ფსიქოლოგიური პრობლემები კანის დაავადებების დროს
ის სხვადასხვა დანიშნულებასაც ასრულებს – გარეთა გამღიზიანებლის აღქმის, სითბოს დაზოგვის, სითბოს გაცემის ფუნქციებს და სხვა.
კანი მჭიდროდ უკავშირდება მთელი ორგანიზმის ცხოველქმედებას და ხშირად მისი ცვლილება შინაგანი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის მანიშნებელია. მეორე მხრივ, კანის დაზიანებამ შეიძლება ადამიანის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს. განსაკუთრებულ გავლენას კი ფსიქიკაზე ახდენს. იმ ღირსებებს შორის, რომლებიც სილამაზესა და მომხიბვლელობას ანიჭებს ადამიანის გარეგნობას, უთუოდ მნიშვნელოვანი ადგილი აქვს კანს. ლამაზი, მოვლილი კანი ყოველთვის არის როგორც მამაკაცის, ისე ქალის აღფრთოვანების საგანი. უამრავ პრობლემას შორის, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებთ ადამიანებს ჩვენს დროში, გარეგნობაა.
ქალებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რამდენად მიმზიდველნი და მომხიბვლელნი არიან და იქცევენ თუ არა მამაკაცთა ყურადღებას. თუმცა, კანისა და ზოგადად სხეულის სრულყოფისათვის მამაკაცებიც სერიოზულად ზრუნავენ. ამდენად, თუ მოხდა უბედური შემთხვევა ან გაუფრთხილებლობა და ადამიანს კანი დამწვრობის, გამონაყრის ან სერიოზული დაავადების (ფსორიაზი) გამო დაუზიანდა, ფიზიკური პრობლემების გარდა, თავს იჩენს ფსიქიკის სერიოზული პრობლემაც.
კანის დაზიანების ან სხვა დაავადების დროს კანის ზედაპირზე, უმეტეს შემთხვევაში, სერიოზული დეფექტები რჩება: (ღრმულები, ლაქები და ა.შ.), ეს კი მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს: დასახიჩრებული კანის გამო, მით უმეტეს, თუ დამწვარია სახე, კიდურები და სხეულის ის ნაწილი, რომელიც ჩანს, ადამიანებს სერიოზული კომპლექსები უჩნდებათ. მათ არ სიამოვნებთ საზოგადოებაში ყოფნა, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. ამის გამო ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, ქალებს ერიდებათ ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, დაზიანების გამო კანზე დატოვებული კვალი მათ ხელს უშლის საცურაო კოსტიუმის ჩაცმაში. დასახიჩრებული კანის გამო კომპლექსი უჩნდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. ქალები, მით უფრო გოგონები, არ გამოირჩევიან ძლიერი ხასიათითა და ნებისყოფით, ამიტომ კანის დაზიანებისა და სერიოზული დეფექტების გამო უმეტესობა დეპრესიაში ვარდება. გოგონები, თუ ასეთი პრობლემა გარდატეხის ასაკს დაემთხვა, სკოლაში სიარულსაც კი არიდებენ თავს. არ სურთ მეგობრებთან, განსაკუთრებით ბიჭებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ აღარც მომხიბვლელნი არიან და არც ვინმეს მოეწონება. ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცების ყურადღებას მათი კანიც იპყრობს. გარეგნობის გამო შფოთვა შეიძლება ავადმყოფობაში – დისმორფოფობიაში გადაიზარდოს.
არასრულფასოვნების სერიოზული კომპლექსის გამო ადამიანები მოსვენებას კარგავენ, რადგან თავს მიმზიდველად არ მიიჩნევენ, კანის დეფექტის აღმოსაფხვრელად პლასტიკური ოპერაციის გადაწყვეტილებას იღებენ. ყველაზე მძიმე კი უშედეგო ოპერაცია და ამით იმედგაცრუებაა.
გარეგნობის დეფექტების გაზვიადება და ამის გამო პლასტიკური ოპერაციის გაკეთების აკვიატებული სურვილი დისმორფოფობიის გამოვლინებაა. თუმცა, მედიცინის თანამედროვე მეთოდები უმეტეს შეთხვევაში სასიკეთო შედეგებს იძლევა. ამ დროს ახლობლებს, მეგობრებს დიდი თანადგომა და თანაგრძნობა მოეთხოვებათ.
დამწვრობის გამო გადატანილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის დროს აუცილებელია ასეთი ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქება, გულისხმიერების გამოჩენა. სასურველია ფსიქოლოგის ჩარევა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიონ ხელი და არ უნდა შეეგუონ აზრს, რომ არასოდეს იქნებიან უწინდებურად მომხიბვლელნი და სასურველნი: დღეს მართლაც უამრავი სამკურნალო და საკორექციო მეთოდი (გადანერგვა და ა.შ.) არსებობს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასე რომ, გული არ უნდა გაიტეხოთ – ცხოვრება არ მთავრდება. დაძლიეთ თქვენი კომპლექსი, დახარჯეთ ენერგია მაქსიმალურად, ეცადეთ განიტვირთოთ აქტიური ფიზიკური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობით და მეგობრებთან ურთიერთობით. თქვენ უამრავი საუკეთესო თვისება გაქვთ, რომლის გამოც უყვარხართ თქვენს ახლობლებს, საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან, დაიბრუნოთ ხალისი და ვერავითარი ნაკლი და კომპლექსი ვერ მოგერევათ.