ფსიქოლოგიური დახმარება

- ძალიან მინდა, თქვენგან მივიღო რჩევა, რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვპოულობ. ვარ 36 წლის. სამი წლის წინ ქმარს გავეყარე. მისგან მყავს 10 წლის გოგონა. ბავშვი დღემდე ძალიან განიცდის მშობლების დაშორებას, თუმცა სისტემატურად ხვდება მამას და ნათესავებს მამის მხრიდან. მე ხელს არ ვუშლი, პირიქით, ვუხსნი, რომ მამა მუდამ მამად დარჩება. ყოფილ ქმართან თავადაც ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ორი წლის წინ ყოფილ თანაკლასელს შევხვდი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, სკოლის მერხიდან ვყვარებივარ. სკოლაში ყურადღებას არ ვაქცევდი, ვერც მის გრძნობას ვამჩნევდი, ახლა კი ჩვენ შორის რომანი გაჩაღდა. მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს.
ჩემმა გოგონამ თავდაპირველად მტკივნეულად აღიქვა ჩვენი ურთიერთობა, მერე და მერე კი შეეჩვია. არც მამამისს გაუწევია წინააღმდეგობა. გადავწყვიტე, ბავშვითურთ მეორე ქმრის სახლში გადავსულიყავი. პრობლემამ სწორედ აქ იჩინა თავი. ჩემი ქმარი ძალიან მომთხოვნია, დიდხანს ცხოვრობდა მარტო, ავადმყოფურად უყვარს წესრიგი. გოგონა ცდილობს, შეასრულოს ჩემი მითითებები და მოთხოვნები, მაგრამ ბავშვი მაინც ბავშვია.
ჩემი ქმარი ბრაზობს, მოითხოვს, შვილი მკაცრად დავსაჯო, რომ თავისი შეცდომები გააცნობიეროს და აღარ გაიმეოროს. როცა ბავშვი არდადეგებზე დედაჩემთან მიდის, ჩვენს სახლში სიმშვიდე ისადგურებს; დაბრუნდება თუ არა ბავშვი, სიტუაცია კვლავ იძაბება. ქმარი ზრუნავს ჩვენზე და ცდილობს, არაფერი მოგვაკლოს, მაგრამ მე დამღალა ამ გაუთავებელმა ჩხუბმა და დაძაბულობამ, ორ ცეცხლს შუა ვარ: ბავშვს ქმრისგან ვიცავ, ხოლო ბავშვთან ქმარს ვამართლებ. ჩემს ქმარს ძალიან უნდა საკუთარი შვილი, მაგრამ ვშიშობ, ამან ურთიერთობა უფრო მეტად არ გაართულოს. ქმარი მიყვარს და არ მინდა მისი დაკარგვა, მაგრამ ვერასოდეს მივცემ უფლებას, ტკივილი მიაყენოს ჩემს გოგონას. როგორ გამოვიდე ამ რთული მდგომარეობიდან? თამთა, 30 წლის
როცა ორნი ერთად ცხოვრებას იწყებთ, კონფლიქტებს თავიდან ვერ აიცილებთ. ერთმანეთს ხვდება ორი განსხვავებული ხასიათისა და პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი - ასეთია ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების კანონი. დათმობა და კომპრომისები - ასეთია კეთილგანწყობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის საფასური. იმისთვის, რომ გიყვარდეს და მასაც უყვარდე, საჭიროა ურთიერთგაგება და დათმობა. თქვენი ნაამბობიდან ჩანს, რომ თქვენმა მეორე ქმარმა თავიდანვე იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ, მაშასადამე, უნდა ეფიქრა იმ სირთულეებზეც, რომლებთანაც მოუწევდა შეჯახება. მიუხედავად ამისა, მან გააკეთა არჩევანი და იკისრა პასუხისმგებლობა არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენს გოგონაზეც, ახლა კი პრაქტიკულად ულტიმატუმს გიყენებთ: ან ის, ან თქვენი გოგონა.
შესაძლოა, თქვენი ქმრის საქციელი იმით უნდა აიხსნას, რომ ის ჯერ კიდევ ეჭვიანობს წარსულის გამო (სკოლაში ხომ ვერ შეამჩნიეთ მისი გრძნობა და სხვა ამჯობინეთ), თქვენი შვილი კი სწორედ ამ წარსულის განუყოფელი ნაწილია. შეუძლებელია, თქვენი გოგონა ვერ გრძნობდეს, რომ ქმართან სწორედ მის გამო გაქვთ უთანხმოება და თუნდაც მისი გადარწმუნება სცადოთ, არ დაგიჯერებთ. ის ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, მაგრამ წინ გიდევთ გარდატეხის რთული პერიოდი, როცა გადაუჭრელი პრობლემები ერთიორად სახიფათო ხდება და ზვავს ემსგავსება.
როგორც თქვენი წერილიდან ჩანს, ფსიქოლოგის ჩარევის გარეშე თქვენი პრობლემის მოგვარება ალბათ რთული იქნება. თქვენი უახლოესი ამოცანაა, დაარწმუნოთ ქმარი, რომ მიმართოთ ოჯახის ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. მისგან მიიღებთ სათანადო რჩევებს და თქვენი ოჯახური პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება.
- როცა ზღვაზე ვართ, ჩემს ქმარს გამუდმებით ლამაზი გოგონებისკენ გაურბის თვალი და განწყობაც სრულიად ეცვლება. ჩემს გვერდით ასეთი ლაღი და თავისუფალი არ არის ხოლმე... თეა, 31 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნახევრად შიშველი გოგონების ყურება, რა თქმა უნდა, მოახდენს გავლენას თქვენი ქმრის განწყობილებაზე, მაგრამ ნურც ზღვასა და მზეს დაივიწყებთ - ისინიც ხომ ამაღლებენ განწყობას. ისიც სათქმელია, რომ აგარაკზე სამსახურებრივ პრობლემებზე, წესისამებრ, არავინ ფიქრობს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცხელი კლიმატი ხელს უწყობს სექსუალური აქტივობის ამაღლებას, ამიტომ ნუ დასდებთ ბრალად დამსვენებელ გოგონებს თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში ჩარევას. მთავარია, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი მთელ თავის ენერგიას ჯერჯერობით მხოლოდ თქვენკენ მომართავს. იყავით უფრო ნაზი და ნურაფერზე იღელვებთ.