სტანდარტებისკენ სწრაფვაში დამახინჯებული ქალის ფსიქიკა და გარეგნობა
პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა, „Psychology Today“, გამოკითხვა ჩაატარა 30 000 ქალს შორის შემდეგი კითხვით: მოსწონთ თუ არა თავიანთი ფიგურა? აქედან ქალების უმეტესობამ – 60%-მა – უპასუხა, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან თავიანთი ფორმებით. რა გასაკვირია? – მთელი ინდუსტრია მუშაობს იმისათვის, რომ ქალებს თავიანთი თავი არ მოეწონოთ, რომ ჰქონდეთ მიზეზი გაიზარდონ ან შეიმცირონ გარკვეული ნაწილები, გაისწორონ, გაიპრიალონ, მოიჭრან და ა. შ.
დიახ, ეს ბიზნესია.
სამწუხაროდ, სილამაზის მომსახურების სფეროს ხელს აძლევს, რომ ადამიანს არ მოსწონდეს თავი, მასზე უკეთესს ედარებოდეს და ნერვების გამანადგურებელ კონკურენციაში ჩაერთოს. ისინი უამრავ მომსახურებასა და პროდუქტს მოგყიდიან – აქ თმა უნდა მოიცილოთ, იქ ცხიმი, იქ კანის ფორები დახუროთ, ეს პროდუქტი უცებ გაგახდუნებთ, დიეტურია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს არ უნდა მოუაროთ, არ ეცადოთ კარგად გამოიყურებოდეთ, მაგრამ სადღაც არის ზღვარი! ეს ზღვარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა. არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად გამოიყურებიან, მაინც უკმაყოფილონი არიან თავიანთი თავით. რაც უნდა გაიკეთონ, დახვეწონ, გამოასწორონ თავიანთ გარეგნობაში, უკმაყოფილების მიზეზი მუდამ რჩებათ და ეს ყველაფერი აკვიატებულ იდეად იქცევა.
გარეგნობით ადამიანის უკმაყოფილებას ექიმებმა დისმორფოფობია უწოდეს
დისმორფოფობიით შეპყრობილი ადამიანები ყველა საშუალებით ცდილობენ გარეგნობის გამოსწორებას – თავს აკლავენ საათობით ვარჯიშს სპორტდარბაზებში, სახის დაზიანების ფასად იშორებენ გამონაყარს, თმის გასწორებას მთელ დღეს ანდომებენ და აგვიანებენ ყველგან. დაუღალავად აკითხავენ კოსმეტოლოგების, დიეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების კაბინეტებს.
უპასუხისმგებლო სპეციალისტებისთვის ასეთი ხალხი სერიოზული შემოსავლის წყაროა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში, თუკი იეჭვებენ დისმორფოფობიას, პლასტიკურ ოპერაციაზე თანხმობამდე, პაციენტს ჯერ შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციაზე უშვებენ.
დისმორფოფობია, ძირითადად, ბავშვობიდან ან გარდატეხის ასაკიდან იღებს სათავეს. ბავშვს შეიძლება ხშირად აკრიტიკებდნენ მშობლები, მიუთითებდნენ ნაკლზე, გადამეტებულ ყურადღებას აქცევდნენ მის ქცევას და გარეგნობას. რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, ამ დროს დისმორფოფობია, უმეტეს შემთხვევაში, ჩვეული მოვლენაა, როცა გარეგნობა იცვლება, თავიდან ფორმირდება მოზრდილი ადამიანის ნაკვთები. გარდატეხის ასაკის გავლასთან ერთად დისმორფოფობია, როგორც წესი, ქრება, თუმცა აღმოჩნდა, რომ არა ყველასთვის. თუ დისმორფოფობია მოზარდ ასაკში ნორმაა, მოზრდილ ასაკში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა ხდება.
ტრავმა შეიძლება მოზრდილმაც მიიღოს, მაგალითად, როცა ქმარი ტოვებს ცოლს და მიზეზად მის გარეგნობასა და ჭარბ წონას ასახელებს. ამ დროს ცოლი, რომელსაც ეს პრობლემა შეიძლება რეალურად არ აქვს, იწყებს საკუთარი თავის ტანჯვას და ნერვიულობას, ან ეს ყველაფერი გადაეზრდება დაუსრულებელ დიეტომანიაში ან ბულემიაში.
ხალხის რეაქცია
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, რომ როცა ადამიანი უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით, ასევე განაწყობს სხვებსაც. მათ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, სტუდენტებს უჩვენეს წონიანი ქალების ფოტოები, ნაწილი ფოტოების ჩვენების დროს სტუდენტებს უთხრეს, რომ ეს ქალები გარეგნობით კმაყოფილები იყვნენ, ნაწილს კი უთხრეს, რომ ამ ქალებს თავი არ მოსწონდათ. რესპონდენტებს ეს ქალები 2 კრიტერიუმით უნდა შეეფასებინათ – სასიამოვნო/არასასიამოვნო.
აღმოჩნდა, რომ იმ ქალების მიმართ, რომლებზეც წინასწარ აღინიშნა, რომ თავი არ მოსწონდათ, სტუდენტებიც უარყოფითად განეწყვნენ, ხოლო ის ქალები, რომლებსაც თავი მოსწონდათ, უმეტესობამ სასიამოვნოდ ჩათვალა და პოზიტიურად განეწყო მათ მიმართ.
ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა ამის თაობაზე: „შედეგებმა გვაჩვენა, რომ ზედმეტი წონა არაა საუბრის საუკეთესო თემა, საკუთარი თავით უკმაყოფილება არ იწვევს თანამოსაუბრის თანაგრძნობას“. ექსპერტი ირწმუნება, რომ კარგი განწყობა სწორ ენერგეტიკას ქმნის და სხვები ვერ ამჩნევენ იმ ადამიანების არასრულყოფილებას, რომლებიც დადებით ენერგიას გამოსცემენ.
გამოსავალი?
დისმორფოფობიას ფსიქოლოგები ებრძვიან, თუმცა უმჯობესია, ამას თავი
საქმის გართულებამდე ავარიდოთ. ნუ შევაფასებთ მკაცრად ბავშვებს და მოზარდებს მათი გარეგნობის გამო, ნუ დავუწესებთ სტანდარტებს ჩვენს ახლობლებს და ნაცნობებს. რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ სილამაზე ბუნებრივია და არა პლასტიკური ქირურგებისა და ფოტოშოპის ოსტატების შექმნილი.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე! ნუ გამოედევნებით საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს!