თანამშრომლებთან პასუხისმგებლობით ურთიერთობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამშრომლებთან პასუხისმგებლობით ურთიერთობა

ეს საკითხი საკმაოდ ადრეული პერიოდიდან მოიაზრება მნიშვნელოვან ნაწილად, რადგან თანამშრომლები ყოველი კომპანიის ღირებული აქტივია და მათი კმაყოფილება, პროფესიონალიზმი, ლოიალობა და მოტივაცია კომპანიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნა, თანამშრომლებთან ურთიერთობა და შრომითი უფლებების დაცვა ყოველი კომპანიის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ღირსეული და სამართლიანი სამუშაო პირობები ზეგავლენას ახდენს დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხზე, ჯანმრთელობაზე, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფი – მომხმარებლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფკავშირები, მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და ა. შ. – განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანიის პასუხისმგებელ მოპყრობას საკუთარ თანამშრომლებთან და შრომითი სტანდარტების დაცვას.

თანამშრომლებთან პასუხისმგებლიან ურთიერთობას კომპანიისთვისაც ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს, როგორებიცაა:

  • თანამშრომლების შენარჩუნება და გადინების შემცირება, რაც საბოლოოდ ზრდის კომპანიის ეფექტიანობას და ამცირებს ახალი თანამშრომლების გადამზადებით გამოწვეულ დანახარჯებს;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, რაც კომპანიის პროდუქტიულობისა და ინოვაციურობის ზრდაში აისახება;
  • სასურველი დამსაქმებლის რეპუტაცია, რაც ეხმარება დამსაქმებელს უკეთესი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვაში;
  • საკანონმდებლო და რეპუტაციული რისკების შემცირება, რაც უკავშირდება სამუშაოზე უბედურ შემთხვევებს, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სკანდალებს, გაფიცვებს და ა. შ.

თანამშრომლებთან ურთიერთობის სფეროში ძირითადი თემები და საკითხები შემდეგია:

შრომითი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მშრომელთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვა.

მშრომელთა უფლებების დაცვის ძირითადი გარანტი ქვეყანაში სახელმწიფოა. ის უზრუნველყოფს მშრომელთა უფლებების დაცვას შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებით და განხორციელებით, ასევე პროფესიული კავშირების ფუნქციონირების ხელშეწყობით. თუმცა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე განსხვავებულია ამ უფლებების განხორციელების მექანიზმების ეფექტიანობა.

კომპანიათა ვალდებულებაა, დაიცვან არა მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მშრომელთა უფლებები, არამედ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში კანონმდებლობის მოთ­ხოვნებზე ბევრად უფრო მაღალ სტანდარტებს აწესებს.

მრავალფეროვნება, არადისკრიმინაციული მოპყრობა და თანაბარი შესაძლებლობები შრომით ბაზარსა და სამუშაო ადგილზე.

დისკრიმინაციის დაუშვებელობა გაწერილია მრავალ საერთაშორისო სტანდარტში და ასევე ქვეყანათა ეროვნულ კანონმდებლობებში, თუმცა დისკრიმინაციამ მრავალი სახე შეიძლება მიიღოს. კომპანიების ჩშღ სტრატეგიების მნიშვნელოვანი კომპონენტია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა სამუშაოზე და მრავალფეროვნებისა და თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა.

თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი დისკრიმინაციის საპირისპირო ცნებაა და გულისხმობს კომპანიის მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას სამუშაოზე აყვანის, კარიერული წინსვლის, სხვადასხვა დამატებით სარგებელზე ხელმისაწვდომობის, ანაზღაურების პროფესიული განვითარებისა და სამუშაო ურთიერთობების სხვა ასპექტებში (განურჩევლად მათი პიროვნული, სოციალური, ფიზიკური მახასიათებლებისა და შეხედულებებისა).

თანაბარი შესაძლებლობების თემას უკავშირდება სამუშაოზე მრავალფეროვნების თემაც (Dივერსიტყ ინ ტჰე ჭორკპლაცე), რაც გულისხმობს კომპანიაში სხვადასხვა მახასიათებლით განსხვავებული ადამიანების დასაქმებას, განსხვავებათა აღიარებისა და პატივისცემის საფუძველზე ინკლუზიური გარემოს შექმნას.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

ეს თემა ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს – უბედურ შემთხვევათა და საწარმოო ტრავმების პრევენციას და მშრომელთა ჯანმრთელობისა და ფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას. შესაბამისად, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კორპორაციული სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ დაავადებათა და უბედურ შემთხვევათა არარსებობა, არამედ თანამშრომელთა კეთილდღეობის, ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის ხელშეწყობა.

მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა არეგულირებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად ასპექტებს, განსაკუთრებით უბედურ შემთხვევათა პრევენციასა და უსაფრთხოებას. ამ საკითხს ეხება აგრეთვე მრავალი საერთაშორისო სტანდარტი.

უბედურ შემთხვევათა და საწარმოო ტრავმათა პრევენციისა და მართვის გარდა (რაც მოიცავს მართვის ფორმალიზებული სისტემის დანერგვას, რისკის გამოვლენისა და დარღვევებზე რეაგირების პროცედურების შემუშავებას, პროფილაქტიკური და გამაფრთხილებელი ზომების გატარებას, თანამშრომელთა ტრეინინგს და სხვ.), მშრომელთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად კომპანიები მრავალფეროვან პროგრამებს ახორციელებენ პროფესიულ დაავადებათა პრევენციისთვის, საკუთარ თანამშრომელთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისთვის.

პირად ცხოვრებასთან დაბალანსებული სამუშაო გარემო

პირად ცხოვრებასთან დაბალანსებული გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომელთა კეთილდღეობისათვის.

ოჯახთან თავსებადი სამუშაო (Fამილყ ფრიენდლყ წორკპლაცე), ანუ სხვაგვარად „ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსი“ (ჭორკ-ლიფე ბალანცე), გულისხმობს ორგანიზაციაში ისეთი სამუშაო პირობების შექმნას, რომლებიც თავსებადია თანამშრომელთა ოჯახურ მოვალეობებთან, პირად ცხოვრებასთან და თანაბარ პირობებს უქმნის კაცებსა და ქალებს (იმის გათვალისწინებით, რომ ქალები, ჩვეულებრივ, მეტად არიან დატვირთული ოჯახური მოვალეობებითა და ბავშვების მოვლით).

პასუხისმგებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება არ ფერხდებოდეს თანამშრომლის მიერ ოჯახური ვალდებულებების შესრულებით.

ოჯახთან თავსებადი სამუშაოს პოლიტიკის განხო­რციელება მოიცავს მოქნილ სამუშაო გრაფიკს და სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას, ბავშვიანი თანამშრომლების ხელშეწყობის პოლიტიკას, ნახევარშტატიან სქემებს, ახალგაზრდა დედების რეინტეგრაციის პროგრამებს, ტრეინინგებს დეკრეტულ შვებულებაში გასული დედებისათვის, ბავშვთა მოვლის ინფრასტრუქტურის განვითარებას თანამშრომელთა შვილებისათვის (ბაგა-ბაღები), თანამშრომელთა დატვირთვის რეგულირებას და ზედმეტი სამუშაო საათების მართვას და ა. შ. ამგვარი პოლიტიკა მო­ტივაციას უქმნის თანამშრომლებს და თავიდან აცილებს მათ ზედმეტ სტრესს, ამიტომ თანამშრომლებთან პასუხისმგებელი დამოკიდებულების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სოციალური დაცვა, ღირსეული ხელფასები და შეღავათების სისტემა

თანამშრომელთა კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი არის ღირსეული ხელფასებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებს საკმარისი რესურსი ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრებისთვის და მომავალს მშვიდად უყურებდნენ. ამ პრინციპის აღსრულებით კომპანია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თანამშრომელთა კეთილდღეობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.

დასაქმებულთათვის გადახდილი სტანდარტული ხელფასი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დაწესებულ სტანდარტებს და საკმარისი იყოს მათი სასიცოცხლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხელფასები წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს დასაქმებულებთან და მათი გადახდა უნდა განხორციელდეს დროულად და დასაქმებულისათვის მისაღები ფორმით, დამატებითი სამუშაო საათები შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს. დაუშვებელია მოკლევადიანი კონტრაქტების ან ფიქციური სტაჟირების გაფორმება თანამშრომელთა მიმართ ოფიციალური ვალდებულებების აღსრულებისაგან თავის ასარიდებლად.

პასუხისმგებელი კომპანიები შეღავათებისა და ბონუსების მრავალფეროვან სისტემებსაც სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს. შეღავათები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს როგორც სრულ, ისე ნახევარ შტატზე დასაქმებულ თანამშრომლებზე. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ანაზღაურება დეკრეტული შვებულების, თანამშრომლის ავადმყოფობისა და კუთვნილი შვებულების დროს, გადამზადება და საკომპენსაციო ანაზღაურება რესტრუქტურიზაციის შედეგად დათხოვილი თანამშრომლებისთვის და ა. შ.

თანამშრომლების სწავლება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობის მიცემა

ტრეინინგების, უწყვეტი სწავლებისა და სამუშაოს რეგულარული შეფასების მეშვეობით კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და წინსვლის შესაძლებლობა, რათა თანამშრომელი რეალიზებული იყოს არა მხოლოდ მოცემულ კომპანიაში, არამედ ფლობდეს კომპეტენციას და უნარებს, რაც მას მოთხოვნადს გახდის ზოგადად შრომით ბაზარზე და კომპანიის გარეთ დასაქმების შესაძლებლობასაც მისცემს.

სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობის დაწესება

თანამშრომელთათვის დაწესებული სამუშაო საათების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებულ და საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. დამატებითი სამუშაო საათებით დატვირთვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ანაზღაურდეს პრემიალური ანაზღაურების ოდენობით. კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთათვის ანაზღაურებადი შვებულება და სულ მცირე, ერთი დასვენების დღე კვირაში.

ბავშვთა შრომის, იძულებითი და ძალდატანებითი შრომის დაუშვებლობა

ტერმინი ბავშვთა შრომა გულისხმობს გარკვეულ წლოვანებაზე უმცროსი (ძირითადად, 15 წელზე ნაკლები) ასაკის ადამიანის, ბავშვის, როგორც მუშახელის, გამოყენებას; ხოლო იძულებითი და ძალდატანებითი შრომა გულისხმობს ნებისმიერ სამუშაოს, რომელსაც ადამიანი არ ასრულებს ნებაყოფლობით, არამედ რაიმე სახის ზეწოლით, მუქარით, დასჯის ან სამსახურიდან დათხოვნის შიშით, პირადობის დამადასტურებელი საბუთების წართმევის, გადაუხდელი ვალების სანაცვლოდ და ა. შ. იძულებით შრომას „თანამედროვე მონობასაც“ უწოდებენ.

კომპანიების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ფარგლებსა და მიწოდების ჯაჭვებში ამ პრინციპის განხორციელება მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობით ეს საკითხები არ არის სათანადოდ დარეგულირებული ან ვერ ხერხდება კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულება.

პასუხისმგებელი კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა უფლებას გაერთიანდნენ პროფესიულ კავშირებში და აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები დამქირავებელთან საკუთარი ინტერესების დაცვისა და წარმოდგენის მიზნით. იმ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა კრძალავს ამ უფლებას, კომპანიის პასუხისმგებლობაა ასოციაციების შექმნის ალტერნატიული მეთოდების გაადვილება.

მენეჯმენტისა და პერსონალის შრომით ურთიერთობებში თანასწორობისა და თანამონაწილეობის პრინციპების დაცვა

ეს პრინციპი გულისხმობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან/კომპანიის მენეჯმენტთან პერსონალის წარმომადგენელთა მოლაპარაკებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფას, თანამშრომელთა ჩართვას ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავებაში, კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების გამჭვირვალობას და ა. შ. ამ პრინციპის განხორციელების ეფექტური ინსტრუმენტია სოციალური დიალოგი დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა ინტერესების წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის.

თანამშრომლებთან ეფექტიანი ურთიერთობის 5 გზა

თანამშრომლებთან ეფექტიანი და ჯანსაღი ურთიერთობა დიდ ძალისხმევას და გააზრებას მოითხოვს. რაც მთავარია, ეს დამოკიდებულება აუცილებლად გულიდან უნდა მოდიოდეს.

განვიხილოთ 5 სტრატეგია, რომლებიც საუკეთესოა სამსახურში საკომუნიკაციო კულტურის შესაქმნელად.

1. ყოველკვირეული კორესპონდენციის გაგზავნა კომპანიის ყველა თანამშრომელთან.

ამოირჩიეთ კვირის რომელიმე დღე – მაგალითად, ორშაბათი – და ყველა თანამშრომელთან გააგზავნეთ პერსონალური წერილები კომპანიაში არსებულ მნიშვნელოვან თემებზე. ასეთი კომუნიკაცია ემსახურება შესაძლებლობას, რომ ყველა ჩართული იყოს ორგანიზაციულ საკითხებში.

2. მისაღები და კომფორტული გახადეთ ხმამაღლა საუბარი სამუშაო პროცესების ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე თქვენს კომპანიაში.

ბევრი კომპანია განიხილავს თავის დადებით მხარეებს, მაგრამ თავს არიდებს უარყოფით დეტალებზე მსჯელობას. დიდი კომპანიები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რა არ მუშაობს კარგად და რა უნდა გაკეთდეს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ეს მიდგომა თანამშრომლებს არწმუნებს, რომ მათი სიტყვა მნიშვნელოვანია კომპანიის კულტურისთვის და ამ ადამიანთა მოსაზრებები და შეხედულებები ფასდება.

3. შეხვედრების გამართვა.

თუ თქვენი კომპანიის ოფისები ერთ ქალაქში არ მდებარეობს ან მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა განლაგებული, სასურველია, დროდადრო დაგეგმოთ ჯგუფური პირისპირ შეხვედრები. მნიშვნელოვანია, ასეთი შეხვედრებისას დიალოგი არ დაემსგავსოს ლექციას. ასე შეძლებთ, მეტი ისწავლოთ ბიზნესპროცესების შესახებ, რაც თქვენც და თქვენს გუნდსაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

4. დაგეგმეთ ყოველწლიური კონფერენცია ტოპმენეჯმენტისათვის.

ამ ტიპის კონფერენცია სამუშაო შეხვედრაა, სადაც ყველა ლიდერს შეუძლია, მოისმინოს კომპანიის სტრატეგია და გეგმები, შემდეგ კი ინფორმაცია თავის გუნდამდე მიიტანოს. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალური საურთიერთო ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც ლიდერებს ერთმანეთთან ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს მთელი წლის განმავლობაში.

5. უპასუხეთ ყველა დასაქმებულის ელექტრონულ ფოსტას 24 საათის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ყველანი დაკავებულნი ვართ, მაგრამ მაინც ყოველთვის გვაქვს დრო იმ თანა­მშრომლებთან კომუნიკაციისათვის, რომლებიც ყოველდღიურად ბეჯითად მუშაობენ, რომ მოემსახურონ კლიენტებს და დაეხმარონ კომპანიას წარმატების მიღწევაში. თქვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, თავს დაფასებულად გრძნობდეს.

დროულად უპასუხეთ თანამშრომელთა ელექტრონულ ფოსტას, ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარეთ მათთან და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.