როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე სტრესულ გარემოში
აუცილებლად თავს იჩენს სტრესული მდგომარეობა, მისი სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოლოგიაზე. ტრავმის სიმძიმის მიხედვით ფსიქორეაბილიტაცია და მისი მეთოდების შერჩევა სტრესის ხარისხზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება და საფრთხე, ინფორმაციული გადატვირთვა, დიდი პასუხისმგებლობა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება და ა. შ.
ებრძოლეთ სტრესს – ვიცით, რომ სტრესი ჯანმრთელობას ვნებს და მაინც ყოველგვარი სისულელის გამო ვიშლით ნერვებს. თუ დიდხანს სიცოცხლე გვსურს, სტრესთან ბრძოლა და თავის ხელში აყვანა უნდა ვისწავლოთ.
მშვიდად გააანალიზეთ პრობლემა, გაარკვიეთ, შეგიძლიათ თუ არა მოვლენებზე გავლენის მოხდენა. თუ შეგიძლიათ, მაშინ იმოქმედეთ, ხოლო თუ თქვენზე არაფერია დამოკიდებული, მიჰყევით დინებას და დაელოდეთ.
ძილის წინ მიიღეთ შხაპი და წარმოიდგინეთ, როგორ ატანთ წყალს ყველა უსიამოვნებას. ძალიან სასარგებლოა ავტოტრეინინგი: დაწექით, ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ნელა დაითვალეთ ხუთამდე და ასევე ნელა ამოისუნთქეთ პირით. ეს ვარჯიში შეასრულეთ ყოველთვის, როცა კი დამშვიდება და თავის ხელში აყვანა დაგჭირდებათ.
ძალიან სასარგებლოა მასაჟიც. საკმარისია, ყოველი დაბანისას დაიზილოთ თხემი, კეფა და ყურებს უკანა მიდამო.
შეიძინეთ ახალი ნაცნობები. გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანები ნაკლებხანს ცოცხლობენ, სასიამოვნო ხალხთან მუდმივი ურთიერთობა კი ამცირებს მძიმე დაავადებების განვითარების რისკს, ამაღლებს განწყობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ხშირად დაურეკეთ ნათესავებსა და მეგობრებს, მიულოცეთ დღესასწაულები, მიიპატიჟეთ შინ, მოაწყვეთ წვეულებები.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ სტრესის მავნე ზემოქმედება? შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ ვმართოთ სიტუაცია და ვაკონტროლოთ სტრესი ანუ როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე სტრესის შემდეგ.
- ეცადეთ, გამოავლინოთ სტრესის გამომწვევი ფაქტორები. შეადგინეთ იმ ფაქტორების სია, რაც გაღიზიანებთ და, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ მათ.
- თუ არ შეგიძლიათ სტრესული სიტუაციის თავიდან არიდება, ყველაფერი გააკეთეთ მისი მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. ამისთვის შეიძლება შეიცვალოთ სამსახურებრივი მოვალეობები და მთლიანად სამსახურიც კი. ოჯახური კონფლიქტის შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს, ეცადეთ ისწავლოთ კონფლიქტური სიტუაციების სწორად მართვა და შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება იმ პიროვნებასთან ურთიერთობაში, რომლის გამოც სტრესს განიცდით.
- შეადგინეთ თქვენი საქმეების სია, გამოყავით მათგან უფრო მნიშვნელოვანი და პირველ რიგში მის შესრულებას შეუდექით. თუ თქვენი შესასრულებელი ამოცანა აღემატება თქვენს შესაძლებლობებს, დასახმარებლად სხვებს მიმართეთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რასთან გამკლავებაც შეგიძლიათ. გადაძაბვა გადაღლას და გამოფიტვას იწვევს.
- რთული ამოცანის წინაშე დგომისას ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვები: საჭიროა კი ამის გაკეთება? საჭიროა, რომ ეს აუცილებლად მე გავაკეთო? საჭიროა კი ამის გაკეთება ამ წუთს?
- გაიჯანსაღეთ სხეული და რეგულარულად ივარჯიშეთ; გამოიყენეთ კუნთების რელაქსაციის მეთოდი, რაც დაგეხმარებათ მოიხსნათ სტრესისგან გამოწვეული კუნთოვანი დაძაბულობა: დაჭიმეთ ძირითადი ჯგუფის კუნთები, თითოეული 5 წამის განმავლობაში და შემდგომ მოადუნეთ.
- სვით საკმარისი რაოდენობის წყალი – არა ნაკლებ 8 ჭიქისა დღეში.
- ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე; ისეირნეთ ისეთ ადგილებში, სადაც შეხვდებით შინაურ ცხოველებს და მოეფერეთ მათ – ეს ხელს უწყობს სისხლში სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას და აფერხებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის სინთეზს. შეინარჩუნეთ ზომიერება და დააბალანსეთ შრომისა და დასვენების პერიოდები. დაისვენეთ სწორად.
- მოერიდეთ ენერგიის უსაფუძვლო ხარჯვას. ნუ ცდილობთ სხვა ადამიანების ცხოვრების მართვას ან მათთვის ყველა ნაბიჯზე „ჭკუის სწავლებას“.
- ისწავლეთ მოდუნება და ეცადეთ, თქვენი თავის მიმართ არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი. დამსახურებული თვითპატივისცემა ჯანსაღი მოვლენაა, მაგრამ ეგოცენტრიზმი დამანგრეველია. ისწავლეთ, საკადრისი პატივი მიაგოთ თვით მტრებსაც კი და ეცადეთ, არც ერთი დღე არ დამთავრდეს ისე, რომ ვინმეს სიკეთე არ გაუკეთოთ.
- შეიძინეთ შემოქმედებითი და სასარგებლო ჰობი.
- მიმართეთ მეგობარს, რომელსაც ენდობით, რომ მასთან ერთად განიხილოთ თქვენი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
თითოეული ეს რჩევა ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა, თუ გაინტერესებთ რამდენად ხართ სტრესის „მხსვერპლი“, ამისთვის 7 ძირითად სიმპტომს გაგაცნობთ, რომელთა არსებობა მის ნეგატიურ გავლენაზე მიუთითებს:
- თავის ტკივილი – სტრესის მომატებული დონე ხშირ თავის ტკივილს იწვევს;
- ხშირი გაციება – ძლიერი სტრესი იმუნიტეტს აზიანებს;
- აკნე – მისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სტრესია;
- უძილობა და დაღლილობის შეგრძნება – რაც მეტია სტრესის დონე, მით უფრო მეტად ერღვევა ადამიანს ძილი;
- ლიბიდოს დაქვეითება – სტრესი ნეგატიურად აისახება ადამიანის სქესობრივ ცხოვრებაზე;
- დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა ან დიარეა, კუჭის ტკივილი, მადის მომატება;
- დეპრესია – ქრონიკული სტრესი დეპრესიის საწინდარია.