სიკეთე და დათვური სამსახური
სიკეთეა, როცა ერთი ადამიანი მეორეს გვერდით უდგას ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, როცა გასცემს თავის სითბოს, სიყვარულს, ენერგიას,დადებით ემოციებს, უცხადებს მეორე ადამიანს ფსიქოლოგიურ თუ მორალურ თანადგომას, თანაგრძნობას – ამყველაფერს აკეთებს უანგაროდ და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს,ახარებს და აბედნიერებს. ამავე დროს, ამით აბედნიერებს სხვა ადამიანს და სტიმულს აძლევს, მანაც იგივე აკეთოს. სიკეთე გადამდებია, მას მაგიური ძალა აქვს.
როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და მის შედეგს ხედავს,ხდება ენერგიის დადებითი ემოციების უზარმაზარი ნაკადის ამოფრქვევა,რაც აძლიერებს პიროვნებას, თავდაჯერებულობისა და სრულყოფილების განცდას ჰმატებს.
„სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და ხედავს ბრმა“ – მარკ ტვენი.
სიკეთე არის გზა სრულყოფილებისაკენ. სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დავიბადეთ სრულიად ხელცარიელები, თან არაფერი მოგვიყოლებია – არც ფული, არც მეგობრები, არც საქმეები, როგორებიც დავიბადეთ, ისეთები გარდავიცვლებით. ამქვეყნიდან ვერაფერს გავიყოლებთ კეთილი საქმეების გარდა.
ყველა კეთილი ადამიანი ძლიერია, რადგან სიკეთეს შესწევს ძალა, ბოროტება დააჩოქოს, დაჩრდილოს და სრულად გაანადგუროს. როგორი საოცარია, როდესაც ეხმარები ადამიანს და მის თვალებში მადლიერებას, ბედნიერებას და სიყვარულს ხედავ. როგორი სასიამოვნოა, როდესაც აცნობიერებ, რომ შეგიძლია, სხვას დახმარების ხელი გაუწოდო, წამოაყენო და სწორ გზაზე დააყენო.
ვფიქრობ, ადამიანი უანგაროდ უნდა თესავდეს სიკეთეს და არ ელოდოს სამაგიეროს, ეს კი უდიდესი ძალაა. ძალა, რომელსაც ვერაფერი აღუდგება წინ; რომელიც ღმერთისგან მოდის, რადგან არავინაა რეალურად კეთილი, ღმერთის გარდა. სწორედ ეს შთააგონებს ადამიანებს სიკეთის კეთების სურვილს.
სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც სხვათათვის ზრუნავ, შეგიძლია, სასიკეთოდ შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება. ასე რომ, სასარგებლოა, იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი, რადგან აქ მარადიული არაფერია, შესაბამისად, არც ამქვეყნიური სიცოცხლე. ყველანი გარდავიცვლებით, ერთადერთი რამ კი, რაც თან გაგვყვება, ეს ჩვენი გაკეთებული კეთილი საქმეებია, რითაც დედამიწაზე გაგვიხსენებენ. როგორ მოგვიგონებენ ადამიანები – კარგად თუ ცუდად, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.
დათვური სამსახური
ყველა ადამიანი იბადება იმისთვის, რომ იცხოვროს, ისწავლოს, გაიზარდოს, მიიღოს გამოცდილებები, შეიცნოს თავი და შესაძლებლობები.ხოლო როცა სული საბოლოოდ დატოვებს სხეულს და გადაავლებს თვალს ცხოვრებას, იგრძნობს რომ ტყუილად არ უცხოვრია და ბევრი რამ გააკეთა, რის გამოც დაბადება ღირდა.
ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, ოჯახის წევრმა ან საუკეთესო მეგობარმაც შეიძლება ვერ გაიგოს, რა სჭირდება ადამიანს. ჩემი აღქმით, ყველა უნდა დარჩეს მარტო თავის თავთან გარკვეულ სიტუაციებში, ეს აუცილებელიცაა და ღმერთის წინაშე აღიაროს ყველაფერი, მოიკრიბოს ძალა, დაინახოს ბნელი და ნათელი მხარეები ობიექტურად და გააგრძელოს გზა. თუ მის მაგიერ სხვა ეცდება მისი პრობლემის მოგვარებას, მისი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, მაშინ ეს უხეში ჩარევა გამოვა, თუნდაც, სრულად გულწრფელი დახმარების სურვილით იყოს ნამოქმედარი.
როდესაც ვიღაც გვიყვარს და მისთვის სიკეთე გვინდა, ყველა ჩვენი რესურსით, მატერიალურით თუ სულიერით, ვცდილობთ, ის ბედნიერი გავხადოთ. ჩემი გამოცდილებით, ეს ზომაზე მეტი, უკვე დანაშაულში გადადის და თუ ჩაუღრმავდები, რას აკეთებ, მიხვდები რომ ბოროტებაა. როდესაც ცდილობ სხვას დაეხმარო, შენ მას ართმევ შანსს, თავად დაეხმაროს თავის თავს. არ ვგულისხმობ პატარა ბავშვს ან უკიდურესად გაჭირვებულ ან ავად მყოფადამიანს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება, ეს ეხება ისეთ მეგობრებს და ახლობლებს, ვისაც შესწევთ ძალა, თავად იყვნენ თავის თავზე პასუხისმგებლები.
შენ თუ აძლევ შვილს ფულს და უზრუნველყოფმატერიალურად 30 წლამდე, მაშინ ის არ წავა და სამსახურს არ იშოვის... გაზარმაცდება და არ ექნება შრომის მოთხოვნილება, შეეჩვევა სხვის ხარჯზე ყოფნას და როდესაც შენ აღარ ეყოლები, გაუჭირდება ცხოვრება.
თუ მეგობარს ყოველთვის უწერ დავალებას ან აწერინებ საკონტროლოს, თუ თავად არ სწავლობს და მის მაგიერ შენ ირჯები, მაშინ მას ართმევ შანსს, თავად მიიღოს განათლება და რჩება უცოდინარი. მაშინ მას მთავარი გამოცდების ჩაბარება გაუჭირდება.
შენ თუ დეპრესიულ და წუწუნა ადამიანს სულ ამშვიდებ, აძლევ ენერგიას და მოგყავს ხასიათზე, ამით სიკეთეს არ აკეთებ. ამით ხელს უშლი მას თავისი შინაგანი მზე ეძიოს და იპოვოს, აჩვევ, იყოს დეპრესიული და სხვებმა იზრუნონ მის ხასიათზე. ასე თუ მოექცევი, ის არასდროს შეიცვლება.
შენ თუ ავადმყოფი ადამიანი გეცოდება და მასზე გამუდმებით ზრუნავ, მაშინ ის კომფორტულად იგრძნობს თავს და შეიძლება აღარ იბრძოლოს გამოჯანმრთელებისთვის. ფსიქოსომატიკაში ამას „სასარგებლო ავადმყოფობა“ ჰქვია. არიან ადამიანები, ვინც თავად იქმნიან რაღაც დაავადებას, ამით სარგებლობენ და გამოჯანმრთელება აღარ სურთ.
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ამას „დათვური სამსახური“ ჰქვია და არა ბოროტება, არადა, რეალურად იმაზე დიდი ბოროტებაა, ვიდრე რაღაცის დაშავება. „მტერი“ თუ მას გულს ატკენს, ვიღაც იჭორავებს, რაიმეს მოპარავს, საქმეს გაუფუჭებს, ეს ყველაფერი ერთჯერადია და გამოსწორება შესაძლებელია. მეგობარი კი, რომელიც მის შინაგან პოტენციალს კლავს ზედმეტი ზრუნვით, მებრძოლის თვისებების გამომუშავებაში უშლის ხელს, ამიტომ იმ მტერზე ბევრად უარესი მტერი გამოდის.
„თევზის მიცემას ანკესის მიცემა ჯობიაო“ – ძველი ჩინური სიბრძნე.
საქართველოსნაირ ქვეყანაში ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაცნობიერება, რადგან ბევრი სიახლოვე და ზრუნვაა ადამიანებს შორის, ხშირად უცნობების მიმართაც კი. მაგრამ საჭიროა ზღვრის გავლება და კარგად განსაზღვრა, ვის სჭირდება ზრუნვა და რა ეტაპამდე, რომ ეს ბოროტებაში არ გადავიდეს და ადამიანის დაღუპვას არ შევუწყოთ ხელი.