ქალი დღესასწაული
ქალი – „ახალი წელი“: ეს არსება დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში. მას სწამს, რომ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მთავარი და ყველაზე კარგია... ამით არ კმაყოფილდება და უნდა, რომ ამის შესახებ პარტნიორისგანაც მოისმინოს. თანაც, რაც შეიძლება, ხშირად. ამასთან, ის ყოველთვის ფორმაშია და მამაკაცს მისით აღფრთოვანების საბაბს აძლევს. თავიდან ეს ყველაფერი მოსწონს კაცს, მაგრამ მერე იღლება... წარმოიდგინეთ, რა მოგვივიდოდა, ახალი წელი, თავისი თანმხლები მოვლენებით, კვირაში ერთხელ რომ გვქონდეს?!
ამიტომ, ასეთ ქალებს ურჩევენ „სპეცეფექტები“ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახონ, რომ არ დაკარგონ ის ხიბლი, რაც დღესასწაულს აუცილებლად უნდა ახლდეს.
ქალი – „კარნავალი“: ამ ტიპის ქალი ისეთი თვალშისაცემი და „კაშკაშაა“, რომ შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩეს. აქტიურია, კომუნიკაბელური და თითქმის ყველას უნდა მის გვერდით ყოფნა, ქალებსაც და კაცებსაც. თუმცა, ერთი მინუსი აქვს – ასეთი ქალის გვერდით აუცილებლად დაიღლებით. დაიღლება, მით უფრო, მამაკაცი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია ერთ ადგილზე ყოფნისკენ: „დავრჩეთ რა, დღეს სახლში. ვიყოთ მშვიდად და უბრალოდ,“ – ადრე თუ გვიან, ქალი – „კარნავალის“ მეუღლე ამ ფრაზას იტყვის, მაგრამ ქალი ვერ გაუგებს. მას ავიწყდება, რომ კაცი ნაკლებად აქტიურია და ნაკლებად უყვარს ხმაურიანი გართობა. ურჩევნია, დივანზე იწვევს გაუნძრევლად და არაფერი აკეთოს. თუ ქალი – „კარნავალი“ ამას არ გაითვალისწინებს, აუცილებლად ექნება პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობაში.
ქალი – „დაბადების დღე“: სასიამოვნოა, როცა ყველაფერი ჩემთვის კეთდება... – ეს არის მისი ცხოვრებისეული კრედო. უყვარს ყურადღება, ალერსი, თბილი სიტყვები, საჩუქრები და თუ ამ ყველაფერს არ იღებს, ძალიან ნაღვლობს. ამიტომ, უყურადღებო მამაკაცისთვის ასეთი ქალი ნამდვილი სტრესია. მამაკაცს ხომ თვითონაც ძალიან უყვარს ყურადღება. მოკლედ, თუ ქალი-„დაბადების დღე“ ხართ და სული გთხოვთ, მუდმივად ვიღაც გეფერებოდეთ, კუდს გიქიცინებდეთ... შეიძინეთ ლეკვი – მას მამაკაცზე გაცილებით მყარი ნერვები აქვს და არასოდეს დაიღლება თქვენი ალერსით.
ქალი – „გაზაფხული“: ერთი მხრივ, ყველას ახარებს და ახალისებს, მეორე მხრივ – შფოთიანი, ცვალებადი და ამოუცნობი ბუნება აქვს. გუნება-განწყობაც ძალიან ხშირად ეცვლება. მომთხოვნია, თუმცა, თავად არასოდეს ამბობს, რა სჭირდება კონკრეტულად. მაგრამ, თუ ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა, ანჩხლობს. თუ კაცი ჭეშმარიტად შეყვარებულია, კიდევ იტანს პარტნიორის ხუშტურებს, მაგრამ, შეიძლება, ისიც გაღიზიანდეს. „გაზაფხულმა“ უნდა თქვას, რას ითხოვს ოჯახის წევრებისგან, მაშინ არც თვითონ ინერვიულებს და არც სხვებს შეუქმნის პრობლემებს.
ჭკვიანი ქალობა ყველასთვის ადვილი არ არის. ამას არც სკოლაში ასწავლიან და არც უმაღლეს სასწავლებლებში. ერთადერთი, ვისაც ეს ძალუძს, მხოლოდ ცხოვრებაა, რომელსაც გაკვეთილის ჩატარებაც შეუძლია და საქმიანი რჩევების მოცემაც...
და, მაინც, როგორია ჭკვიანი ქალი:
მას არ სწამს მოძველებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბედნიერ და სრულყოფილ პიროვნებად რომ გრძნობდე თავს, მამაკაცის გვერდით ყოლაა საჭირო. ქალს თავადაც შეუძლია პრობლემების გადაჭრა და თავის თავთან ჰარმონიულად ყოფნა.
დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ტყუილი მის რესურსს შთანთქავს, რომლის შევსება მოგვიანებით მაინც მოუწევს. მოკლედ, თუ მამაკაცმა არ დაგირეკა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მოეწონე. თავის დარწმუნება, რომ ის უბრალოდ სადღაც შორს გაემგზავრა, ან შენი ტელეფონის ნომერი დაკარგა, ან ისეთი მორცხვია, რომ დარეკვა ერიდება — ეს ცრუ ფანტაზიაა, რაც ჭკვიან ქალს არ ახასიათებს.
არ ახასიათებს მამაკაცზე ჩაციკვლა. მიაჩნია, რომ მათ მიღმაც ბევრი რამაა ისეთი, რაც უნდა უყვარდეს და უყვარს კიდეც: საქმე, ოჯახი, გატაცება. თუ ისეთი მამაკაცი ჰყავს ნაპოვნი, რომელთანაც დარჩენილი დღეების გატარებას გეგმავს, მაინც არ მიაჩნია, რომ მარტო ამის გამო მისი ცხოვრება შედგა და უკვე რეალიზებულია როგოც ქალი. ჭკვიანი ქალი დარწმუნებულია, რომ ასეთ მამაკაცთან შეხვედრამდეც შემდგარი იყო და მასთან განშორების მერეც ასეთად დარჩება.
არასდროს იქცევა სულთამხუთავად, რომელიც თავის მამაკაცს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და მუდმივად კისერზე ეკიდება. იმიტომ, რომ თავის თავში ღრმადაა დარწმუნებული.
თუ ბედნიერია, უხარია, თუ ცუდადაა – დარდობს და განიცდის. არ მალავს ემოციებს და არ ახშობს მათ, რადგან ესმის, რომ ეს ემოციები მის შინაგან არსს გამოხატავს. მოკლედ, არ აწყობს ერთი მსახიობის თეატრს იმის წარმოსაჩენად, რამდენი იტანჯა და რა ტრაგედია გადაიტანა ცხოვრებაში. გადაიტანა და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამით მუდმივად არ გაიწვალებს თავს.
იცის რა უხდება და რა – არა. არ ფლანგავს დროს სარისკო ექსპერიმენტებზე, რომლებზეც შესაძლოა მოგვიანებით ინანოს. შესაძლოა არ მისდევდეს მოდას, მაგრამ თვალს ადევნებს მას და მხოლოდ ისეთ სამოსს ირჩევს, რაც მის სტილს იდეალურად ერგება.
თავად ამკვიდრებს წესებსა და ჩარჩოებს. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში აქვს მონიშნული გარკვეული საზღვრები, რომელთაც არც თავად აბიჯებს და არც სხვას აძლევს მათი დარღვევის უფლებას. უბრალოდ, თავად წყვეტს, როდის, რატომ და ვისი გულისთვის შეიძლება ამ ჩარჩოების მოშლა.
დაბოლოს: არ დაუჯეროთ მამაკაცებს, რომ ჭკვიანი ქალი მოსაწყენია. ზოგი კაცი ამას იმიტომ ამბობს, რომ თავის თავში არც ისე დარწმუნებულია და ეშინია, რომ ჭკვიანი ქალის ფონზე ნაკლებად საინტერესო გამოჩნდება.
ამიტომ იყავით ჭკვიანები და, რაც მთავარია, ბედნიერები. ცხოვრება ხომ ამ სამყაროში ერთხელ ყოფნის შანსია.