გამუდმებით მიდის დათმობებზე, ამით თავის მეორე ნახევარს მართვის სადავეებს აძლევს.
არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობის ტრამვების ან ცუდი გამოცდილების გამო, პანიკურად ეშინიათ მარტოობის, აქვთ დაქვეითებული თვითშეფასება, იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით, ისინი დამოკიდებული ხდებიან ურთიერთობასა და ადამიანებზე, ამიტომ პარტნიორი მათზე მარტივად ახერხებს დომინირებას. ამ ადამიანებით მანიპულირება ხომ ძალიან მარტივია.
წესი 2: ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია
როგორც წესი, ქალები გაცილებით ემოციურები არიან, მამაკაცები კი თავშეკავებულები. ის, ვინც ქვითინებს, ეჭვიანობს, მოთქვამს, ვერ მართავს სიტუაციას.
წესი 3: მართავს ის, ვინც თვითკმარია
თვითკმარი ადამიანები სულაც არ არიან მთელი არსებით დამოკიდებული ურთიერთობაზე. მათთვის პარტნიორული ურთიერთობა ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტია, ამის გარდა აქვთ უამრავი ინტერესი და წყარო, საიდანაც საჭირო ემოციებით იკვებებიან. როცა ურთიერთობა სრულდება, თვითკმარი პერსონები სულაც არ რჩებიან ცარიელი ხელებით, მათ ხომ ამდენი თავშესაქცევი აქვთ გარშემო, რაც მათ დანაკარგის გადატანაში ეხმარება. ისინი, როგორც წესი, თავისუფალი ბუნებით ხასიათდებიან იმ ადამიანებისაგან გასხვავებით, რომლებიც მთელი არსებით შეპყრობილნი და დამოკიდებულნი არაინ კავშირებზე, მტკივნეულად განიცდიან ყველა დეტალს. მათთვის ურთიერთობა საჭირო შეგრძნებების მიღების ერთადერთი წყაროა, ამიტომ ნარკომანებივით დამოკიდებული ხდებიან პარტნიორზე. ამის გარეშე მათი ცხოვრება მთელ ინტერესს კარგავს და ხდება უფერული.
წესი 4: დომინირებს ის, ვინც ნაკლებს გაიღებს
რაც მეტ ძალისხმევას დებს ადამიანი ურთიერთობაში, მით ნაკლებად მართავს ის. რადგან ყველაფრის გაღება ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს კავშირი გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება პიროვნებისათვის – მან ხომ ამდენი გასცა, თითქმის ყველაფერი ჩადო მასში. ბუნებრივია, უფრო მეტად აფასებს ამ ურთიერთობას, ვიდრე ის, ვისაც ეს ყველაფერი თითქმის საჩუქრად ეძლევა. ადამიანი თუ მსხვერპლად თავის მიზნებს სწირავს სასიყვარულო კავშირებს, ამ საქციელით მნიშვნელობისა და ფუნქციის განცდას ჰკარგავს, რაც საბოლოოდ განაიარაღებს მას და სრულად დამოკიდებულს ხდის ამ ურთიერთობაზე.
შეიძლება საყვარელი ადამიანისათვის გაიღო არა მხოლოდ ემოცია, მზრუნველობა და ფული, არამედ აზრების დიდი წილი. როცა მასზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, ის უკვე თქვენს გონებას მთლიანად მოიცავს და სხვა არაფრისთვის რჩება ადგილი. ეს აქცევს თქვენს პარტნიორს უპირობო დომინანტად. რაც უფრო მეტ ემოციას უძღვნით მას, მით უფრო საბედისწერო მნიშვნელობას იძენს ის თქვენს ცხოვრებაში.
წესი 5: ადამიანი, რომელიც დომინირებს, მუდმივად არის შემფასებლის როლში
როცა აფასებენ, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს შემფასებლის უპირატესობას შესაფასებელ ობიექტზე. ხოლო ის, ვისაც აფასებენ, ცდილობს უბრალოდ შეესაბამებოდეს შემფასებლის კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში ქება და კრიტიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რადგან ფსიქოლოგიური უპირატესობა ეკუთვნის პერსონას, რომელიც ამის უფლებას აძლევს თავს. კარგი მანიპულატორი ის კი არ არის, ვინც ხშირად აკრიტიკებს, არამედ ის, ვინც ამ ქებასა და კრიტიკას უნაცვლებს ერთმანეთს. ესაა სპეკულირება პარტნიორის ემოციის ამპლიტუდაზე.
წესი 6: ადამიანს, რომელსაც უკეთესი საზოგადოებრივი პოზიცია აქვს, რომელიც უფროსია და რომელსაც აქვს ფული, როგორც წესი, დომინირებს
ბავშვობიდანვე ყველა შეჩვეულია სტერეოტიპულ აზრს, რომ უფროსები, ფულიანები, კარგი გარეგნობის ადამიანები, ცნობილები და ა.შ. გაცილებით მნიშვნელოვანი პერსონები არიან. ამიტომ ეს თითქმის უპირობო კაპიტულაციაა საწყის ეტაპზევე. მეორეც, ამ ტიპის ადამიანების თვითშეფასება ძალიან მაღალია და რთულია მათ ამაში გადააჭარბო.
როგორც ვხედავთ, დომინირებისათვის უმთავრესია მაღალი თვითშეფასება. სხვა სიტყვებით – ფსიქოლოგიური სიჯანსაღე. ყველა ადამიანს რაღაც ტკივილი აქვს გადატანილი, მაგრამ ძლიერი ინდივიდები ამ ტრავმებს მათი ჩაძირვის საშუალებას არ აძლევენ. კომპლექსების, შიშების და დაბალი თვითშეფასების დაფარვა გამოსავალი სულაც არაა, რადგან ეს ისედაც კარგად ვლინდება თქვენს ნებიმიერ მიმიკაში, ჟესტში, ხმაში, ქცევის ფორმაში. არავერბალურ დონეზე მსგავსი რამეები გაცილებით მძაფრად იგრძნობა.
დომინირება პარტნიორზე ორი ფორმით ხდება:
- დომინანტი თავისი თვითშეფასებით აჭარბებს პარტნიორის თვითშეფასებას.
- დომინანტი, იმიტომ, რომ თავადაც არ გააჩნია მაღალი თვითშეფასება, ცდილობს დაუწიოს თვითშეფასება პარტნიორს.
პირველი ხერხი გაცილებით ეთიკურია, რადგან მას შეუძლია პარტნიორის თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედება – ის ხომ განსაკუთრებული პიროვნების გვერდითაა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, დომინანტი მართლაც ღირებული უნდა იყოს როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე პიროვნულ დონეზე და მას აღარ დასჭირდება სხვის თვითშეფასებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა. მეორეს შემთხვევაში, დომინანტი ეძებს პარტნიორის სუსტ ადგილებს და ამით მანიპულირებს, თუ სუსტი ინდივიდი შეხვდა, ბუნებრივია, მარტივად ზემოქმედებს მასზე.